პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ ვაქციოთ კოგნიტური სქემები მეთოდად

მინდა, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება კოგნიტური სქემების ეფექტურობის შესახებ. ორიოდე სიტყვით ავხსნი, რა არის კოგნიტური სქემა და როგორ შეუძლია მასწავლებელს მისი ადაპტირება კონკრეტული საჭიროებების მიმართ.

კოგნიტური სქემა ჩარჩოა, რომელიც მოსწავლეებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღქმაში ეხმარება. სქემებით მუშაობა მოსწავლეთა გააქტიურებისა და დამოუკიდებლობის გაზრდის კარგი საშუალებაა. სწავლების პროცესში მისმა გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეცვალა მასწავლებლის როლი და ფუნქცია, გაუადვილა მოსწავლეს სასწავლო მასალის აღქმა და გააზრება, ხოლო სწავლება და სასწავლო პროცესი უფრო მრავალფეროვანი და შემოქმედებითი გახდა.

ამგვარი სქემების შესავსებად, როგორც წესი, საჭიროა სხვადასხვა უნარის გააქტიურება და მათი ინტეგრირებული გამოყენება. ეს უნარებია: აღქმა, წარმოსახვა, იდეების ორგანიზება, დასურათება, წერა და სხვა. შესაძლებელია თითოეული სქემის ადაპტირება, გართულება ან გამარტივება. თავად მე, საჭიროებისამებრ, სქემიდან ესა თუ ის ელემენტი ამომიღია ან, პირიქით, ჩამიმატებია, იმის მიხედვით, რომელ ასაკობრივ ჯგუფთან ვმუშაობდი.

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი კოგნიტური სქემებით მუშაობას?

უპირველეს ყოვლისა, განვუმარტოთ სქემის დანიშნულება და შევსების პროცედურა. სასურველია, ვაჩვენოთ, როგორ ივსება სქემა, ჩავრთოთ სქემის შევსების პროცესში. მაგალითად, ხშირად თავად ვიწყებ შევსებას და შემდეგ მოსწავლეებს ვაგრძელებინებ.

სქემებით ვამუშავებ როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილებსა და მცირე ჯგუფებში. ეს მიადვილებს მათი მუშაობისთვის თვალყურის დევნებას, საჭიროების შემთხვევაში დახმარებას და უკუკავშირის გფაცემას.

კოგნიტური სქემების საშუალებით მოსწავლეები:

  • ანაწევრებენ მოცემულ ინფორმაციას;
  • ახდენენ მის ორგანიზებას;
  • შეიცნობენ მთელისა და დეტალების ურთიერთმიმართებას;
  • ეჩვევიან კრიტიკულ აზროვნებას;
  • აღადგენენ ამბავს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.

როდის გამოვიყენოთ კოგნიტური სქემები?

  • ახალი მასალის გაცნობა-წარდგენისას;
  • შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარებისას;
  • ტექსტის კითხვისა და დამუშავებისას;

 

მინდა, გაგაცნოთ ჩემ მიერ ადაპტირებული ორი სხვადასხვა სქემა, რომლებიც მეთოდად ვაქციე და ინტენსიურად ვიყენებ სასწავლო პროცესში.

 

N 1.  ,,კადრები“

სამუშაო შეიძლება ჩავატაროთ სხვადასხვა ინტერპრეტაციით.

ა) ტექსტს ვყოფთ ერთეულებად, თითოეულ ერთეულს გამოვყოფთ აბზაცით და მივანიჭებთ შესაბამის ნომერს. თითოეული ერთეულისთვის მოსწავლეები ხატავენ სიუჟეტურ სურათს, ისე, რომ სერიული სიუჟეტი გამოუვიდეთ. თითოეულ სურათს განათავსებენ ტექსტის შესაბამისი ერთეულის გასწვრივ.

ბ) ვთხოვ მოსწავლეებს სხვადასხვა ეპიზოდის დახატვას (დაუნომრავად). ნახატების შესრულების შემდეგ სხვა მოსწავლე ათვალიერებს სიუჟეტურ სურათებს და განსაზღვრავს, რომელი სიუჟეტი შეესაბამება მოსმენილ ტექსტს.

გ) ვთხოვ, დახატონ პირველი ეპიზოდი, ივარაუდონ, რა მოხდება შემდეგ და ეს გაგრძელებაც დახატონ (ანუ გადმოსცენ ნახატებით ამბის სავარაუდო განვითარება).

ეს ყველაფერი შესაძლოა ნაცნობი იყოს ყველა მასწავლებლისთვის; აქ მთავარია იმ ელემენტების გამოყენება, რომლებიც უფრო სახალისოს გახდის სასწავლო პროცესს.

მოგეხსენებათ, ფილმების ყურება ყველა ბავშვს უყვარს და თუ დავავალებთ, კინოფირის ამსახველ სქემაზე სიუჟეტის კადრებად დახატვას დავავალებთ, მერწმუნეთ, მათთვის ეს ძალიან საინტერესო იქნება. თავს რეჟისორებად წარმოიდგენენ და უფრო აქტიურად ჩაერთვებიან პროცესში.

მოკლედ, კლასს ვურიგებს ფურცლებს, რომლებზეც გამოსახულია კინოფირი. მოსწავლეები დანომრავენ კადრებს და ჩახატავენ მათში ეპიზოდებს, თითოეული ნახატის ქვეშ კი მოკლედ აღწერენ სიუჟეტს ან დასათაურებენ ეპიზოდებს.

დავალების ფურცლების დამზადება სხვადასხვანაირად შეიძლება. მაგალითად, ასე:

 

გათვალსაჩინოებული ტექსტი მოსწავლეს კითხვებზე პასუხის გაცემაში დაეხმარება.

მოსწავლის შესაძლებლობის გათვალისწინებით, შეიძლება დავალების გართულება:

ა) ვაძლევ მოსწავლეს ფირს და ვთხოვ მიუთითოს, რომელი ნახატი შეესაბამება ტექსტის ამა თუ იმ ნაწილს.

ბ) იმის შესამოწმებლად, რამდენად გაიგო მოსწავლემ სიუჟეტის განვითარება, ვაწვდი ტექსტის შინაარსის ამსახველ სერიულ სიუჟეტურ სურათებს (რომლებიც წინასწარ მქვს გამზადებული) არასწორი თანმიმდევრობით და ვთხოვ, სწორად დაალაგოს. თუ ეს დავალება რთული აღმოჩნდა, შეიძლება მივცეთ ასარჩევად სწორად და არასწორად დალაგებული სიუჟეტები და ვთხოვოთ, სწორად დალაგებული აირჩიოს.

ტექსტის შინაარსის წვდომის შემოწმების ეს მეთოდი მოსწავლისგან მოითხოვს სათანადოდ განვითარებულ ვიზუალურ აღქმას.

დავალების შესრულების შემდეგ გამოვაფენთ ნახატებს, ვინ რა და როგორ დახატა, ვალაპარაკებთ მოსწავლეებს საკუთარ ნახატებზე და ა.შ.

სქემა დამხმარე ინსტრუმენტია, რომელიც მოსწავლეს წაკითხულის შინაარსის აღქმაში ეხმარება. მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ავსებენ მას. თითოეული შევსებული სქემა დამოუკიდებელი პროდუქტია, თუმცა დავალება შეიძლება შესრულდეს წყვილებში, ჯგუფში და საერთო საკლასო მუშაობის დროსაც დაფაზე.

ტექსტის დამუშავების შემდეგ ვაჯამებ გაკვეთილს შემაჯამებელი სქემით, რომელიც წარმოდგენილია დიდ ფორმატზე.

მეთოდს დავარქვი „ხუთი თითივით ვიცით“.

 

 

მოსწავლეები ასწევენ ხელს და იწყებენ თხრობას.

  1. პირველად ცერა თითს მოხრიან და პერსონაჟებს ჩამოთვლიან;
  2. შემდეგ საჩვენებელ თითს მოხრიან და ასახელებენ მოქმედების დროსა და ადგილს;
  3. შემდეგ – შუა თითს და ასახელებენ პრობლემას;
  4. არათითის მოხრისას ჰყვებიან, რა მოხდა დასაწყისში, შუაში და ბოლოში.
  5. ნეკა თითის მოხრისას კი პრობლემის მოგვარებაზე საუბრობენ.

ბოლოს მუშტი იკვრება და ტექსტის ანალიზიც გაკეთებულია.

ასეთი აქტივობა ახალისებს მოსწავლეებს და, რაც მთავარია, ზრდის სასწავლო პროცესში მათ ჩართულობას.

აღნიშნული სქემა გამოვიყენე გარე დაკვირვების გაკვეთილზე, რაც ძალიან დამეხმარა გაკვეთილის მოკლედ და ეფექტურად შეჯამებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი