ევრორემონტი

თანამედროვე ქართულში უამრავი ახალი სიტყვაა. ბევრის მნიშვნელობა ბოლომდე არც კი გვესმის. ზოგს მექანიკურად ვიმეორებთ, ზოგსაც დაახლოებით ვუსადაგებთ ობიექტსა თუ მოვლენას. ერთი მათგანია „ევრორემონტი“, რომელსაც თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით. მავანი ევრორემონტიან ბინას გვთავაზობს, მავანი კი – თუ სურვილი და ცოტაოდენი ფულიც აღმოგვაჩნდა – ძველი სახლის ევრორემონტით გაახლებას.

მაინც რა არის ეს ევრორემონტი?

ჯერ თავად სიტყვის ეტიმოლოგიაა საინტერესო. საიდან და როგორ გაჩნდა? აზიარემონტი, ამერიკარემონტი ან თუნდაც ქართული რემონტი რატომ არ არსებობს? ან ევრორემონტამდე როგორ „რემონტში“ გვიწევდა ცხოვრება?

უდავოა, რომ „ევრორემონტი“ რაღაც სტანდარტს ნიშნავს, მაგრამ სტანდარტი ყოველთვის მკაცრად არის განსაზღვრული. როგორ გინდა, ევრორემონტის სტანდარტი ჩამოაყალიბო, როცა თავად ევროპაც ჭრელია და მისი ნაწილები – ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული?

საქმე ის არის, რომ ამ ყბადაღებულ სიტყვას სინამდვილეში სულაც არ აქვს პირდაპირი კავშირში ევროპასთან. „ევრო“ აქ თანამედროვე ტექნოლოგიებს აღნიშნავს და არა გეოგრაფიულ არეალს.

ძველებს კარგად ემახსოვრებათ: მუშათა და გლეხთა სახელმწიფოში წლობით, ზოგჯერ ათწლეულობით რიგში დგომის შემდეგ სახელმწიფოს მიერ აშენებულ ბინაში რომ შეასახლებდნენ, პირველი, რაც ახალ მობინადრეს უნდა გაეკეთებინა, წყლის, გაზის, კანალიზაციის სისტემების მოწესრიგება იყო. შემდეგ ჯერი იატაკსა და კედლებზე მიდგებოდა და ასე ჯახირ-ჯახირით ახალმიღებული ბინა საცხოვრებლად ვარგისი ხდებოდა. ნეტავი რა გვრჯიდა, სახელმწიფოს კუთვნილ ბინას საკუთარი სახსრებით რომ ვარემონტებდით, მაგრამ იქ ჩვენ უნდა გვეცხოვრა და ვისი იყო, რას დავეძებდით. არადა, ამ ბინებს „ექსპლუატაციაში“ ათასი ინსტანცია იღებდა!

დიახ, ბინის „მოწყობა“ იმხანად სულაც არ ნიშნავდა ხელის შევლებას – ეს ძირფესვიანი რემონტი იყო, იმავე მასალებით, იმავე ტექნოლოგიებით, უბრალოდ, ცოტა გულიანად გაკეთებული. ქვეყანაში არქიტექტორ-დიზაინერები არ არსებობდნენ, ან, თუ იყვნენ, მათ თითქმის არავინ იცნობდა, ამიტომ საკუთარი გემოვნებით ვგეგმავდით და ნაცნობი ხელოსნების დახმარებით ხელის ხერხით ვხერხავდით ფოლადის მილებს. მოჭრილ-მოხერხილის აღსადგენად დიდძალ აცეტილენს ვხარჯავდით. წყლისა და კანალიზაციის სისტემების გაყვანაში კედლები ერთიანად იჭვარტლებოდა. მერე ამ უსახურ გაყვანილობას საგულდაგულოდ ვმალავდით ბეტონის საფარქვეშ, მაგრამ მისი მაღალი კოროზიულობის გამო ათიოდე წლის შემდეგ ყველაფერი თავიდან გასაკეთებელი ხდებოდა. გადახურვას როგორ ვაკეთებდით? ევროპას და მთელ ცივილიზებულ სამყაროს აზბესტის გაგონებაზეც კი შიშით რომ აკანკალებდა, ჩვენთან ყველაზე გავრცელებული მასალა „შიფერი“ იყო, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრგან შეხვდებით ქალაქად თუ სოფლად. ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს…

დღეს რა ხდება? მთელ საკანალიზაციო სისტემას რამდენიმე საათში გაიყვან ბინაში ზედმეტი ხმაურისა და ცეცხლის ფრქვევის გარეშე. ასევე მარტივად შეიძლება წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდების ქსელის აწყობა. კარ-ფანჯრისთვის, იატაკისთვის, კედლებისა თუ ჭერისთვისაც უამრავი მასალა და გადაწყვეტა არსებობს…

თუ ევრორემონტი ასე მოგვწონს, თუ ევრორემონტიანი ბინა უფრო ძვირად ფასობს, მაშინ ალბათ იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, რამ მოიტანა ის. გაინტერესებთ პასუხი? – ქიმიური ტექნოლოგიის თანამედროვე მიღწევებმა. იმ ქიმიური ტექნოლოგიისა, რომელზეც ცუდს უფრო მეტს მოისმენთ, ვიდრე კარგს. სინამდვილეში ერთადერთი საფრთხე, რომელიც თანამედროვე მასალებს ახლავს, მათი არასწორად გამოყენებაა. ასე რომ, „ნუ შეგაშინებთ, არ გავნებთ“… უბრალოდ, მათ ანოტაციას ან სერტიფიკატს ჩახედეთ.

დაბოლოს, სამშენებლო მასალების ბაზრობაზე ხშირად დამინახავს ევრორემონტის მოსურნე ბიძიები ხელში საყიდლების გრძელი სიით, გამყიდველებს რომ ეკითხებიან, რუსული (საბჭოთა) წარმოებისა ხომ არაფერი გაქვთო. აბა, რა გითხრათ, როგორი გამოვა ევრორემონტი საბჭოთა ან რუსული მასალით?

კომენტარები

comments