სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

როგორ დავწროთ ავტობიოგრაფია

ყველა იდუმალ არსებაში საკუთარი სულის სხვისთვის ჩვენების

უზარმაზარი ვნებაა, იმის თქმის ჟინია, რაცშიგნითმომწიფდა და,

კერძოდსანუკვარი წარმოსახვითი სამყარო. 

გასეტი

,,საკმარისია, ენამ ამოთქვას

რაღაც  ვიღაცასთან ერთად,

ან ვიღაც რაღაცის გვერდით;

ვისლავა შიმბორსკა

 

ხშირად შეიძლება დაუსვას მასწავლებელმა საკუთარ თავსაც და მოსწავლეებსაც ასეთი კითხვა: რატომ ვკითხულობთ ლექსებს? პასუხი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა კონტექსტში სრულიად განსხვავებული იქნება; რადგან ლექსის კითხვა არც მოვალეობაა და არც ვალდებულება…  მაგრამ როდესაც მასწავლებელს რომელიმე ლექსით შეუძლია მსმენელები „შეიტყუოს“ სხვა სამყაროში და ფიქრი დააწყებინოს, – ეს უკვე რეფლექსიაა… ეს არის ის, რისთვისაც საერთოდ ვსწავლობთ: ვწერთ და ვკითხულობთ!

საერთოდაც, ენა, როგორც ფენომენი, უკვე „შეტყუებაა“ …. „ჩვენ შევეჩვიეთ დამკვიდრებულ ცრურწმენას, თითქოს, „საუბრისას ერთმანეთის გვესმის“, და იმდენად გვჯერა ყველაფერი თქმულის, რომ საბოლოოდ ისეთი მოტყუებულნი ვრჩებით, სჯობდა, საუკუნოდ დავმუნჯებულიყავით და უბრალოდ, სხვათა აზრების კითხვა შეგვძლებოდა…“ – ამას ხოსე ორტეგა ი გასეტი ამბობს, როდესაც ენისა და ხალხის ურთიერთმიმართებაზე საუბრობს;

თუ ენა შეტყუებაა და თუ არ შეგვიძლია სხვისი გვესმოდეს, მაშინ დაისმის ლოგიკური კითხვა: რატომ ლაპარაკობს ადამიანი? და საერთოდ, რატომ წერს ის ლექსებს? მით უფრო, რას განვიხილავთ? თუ ამ ლექსებშიც უმეტესად გამოუთქმელი რჩება ის, რისკენაც ამ სიტყვებით ვისწრაფვით?

ამ კითხვებს ფინალში დავუბრუნდეთ, ახლა კი რეფლექსიისთვის გთავაზობთ ვისლავა შიმბორსკას ერთ საინტერესო ლექსს: „როგორ დავწეროთ ავტობიოგრაფია“ (გია ჯოხაძის თარგმანი).

ამ სიტყვების მოსმენისას თქვენ ალბათ CV – ის დასაწერად არ განეწყობით. ეს ლექსი ირონიზებაა იმისა, რასაც ჰქვია მშრალი, ფაქტობრივი არსებობა (მეტყველება), ზედაპირი და არასდროს – სიღრმე.

„ბოლოს და ბოლოს, რას გთხოვენ ასეთს?
განცხადებას და ბიოგრაფიას.

სიცოცხლის ხანგრძლივობის მიუხედავად,
თავს რაც გადაგხდა, უმოკლესად უნდა აღწერო.

აქ საჭიროა მხოლოდ ფაქტები,
ხედების ნაცვლად – მისამართები,
მოგონებათა სანაცვლოდ კი – მხოლოდ ზუსტი წელი და რიცხვი….“

ვინ ვართ ჩვენ და რა აინტერესებს ჩვენგან საზოგადოებას? – ეს ის კითხვებია, რომლებიც ლექსის დასაწყისში გაჩნდება და გვაიძულებს, ორივეზე დავფიქრდეთ.

რას ეუბნება ჩვენი ბიოგრაფია ადამიანებს და ვინ ვართ სინამდვილეში? – ბიოგრაფია, როგორც საზოგადოებრივი ენა, ჩვევის ნაწილია, შესაბამისად, მშრალი და გაუგებარი. მაგალითად, ადამიანს ბიოგრაფიაში უწერია, რომ ის არის ექიმი. და ასე მილიონობით ადამიანი აღნიშნავს თავის პროფესიას. ჩვენ ვიგებთ პროფესიის სახელს და ეს არაფერს გვეუბნება თავად ადამიანზე. ერთი მხრივ, ენა, როგორც ჩვევა და, მეორე მხრივ, შინაგანი ადამიანი…

ბიოგრაფიაში კი ყველაფერი ფორმატდება „გასაგებ“ ენაზე, რითაც გაუგებარი რჩება გასაგები ენით აღწერილი პიროვნება. ეს არის კონფლიქტი შინაგანსა და გარეგან ადამიანსა და, შესაბამისად, მეტყველაბას შორის. ისევ გასეტის ციტატას დავიმოწმებ, რადგან უნებურად, წერის დასაწყისში შიმბორსკამ გასეტის სტატიები გამახსენა:

ესაა ინდივიდის მარადიული კონფლიქტი, რომელიც ესწრაფის რაღაც ახლის გამოთქმას, რაც მის სულში იშვა და სხვათათვის უცხოა; ესაა პიროვნების კონფლიქტი უკვე დადგენილ და წინასწარგანსაზღვრულ ენასთან, ან არა და, გამოთქმის ნაყოფიერი შეჯახება მეტყველებასთან...“ (გასეტი).

სწორედ ამიტომ არის ვისლავა შიმბორსკასთვის „ჩვეულებითი ენა“ არასაკმარისი… თითქოს საკუთარ თავს კი არ აღწერდე ბიოგრაფიაში, არამედ შორიდან უყურებდე და გარშემო უვლიდე, როგორც უცნობ ციხესიმაგრეს, რომელსაც კარი ვერ უპოვე, რომ შეხვიდე:

„ისე დაწერე, თითქოს სიტყვაც კი არ გეთქვას შენი თავისთვის,
არამედ მხოლოდ მის გარშემო გევლოს და გევლოს.

სიტყვა არ დაძრა კატებსა და ჭკვიან ძაღლებზე, ჭრელ ფრინველებზე,
ტკბილ სიზმრებსა და მეგობრებზე.

პოეტისთვის მთავარია დიალოგი, გამოთქმა რაღაცის შესახებ… სულერთია, ეს იქნება ადამიანი, მცენარე, კატა თუ ძაღლი… მაგრამ აუცილებლად რაღაცის შესახებ…  პოეტი არასდროს არ არის ცალკე და მარტო… ის როცა წერს, – ეს უკვე ურთიერთქმედებაა ვინმესთან ან რამესთან, რომელიც აგროვებს ემოციას… ეს უკვე აღარ არის ჩვეულებრივი.

ეს სიტყვები კი ნობელის პრემიის მიღების გამო წარმოთქვა პოეტმა 1996 წელს: „ყოველდღიურ მეტყველებაში, რომელიც გვაიძულებს, არ დავუფიქრდეთ თითოეულ სიტყვას, ხშირად ვსარგებლობთ განსაზღვრებებით: ,,ჩვეულებრივი ცხოვრება”, ,,ჩვეულებრივი სამყარო”, ,,საგნების ჩვეულებრივი წესრიგი”. მაგრამ პოეზიაში, სადაც ყველა სიტყვა იწონება, არაფერია ჩვეულებრივი და ნორმალური. არც ერთი ბორცვი და არც ერთი ღრუბელი მის ზემოთ. არც ერთი დღე და მას მოყოლილი არც ერთი ღამე. და უმთავრესი _ არავის არსებობა ამ ქვეყანაზე!”

ავტობიოგრაფიაში კი:

უნდა აღნიშნო რაღაცის ფასი და არასდროს – ფასეულობა,
მიუთითო უნდა სახელი და არასოდეს – შინაარსი.
შენგან ითხოვენ ფეხსაცმლის ნომერს, და არა იმას, საით წავიდა,
ის, რამაც შენგან გამოაღწია.

 

ამ ლექსის ანალიზით შეგვიძლია მოსწავლეები დავაფიქროთ ისეთ თემებზე, რაზეც მანამდე არასდროს არ უფიქრიათ…

და, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მისცეთ ძალიან საინტერესო დავალება: დაწერონ ორი ბიოგრაფია: ერთი – ჩვეულებრივი და მეორე – მხატვრული, რომელშიც აღწერენ თავის დილის ფიქრებს, მეგობართან დიალოგს, ძილისწინა ოცნებას და სხვა…

ფინალისთვის კი ერთი ჩემი პატარა ჩანაწერი გამახსენდა:

 

* * *

აჰა, შენ ჩემი ბიოგრაფია _

დაბადების წელი, ადგილი,

მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო ყველა თარიღი…

ერთი ღიმილი განა უფრო მეტს არ გეტყოდა?!  (ცირა ბარბაქაძე)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი