შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ შეიცვლება განათლება 2030 წლისთვის

ნეიროქსელი შემფასებლად, ბოტები – კურატორების სანაცვლად

ჩვენ ბავშვები რამდენიმე წელიწადში დაამთავრებენ სკოლას, მაგრამ უკვე გვაღელვებს და საფიქრალს გვიჩენს მათი მომავალი სტუდენტობა. ყველა მშობლის ოცნებაა, რომ მისმა შვილმა საუკეთესო  უმაღლესი განათლება მიიღოს. ლონდონში, საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია EdTech-ის ფარგლებში მომავლის განათლებაზე ექსპერტებმა იმსჯელეს იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვლება უმაღლესი განათლება 2030 წლისთვის.

  1. ონლაინსწავლება და ინდივიდუალური მიდგომა

2030 წელს საუნივერსიტეტო განათლება კვლავ პოპულარული და პრესტიჟული იქნება. მეტიც, სპეციალისტთა პროგნოზით, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში დღვანდელთან შედარებით იმ დროისთვის სტუდენტთა წლიური რაოდენობა 14 მილიონით გაიზრდება. იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა სტუდენტს თავისი ადგილი ჰქონდეს საუნივერსიტეტო მზის ქვეშ ყოველკვირეულად ახალ-ახალი უნივერსიტეტების გახსნა გახდება საჭირო, რაც, რა თქმა უნდა, არარეალურია. შესაბამისად გაჩნდება და მომრავლდება ონლაინუნივერსიტეტები. ისინი წლიდან წლამდე დახვეწენ და გააუმჯობესებენ მომსახურების ხარისხს, შემოიღებენ ინდივიდუალური მიდგომების სხვადასხვა სისტემას.

სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ საუნივერსიტეტო კურსები უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე გაიარონ. სკოლაში სწავლის დროს ახალგაზრდები დააგროვებენ ქულებს, რომლებიც მისაღებ გამოცდებზე გამოადგებათ. ასეთი სისტემის შექმნას უკვე ცდილობს ცნობილი საგანმანათლებლო პლატფორმა FutureLearn. პლატფორმის ავტორთა აზრით, უახლოეს წლებში ნიჭიერი მოსწავლეები უკვე თავადვე მოახერხებენ ინდივიდუალური აკადემიური სწავლების მარშრუტების დაგეგმვას.

  1. არამხოლოდ ჰარვარდი

მიუხედავად იმისა, რომ კარგ უნივერსიტეტებში სწავლის საფასური ძალიან მაღალია, სტუდენტები იქ მაინც აბარებენ. ისინი აგრძელებენ ბრძოლას, არ აშინებთ კონკურენცია, ცდილობენ სწავლის ფულის მოგროვებას, ეძებენ გრანტებისა და სტიპენდიების მიღების შესაძლებლობას, ოცნებობენ სანუკვარ ოქსფორდზე.

ამავე დროს, ევროპისა და ამერიკის ადგილობრივი/რეგიონალური უნივერსიტეტები სტუდენტებს გონივრულ თანხად არცთუ ცუდ განათლებას სთავაზობენ. შესაძლოა მათ ლექტორებად მსხვილი კორპორაციების ლიდერები არ ასწავლიან, მაგრამ ბევრი მოწინავე პროფესორი ჰყავთ, რომლებიც საქმიანად და სიყვარულით უდგება თავის საგანსა და კვლევებს.

სხვათა შორის, 20 ყველაზე წარმატებული გლობალური კორპორაციის დამფუძნებელს შორის მხოლოდ ერთი, ამაზონის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსია პრესტიჟული უნივერსიტეტის კურსდამთავრებლი. სხვა მოწინავე მენეჯერებმა  რეგიონალური უნივერსიტეტი დაამთავრეს, ანუ იმისათვის, რომ წარმატებული ბიზნესი ააწყო, აუცილებელი როდია „ჩაირიცხო ჰარვარდში ან მოკვდე“. საკმარისია მაღალი ხარისხის, ფუნდამენტური განათლების მიღება და ლიდერის თვისებების გამომუშავება.

სპეციალისტთა აზრით, უახლოესი 10 წლის განმავლობაში რეგიონალური განათლების ტენდენცია მომძლავრდება. თანაც, კომერციული და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ისედაც გაცილებით მომგებიანია ნიჭიერი ახალგაზრდების შენარჩუნება ადგილზე.

  1. რობოტიზაცია, მანქანათმცოდნეობა, ხელოვნური ინტელექტი

ნელ-ნელა ის დრო გვიახლოვდება, როდესაც ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა არამხოლოდ გამოცდილების, ცოდნის და სპეციალური განათლების მქონე პირის პრეროგატივაა. მაგალითად, ინგლისის საჯარო სკოლებში უკვე გამოიყენებენ კომპიუტერულ პროგრამებს, რომლებსაც შეუძლიათ საშინაო დავალების მიცემა კონკრეტული მოსწავლის დონის შესაბამისად.

ერთ-ერთ ასეთ პროგრამას (Tassomai ბრენდის განვითარება) შეუძლია ასობით ათასს სტუდენტთან იმუშაოს. პროგრამა ითვალისწინებს თითოეული მოსწავლის სწავლის ტემპს, შეუძლია ამოიცნობს მისი სუსტი მხარეები სწავლის პერიოდში და სხვ.

რა თქმა უნდა, მასწავლებელს მაინც უწევს მოსწავლეებისთვის იმის შეხსენება, რომ საშინაო დავალება აქვთ შესასრულებელი. ის მაინც აკონტროლებს სასწავლო პროცესს, მაგრამ მისი პროფესიული დატვირთვა სკოლაში გაცილებით იკლებს. საკმარისია მასწავლებელმა „ჭკვიან“ ეკრანს თვალი შევავლოს, რომ მთელი კლასის სიტუაციას შეაფასებს – პროგრამას სხვადასხვა ფერადი წერტილების დახმარებით შეუძლია ამოიცნოს რომელი ბავშვი იჯდა უფრო ყურადღებით გაკვეთილზე, ვინ უსმენდა და ვინ – არა. ამას პროგრამა სხვადასხვა ფერისა და ზომის წერტილებით აფიქსირებს.

ლონდონში გამართულ კონფერენციაზე მასწავლებლებმა არც კი იმსჯელეს იმაზე, სჭირდებათ თუ არა ასეთი პროგრამა. მათ დაუყოვნებლივ გაარკვიეს მისი უპირატესობები და ის, თუ რა დაუჯდება სკოლას ასეთი პროგრამით უზრუნველყოფა.

საქმე ის არ არის, რომ მასწავლებლები მასობრივად ზარმაცდებიან და უნდათ საქმე ხელოვნურმა ინტელექტით შეიმსუბუქონ. უბრალოდ, სხვა საკითხებთან ერთად, ასეთი პროგრამები მართლაც ეხმარება მათ სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში. შესაბამისად, იზრდება სკოლის რეიტინგი და მასწავლებელთა ხელფასიც.

ეს კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია მანქანათმცოდნეობის გამოყენებისა: სკოლებისა და მოსწავლეების რაოდენობა იზრდება, მათ მიმართ ინდივიდუალური მიდგომაც უფრო სრულყოფილი და დახვეწილი უნდა გახდეს.

გარდა პროცესების რობოტიზაციისა, განათლებაში სულ უფრო ხშირად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს. მაგალითად, ათასობით ამერიკელ სტუდენტს ჩატ-ბოტები ეხმარებიან. პირველი ჩატ-ბოტი ჯორჯიის უნივერსიტეტში გამოიყენეს. ბოტი დაუყოვნებლივ პასუხობს სტუდენტების ნებისმიერ შეკითხვას, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ხელოვნური ინტელექტის  უპირატესობა – ბოტთან კომუნიკაციის დროს სტუდენტებს არ ერიდებათ სულელური კითხვების დასმა და არ ეშინიათ, რომ ამის გამო მათ ვინმე არაკომპეტენტურად მიიჩნევს.

ექსპერტთა შეფასებით, მალე მოვა დრო, როდესაც ხელოვნური ინტელექტი მოსწავლეებს ნიშნებს დაუწერს. ვარაუდობენ, რომ ამ გზით შესაძლებელი გახდება სტუდენტის ცოდნის უფრო ობიექტურად შეფასება. მოსწავლე/სტუდენტი ვეღარ ისარგებლებს მასწავლებლის  შეღავათით, ვერ გახდება მისი ფავორიტი, ნიშანზე ვერ იმოქმედებს მასწავლებლის ცუდი განწყობა, დაღლილობა ან სხვა ადამიანური ფაქტორი.

  1. ჩვენ ვასწავლით ერთმანეთს

დასავლეთის ტრენდი peer to peer (ერთმანეთისთვის) აქტიურად გამოიყენება ოფისებში, ყოველდღიურ ცხოვრებაში და, რა თქმა უნდა, განათლებაში. Future-ის მსგავსი დიდი ონლაინუნივერსიტეტები უკვე საუბრობენ მასწავლებელთა პერსონალის ნაკლებობასა და სტუდენტთა რაოდენობრივ ზრდაზე, რაც გამოიწვევდა კოლაფს, რომ არა სტუდენტურ გარემოში ერთმანეთისგან სწავლის შესაძლებლობა.

ბარიერების არარსებობამ, ნებისმიერი დარგის ექსპერტთან უშუალოდ კომუნიკაციის შესაძლებლობამ, შესაძლოა გაამარტივოს სემინარების წარმართვა, პრაქტიკული მუშაობა, განტვირთოს მასწავლებლები, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუდენტები. დღეს საკუთარ საქმეში ექსპერტად ყოფნა მნიშვნელოვანია როგორც არასდროს. ეს იძლევა ცოდნის პირდაპირ და სარფიანად გაყიდვის შესაძლებლობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი