პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სასწავლო პროექტები, მოტივაციისთვის

ჩემი გერმანული დღიური

გლობალიზაციის საუკუნეში უცხო ენის შესწავლა და სწავლება ერთ-ერთი პრიორიტეტული გამოწვევაა. უცხო ენა ზრდის პროფესიული წარმატების შანსს და გარემოსთან ადაპტირებაში გვეხმარება. სხვა ენისა და და კულტურის გაცნობასთან ერთად ვხდებით უფრო ტოლერანტულები და ემპათიურები. ფსიქოლოგების აზრით, ახალი ენა ადამიანს მენტალურადაც ცვლის, პიროვნულ ხიბლს მატებს და ა.შ. ახალი ენა – ეს აზროვნების ახალი მოდელია, სწრაფვაა წესრიგის დამყარებისკენ, რაც ადამიანისგან დიდ ძალისხმევას და სისტემატური მუშაობის უნარს მოითხოვს.

ჩემი როგორც გერმანისტის პედაგოგიურგი გამოცდილება სკოლა- ლიცეუმ “პრომეთეში” დაიწყო. მეათეკლასელებისთვის გერმანული ახალ უცხო ენად უნდა მესწავლებინა. პირველივე გაკვეთილზე უმთავრეს მიზნად დავისახე, გამეზარდა ბავშვების შინაგანი მოტივაცია. გონებრივი იერიშის მეთოდით ყველა ის პერსპექტივა განვიხილეთ, რაც ამ ენის შესწავლას ახლავს თან. პარალელურად ბავშვებს მათ ჰობისა და ოცნებებზეც ვესაუბრე. მინდოდა, სასწავლო პროცესი არ ყოფილიყო რუტინული და უინტერესო, მოსწავლეების ინტერესების შესაბამისად დამეგეგმა აქტივობათა უმრავლესობა. წლის ბოლოსთვის მისაღწევი შედეგების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ბავშვებში მეტაკოგნიტიური უნარების განვითარებაც არის, ამიტომ საკითხი, როგორ ესწავლათ, აქტუალური იყო არა მარტო პირველ, არამედ ყოველ გაკვეთილზე.

სასწავლო წლის დასაწყისში უამრავი ინოვაციური პროექტის განხორციელება მინდოდა. პრაქტიკამ დამანახა, რომ კარგად დაგეგმილი გაკვეთილი ამის წინაპირობა იყო. მახსოვს, საინტერესო მეთოდების ძიებისას  „ლატერნა მაგიკას“ – ინგმარ ბერგმანის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებს ვკითხულობდი. გენიალური რეჟისორი საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობდა. კარიერის დასაწყისში რეპეტიციებს წინასწარ მოუმზადებელი ესკიზების გარეშე გადიოდა. ერთ-ერთი თეატრის ხელმძღვანელს კი მისთვის საპირისპიროს გაკეთება ურჩევია. „მის სიმართლეში ძალიან მალე დავრწმუნდი. ახლა ყოველ ნაბიჯს დეტალურად აღვწერ და თავს ესკიზების დახატვას ვაიძულებ. რეპეტიციაზე ყველაფერი მზად მაქვს. ჩემი ინსტრუქციებიც უფრო მკაფიო, პრაქტიკული და წამახალისებელია, რადგან მხოლოდ მას შეუძლია თავს იმპროვიზაციის უფლება მისცეს, ვისაც ყველაფერი მზად აქვს“, – წერს ბერგმანი.

ანალოგიურ მეთოდს პედაგოგიურ საქმიანობაშიც მოაქვს შედეგი. ბერგმანის, ჩაპლინის და სხვა ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიები ჩემთვის ბავშვების სამოტივაციო საშუალებაც იყო. გაკვეთილზე ხშირად მქონდა „ვითომ შემთხვევით“ წაღებული წიგნი და თუ რომელიმე მოსწავლეს დავალება შეუსრულებელი აღმოაჩნდებოდა, საყვედურის მაგივრად წიგნიდან სამოტივაციო ეპიზოდს ვიხსენებდი, ვუყვებოდი, როგორ შეძლეს ცნობილმა ადამიანებმა, უამრავი ყოფითი პრობლემის პარალელურად ყოფილიყვნენ პროდუქტიულები და წარმატებულები.

სახელმძღვანელო ჩემთვის ერთგვარი ინსპირაცია იყო. ჩვეულებრივ ტექსტს გადავაქცევდი ან სარეკლამო ტექსტად, ან მონოლოგად, ან ექიმის, ჟურნალისტის, მშენებლის პოზიციებიდან ვყვებოდით. ზოგჯერ რაღაც საგნად, მაგალითად, წიგნად ვიქცეოდით, რომელიც ბიჭმა იყიდა და ა.შ. ასეთი ექსპერიმენტები უფრო სახალისო იყო და ბავშვებიც ინტერესით ერთვებოდნენ. ეს ყველაფერი ეფუძნებოდა ჩემს მიერ წიგნის მიხედვით შედგენილ გრამატიკულ და ლექსიკურ სავარჯიშოებს – მარტივიდან რთულისკენ. დაკვირვებამ დამანახა, რომ ამ მეთოდით მოსწავლეებს უადვილდებოდათ ახალი მასალის აღქმა, გაგება და სწრაფადაც იწყებდნენ კომუნიკაციას.

ბავშვების გააქტიურება გამოიწვია ფოტოპროექტმა „წელიწადის დროები“. ვინაიდან ვიზუალური ფიქსაცია თანამედროვე სამყაროს უმნიშვნელოვანესი კომპონენტი გახდა, გადავწყვიტეთ, ბავშვებს გადაეღოთ ფოტოები, რომლებსაც გერმანულად დავასათაურებდით. შემდეგ გამოფენებს ვმართავდით. მოსწავლეები კითხულობდნენ გოეთეს, ჰაინეს, ჰიოლდერლინის და სხვა გერმანელი კლასიკოსების პოეზიის ნიმუშებს შესაბამის თემატიკაზე. აღნიშნული მეთოდი ავითარებს კრეატიულობას, დაკვირვების უნარს, ზრდის ინტერესს შესასწავლი საგნის მიმართ. რაც მთავარია, ხდება ტრანსფერი. მოსწავლეები კლასიკას საკუთარ შემოქმედებასთან, თავიანთი ცხოვრების მომენტებთან აკავშირებენ.

ჩემი ერთ-ერთი საინტერესო მეთოდია „ჩემი გერმანული დღიური“. ის ფილმ „თავისუფლების მწერლებმა“ შთამაგონა, თუმცა ყველაფერი პირდაპირ არ გადმომიღია.

ბავშვების მოტივაციის ასამაღლებლად შევიძინე ნაირ-ნაირი, ლამაზი ბლოკნოტები და საკლასო ოთახში მივიტანე. მათ ერთ-ერთი უნდა აერჩიათ. თვითონ ეს პროცესიც საინტერესო იყო. არჩევა ბავშვებს უკვე აკისრებდა რაღაც პასუხისმგებლობას. ამის შემდეგ კი მთავარზე გადავედი – ბავშვებს გერმანულად უნდა ეწარმოებინათ დღიურები, სადაც ყოველდღე 3-4 წინადადებას ჩაწერდნენ – რას აკეთებდნენ, როგორ გრძნობდნენ თავს, რა უნდოდათ, რაზე ოცნებობდნენ და ა.შ. 3-4 წინადადება პირობითად ავირჩიე. გავითვალისწინე მათი გადატვირთული გრაფიკი, გარდატეხის ასაკის თავისებურებები და ა.შ. სურვილის შემთხვევაში შეეძლოთ, მეტიც დაეწერათ, ზოგჯერ – ნაკლებიც. მთავარია, ყოველდღე რამდენიმე წუთი დაეთმოთ გერმანულისთვის. უზუსტობების თავიდან ასაცილებლად მოსწავლეთა ინიციატივით სოციალურ ქსელში შევქმენი ჯგუფი, სადაც საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციებს ვაძლევდი. ზოგჯერ თავადაც პოულობდნენ ახალ სიტყვებს. ერთი თვის შემდეგ 90-100 წინადადება გერმანულის შესწავლისთვის კარგ პერსპექტივად მესახებოდა. ბავშვებს ისიც ვუთხარი, რომ კრეატიულები ყოფილიყვნენ და შეძლებისდაგვარად თავი აერიდებინათ ერთფეროვნებისთვის.

გერმანულმა დღიურებმა კლასის დაინტერესება გამოიწვია. ენის სწავლის პროცესი მათთვის გადაიქცა თავგადასავლად, საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებად. აღნიშნული მეთოდი ბავშვებში ავითარებს შემოქმედებითობასა და კვლევა-ძიების უნარს, ხელს უწყობს სწავლის სისტემატიზაციას, თვითდისციპლინას, კონცენტრაციას, აძლიერებს მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის უნარს. ბავშვებს ეძლევათ საკუთარი ცხოვრების რეფლექსიის საშუალება და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ისინი იწყებენ ფიქრს უცხო ენაზე. ამ პროცესში ისწავლება ენა.

ერიხ ფრომი „სიყვარულის ხელოვნებაში“ აღნიშნავს, რომ თუ ადამიანს ნებისმიერი მიმართულებით დახელოვნება სურს, მან უნდა ისწავლოს ბევრი და ხშირად განსხვავებული, თითქოს ურთიერთდაუკავშირებელი რაღაცები, სანამ თავად ხელოვნების შესწავლას დაიწყებდეს. ვფიქრობ, გერმანულის გაკვეთილები ჩემი მოსწავლეების მომავალზე პირდაპირ თუ ირიბად პოზიტიურ გავლენას მოახდენს. მეთოდი სხვა პედაგოგებსაც გამოადგებათ, რადგან როდესაც შედეგს თვალნათლივ ხედავ, ეს ახალი გამოწვევებისთვის თვალის გასწორებას გიადვილებს და პრობლემის გადაჭრის ახალი გზების ძიებისკენ გიბიძგებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი