პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

აზროვნება საკუთარი აზროვნების შესახებ

მასწავლებლებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის, დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამსჯელო კითხვებს წარმოადგენს:

 

·    რა უნარებით უნდა აღვჭურვოთ მოსწავლეები იმისათვის, რომ მათ შეძლონ თანამედროვე, კონკურენტუნარიან გარემოსთან ეფექტურად ადაპტირება?

·   როგორ შევუქმნათ მოსწავლეებს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისა და განვითარების მოტივაცია?

 

სტატია განიხილავს იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეებს დამოუკიდებელ და წარმატებულ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში. განხილულია აგრეთვე ამ უნარ-ჩვევების განვითარების მნიშვნელობა სწავლება-სწავლის პროცესში.

ითვლება, რომ მოსწავლეს, რომელსაც კარგად აქვთ განვითრებული მეტაკოგნიტური უნარები,შეუძლია დაგეგმოს, აწარმოოს მონიტორინგი და შეაფასოს საკუთარი სწავლის პროცესი, საჭიროების შემთხვევაში კი, მუშაობის დროს გამოყენებული სტრატეგიები შეცვალოს ან მათი მოდიფიცირება მოახდინოს. მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ მეტაკოგნიცია შედეგზე ორიენტირებული სწავლის უმნიშვნელოვანესი  ნაწილია და საშუალებას აძლევს მოსწავლეს, განივითაროს თვითშემეცნების, საკუთარი აზროვნების მართვის, დამოუკიდებლად სწავლის, პრობლემების ეფექტურად გადაჭრისა და სხვა ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, რომლებიც არა მარტო სწავლაში, არამედ სხვა საქმიანობებშიც  მაღალი შედეგების მიღწევას განაპირობებს.

 

მეტაკოგნიციას, რომელიც მარტივად განიმარტება, როგორც “აზროვნება აზროვნების შესახებ”,  მკვლევარები ორ ძირითად ნაწილად ყოფენ (იხ. სურ. 1):

 

1.      მეტაკოგნიტური ცოდნა, რომელიც გულისხმობს შემეცნების პროცესების გაცნობიერებას და კითხვაზე პასუხს, თუ როგორ სწავლობს ადამიანი ეფექტიანად; ასევე, ცოდნას საკუთარი კოგნიტური სისტემებისა და მათი ფუნქციონირების შესახებ.

2.      თვითრეგულაცია, ანუ საკუთარი აზროვნების პროცესების მართვის უნარი და სასწავლო გამოცდილების რეგულაცია.

 

       მეტაკოგნიტური ცოდნა, თავის მხრივ, პირობითად სამი ტიპის ცოდნას აერთიანებს:

·         დეკლარირებული ცოდნა პასუხობს კითხვაზე, თუ რა ცოდნას ფლობს მოსწავლე საკუთარი სწავლის პროცესებისა და მეტაკოგნიტური სტარტეგიების შესახებ;

·         პროცედურული ცოდნა პასუხობს კითხვზე, თუ როგორ უნდა გამოიყენოს მოსწავლემ მეტაკოგნიტური უნარები და სტრატეგიები;

·         პირობითი ცოდნა პასუხობს კითხვებზე, თუ როდის და რატომ უნდა გამოიყენოს მოსწავლემ სხვადასხვა სასწავლო სტრატეგია.

 

თვითრეგულაცია,ისევე, როგორც მეტაკოგნიტური ცოდნა, მეტაკოგნიციის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი არსი სამ ფუნდამენტურ უნარს ეფუძნება:

 

·         დაგეგმვა მუშაობის დაწყებამდე შესასრულებელი პროცესია, მაგ.: შედეგების პროგნოზირება, პრობლემის გადაჭრამდე სტრატეგიის შერჩევა, საკუთარი ფიქრების ორგანიზება, დავალების შესრულებისთვის საჭირო დროისა და რესურსის წინასწარ განსაზღვრა და ა.შ.

·         მონიტორინგი მოსწავლეთა პროგრესის გაცნობიერებას გულისხმობს; მონიტორინგის დროს მოსწავლე პერიოდულად ამოწმებს, რამდენად კარგად გაიგო და გაიაზრა ახალი ინფორმაცია, რამდენად ეფექტურია შერჩეული სტრატეგია დასახული მიზნის მისაღწევად, რა არის შესაცვლელი უკეთესი შედეგის მისაღებად და ა.შ.

·         შეფასება მოიცავს დასახული მიზნების, დასკვნების, შედეგებისა და მიღებული გამოცდილების გაანალიზებასა და განსჯას. თვითრეგულაციის ამ ეტაპზე მოსწავლე ეკითხება საკუთარ თავს, თუ რამდენად კარგად შეასრულა დავალება, სად რა ხარვეზია და რა არის გასაუმჯობესებელი.

 

როგორც ვხედავთ, მეტაკოგნიციის ეს ორივე კომპონენტი – მეტაკოგნიტური ცოდნა და შემეცნების რეგულაცია ეფექტიანი სწავლება-სწავლის განუყოფელი ნაწილია და მათი განვითარება მაღალი სააზროვნო უნარებით მოსწავლეთა აღჭურვას გულისხმობს.

 

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაში?

 

მასწავლებელები, რომლებიც მიმართავენ მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდების მიზანმიმართულად გამოყენებას და მოსწავლეთა აღჭურვას სხვადასხვა სტრატეგიით, ხელს უწყობენ მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას და შესაბამისად, უკეთესი შედეგის მიღწევას. მარტივიდან რთულისაკენ სააზროვნო დონეების მიხედვით დასმული შეკითხვები, პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები, ტექსტის კონკრეტული ინსტრუქციებით კითხვა, დისკუსიები, როლური თამაშები და სხვა სტრატეგიების გამოყენება შესაძლობლაბას აძლევს მოსწავლეებს, დააკვირდნენ საკუთარი აზროვნების პროცესს, გააცნობიერონ და გააკონტროლონ ის.

მეტაკოგნიტური უნარების განვითარებისთვის მასწავლებელმა უნდა შექმნას აზროვნებისთვის ხელსაყრელი გარემო და წაახალისოს მოსწავლეები, სწავლის სხვადასხვა სტრატეგიით შეასარულონ დავალებები. ის უნდა დაეხმაროს მათ იმის გააზრებაში, თუ როგორ სწავლობენ, რა ფაქტორები უწყობს ან არ უწყობს ხელს მათი სწავლის პროცესის ეფექტიანობას, როგორ გააუმჯობესონ შედეგი და ა.შ. 

ქვემოთ მოცემული სტრატეგიების სასწავლო პროცესში გათვალისწინება დაეხმარება მოსწავლეებს სწავლის პროცესის გააზრებასა და საკუთარი შემეცნებითი აქტივობების მართვაში.

 

·         სტრატეგიების შერჩევა _ ეს მეტაკოგნიტური უნარების განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროცესია. მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებს და წაახალისოს ისინი, დამოუკიდებლად განსაზღვრონ დავალების წარმატებით დაძლევისთვის ყველაზე ეფექტური სტრატეგია. დავალების დასრულების შემდეგ მასწავლებელმა შეიძლება ჰკითხოს მოსწავლეებს, რომელი სტრატეგია აირჩიეს და რატომ? როგორ გადაჭრეს პრობლემა და რა სირთულეებს წააწყდნენ? როგორ ფიქრობენ, სხვა სტრატეგიის გამოყენება უკეთესი ხომ არ იქნებოდა და რატომ? ამგვარი მსჯელობით მოსწავლეები აფასებენ არა მარტო შერჩეული სტრატეგიის ადეკვატურობას, არამედ საკითხს სიღრმისეულადაც იაზრებენ.

·         შესრულებული სამუშაოს შეფასება – სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები განიხილავენ მიღებულ შედეგებს და განსაზღვრავენ, რა გამოუვიდათ კარგად, რისი გაკეთება სჯობდა სხვანაირად, სად აქვთ ძლიერი მხარე და რა უნდა გააუმჯობესონ. მოსწავლეების მიერ შედეგების თვითანალიზი და შეფასება ხელს უწყობს მათ როგორც საკითხის სიღრმისეულად გააზრებაში, ასევე საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერებაში.

·         თვითშეფასება – მოსწავლეები განსაზღვარევნ, რამდენად კარგად ისწავლეს საკითხი და რა აქვთ ხელახლა დასამუშავებელი, რომელი უნარები განუვითარდათ და რას უნდა მიაქციონ ყურადღება. თვითშეფასება საშუალებას აძლევს მათ, თვალი ადევნონ საკუთარ განვითარებასა და პროგრესს. საკუთარი აზროვნების გაცნობიერებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე, მოსწავლეთა მიერ ერთმანეთის შეფასებაც.

·         დავალების შესრულების პროცესის გააზრება _ მუშაობის დროს მასწავლებლი მოსწავლეებს უსვამს ისეთ შეკითხვებს, რომლებიც ეხმარება მათ, გაიაზრონ, რამდენად ეფექტური გზა აქვთ არჩეული დავალების შესასრულებლად. მაგ:  “რას აკეთებ ახლა? რატომ აკეთებ ამას? როგორ დაგეხმარება ეს?” და ა.შ. მასწავლებელმა ასევე უნდა წაახლისოს მოსწავლეები, თავადაც დაუსვან მსგავსი ტიპის შეკითხვები საკუთარ თავს.

·         სხვადასხვა ტიპის შეკითხვები – მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა და მოსწავლეებმა, ცოდნის შემოწმებისა და სააზროვნო პროცესების მართვის მიზნით, საკუთარ თავს და ერთმანეთს დაუსვან შემდეგი სახის შეკითხვები: რა იციან განსახილველი ან/და შესასწავლი საკითხის შესახებ? რა შეიძლება, რომ არ იცოდნენ? რა აინტერესებთ? რა უნდათ, რომ იცოდნენ? რა ისწავლეს? რა ვერ გაიგეს? რაში დასჭირდებათ დახმარება? და ა.შ.

გარდა ზემოთ აღნიშნული კითხვებისა, სასურველია, მასწავლებელმა უბიძგოს მოსწავლეებს, დაუსვან შეკითხვები როგორც საკუთარ თავს, ასევე თანაკლასელებს უშუალოდ დავალების შინაარსიდან და ფორმიდან გამომდინარე (წერითი, კითხვითი, მსჯელობითი და ა.შ), მაგ.: ვეთანხმები თუ არა ავტორის პოზიციას და რატომ? მოცემული პრობლემის გადაჭრის რა ალტერნატიული გზები არსებობს? რა დააინტერესებს ჩემს მკითხველს? და ა.შ. მსგავსი ტიპის შეკითხვებით მოსწავლე დამოუკიდებლად იაზრებს საკითხს და პარალელურად ახდენს საკუთარი აღქმის გაკონტროლებას.

·         შედეგების პროგნოზირება – ეს ყველაზე ხშირად გამოიყენება მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში. საკითხის დამუშავებამდე მისაღები შედეგის პროგნოზირება ეხმარება მოსწავლეებს, გამოთქვან ვარაუდი, თუ რა სახის ინფორმაცია შეიძლება დასჭირდეთ პრობლემის წარმატებით გადაჭრისთვის. პროგნოზირება ასევე ეხმარება მოსწავლეებს, შეადარონ საკუთარი მოსაზრება პრობლემის ან ექსპერიმენტის საბოლოო რეზულტატს. ამგვარად გააზრებული საკითხი კი ხელს უწყობს ახალი მენტალური სქემის ჩამოყალიბებასა და მყარი გამოცდილების შეძენას.

·         მსჯელობა – მსჯელობის პროცესი აზროვნების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მოსწავლეთა მიერ გარკვეული იდეებისა და მოსაზრებების საკუთარ თავთან, ერთმანეთთან ან მასწავლებელთან ერთად განხილვა ხელს უწყობს მათ, ისწავლონ კითხვების დასმა, სხვისი ნაფიქრის გაზიარება და საკუთარ მოსაზრებებთან შედარება-შეჯერება, არსებულ ცოდნასა და გამოცდილებაში ხარვეზების იდენტიფიცირება, პირადი მოსაზრებების გაანალიზება და შეფასება.

·         უკუკავშირი – შესრულებული საქმიანობის კონსტრუქციული მიდგომით განხილვა და უკუკავშირი ხელს უწყობს მოსწავლეებს, პოზიტიურ კონტექსტში გაიაზრონ საკუთარი ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეები და დაფიქრდნენ, რა ცვლილებების განხორციელება იქნება საჭირო არსებული სიტუაციის გაუმჯობესებისთვის.

·         გადამოწმება – მასწავლებელი უბიძგებს მოსწავლეებს, რომ უკუკავშირის მიღების შემდეგ დაუბრუნდნენ შესრულებულ სამუშაოს და შეიტანონ შესაბამისი ცვლილებები. ეს შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს,  გადაამოწმონ სწავლის სტრატეგიის გამოყენების ადეკვატურობა და აზროვნების პროცესი.

მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაში ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეთა სწავლის სტილის განსაზღვრა, რაც მათი ინდივიდუალური მახასითებელია და დიდ გავლენას ახდენს სწავლის შედეგებზე. სხვადასხვა მოსწავლე ავლენს ვიზუალური, სმენითი, კინესთეტიკური ან ტაქტილური აზროვნების სტილს, რის გამოც მასწავლებელმა ხშირად უნდა ცვალოს სწავლების მეთოდები. მან უნდა შეძლოს ყველა მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინება.

 

ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ზემოთ მოცემული რეკომენდაციებისა, მეტაკოგნიტური უნარების განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეთა ემოციური მხადაჭერა და გამხნევება, რაც გულისხმობს მათი პიროვნების აღიარებას, მოსაზრებების პატივისცემას, საკლასო ოთახში სამრთლიანობის პრინციპის დაცვას, ინდივიდუალური ძალისხმევის დაფასებას, ნდობის ატმოსფეროს შექმნას, თვითრწმენის განმტკიცებას და ა.შ. ეს ყველაფერი კი მთლიანობაში ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას იმისათვის, რომ უფრო ხალისით ჩაერთონ საკუთარი სწავლისა და განვითარების პროცესში.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი