სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

სასწავლო რესურსად ქცეული სკოლის ფანჯრები  

 

იდეა, რომელიც უნდა გაგიზიაროთ, რამდენიმე წლის წინ დამებადა. მაშინ ჩემს შვილებთან ერთად მეცხრე სართულის უსახური ფანჯარა მოვხატე. უზარმაზარი ლოკოკინა და მზე ეზოდან ჩვენს სამყოფელზე მიანიშნებდა. ქალაქის ნაცრისფერი კორპუსის გალამაზების მცდელობა სოფლის სკოლაში გამახსენდა. ლიტერატურული კაფესთვის ვემზადებოდით, რომელიც  საკლასო ოთახში უნდა გაგვემართა. ოთახის ინტერიერს კი მხოლოდ მასწავლებლის მაგიდა, სამი მერხი, ამდენივე სკამი და დაფა შეადგენდა. ცვლილებებზე ფიქრმა ფანჯრების მოხატვის სურვილი გამიჩინა. გადავწყვიტე, ერთ ფანჯარაზე წიგნების ავტორები და სათაურები ჩამომეწერა, მეორეზე კი კაფეს მენიუ დამეხატა. ნათელი, მზიანი დღე იყო. ცა ლურჯად კამკამებდა. მთის წვერზე დაყუდებული მზე სხივებად იღვრებოდა. ადრეული გაზაფხული იდგა და სკოლის მეგობარ კაკლის ხეს ჯერ კიდევ შიშველი ტოტები ჰქონდა.

ეს იყო ჩვენი მეორე ლიტერატურული კაფე და ახლაც მახსოვს ფანჯრის მინაზე ჩამოწერილი წიგნების მრავალფეროვანი სათაურები, სხვადასხვა ჟანრი, ქართული და უცხოური ლიტერატურა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოები მალალა იუსაფზაის ცხელ-ცხელი „მე ვარ მალალა“ იყო. სიურპრიზად ვინახავდი წიგნის 15 ეგზემპლარს, რომელიც მთარგმნელმა ლიკა ჩაფიძემ ბავშვებისთვის საჩუქრად გამომატანა.

სანამ ფანჯრების მოხატვას დავიწყებდი, ნებართვა სკოლის დირექტორს ვთხოვეთ. ავუხსენით, რომ საღებავი ფანჯრის მინებს არ დააზიანებდა და ადვილად შორდებოდა. მოხატულმა ფანჯრებმა გაგვახალისა და განსაკუთრებული ელფერი შესძინა საკლასო ოთახს. მას შემდეგ სკოლის ფანჯრებს, როგორც სასწავლო რესურსს, ისე ვიყენებთ. მიზანი კი მრავალგვარი შეიძლება იყოს და ნებისმიერი საგნის მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს.

არაფორმალური გარემოს შექმნა

საკლასო ოთახში არაფორმალური გარემოსთვის დამახასიათებელი შტრიხების შეტანა სასწავლო პროცესს სახალისოს ხდის. მოხატული ფანჯრები განწყობას ამაღლებს და ბავშვებს სიახლის მოლოდინს უჩენს. როგორც წესი, თავდაპირველად მასწავლებელი იწყებს, ისინი სიხარულით სავსე თვალებით შემოგყურებენ, ათას კითხვას გისვამენ, შემდეგ კი თავადაც გამოთქვამენ დახმარების სურვილს.

სასწავლო წესები, ფორმულები

მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის მასწავლებლებს შეუძლიათ ფორმულები ჩამოწერონ. აქილევსის ქუსლად ქცეული გამრავლების ტაბულის ფანჯრის მინაზე დახატვით ბავშვებს ცოდნის ათვისების პროცესი გაუადვილდებათ, რადგან თვალსაჩინოება ვიზუალური მეხსიერებისთვის აუცილებელი რამ არის.

პლანეტათა სამყარო

წარმოიდგინეთ საკლასო ოთახში შესულს მზის სისტემის პლანეტები რომ შემოგანათებენ ფანჯრიდან. გარდა შემეცნებითი დატვირთვისა, პლანეტები სამყაროს უსასრულობის განცდას ბადებს. იმის გაზრებისას, რომ კოსმოსის პატარა ნაწილი ხარ, პრობლემები უფერულდება. მე კი ტერენტი გრანელის ფსევდონიმი მახსენდება. მისი დების მაშო და ზოზია კვირკველიების გადმოცემით, ფსევდონიმს ლათინური სიტყვა „granum” დასდებია საფუძვლად, რაც მარცვალს ნიშნავს. მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო, ამბობდა თურმე ტერენტი.

უცხო ენები

რატომღაც ინგლისურის არაწესიერი ზმნები გამახსენდა და მათი დამახსოვრებისას გამოწვეული ტანჯვა. მშვენიერი იქნებოდა, სკოლის ფანჯრებზე არაწესიერ ზმნათა ჩამოწერა და ამ გზით ბავშვების მეხსიერების გააქტიურება. კიდევ მრავალი რამ შეიძლება დაიწეროს, მაგალითად, კითხვითი სიტყვები, დროის ზმნიზედები, პირისა თუ კუთვნილებითი ნაცვალსახელები. დარწმუნებული ვარ, ამგვარი მეთოდით თამაშად ვაქცევთ სასწავლო პროცესს. ერთი სიტყვაც რომ წაიყოლონ ბავშვებმა სკოლიდან სახლში და საკუთარ გონებაში მიუჩინონ ბინა, ესეც უკვე დიდი საქმეა.

ლიტერატურული პერსონაჟები

ქართულის მასწავლებლებს არა მარტო წიგნების სათაურებისა და ავტორების, არამედ სიტყვათა სწორი და არასწორი ფორმების, ზმნისწინების, პირის ნიშნების, ნაცვალსახელების ჩამოწერა შეგვიძლია.

ლიტერატურული პერსონაჟების მოხატვით წიგნებისადმი დამოკიდებულება შეიძლება შევცვალოთ. თავდაპირველად მასწავლებლები ვთავაზობთ, ბავშვებთან ვათანხმებთ და ამგვარად ვარჩევთ სასურველ პერსონაჟს. გარკვეული დროის შემდეგ კი  შეიძლება მოსწავლეებმა თავად მოხატონ მასწავლებლისთვის უცნობი პერსონაჟებით ფანჯრები და ამგვარად უფრო მეტად გაახალისონ ურთიერთობები. მაგალითად მოვიყვან მეცამეტე ლიტერატურულ კაფეს, როდესაც ყველაფერი ბავშვებმა მოამზადეს და მოულოდნელი სიხარული მაჩუქეს. მედიათეკის ოთახში შესულს ფანჯარაზე დამახვედრეს ჯოჯო მოიესის წიგნის „მე შენამდე“ პერსონაჟები –  უილ ტრეინოლი და ლუისა კლარკი, რომელთაც მე ჯერ არ ვიცნობდი.

ასევე საინტერესო იქნება, თითოეული მწერლის ბიოგრაფიული დეტალების ფანჯრის მინაზე გადატანა. შესაძლოა, სტენსილარტის გამოყენებით სასურველი მწერლის სილუეტის გამოსახვა, ირგვლივ კი მასთან დაკავშირებული სიტყვების დაწერა, მაგალითად, ვაჟა-ფშაველას დედ-მამის, მისი ძმების სახელები, ვაჟას ფსევდონიმები. ასოციაციურმა ფიქრებმა სოფელი თონეთი გამახსენეს, სადაც რამდენიმე წელი მასწავლებლობდა ვაჟა. ერთი სიტყვით, ვაცოცხლებთ მივიწყებულ ამბებს და ვიღრმავებთ ცოდნას.

სპექტაკლის სათაური

საკლასო ოთახის გარდა, სააქტო დარბაზის ფანჯრებიც მოგვიხატავს, რომლებზეც სპექტაკლის  სათაური დაგვიწერია ან  შესაბამისი სურათი დაგვიხატავს. ამგვარად, არაფორმალური გარემოსთვის დამახასიათებელი შტრიხით ვამდიდრებთ ოთახს და ამასთანავე ჩვენს დამოკიდებულებას სემიოტიკურად გამოვსახავთ.

 

ვინ ხატავს?

როგორც უკვე აღვნიშნე, იწყებს მასწავლებელი და შემდეგ მოსწავლეები ებმებიან. შეგვიძლია დახმარება ხატვის მასწავლებელს ვთხოვოთ, ან ხატვაში გაწაფულ უფროსკლასელს, ან მშობელს – ამგვარად მოსწავლეთა სოციალიზაციას ვუწყობთ ხელს.

როგორ საღებავს ვიყენებთ?

ვიყენებთ ნებისმიერი წყლის საღებავს. ადვილად შორდება ჭურჭლის სარეცხი საშუალებით. თუ წარწერების მოშორებისას ხელების დასვრა არ გსურთ, გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანი.

რამდენი ხანი უნდა იყოს ერთი ნახატი?

ჩემი დაკვირვებით, სასურველია ორ-სამ თვეში ერთხელ ფანჯრის წარწერებისა და მოხატულობის განახლება, რადგან ერთი და იგივე ინფორმაციამ მობეზრება და მიჩვევა იცის. ამასთანავე, სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს საკლასო ოთახის ფანჯრების სასწავლო რესურსად გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ.

 

ასე რომ, საკლასო ოთახის ფანჯრები მოძრავ, ცვალებად პოსტერად შეგვიძლია ვაქციოთ, ცოდნა თვალსაჩინო გავხადოთ, წიგნები – უფრო მიმზიდველი, პატარა მკითხველების შემეცნებითი სამყარო ბევრი ფერით გავამდიდროთ, ვხატოთ, ვწეროთ, ვშალოთ და ეს პროცესი მუდმივ წრებრუნვად მოვმართოთ. სტატიისთვის სურათების მოძიებამ კი კიდევ ერთი საინტერესო გაკვეთილის იდეა დაბადა. კერძოდ, გარკვეული დროის შემდეგ ფანჯრის წარწერებისა და ნახატების ირგვლივ გაკვეთილის აგება. უკვე წარმოვიდგინე გაკვეთილის რომელ ფაზაზე რას გავააქტიურებდი, როგორ შეკითხვას დავსვამდი. ამგვარად კი პირადი ამბების შენახვას, დაფასებას ვასწავლიდით. რა საინტერესოა, რამდენი სკოლაც არსებობს, იმდენი ფანჯრის ინდივიდუალური ისტორიის გამოგონება რომ შეიძლება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი