ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

გაკვეთილი მუზეუმში

XXI საუკუნეში  მუზეუმის  დიდი  შესაძლებლობები  კიდევ  ერთხელ  შეფასდა  და დღეს ის  განსაკუთრებულ  როლს თამაშობს,  როგორც  ფორმალურ  სწავლებაში, ასევე  არაფორმალურ და საზოგადოებრივ  განათლებაში.  თანამედროვე  მუზეუმს  დიდი როლი აკისრია  ინკლუზიურ  განათლებასა  თუ მარგინალური  ჯგუფების  ინტეგრაციაშიც.

კლივლენტის ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა შერმან ლიმ თქვა: დღევანდელ სამყაროში, რომელიც სავსეა ვიზუალური გამოსახულებებით… მუზეუმი განათლების მიღების უმთავრესი წყარო ხდება. მხოლოდ თავისი არსითაც კი – ხელოვნების ნიმუშების შენახვითა და გამოფენით – მუზეუმი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ამ სიტყვის საუკეთესო და ყველაზე ფართო გაგებით“.

მოსწავლეებთან ერთად მუზეუმს ხშირად ვსტუმრობთ, თუმცა ექსპონატების დათვალიერება და  სამუზეუმო სივრცეში  გატარებული რამდენიმე საათი ვერ იძლევა  იმ შედეგს, რომლისთვისაც ვიზიტი დაიგეგმა.

მუზეუმი არის სივრცე, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ თვალი ადევნონ კაცობრიობისა თუ საკუთარი ერის განვითარების უწყვეტ პროცესს, მრავალსაუკუნოვან მიღწევებსა თუ მონაპოვარს. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ წარსულის, როგორც ერთი მთლიანობის აღქმა. გაკვეთილი მუზეუმში არის შესაძლებლობა, რომელიც მოსწავლეს ერთდროულად უვითარებს დაკვირვების, კვლევის, ანალიზისა და შეფასების უნარებს.

ბავშვი  ახალი ცოდნის  არა მარტო პასიური მიმღებია, არამედ უშუალოდ არის ჩართული ინფორმაციის გადამუშავებისა და გაანალიზების პროცესში. მუზეუმში ჩატარებული გაკვეთილი თანაბრად ეფექტურია მსწავლელთა სხვადასხვა ტიპისათვის, ექსპონატებთან  მუშაობა ხელს უწყობს ინფორმაციის  ეფექტურად აღქმას.

სასურველია მუზეუმში გაკვეთილის ჩასატარებლად შეირჩეს ერთი კონკრეტული მიმართულება, რათა  მოსწავლეებმა სრულად შეძლონ თემაზე  ორიენტირება და საკითხის სიღრმისეულად გააზრება.

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი მდიდარ მასალას იძლევა ქართული დამწერლობის  ეტაპების განვითარებისა და  წერილობითი ძეგლების შესასწავლად.

ცოცხალი შთაბეჭდილებებისა და ემოციების შექმნის, კვლევა-ძიებისა და შემოქმედებითი აზროვნების  უნარების განვითარების მიზნით  ქართულ ენასა  და ლიტერატურაში დავგეგმე გაკვეთილი მუზეუმში თემაზე: „სვანეთის მუზეუმის წერილობითი ძეგლები“.

გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეები გაცნობოდნენ უძველეს ქართულ ხელნაწერებს, განევითარებინათ თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევები და შემოქმედებითი აზროვნება.

გაკვეთილის მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენი სამუშაო სივრცე  იყო ხელნაწერთა საგამოფენო დარბაზი და ჩვენი მიზანი იყო იქ დაცული ექსპონატების შესწავლა.

პირველი აქტივობა დაეთმო საკვანძო სიტყვების დამუშავებას.

მოსწავლეებს „ჯადოსნური სიტყვების სკივრიდან” უნდა ამოეღოთ ბარათები, რომლებზეც  ეწერა სიტყვები, რომელიც მათ დასჭირდებოდათ თემის დამუშვებისას, მაგ. „ეტრატი”, „პალიმფსესტი” და სხვა. პარალელურად ყუთში ხვდებოდათ ამ სიტყვების განმარტებები, თითოეული ბარათის მფლობელს უნდა ეპოვა მეწყვილე და განემარტა თავისი სიტყვა, ეს ყველაფერი უნდა განეთავსებინათ  „სასიტყვეთის დაფაზე“.

მაგ. „ეტრატი – განსაკუთრებული წესით დამუშავებული ხბოს, ბატკნის ან თიკნის ტყავი. იყენებდნენ საწერ მასალად ქაღალდის გამოგონებამდე. ასეთ მასალაზე შესრულებული ხელნაწერი“.

თუ  მოსწავლეებისთვის გაუგებარი იყო სიტყვის მნიშვნელობა და ვერ ახერხებდნენ დაწყვილებას, პროცესში ერთვებოდა მასწავლებელი  და ეხმარებოდა „მეწყვილის“ პოვნაში.

მეორე აქტივობა – მოსწავლეებმა განაგრძეს მუშაობა საგამოფენო დარბაზში, თითოეულ გუნდს უნდა შეესწავლა და წარმოედგინა საგამოფენო დარბაზში განთავსებული ერთი უძველესი ხელნაწერი  ექსპონატი.

საგამოფენო დარბაზში მეგზურობა გასწია მუზეუმის თანამშრომელმა. მან მოსწავლეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ყველა ექსპონატის შესახებ. მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ კითხვები, პარალელურად ეკრანზე ხედავდნენ თითოეული ხელნაწერის   უნიკალურ გაფორმებას და მინიატურებს, რაც მათ შთაგონებას უფრო ამძაფრებდა.

მესამე აქტივობა – პრაქტიკულ ნაწილში გუნდებს უნდა დაემუშავებინათ მოპოვებული ინფორმაცია და დარბაზშივე მოემზადებინათ საპრეზენტაციო პოსტერები, ნახატები და საინფორმაციო სტატიები, რომლებსაც მომდევნო დღეს წარუდგენდნენ სასკოლო საზოგადოებას.

მეოთხე აქტივობა –  ჯგუფური სამუშაოს შემდეგ  მონაწილეებს მიეცათ ინდივიდუალური სავარჯიშო. მათ უნდა ამოერჩიათ ექსპონატი, რომელმაც მიიქცია მათი ყურადღება და „რაფთ“ სტრატეგიის გამოყენებით, შეექმნათ 5-წუთიანი ესე. უსაზღვრო იყო მოსწავლეების ფანტაზია მათ აამეტყველეს ჰადიშის, ლაბსყალდისა და იენაშის ოთხთავები… არ დარჩენიათ ყურადღების მიღმა უძველესი ანალოღია და სვანური სამართლის პირველი საბუთები.

მეხუთე აქტივობა – დასასრულ გაკვეთილის შეჯამებისთვის გამოვიყენე „გასასვლელი ბილეთები”, თითოეულ მოსწავლეს უნდა ეპასუხა თემატურ კითხვაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვებდა სხვა დარბაზების დათვალიერების უფლებას.

ასე შეერწყა  ერთმანეთს ექსკურსია და გაკვეთილი.

 

ამგვარად დაგეგმილი გაკვეთილი სამუდამოდ დაამახსოვრდებათ ბავშვებს. გარდა იმისა, რომ მათთვის ეს სრულიად უჩვეულო ფორმატი იყო, მათში სულ სხვა ცოდნა და ემოცია აღძრა სამუზეუმო სივრცეში მუშაობამ.

მუზეუმი  მართლაც საუკეთესო საგანმანათლებლო სივრცეა, სადაც მოსწავლეები  აგროვებენ დიდ ცოდნას და ივითარებენ სხვადასხვა უნარ-ჩვევებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მუზეუმი – იდეალური ადგილი სწავლებისათვის. მიხეილ წერეთელი, ნინო ბაქანიძე;
  2. ეფექტიანი სწავლება სამუზეუმო სივრცეში – ნანა გოგელია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი