სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

სიტუაციური თამაში – მეტყველების განვითარების ეფექტური საშუალება

უცხოური ენების მასწავლებლები გაკვეთილზე ხშირად იყენებენ თამაშს როგორც ერთ-ერთ საშუალებას სასწავლო მიზნის მისაღწევად.

თამაშით ხდება მოსწავლეთა მოტივირება, საგნით დაინტერესება. სიტუაციური, როლური თამაშების მეშვეობით ისინი უკეთ აღიქვამენ და იმახსოვრებენ მასალას, ლექსიკურ ერთეულებს, უვითარდებათ სამეტყველო უნარები, იძენენ მოცემულ სიტუაციაში ადაპტირების, როლის გათავისების უნარს. თამაში კარგი საშუალებაა იმისთვისაც, რომ მასწავლებელი დააკვირდეს და შეაფასოს, რამდენად აქვთ ჩამოყალიბებული მოსწავლეებს სამეტყველო უნარ-ჩვევები.

განვიხილოთ სიტუაციური თამაშის ჩატარების ხერხები.

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს სიტუაციურ თამაშს, ყოფს მათ სამ ჯგუფად და აძლევს განმარტებას: პირველი ჯგუფი წარმოადგენს დავალებას პანტომიმით, ხოლო დანარჩენი ორი გაახმოვანებს, წერილობით ან ზეპირად აღწერს სიტუაციას. მასწავლებელი მაგიდაზე აწყობს (ან დაფაზე მიამგრებს) ბარათებს, რომლებზეც აღწერილია სიტუაციური თამაშები. ამის შემდეგ ის სათამაშოდ იწვევს პირველ ჯგუფს. მოსწავლეები იღებენ რომელიმე ბარათს და ხმამაღლა კითხულობენ დავალებას. დავალების გაცნობის შემდეგ ჯგუფმა ორ წუთში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ განახორციელებს პანტომიმას და ვინ ჩაერთვება მის წარმოდგენაში – ერთი მოსწავლე, რამდენიმე თუ მთელი ჯგუფი. რა თქმა უნდა, როცა ერთი ჯგუფი ემზადება, დანარჩენი ორიც რაღაცას უნდა აკეთებდეს. ვფიქრობ, ამისთვის კარგი იქნება, ჯგუფებს მივცეთ ასეთი დავალება: დააკვირდნენ, როგორ მიმდინარეობდა მზადება პირველ ჯგუფში, ვინ აქტიურობდა, სთავაზობდა იდეებს და ყველაფერი ეს ჩაინიშნონ (დაკვირვება და შეფასება).

როცა მასწავლებელი გაკვეთილზე პირველად სთავაზობს ბავშვებს სიტუაციურ თამაშს, უნდა გაითვალისწინოს, რომ ჯგუფში, რომელსაც სათამაშოდ იწვევს, ჩაერთონ მორცხვი და ენის ნაკლებად მცოდნე მოსწავლეები, რათა კომპლექსი დააძლევინოს. სხვა დროს კი ისინი თვითონვე მოითხოვენ, სწორედ ამ ჯგუფში მოხვდნენ, რადგან უკეთ მოახერხებენ თავის რეალიზებას. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ მასწავლებელმა ყოველთვის ამ მოსწავლეებს შესთავაზოს სიტუაციური თამაში. 

სიტუაციური დავალება შეიძლება იყოს შემდეგი სახის (აღვწერთ სავარაუდო მოქმედებებსაც):

დავალება 1. წარმოიდგინეთ, რომ სეირნობთ ქარიან და წვიმიან ამინდში.

სავარაუდო მოქმედებები: შლიან ქოლგას, ქარი ხელს უშლით და სხვა.

დავალება 2. თქვენთან მეგობრები მოვიდნენ.

სავარაუდო მოქმედებები: უსმენენ მუსიკას, ცეკვავენ, სვამენ ყავას, საუბრობენ და ა.შ.

დავალება 3. დაბადების დღეზე საჩუქრები მოგიტანეს (საჩუქარი შეიძლება იყოს წიგნი, ყვავილები, ყურსასმენები, ტელეფონი, ნახატი, ხატი, სუვენირი და სხვა).

სავარაუდო მოქმედებები: წიგნს თაროზე შემოდებენ, ყვავილებს ლარნაკში ჩააწყობენ, ყურსასმენებს გაიკეთებენ, სუვენირს ფორტეპიანოზე დადებენ და კლავიატურაზე თითებს გადაატარებენ – დაუკრავენ და ა.შ.

დავალება 4. პაემანი ქარბუქიან დღეს (ამ სიტუაციურმა სავარჯიშომ გაკვეთილზე ძალიან კარგად იმუშავა!)

სავარაუდო მოქმედებები: პალტოს საყელოს წამოწევა, ქარისთვის ზურგის შექცევა, მხრებიდან თოვლის ჩამოფერთხვა, საათის ხშირი შემოწმება, ქარისთვის ყვავილების მორიდება, ტრანსპორტისკენ ცქერა, იმედგაცრუების გამოხატვა, როცა გამოჩნდება, სიხარულის გამოხატვა, კომპლიმენტის თქმა ჩაცმულობის თაობაზე, ყვავილების მირთმევა და სხვა.

როცა პირველი ჯგუფი წარმოადგენს პანტომიმას, მეორე და მესამე ისაუბრებენ დაკვირვების შედეგებზე. ამის შემდეგ მასწავლებელი სამივე ჯგუფს მისცემს დავალებას, აღწერონ წარმოდგენილი სიტუაცია. შესაძლოა მოსწავლეებს მიეცეთ წერილობითი დავალებაც, მაგალითად, შეადგინონ პატარა მოთხრობა.
სტატიაში შემოგთავაზეთ სიტუაციური თამაშის ზოგიერთი ხერხი, პედაგოგებს შეუძლიათ მოიფიქრონ სხვა, უფრო საინტერესო სიტუაციებიც, ან შესთავაზონ მოსწავლეებს, თავად მოიგონონ დავალებები. ეს ხელს შეუწყობს მათი მოტივაციის ამაღლებას, მასწავლებლისა და მოსწავლეთა თანამშრომლობას და, რაც მთავარია, მასწავლებლის მიერ დასახული სასწავლო მიზნის მიღწევას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი