ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

პროექტზე დაფუძნებული სწავლება

პროექტზე დაფუძნებული სწავლება (Project-Based Learning) არის მეთოდი, რომელიც სრულიად განსხვავებულია ტრადიციული სწავლების მეთოდისგან. ის ავითარებს მოსწავლეებში სხვადასხვა უნარებს, კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემის გადაჭრის უნარს და ა. შ. მისი გამოყენება ნებისმიერი საგნის სწავლების დროს ქმნის საინტერესო სასწავლო გარემოს მოსწავლეებისთვის.

მომავალი თაობის თანამედროვე ცხოვრებისთვის მოსამზადებლად, სასკოლო განათლებას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა. პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი გულისხმობს კეთებით სწავლას, რაც ეხმარება მოსწავლეებს აქტიურად იყვნენ სწავლის პროცესში ჩართულნი. მოკლედ, შეგვიძლია ვთქვათ, “პროექტზე დაფუძნებული სწავლება აერთიანებს ცოდნას და კეთებას”, მოსწავლე იყენებს ცოდნას, რაც უკვე იცის და სწავლობს პროექტში მონაწილეებისგან ახალს, ცდილობს იპოვოს პრობლემის გადაჭრის გზები.

პროექტზე დაფუძნებული სწავლების დროს წინასწარ უნდა იყოს გაწერილი მიზანი, განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალი, მათი შესრულების ვადები, სასწავლო რესურსები, შედეგი, პროექტის აქტივობების შეფასების რუბრიკა, რაც მოსწავლეებს და მასწავლებელს დაეხმარება ნამუშევრების შეფასებაში.

რა არის  პროექტზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობები?

  • პროექტზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებისათვის ბევრად სახალისო და საინტერესო პროცესია, ვიდრე ტრადიციული, ლექციური ტიპის სწავლების მეთოდი, რაც მოსაწყენი პროცესია მოსწავლეთა უმრავლესობისთვის.
  • პროექტზე დაფუძნებული სწავლება ეხმარება მოსწავლეებს წარმოიდგინონ სიტუაცია სიმულაციურად, იპოვონ მისი გადაჭრის გზები და სტრატეგია. ამ დროს შეიძლება მათ იპოვონ ჰობი, აღმოაჩინონ საკუთარ თავში ახალი უნარი, რაც დაეხმარება მათ მომავალი კარიერის დაგეგმვაში.
  • ამ ტიპის სწავლება ავითარებს ინტერპერსონალურ უნარს, პროექტის განხორციელებისას მოსწავლეებს უწევთ ინტერვიუს აღება, ატარებენ გამოკითხვას, ახდენენ შეგროვილი ინფორმაციის ანალიზს, ამყარებენ კომუნიკაციას პროექტის მონაწილეებთან.
  • ცხოვრებისეული სიტუაციები პროექტზე დაფუძნებული სწავლების დროს მოსწვლეებს უვითარებს შემოქმედებით აზროვნებას, უბიძგებს მათ საკითხს მიუდგნენ შემოქმედებითად.
  • პროექტზე დაფუძნებული სწავლება სცდება საკლასო ოთახს და საჭიროებს ახალი ინფორმაციის მოძიებას მის გარეთ, მოსწავლეებს უწევთ არსებული პრობლემის გადასაჭრელად მოიძიონ დამატებით ახალი ინფორმაცია, გამოიტანონ დასკვნები და ჩამოუყალიბდეთ გარკვეული შეხედულება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
  • პროექტზე დაფუძნებული სწავლების დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინტერესი და მათთან ერთად შევარჩიოთ განსახორციელებელი პროექტი, რომელიც მორგებული იქნება მათ ინტერესებზე. ეს პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის წინ გადადგმული ერთი ნაბიჯია.
  • პროექტის განხორციელებისას უმნიშვნელოვანესი მონეტია პროექტის აქტივობების შეფასება, მოსწავლეთა შეფასება. სასურველია მასწავლებელმა წინასწარ გააცნოს მოსწავლეებს შეფასების რუბრიკები ან მოსწავლეებთან ერთად შექმანს ისინი.
  • კარგი იქნება თუ მასწავლებელი და მოსწავლეები შეხვდებიან იმ ადამიანებს ვისაც შეუძლიათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ მოსწავლეებს პროექტის თემასთან დაკავშირებით, რათა მოსწავლეებმა მოისმინონ სხვა ადამიანების დამოკიდებულება ამ საკითხებთან დაკავშირებით.
  • პროექტის დასასრულს მოსწავლეები აჯამებენ პროექტის აქტივობებს და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს რა ისწავლეს ახალი და საინტერესო, რაც ბევრად უფრო საინტერესო პროცესია მოსწავლეებისთვის ვიდრე გამოცდა.
  • ტექნოლოგიების გამოყენება პროექტის განხორციელებისას ბევრად უფრო საინტერესოს და ადვილად აღსაქმელს ხდის პროქტის აქტივობებს, ვიზუალური სასწავლო რესურსი ეხმარება მოსწავლეებს ინფორმაციის აღქმაში და დიდხანს ამახსოვრდებათ ასეთი ინფორმაცია.
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებს უვითარებს დაკვირვების, მოძიების, კვლევის, პრეზენტაციის, კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარებს, ასევე გუნდური მუშაობის, ლიდერობის და პრობლემის გადაჭრის უნარებს.
  • თუ პროექტს სხვა სკოლის ან სხვა ქვეყნის სკოლის მოსწავლეებთან განახორციელებთ, ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მოსწავლეებისთვის პროექტზე მუშაობის პროცესს. რადგან მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაიცნონ თანატოლები, შეიძინონ ახალი მეგობრები.

ინგლისური ენის სწავლებისას ხშირად ვიყენებ აღნიშნულ მეთოდს, რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებზე. სასწავლო პროცესი ბევრად უფრო სახალისო და საინტერესო ხდება. უცხო ენის სწავლებისას მასწავლებელმა უნდა განუვითაროს მოსწავლეებს კითხვის (Reading), წერის (Writing), მოსმენის (Listening), მეტყველების (Speaking) უნარები, რათა მოსწავლემ შეძლოს ენის სრულყოფილად გამოყენება. ამ უნარების განვითარება პროექტზე დაფუძნებული სწავლებისას უფრო საინტერესო და ნაკლებად მტკივნეულია მოსწავლეებისათვის, რადგან მოგეხსენებათ, უცხო ენის შესწავლა ბევრ  სირთულესთანაა დაკავშირებული.

მინდა გაგიზიაროთ  ჩემი გამოცდილება ერთერთი აქტივობის  შესახებ,  როცა სხვა ქვეყანაში მცხოვრებ თანატოლებთან ერთად ვმუშაობთ პროექტზე. მათ მოსწონთ ახალი მეგობრების შეძენა, მათი გაცნობა და ინგლისურად საუბარი. პროექტს ვახორციელებთ etwinning-ის ფარგლებში. ეს არის პორტალი, სადაც შეგიძლიათ ევროპის ქვეყნებში და არა მარტო ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ კოლეგებთან ერთად განახორციელოთ პროექტები თქვენთვის სასურველ თემაზე.

ამ ეტაპზე მე და ჩემი მე-5 კლასის მოსწავლეები ვმუშაობთ პროექტზე: “My country’s cuisine” (ჩემი ქვეყნის სამზარეულო), მასში მონაწილეობა შეუძლია 7-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებს. პროექტში ჩართულია ქართველი, უკრაინელი, ალბანელი და თურქი მასწავლებლები, ასევე მათი მოსწავლეები. პროექტის მიზანია მოსწავლეებში კომუნიკაციის უნარის განვითარება, სხვა ქვეყნების სამზარეულოების და ტრადიციული კერძების გაცნობა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება და ნასწავლი ლექსიკის პრატქიკაში გამოყენება.

პროექტის ეტაპები:

პირველი: საკუთარი თავის და ქვეყნის ინგლისურ ენაზე წარდგენა ვიდეო რგოლის საშუალებით. ვიდეო კონფერენცია პარტნიორ ქვეყნებთან. მოსწავლეები Skype-ის საშუალებით ერთმანეთს ეცნობიან. აცნობენ საკუთარ თავს, ასაკს და საყვარელ საქმიანობას/ჰობს.

მეორე: ჩემი ქვეყნის ეროვნული კერძის/კერძების (2 ან მეტი კერძის) გაცნობა, პრეზენტაცია ვიდეოს ან საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებით.

მესამე: ჩემი ქვეყნის ეროვნული სასმელის/სასმელების (2 ან მეტი სასმელი) გაცნობა, პრეზენტაცია ვიდეოს ან საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებით.

მეოთხე: ჩემი ქვეყნის ეროვნული დესერტი/დესერტების (ტკბილეულის) (2 ან მეტი სახეობის) გაცნობა, პრეზენტაცია ვიდეოს ან საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებით.

მეხუთე: პროექტის შეფასება, მოსწავლეების, მონაწილე მასწავლებლების მიერ (პროექტის შეფასების რუბრიკის მიხედვით, მოსწავლეების შთაბეჭდილებების გაზიარება padlet-ის ან ფერადი ფურცლების გამოყენებით).

საბოლოო პროდუქტი: პატარა კულინარიული წიგნის შექმნა ხელნაკეთი/ ელექტრონული სახით, ან პროექტის ბლოგის შექმნა სურვილის მიხედვით.

პროექტისთვის პრეზენტაციების მომზადება შეგვიძლია სხვადასხვა პროგრამების გამოყენებით power point, sway, pizzap.com kizoa ან ვიდეო რგოლი.

პროექტის ხანგრძლივობა: 2018 წლის სექტემბერი -2019 წლის მაისი

მოსწავლეების მიერ შექმნილ ნამუშევრებს ვტვირთავ პორტალზე, სადაც პროექტის წევრ მასწავლებლებს შეუძლიათ აჩვენონ მოსწავლეებს ჩვენი ნამუშევრები. ასევე ჩვენც შეგვიძლია სხვა პროექტის მონაწილე მოსწავლეების ნამუშევრების ნახვა.

პროექტზე მუშობის დროს შევქმენით საინფორმაციო კედლის გაზეთი, პროექტის ბლოგი, როლური თამაში: What’s your favourite dish? Drink? Dessert? შევქმენით ტრიარამები ჯგუფებში: ჩემი საყვარელი კერძი, სასმელი და დესერტი. პროექტის მონაწილე უკრაინელი მხარის ინიციატივით დავამზადეთ საშობაო და სააღდგომო მისალოცი ბარათები  და გავაგზავნეთ უკრაინაში. ასევე მათ გამოგვიგზავნეს მსგავსი ბარათები. მოსწავლეები, პროექტის ფარგლებში, გაეცნენ უკრაინულ სამზარეულოს, წარადგინეს ჩვენი ეროვნული კერძები, სასმელები და დესერტი. Skype ჩართვით  თანატოლების გაცნობამ და ინგლისურ ენაზე მათთან საუბარმა დადებითი ემოციები გამოიწვია. ველოდებით თურქი, აზერბაიჯანელი და ალბანელი პარტნიორების ეროვნული სამზარეულოს და ტრადიციების გაცნობას.

ჩვენი პროექტის ბლოგი:  https://mycountryscuisine.blogspot.com/

 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას- რაც უფრო სწორად გამოიყენებს მასწავლებელი პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას, მით უფრო წარმატებული იქნება პროექტი და მოსწავლეები ახალ უნარებს შეიძენენ, განიმტკიცებენ უკვე არსებულ ცოდნას, პრაქტიკაში გამოიყენებენ ნასწავლს, შეძლებენ მოახდინონ ნასწავლის ტრანსფერი და მოემზადონ თანამედროვე ცხოვრებისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://elearningindustry.com/project-based-learning-better-traditional-classroom
  2. ესგ 2018-2024წ საგნობრივი პროგრამა

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი