ახალი ესგ და ახალი გამოწვევები

 

ამ სწრაფად ცვალებად გარემოში ცხოვრება არც თუ ისე მოსაწყენია, თუმცა ჩემი ერთგული ბუნებიდან გამომდინარე არ მიყვარს ახალი ნივთები: არ მიყვარს ახალი ტელეფონი, ახალი ფეხსაცმელი, ახალ კომპიუტერსა და მანქანას ხომ წამოუდგენლად ძნელად ვეგუები. სამაგიეროდ მიყვარს ახალი იდეები და გამოწვევები.

სწორედ ასეთია ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც ამჟამად ჩემთვის და მრავალი მასწავლებლისთვის ახალი დიდი გამოწვევაა.

მაინც რა სიახლეა ეროვნულ სასწავლო გეგმაში?

პირველი ის, რომ საბაზო საფეხურზე განსაზღვრულია საერთო შედეგები.  რაც, მართალი გითხრათ, ძალიან მომწონს, რადგან არის თემები, რომლის დამუშავებაც ასე მარტივად არ შეიძლება. ამიტომ მომწონს მსხვილ ერთეულად თემის აღება, რომელსაც საბაზო საფეხურზე ვამუშავებთ და არა მარტო ერთ კონკრეტულ გაკვეთილზე ან თუნდაც ერთ კონკრეტულ კლასში არამედ საბაზო საფეხურის განმავლობაში. ახალ ესგ-ში თემა არის  ფუნქციური კონტექსტი, რომელიც სტანდარტის შედეგების, ცნებებისა თუ კონკრეტული საკითხების ინტეგრირებულად და ურთიერთდაკავშირებულად სწავლების საშუალებას იძლევა. მაგალითად თემა დედამიწა, რომლის  განხილვისას ხდება ისეთი ცნებების დამუშავება, როგორიცაა, ლითოსფერო (რელიეფი, ფილაქნების ტექტონიკა) ატმოსფერო (ამინდი, ჰავა, კლიმატური სარტყელი), ჰიდროსფერო (შიგა წყლები, ჰიდროლოგიური პროცესები) ბიოსფერო (ფლორა და ფაუნა, ნიადაგი), ნოოსფერო, ბუნებრივი  ზონა, ლანდშაფტი…

საბაზო საფეხურზე გეოგრაფიის შედეგები ჯგუფდება სამ მიმართულებად.

  • რუკა და გეოგრაფიული ანალიზი – გულისხმობს სხვადასხვა გეოგრაფიული ინფორმაციის მოპოვებასა და ანალიზს სხვადასხვა წყაროს (რუკა, გრაფიკი, აერო და კოსმოსური სურათები, დიაგრამა) საშუალებით;
  • ბუნებრივი და საზოგადოებრივი სისტემები – გულისხმობს ბუნებრივი და საზოგადოებრივი სისტემების განვითარების კანონზომიერების ჩვენებას, კავშირების დადგენას – ბუნება-საზოგადოება-მეურნეობა; ადამიანის მიერ ბუნებაზე ზემოქმედების შედეგების გაანალიზებას;
  • მდგრადი განვითარება და უსაფრთხოება – გულისხმობს გარემოსდაცვითი ცნობიერების და გარემოს მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბების მნიშვნელობის ჩვენებას, ბუნებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ სისტემებს შორის ურთიერთმიმართების გააზრებას; ბუნებრივი და ტექნოგენური მიზეზებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ ადეკვატური ქცევის ჩამოყალიბებას.

მეორე ის, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ეყრდნობა ხუთ საგანმანათლებლო პრინციპს:

  • სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას. სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტული პრინციპი: რეალური ცხოვრებისეული სიტუაციებიდან მოყვანილი მაგალითების საშუალებით.
  • სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით. აუცილებელია, მოხდეს წინა წლებში ნასწავლი მასალის გათვალისწინება.
  • სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებასა და ორგანიზებას. ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება გულისხმობს ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს (ტესტების, რუკების, დიაგრამების…) კითხვასა და ანალიზს.
  • სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს.
  • სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა). სწავლის სწავლა გეოგრაფიაში ხდება სხვადასხვა გეოგრაფიული უნარის გამომუშავების გზით, გეოგრაფიული აზროვნების ჩამოყალიბებით.

აქვე უნდა გამოვყო გამჭოლი უნარები, რომლებმაც შეცვალა გამჭოლი კომპეტენციები: პრობლემების გადაჭრა, შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, ეთიკა, ინიციატივების გამოვლენა და საქმედ ქცევა, სწავლის სწავლა, დამოუკიდებლად საქმიანობა, პასუხისმგებლობა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, წიგნიერება.

საგნობრივ სტანდარტში მკვეთრად გამოყოფილია მეტაკოგნიციის უნარების განვითარების მნიშვნელობა სწავლის უნარების გასაუმჯობესებლად. აქვე მოცემულია სამი რეკომენდაცია, თუ რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა მეტაკოგნიტური უნარების განვითარებისთვის: სტრატეგიების მოდელირება: მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ასრულებს დავალებას და მისი შესრულებისას „ხმამაღლა ფიქრობს“ იმაზე, თუ როგორ შეასრულოს ეს აქტივობა.

წინმსწრები მეტაკოგნიტური პაუზა, ანუ დავალების შესრულებამდე  დაფიქრება და მსჯელობა გადასადგმელ ნაბიჯებზე.

შემდგომი მეტაკოგნიტური პაუზა, ანუ დავალების შესრულების შემდეგ დაფიქრება და მსჯელობა გადადგმულ  ნაბიჯებზე.

როგორ ავაგოთ თემა?

თითოეული თემის ფარგლებში, შეძლებისდაგვარად უნდა დამუშავდეს სტანდარტის ყველა შედეგი. თემები იცვლება, მაგრამ არ შეიცვლება სწავლის მიზნები, რომლებიც სტანდარტის შედეგების სახითაა ფორმულირებული (შედეგი თავისთავად არ წარმოადგენს დამოუკიდებელ სასწავლო ერთეულს – თემას).

თემა – დედამიწა

  1. მკვიდრი წარმოდგენებისა და ცნებების განსაზღვრა

მაგალითად: მკვიდრი წარმოდგენები – მზე არათანაბრად ათბობს დედამიწას; გეოგრაფიული გარსები ურთიერთდაკავშირებულია და ურთიერთქმედებს  ერთმანეთზე;

ცნებები: ატმოსფერო (ამინდი, ჰავა, კლიმატური სარტყელი).

  1. საკვანძო კითხვების დადგენა

თემის სწავლა-სწავლების პროცესში შუალედური ბიჯების/ეტაპების განსაზღვრა. საკვანძო შეკითხვა წარმოადგენს მაორგანიზებელ ელემენტს, რომელიც სასწავლო თემის ფარგლებში ასრულებს გაკვეთილ(ებ)ის მიზნის როლს.

მაგალითად: რატომ გვხვდება დედამიწის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებული ბუნებრივი პირობები?

რატომ იცვლება დედამიწაზე სეზონები? რატომ გვაქვს დედამიწის სხვადასხვა ადგილას განსხვავებული სეზონი?

  1. შეფასების ინდიკატორების განსაზღვრა

გეოგრაფიული გარსის მთლიანობის აღქმა და მისი გეოსფეროების (ლითოსფერო, ატმოსფერო, ჰიდროსფერო, ბიოსფერო, ნოოსფერო) ურთიერთდამოკიდებულების გაანალიზება.

  1. საგნობრივი საკითხების განსაზღვრა

საგნობრივი საკითხების მეშვეობით მოსწავლე გაიაზრებს ცნების შინაარსს, ამუშავებს საკვანძო შეკითხვებს, ასრულებს კომპლექსურ დავალებებს.

მაგალითად – ჰავის ჩამოყალიბება აფრიკაში (ევროპაში…).

  1. აქტივობებისა და მიმდინარე დავალებების განსაზღვრა

ნებისმიერი ინტერაქტიული აქტივობა, როდესაც მოსწავლეები თავად აგებენ ცოდნას. ტესქტის, რუკის ანალიზი…

  1. შემაჯამებელი კომპლექსური დავალებების შემუშავება

ამინდის პროგნოზის ნებისმიერი საიტზე ატმოფეროს მასების გაადგილების პროცესზე დაკვირვება და ანალიზი.

ამჯერად მხოლოდ ზოგადი ინფორმაციით შემოვიფარგლე, უფრო სწორად თავი მოვუყარე ძირითად ნაწილებს. შემდეგში უფრო კონკრეტულ რჩევებს შემოგთავაზებთ.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ეროვნული სასწავლო გეგმა (საბაზო საფეხური) 2018-2024

კომენტარები

comments