ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ასწავლე წარმატებისთვის!

მცირე შესავალი 

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საგანმანათლებლო სისტემა ნაკლებად ამაყობს ზოგადი (სასკოლო) განათლებით. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, მისი პოპულარობითა და ხარისხით ეს ქვეყანა მსოფლიოში წამყვან პოზიციაზეა  მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან  დღემდე. უმაღლესი სკოლების წარმატებას, ავტონომიური სისტემის გარდა, პროფესორ-მასწავლებელთა მაღალ პროფესიონალიზმს, სტუდენტთა  კრეატიულობას და  კურიკულუმის ფართო, მრავალფეროვან არჩევანს უკავშირებენ. სასკოლო განათლების ავკარგიანობის ანალიზი აქტიურად გრძელდება. დისკუსიები იმის თაობაზეც იმართება, შეძლებს თუ არა ქვეყანა, შეინარჩუნოს  უმაღლესი განათლებისა და კვლევის სფეროებში კონკურენტუნარიანობა, გაუმართავი და დაბალი ხარისხის სასკოლო განათლების ფონზე. ერთ-ერთ მიზეზად, რის გამოც სასკოლო განათლების დონე კრიტიკას ვერ უძლებს, აშშ-ის ზოგადი განათლების სისტემაში სტანდარტიზებული  ტესტები სახელდება. 

ამ სტატიის მიზანია, ამერიკის შეერთებული შტატების  მაგალითზე ვნახოთ, რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს სტანდარტიზებულმა ტესტირებებმა სასკოლო კურიკულუმზე, თუ სკოლაში მასწავლებელი სწავლების ეფექტურ  სტრატეგიებს არ შეარჩევს.   

აშშ-ის გზა  
სტანდარტიზაციისკენ სვლა ამერიკაში 80-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც პრეზიდენტ რეიგანის დროს გამოქვეყნდა დასკვნა: A Nation at Risk (ერი რისკის ქვეშ). 20-მდე გვერდის მქონე ანგარიში მკაცრი ტონით აღწერდა ამერიკის სკოლებში არსებულ სავალალო მდგომარეობას. ანგარიშის მიხედვით, თუ ასე გაგრძელდებოდა, ამერიკა ვერ გაუწევდა კონკურენციას სხვა განვითარებულ ქვეყნებს და მათ შორის ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილზე აღმოჩნდებოდა ეკონომიკის, გამოგონებებისა თუ სხვა მიმართულებებით. რეკომენდაციები, ძირითადად, მოუწოდებდა გადაწყვეტილებების მიმღებთ, გაეზარდათ სტანდარტიზაციისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები ყველა რგოლის დონეზე. ეს ანგარიში,  რომელმაც მრავალი ცვლილება გამოიწვია ზოგადი განათლების სფეროში, აშშ-ში დღემდე მსჯელობის საგანია. ბევრი ეჭვის თვალით უყურებს მის  ვალიდურობას და ამტკიცებს, რომ სინამდვილეში სკოლებში კურიკულუმის, მასწავლებელთა პროფესიული დონის,  მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების  საქმე არც ასე ცუდად იყო და ინფორმაცია არასანდოა, ფაქტები კი არასწორად არის გაანალიზებული. ზემოთ ხსენებულმა ანგარიშმა საფუძველი ჩაუყარა უამრავ ცვლილებას და სისტემა მიიყვანა ჯორჯ ბუშის აქტამდე: No Child Left Behind (არც ერთი უკან ჩამოტოვებული ბავშვი), რომელიც სწორედ სტანდარტიზაციისა და ანგარიშვალდებულების ზრდისკენ არის მიმართული. 

სტანდარტიზებული ტესტების ეფექტები 

უამრავი კვლევა და სტატია ეხება განათლების სფეროში სტანდარტიზაციის თემას, ამ პოლიტიკის დადებით და უარყოფით მხარეებს. ამ საკითხს მკვლევარები ფსიქოლოგიურ, პროფესიულ და კოგნიტურ ჭრილში განიხილავენ  და აანალიზებენ, თუ რა ეფექტს ახდენს ტესტირების დანერგვა განათლების, მათ შორის ზოგადი განათლების  სისტემაში ჩართულ სხვადასხვა რგოლზე. ასევე მსჯელობენ იმის შესახებ, თუ რა თანმხლები პოლიტიკა უნდა დაინერგოს, რათა თავიდან იქნას აცილებული ნეგატიური ეფექტის მოხდენა სასწავლო პროცესზე.

პირველი, რაც სტანდარტიზებული მიდგომით მოსწავლის შეფასებაზე  შეიძლება გაგვახსენდეს, არის სხვადასხვა დონეზე ხრიკების მოგონება იმისათვის, რომ მონაცემები გამოჩნდეს არა ისეთი, როგორიც სინამდვილეშია. მაგალითად, კვლევამ დაადგინა, რომ იმ შტატებში, სადაც დაბალი მოსწრების სტუდენტები ჭარბობენ (მაგ., ემიგრანტები, უმცირესობები), სტანდარტიზებული პოლიტიკა უფრო გამკაცრებულია და უფრო ძლიერი წნეხის ქვეშ იმყოფებიან ის მოსწავლეები, რომლებსაც უფრო მეტი ხელშწყობა სჭირდებათ. მასწავლებლებს ნაკლები მოტივაცია აქვთ, ვინაიდან იციან, რომ მხოლოდ ტესტირების ქულას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მასწავლებლებიც და  მოსწავლეებიც მხოლოდ ტესტის ჩაბარებაზე ხდებიან ორიენტირებული.

სტანდარტიზებული ტესტების შემოღების შემდეგ გამოვლენილი ძირითადი ტენდენციები ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე

შტატის დონეზე: მონაცემთა გაყალბება; დაბალი სტანდარტების დაწესება სკოლებისათვის; უმცირესობებით დასახლებულ შტატებში განსაკუთრებული სიმკაცრის პოლიტიკა; ზეწოლა სკოლებსა და მასწავლებლებზე.

სკოლის დონეზე: ადმინისტრაციის წევრთა და მასწავლებელთა არაკეთილსინდისიერი ქცევა (მონაცემთა გაყალბება, თაღლითობა, დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა გარიცხვა); კორუფცია (გარიგებები); მასწავლებელთა მოტივაციის კლება; საგაკვეთილო პროცესის წარმართვა ტესტებთან მიმართებაში და  კურიკულუმის გაღარიბება; მასწავლებელთა თვითშეფასების კლება, უნდობლობა სისტემის მიმართ; პროფესიაში დარჩენის სურვილის კლება და სხვ.  

მოსწავლის დონეზე:  მოტივაციის კლება; კლასში ჩარჩენა ან სკოლის მიტოვება; რაიმე ფორმით თაღლითობა (მაგ., გადაწერა); განვითარების დაბალი სტანდარტები; ღირებულებების და პრიორიტეტების შეცვლა; ნაკლები შემოქმედობითობა.

აკადემიური მოსწრების შედეგები ტესტების შემოღების შემდეგ 

კვლევები არ აჩვენებს კითხვის უნარის გაუმჯობესებას მე-4 და მე-8 კლასებში. მონაცემების მიხედვით, დადებითი შედეგია მათემატიკური უნარების გაუმჯობესებაში მეოთხეკლასელთა შორის.  მკვლევარები ამ ფაქტს იმით ხსნიან,  რომ მე-4 კლასში მათემატიკის სასწავლო გეგმა უფრო სტანდარტიზებულია, შესაბამისად, მოსწავლეთა ვარჯიში ტესტებისათვის,  რაც სკოლებში ტესტირებების შემოღების შემდეგ ხდება, მე-4 კლასში უფრო ეფექტურია,  ვიდრე მე-8 კლასში.  

სტანდარტიზებული ტესტების ეფექტი სკოლის სასწავლო გეგმაზე

მთავარი შესაძლო ნეგატიური ეფექტი, რასაც მკვლევარები ხაზს უსვამენ, სკოლის სასწავლო გეგმის გაღარიბებაა, რადგან იგი (სასწავლო გეგმა) ორიენტირებულია, მოამზადოს მოსწავლეები, რომლებიც უკეთესად ჩააბარებენ ტესტებს. შესაბამისად, არასწორი სწავლების სტრატეგიების შერჩევის შედეგად, შესაძლოა მოსწავლეს საერთოდ არ განუვითარდეს ის უნარები, რომლებიც ტესტებით არ იზომება ან ნაკლებად  იზომება (შემოქმედებითობა, ღრმა ანალიზისა და სინთეზის უნარი, პრობლემების გადაჭრის უნარი და სხვ).  

რა გამოიწვია სტანდარტიზებულმა ტესტირებამ ამერიკის შეერთებული შტატების სასკოლო კურიკულუმში

ირკვევა, რომ ინგლისურისა და მათემატიკის საგნებისთვის სულ რაღაც 2-2 საათის დამატებამ, საბოლოო ჯამში, გამოიწვია ის, რომ სოციალური მეცნიერებების სწავლებას, ფიზიკურ განათლებას, მუსიკას, ხელოვნებას საათების 1/3 მოაკლდა  და 28%-ით შემცირდა არდადეგების ხანგრძლივობა. კვლევების  შედეგად გამოკვეთილი ტენდენცია ცხადყოფს, რომ რაც უფრო დაბალი მიღწევები აქვს სკოლას, მით უფრო მარტივად ამბობს ის უარს ისეთ საგანზე, როგორიცაა, მაგალითად, ხელოვნება. აქედან გამომდინარე, ის უკარგავს მოსწავლეს სამყაროს ალტერნატიული გზებით  შემეცნების შესაძლებლობას (ვთქვათ, მათემატიკური სიმბოლოების, მეტაფორების  და ნახატების მეშვეობით).  შესაბამისად, არსებული კურიკულუმი საეჭვოს  ხდის მოსწავლეში კრეატიულობის, წარმოსახვისა და  კრიტიკული ხედვის უნარის განვითარებას. ეს შესაძლოა ვერ გაიზომოს ტესტებით, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პიროვნების სრულფასოვანი განათლებისა და განვითარებისათვის. ფიზიკური განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის, დასვენების უგულებელყოფა ასევე ნეგატიური შედეგის მომტანია მომავალი თაობებისთვის. 

დავუბრუნდეთ ტესტირების შემოღების შედეგად მიღწეულ აკადემიური მოსწრების მაჩვენებლებს. მოსწავლის მრავალმხრივი განვითარების შეზღუდვის ფონზე ტესტირება დასახულ მიზანს ხშირად ვერ აღწევს. შესაბამისად, დაფიქრებაა საჭირო სტანდარტიზებული ტესტების მიზნისა და როლის შესახებ იმ პირობებში, თუ მასწავლებელი არ ჩაატარებს მოსწავლის მრავალმხრივი განვითარებისაკენ მიმართულ საგაკვეთილო პროცესს. 

საინტერესოა, კვლევების შედეგების თანახმად, რას აჩვენებს ტესტები: მოსწავლეთა მატემატიკური უნარების გაუმჯობესებას თუ უფრო ტესტებში დახელოვნებას? მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ ტესტებისთვის ვარჯიშობენ, რომ საგაკვეთილო პროცესი მოსაწყენია და ხშირ შემთხვევაში დაძაბულობა ჩნდება მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ტესტირების მოახლოების პერიოდში. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ მასწავლებლის პროფესია ნეგატიური კუთხით გამოჩნდეს ასეთ კონტექსტში. განათლების სპეციალისტები ხაზს უსვამენ მასწავლებლის მიერ სწორი სტრატეგიით ჩატარებული საგაკვეთილო პროცესის მნიშვნელობას შეფასების ნებისმიერი პოლიტიკის პირობებში. პრობლემა ისაა, რომ ხშირად მასწავლებლები გაზომვადი შედეგების მისაღწევად უარს ამბობენ ლიბერალურ სწავლებაზე, მათ მოტივაცია უქვეითდებათ დამატებითი აქტივობებისთვის. 

ექსპერტები  მიიჩნევენ, რომ მალე წარსულს ჩაბარდება  ის დრო, როცა სხვა ქვეყნებს ამერიკის მოსწავლეებისა და მასწავლებლების კრეატიულობის, განსხვავებულობის და ღიაობის შურდათ. ამის მიზეზი კი სასკოლო კურიკულუმზე, მასწავლებელსა და მოსწავლეზე სტანდარტიზებული  ტესტირებებით გამოწვეული ნეგატიური ეფექტი იქნება. 

კავშირი საქართველოსთან 

ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითის მოყვანა არ ყოფილა შემთხვევითი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სტანდარტიზებული ტესტების პოლიტიკა ქვეყანაში მრავალწლიან გამოცდილებას ითვლის. ამ პერიოდში მრავალი კვლევა და ანალიზი ჩატარდა. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, კრიტიკულად გავაანალიზოთ სიტუაცია ჩვენს სკოლებში და კიდევ ერთხელ გავიაზროთ მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობა წარმატებული მოქალაქის აღზრდისათვის. მოსწავლე არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ ტესტის ჩაბარებაზე და არ უნდა ფიქრობდეს, რომ მასწავლებელი მას მხოლოდ ამაში დაეხმარება.

მასწავლებლის მიერ ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის ჩატარება, მრავალფეროვანი სტრატეგიების შერჩევა და საკითხისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებას. შესაძლოა ამ პროცესში ტესტებით შეფასების კომპონენტიც იყოს გამოყენებული, მაგრამ მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი მისი უარყოფითი ეფექტი ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიზნებზე.  

თუ ჩვენი მიზანი ისეთი მოქალაქეების აღზრდაა, რომლებსაც ექნებათ ზოგადი ცოდნა ყველა მიმართულებით, სამყაროს შემოქმედებითად აღქმის, კრიტიკული ანალიზისა და სინთეზის  უნარი და ჯანსაღი ღირებულებები,  უნდა წავაქეზოთ ისინი წარმატებულობისკენ. შესაბამისად, უნდა ვეცადოთ, სასწავლო პროცესი (შეფასების ერთ-ერთ კომპონენტად სტანდარტიზებული ტესტის გამოყენების პირობებშიც კი) არ იყოს მათთვის დამთრგუნველი, არ იყოს მიმართული მათი “ჩავარდნისკენ”. პირიქით, ის მაქსიმალურად უნდა ზრდიდეს მრავალმხრივი ცოდნის მიღების შანსს.      

ამ პროცესში მასწავლებლის მიერ სწორი სტრატეგიების შერჩევა მეტად მნიშვნელოვანია. ის მოსწავლეები, რომლებიც არ არიან  მოტივირებული, ვერ მიიღებენ მნიშვნელოვან აკადემიურ გამოცდილებას. მოსწავლეებს სჭირდებათ შესაბამისი გარემო იმისათვის, რომ იყვნენ მაქსიმალურად პროდუქტიულები. ამაში იგულისხმება საგაკვეთილო პროცესის დროს მერხების შესაბამისი მოწყობა (წრეზე ჯდომა, ჯგუფებად დაშლა თუ სხვა); საჭიროებების და შესაძლებლობების მიხედვით მოსწავლეების განაწილება; თვალ-ყურის დევნება, რომ საკლასო ოთახის ბოლო მერხზე არ აღმოჩნდეს მოსწავლე, რომელსაც უჭირს ცარცით ნაწერის გარჩევა; ასევე ჯგუფური სამუშაოების დროს მოსწავლეთა იმგვარად განაწილება, რომ ჯგუფს მოტივაცია გაუჩნდეს და დაბალანსდეს მოსწავლეთა ხასიათის თავისებურებები. მასწავლებელმა ხშირად უნდა მიმართოს პოზიტიურ აქტივობებს, უნდა შეახსენოს მოსწავლეს, რომ მის მიმართ მაღალი მოლოდინი აქვს, უნდა შეაქოს და წაახალისოს ყოველი წარმატებისას. მან ხშირად უნდა მიმართოს დიალოგებს, მეგობრულ და მზრუნველ დამოკიდებულებას, რისი მიღწევაც შესაძლებელია საგაკვეთილო პროცესის დაწყებამდე 1-2 წუთიანი დიალოგითაც კი, რომელიც საგაკვეთილო თემას არ შეეხება. სასურველია, მასწავლებელმა საგაკვეთილო პროცესის დროს თამაშის მეთოდს მიმართოს და პროცესი უფრო მიმზიდველი, ინტერაქტიული და მხიარული გახადოს (როცა კლასში ჰიპერაქტიურობა იმატებს, სჯობს, მოსწავლეთა ენერგია საგაკვეთილო მიზნებისთვის დაიხარჯოს). მას შეუძლია გაუზიაროს მოსწავლეებს ცხოვრებისეული მაგალითები, მოუყვეს  ისტორიებს, დაამტკიცოს  ფაქტებით ის, რასაც ასწავლის.  პირველ რიგში, თავად მასწავლებელს უნდა სჯეროდეს და შემდეგ მოსწავლეებიც უნდა დააჯეროს, რომ ეს არის  ის, რაც მათ წარმატებას მოუტანს.    

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი