როგორ გავიგოთ მეტი ევროპის შესახებ“

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა გამოაცხადა კონკურსი მასწავლებლებისთვის სახელწოდებით: „ჩაატარე ლექცია ევროპის შესახებ“. კონკურსის პირობების მიხედვით აპლიკანტს მოეთხოვებოდა ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმის გაგზავნა. ჩემ მიერ მომზადებულმა გაკვეთილის გეგმამ და ჩატარებულმა გაკვეთილმა მოწონება დაიმსახურა, პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და მე სხვა წარმატებულ კონკურსანტებთან ერთად ბრიუსელში გავემგზავრები.

მინდა გაგიზიაროთ ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის თემატიკა, გეგმა და შემოკლებული ვიდეოვერსია.

  • პრობლემის აქტუალურობა

საქართველოში მკვეთრად იმატა ანტიდასავლურმა პროპაგანდამ და რიტორიკამ. სოციალურ ქსელებში, ბლოგებზე ხშირად ვაწყდებით ქსენოფობიური და ჰომოფობიური ლექსიკით მდიდარ წერილებსა და პოსტებს. ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებაში ყველაზე დიდ როლს მედია თამაშობს. შემდეგ მოჰყვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და ა.შ. ანტიდასავლური პროპაგანდა ხშირად დაუსაბუთებელ შიშებზეა აგებული. მესიჯები ძირითადად რუსული ნარატივითაა გაჯერებული, ყურადღება მახვილდება  ისეთ ფაქიზ თემებზე როგორებიცაა: სარწმუნოება და რელიგია, ტრადიციები და ღირებულებები. მისი მიზანია მოსახლეობის განწყობის შეცვლა, ევროპის, როგორც გარყვნილების ბუდედ წარმოჩენა.

ვასწავლი სკოლაში, სადაც მოსწავლეთა 95% ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელია და ხშირ შემთხევაში მათ აქვთ მცდარი/არასწორი ინფორმაცია/წარმოდგენები ევროკავშირისა და ევროპული ფასეულობების შესახებ, რისი მიზეზიცაა – სახელმწიფო ენის არცოდნა; საინფორმაციო საშუალებად უცხოური (ძირითად შემთხვევაში პროპაგანდისტული) მედიასაშუალებების გამოყენება.

შედეგად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ევროპას საფრთხედ აღიქვამენ. თვლიან, რომ ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია საფრთხეს შეუქმნის მათ კულტურას, რელიგიასა და თვითმყოფადობას.

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე NDI-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევებიც ცხადყოფს.

მაგალითად, აზერბაიჯანული თემის 8% მიიჩნევს რუსეთის სამხედრო აგრესიას საფრთხედ, მაშინ, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 31% მიიჩნევს ამავე ქვეყანას აგრესიის შესაძლო წყაროდ. კვლევის იმავე ნაწილში ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ 10%-ით მესამე ადგილზეა ანტიდასავლური პროპაგანდა.

ამ სურათის გათვალისწინებით, მოსწავლეების ინფორმირება თეორიულ მასალაზე დაყრდნობით და პრაქტიკული მაგალითების ჩვენებით, გამოცდილების გაზიარებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე გამოვყავი საკვანძო საკითხები:

  • ევროპაში ეროვნული ფასეულობების პატივისცემა.

დანიის მაგალითის განხილვა;

  • ლინგვისტური, ეთნიკური, რელიგიური და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა.

საკანონმდებლო დოკუმენტების მიმოხილვა,

მისი შედარება საქართველოს კანონმდებლობასთან;

  • კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება.

მოსალოდნელი შედეგი:

მოსწავლეები გაიაზრებენ, რომ ევროპა დგას ფასეულობების და ტრადიციების დაცვის სადარაჯოზე. აღმოაჩენენ, რომ ევროპის ქვეყნებში საკანონმდებლო დონეზეა დაცული ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები და ევროკავშირში ინტეგრაცია არ წარმოადგენს საფრთხეს საქართველოსთვის.

 

გაკვეთილის მსვლელობა

აქტივობა N1 – მისალმება, სალექციო თემატიკის გაცნობა.

აქტივობა N2 – პრეზენტაცია – ანტიდასავლური პროპაგანდა საქართველოსა და ევროპაში.

ინტერაქტიული პრეზენტაციის ფარგლებში მიმოვიხილეთ ანტიდასავლური რიტორიკის ძირითადი მიმართულებები და მასთან ბრძოლის ეფექტური მეთოდები.

აქტივობა N3 – ვიდეოჩართვა დანიიდან.

ქ. სვენბორგის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი სანდრა კაროლინი საუბრობს იმის შესახებ, როგორ მოახერხა დანიამ ევროკავშირში ინტეგრაცია და ამავდროულად შეინარჩუნა მთელი რიგი თავისუფლებები.

აქტივობა N4 – T დიაგრამა – აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ იმ დოკუმენტებს, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას ევროპაში. შემდეგ ის შევადარეთ საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა აქტებში არსებულ ჩანაწერებთან.

აქტივობა N5 – ჯიგსოუ – კლასი იყოფა ხუთ  ჯგუფად. თითოეული ჯგუფი მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:

  • საქართველო უმცირესობების, ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვის სადარაჯოზე;
  • უმცირესობებიდა უმრავლესობები;
  • ევროპისწინაშე არსებული სირთულეები;
  • რამდენიმე სიტყვით ევროპული ინსტიტუტების ისტორიისა და ფასეულობების შესახებ;
  • კულტურულიმრავალფეროვნების ცნება.

მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში, ამუშავებენ მასწავლებლის მიერ  მიწოდებულ ინფორმაციას. შემდეგ ჯგუფის წევრები ცვლიან ადგილებს. ჯგუფებში დარჩენილი სპიკერები სხვა ჯგუფებიდან შემომატებულ მოსწავლეებს აწვდიან საკვანძო ინფორმაციას. შემდეგ მოსწავლეები ბრუნდებიან უკან და ავსებენ ფაზლის ბადეს. ხდება საკითხის გაერთიანება, გამთლიანება.

აქტივობა N6 – შესაძლებელია ფასეულობებით ვაჭრობა?

აქტივობის ფარგლებში დავარიგე ფასეულობებისა და ღირებულებების ბარათები. თითოეულ ჯგუფს შეხვდა 6-6 ბარათი. შემდეგ დაიწყო სიმულაცია. მათ ჯგუფში განიხილეს და გადაწყვიტეს რომელ ბარათს გაყიდდნენ და რომელს დაიტოვებდნენ.

აქტივობა N7 – შეჯამება ინტერაქტიული და სახალისო ტესტირების საშუალებით

ბოლო ფაზაზე გამოვიყენე kahoot-ის პლატფორმა. შეკითხვები შეეხებოდა გაკვეთილის საკვანძო საკითხებს.

  • გაკვეთილი ჩატარდა პროექტის ფარგლებში. შესაბაბისად არ მომეთხოვებოდა დროის ლიმიტის მკაცრი დაცვა. მოსწავლეთა უნარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით შეგიძლიათ, თქვენც ჩაატაროთ მსგავსი ტიპის გაკვეთილი და დაანახოთ მოსწავლეებს, რომ ევროპული ცივილიზაცია დგას ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვის სადარაჯოზე და ის არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის.

წყაროები:

NDI -ს კვლევის შედეგები – https://1tv.ge/news/endiai-mosakhleobis-umravlesoba-fiqrobs-rom-qveynistvis-mtavar-safrtkhes-ruseti-warmoadgens/

დანია და ევროკავშირი – https://www.youtube.com/watch?v=3SKuqv_7EJg

კომენტარები

comments