შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

შეფასება, როგორც მოსწავლის სასჯელი

სკოლიდან გახარებული დაბრუნდა. ტესტებში უმაღლესი კატეგორიის შეფასება მიუღია და აღფრთოვანებული იყო. მიზიარებდა ემოციებს, მიყვებოდა, რომ ერთი შეცდომაც არ ჰქონდა დაშვებული. ხო, კარგია – მეთქი. ზერელედ ვუთხარი და საქმე გავაგრძელე. თავისი აღტაცების შესაბამისი რეაქცია, რომ ვერ მიიღო, გაუკვირდა! შენ რა, არ გაგიხარდაო?! როგორ არ გამიხარდა, მაგრამ ქულების გარეშეც მჯეროდა, რომ იცოდი და დიდად მოულოდნელი არ ყოფილა-მეთქი.

რაღაც პერიოდის შემდეგ, უხასიათოდ მოვიდა სახლში. რომ ვკითხე ამბავი, ტესტში დაბალი ქულა მივიღე და ვნერვიულობო. რატომ ნერვიულობ, ტესტი გამოითხოვე, ნახე რა შეცდომები გაქვს დაშვებული და იმუშავე, რომ გამოასწორო-მეთქი.

– ანუ არ გაბრაზდი? –  მიყურებდა ალმაცერად.

– ქულების გამო რატომ უნდა გავბრაზდე? ბავშვი ხარ, სკოლაში იმიტომ დადიხარ, რომ ისწავლო; სწავლის პროცესში შეცდომებს დაუშვებ, ეს სრულიად ნორმაა და არაფერია გასაკვირი. მთავარია, შეცდომა გაანალიზო და გაიაზრო. თან არც ტესტი მინახავს, არ ვიცი რა სირთულის იყო, რამდენად ერგებოდა შენს გავლილ პროგრამას, რამდენი დრო გქონდა მოცემული დავალებების ამოსახსნელად და ა.შ. ქულების რაოდენობა ცოდნის გარდა ბევრ რამეზეა დამოკიდებული და ამის გამო ნერვების მოშლა არ ღირს. – ავუხსენი ჩემი სიმშვიდის საფუძველი.

– აუ, შენ რაღაც სხვანაირი დედა ხარ. არც კარგი ნიშნები გიხარია, არც ცუდი ნიშნები გწყინს. შეფასებას საერთოდ არ აქცევ ყურადღებას, რაღაც გამიმართლა მგონი! – გულზე მოეშვა და ჩამეხუტა.

მშობელთა დიდ ნაწილს სკოლაში შვილის წარმატების ერთადერთ ინდიკატორად  შეფასება მიაჩნია, კერძოდ ქულები/ნიშნები. რაც უფრო მაღალია ბავშვის აკადემიური მოსწრება ძირითად საგნობრივ კომპეტენციებში, მით უფრო ამაყია მშობელი. არადა შეფასება, ზოგადი განათლების სისტემის აქილევსის ქუსლია.

მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ მშობლების ინტერესი ფიქსირებულ შეფასებას არ სცილდება. გასაკვირი არც არის, რადგან სკოლა არ აფასებს მოსწავლის უნარებს, ღირსებებს, მორალს, ეთიკას.  რაც გაზომვადია, ეს არის საგნობრივი კომპტენციების ქულებით შეფასება. შესაბამისად, მშობლების ინტერესიც ქულებზე ფოკუსირდება.

ჩვენს რეალობაში ქულებს იმდენად დიდი დატვირთვა აქვს, რომ ზოგჯერ მოსწავლე მაღალი შეფასების მოპოვებაზე უფრო მეტ დროს და ენერგიას ხარჯავს, ვიდრე გააზრებულ სწავლაზე. ზოგიერთ მათგანს სხვა არჩევანი არც აქვს, რადგან მშობელი მისგან უპირობო ათოსანს მოითხოვს. დაწყებითი საფეხურიდანვე ამზადებს საბაზო საფეხურის ბოლოს მისაღები კომპიუტერისთვის, რომელსაც განათლების სამინისტრო ყველაზე წარჩინებულ მოსწავლეებს გადასცემს. თავის მხრივ, ზოგი მასწავლებელიც მათრახივით იქნევს ქულებს მოსწავლეთა დასასჯელად. შედეგად, უამრავი ბავშვი კერძოდ ემზადება რეპეტიტორთან და ამ ფორმით დახარჯული დროის და ფულის მიზანი, სწორედ მაღალი ნიშნების მიღებაა. წლები გადის დაბალი ნიშნების შიშში და არავინ ზომავს, როგორ მოქმედებს  მშობლებისა და მასწავლებლების არასწორი მიდგომები ბავშვების პიროვნულ განვითარებაზე.

მოსწავლის ობიექტური შეფასება, სკოლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ჩარჩო განმარტებების მიუხედავად, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვერ ნახავთ ჩანაწერს, რა შემთხვევაში იწერება მაღალი (9-10 ქულა), საშუალოზე მაღალი (8-7 ქულა), საშუალო (6-5 ქულა), საშუალოზე დაბალი (4-3 ქულა) და დაბალი (2-1 ქულა) შეფასება. ის, რომ ყველა შესაძლო წვრილმანი განმარტებული არ არის, კარგია, რადგან გაკვეთილი ცოცხალი პროცესია და რაც ნაკლებ ჩარჩოში მოვაქცევთ, უკეთესია. თუმცა ამ მედალს მეორე მხარეც აქვს, რაც ყველა მოსწავლის მშობელმა/მეურვემ უნდა იცოდეს, მასწავლებელმა კი ზედმიწევნით შეასრულოს.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლეთა ქულებით შეფასება მე-5 კლასის II სემესტრიდან იწყება, მაგრამ არც თუ იშვიათად პედაგოგები ნიშნებით უფრო დაბალი კლასის მოსწავლეებსაც აფასებენ. მართალია, არაოფიციალურად, თუმცა ბიუროკრატიულ საკითხებს ბავშვებისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ცდილობენ, მიიღონ კარგი ნიშნები და განიცდიან, როცა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, მიზანს ვერ აღწევენ. მეტიც, შეფასების სისტემაში არსებული ჩიხები  უარყოფითად მოქმედებს ბავშვის თვითშეფასებაზე, სწავლის მოტივაციასა და მასწავლებელი-მოსწავლე-მშობლის ურთიერთობებზე.

იმისთვის, რომ მოსწავლის ობიექტური შეფასება მოხდეს, თითოეულ გაკვეთილს თავისი მიზანი უნდა ჰქონდეს. მოსწავლემ წინასწარ უნდა იცოდეს, რას აფასებს მასწავლებელი. შეფასების კრიტერიუმები იმდენად მკაფიო უნდა იყოს, რომ ბავშვმა შეძლოს თავად დაადგინოს, რა ქულა მიიღო. თუმცა შეფასების კრიტერიუმების დადგენა იმ პირობებში, როცა პედაგოგს გაკვეთილის მიზანიც არ აქვს განსაზღვრული, წარმოუდგენელია.  მოსწავლეთა შეფასება, უმეტესად, მასწავლებლის სუბიექტური დამოკიდებულებით ხდება. ასეთ დროს პროფესიონალი პედაგოგის მიერ დაწერილმა შეფასებამაც კი შეიძლება უსამართლობის განცდა გამოიწვიოს მოსწავლეში.

მშობლები ხშირად დარწმუნებით ამბობენ, რომ მასწავლებელი მიკერძოებულად წერს ნიშნებს და ესა თუ ის ბავშვი ამოჩემებული ჰყავს. არგუმენტად მოაქვს, რომ გაკვეთილი წინა საღამოს თავად ჩაიბარა, პედაგოგმა მისი შვილი გამოკითხა და დაბალი ქულა დაუწერა. მშობლებმა არ იციან და არც არავინ უხსნით, რომ გაკვეთილზე სამი კატეგორიის ცოდნა მოწმდება: დეკლარაციული (მაგ., როცა მოსწავლემ იცის წესები, ფორმულები, განმარტებები .. ), პროცედურული (მაგ., წესებისა და ფორმულების მიხედვით ხსნის ამოცანებს, წერს თემებს..) და პირობისეული (მაგ., როცა მოსწავლე ნასწავლს ცხოვრებისეულ პრაქტიკაში იყენებს). თითოეულ გაკვეთილზე შეიძლება სხვადასხვა კომპონენტის შემოწმება ხდებოდეს. მასწავლებელი შეიძლება აფასებდეს, რამდენად ახერხებს მოსწავლე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას. ასევე, რამდენად გააზრებულ და ეფექტიან ნაბიჯებს დგამს საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად; რამდენად ახერხებს, ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენებას და ა.შ.

ბევრმა მოსწავლემ და მშობელმა არც ის იცის, რომ ქულებით ფასდება მხოლოდ მიმდინარე საშინაო დავალება, მიმდინარე საკლასო დავალება და შემაჯამებელი დავალება. მოსწავლის დისციპლინა გავლენას არ უნდა ახდენდეს ქულებზე, რადგან განმსაზვრელი შეფასების მიზანი არა მოსწავლის დასჯა ან გამოსწორება, არამედ სწავლა-სწავლების ხარისხის მართვაა. დისციპლინის გამო ქულის/ნიშნის დაკლება დაუშვებელია.

და ბოლოს, თუ გვინდა სკოლა ნამდვილად გახდეს ბავშვზე ორიენტირებული, მასწავლებელმა დაინახოს თავისი შრომის შედეგი, უკიდურესად მნიშვნელოვანია, მცირე დრო და ენერგია მშობლებთან სწორ და სისტემურ კომუნიკაციას დაეთმოს. მშობელმა ის მაინც უნდა იცოდეს, რომ მოსწავლის ნიშნებით და ქულებით შეფასებას განმსაზღვრელი შეფასება ჰქვია. პირველიდან მეოთხე კლასამდე და მეხუთე კლასის პირველ სემესტრში ამ ტიპის შეფასების გამოყენება დაუშვებელია. მითითებულ პერიოდში მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს, გამოიყენოს მხოლოდ განმავითარებელი შეფასება, რომლის ფორმაც ზეპირსიტყვიერი ან წერილობითი უკუკავშირი და სხვა სიმბოლური დატვირთვის მქონე სიმბოლოებია. მეხუთე კლასის მეორე სემესტრიდან სკოლა იწყებს მოსწავლის შეფასებას 1-დან 10-მდე ქულებით. თუმცა ნიშნები მხოლოდ საგნობრივ კომპეტენციებში იწერება. ბავშვის შესაძლებლობების შესაფასებლად კი გაცილებით მნიშვნელოვანია, ყურადღება დაეთმოს მის უნარებს, ადამიანურ თვისებებს, ღირსების გრძნობას, ეთიკის საკითხებს, თვითშეფასებას, მოქალაქეობრივ შეგნებას, კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას და ა.შ.

ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში არ წერია, რომ სკოლამ რეპეტიტორების დახმარებით მომზადებული ათოსანი მოსწავლეები უნდა გამოუშვას. სკოლის მიზანია, გაზარდოს კარგი მოქალაქეობრივი უნარებით აღჭურვილი განათლებული ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ კრიტიკული აზროვნება და გადაწყვეტილების მიღება.

ზოგჯერ მგონია, რომ ეს მიზნები აღარც მასწავლებლებს ახსოვთ და არც მშობლებმა იციან.

როცა ყველას ერთად ამდენი საქმე გვაქვს, ქულებზე მთელი აქცენტის გადატანა  მხოლოდ აზიანებს საერთო მიზანს. ბავშვებს არ უნდა ეშინოდეთ შეფასების. ქულებისთვის სწავლა მოსაბეზრებელია, დამღლელია, სტრესულია. გააზრებულად, საკუთარი თავისთვის სწავლა კი პროცესია, რომლითაც სიამოვნების მიღება შეიძლება.

ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ განათლება თავისუფლებაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი