შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, როგორც დემოკრატიული კულტურის კომპეტენცია

ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების შესრულებისა და სასწავლო პროცესის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების როლი, მაგრამ ის მნიშვნელოვანია, როგორც დემოკრატიული კულტურის კომპეტენციაც, რომლისთვისაც დამახასიათებელია:

  • კითხვების დასმა, მოსაზრებების გამოთქმა, ახალი იდეების წამოყენება;
  • სხვადასხვა არგუმენტის მოშველიება;
  • კვლევითი მეთოდების გამოყენება;
  • პრობლემის დამოუკიდებლად გადაწყვეტა;
  • ცნობისმოყვარეობა და ინტერესი;
  • მიზანმიმართულობა და კომპრომისი.

იფიქროს და იმოქმედოს მოსწავლემ ანალიტიკურად და კრიტიკულად ეს ნიშნავს, მოსწავლემ შეძლოს:

  • ანალიზისას ინფორმაციის სისტემური დაყოფა შემადგენელ ნაწილებად და მათი ლოგიკური ბმა; თითოეული ელემენტის იდენტიფიცირება და ინტერპრეტირება; მსგავსება-განსხვავების გამოვლენა; შეუსაბამობების იდენტიფიცირება; ანალიზის შედეგების ორგანიზებულად და თანმიმდევრულად შეჯამება; საფუძვლიანი დასკვნების გაკეთება და სხვ. (ანალიტიკური უნარ-ჩვევა);
  • შეფასება და დასკვნების გაკეთება ნებისმიერი საგნის შესახებ (თუ რამდენად მისაღები ან დასაჯერებელია ისინი); მოლოდინებისა და ვარაუდების გაგება/შეფასება, რომლებიც საფუძვლად უდევს ინფორმაციას; პროპაგანდის იდენტიფიცირება; მასალის დაკავშირება ისტორიულ კონტექსტთან შესაბამისი დასკვნების გაკეთების მიზნით; ალტერნატიული ვერსიების განხილვა, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების განსაზღვრა; შეფასება; რესურსებისა და რისკების ანალიზი; გაცნობიერება იმისა, რომ პირის მსჯელობასა და განსჯაზე ყოველთვის ახდენს ზეგავლენას ამ პირის კულტურული კუთვნილება და ხედვა (კრიტიკული უნარ-ჩვევა).

სასწავლო პროცესში შედეგის თვალსაზრისით და დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ფლობის მხრივ მოცემული უნარ-ჩვევებიდან ძალზედ საინტერესოა კონკრეტულად ის ქცევა, რომელიც გულისხმობს:

  • „მასალის დაკავშირებას იმ ისტორიულ კონტექსთან, რომელშიც შეიქმნა, მასალის შეფასებითი კვლევისა და შესაბამისი დასკვნების გაკეთების მიზნით“.

პედაგოგიკის მეცნიერებაში აღიარებულია, რომ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება ძირითადად გამოიხატება კითხვის დასმისა და დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემის უნარში (კითხვა-პასუხის კომპლექსი). თუ მოსწავლეს გარკვეული წერილობითი და ვიზუალური ინფორმაციის მიწოდების შემდეგ საკითხის არსს ანალიტიკური, კრიტიკული კითხვებით გავაანალიზებინებთ, მასალის ფაქტობრივად გააზრება აღარ გაუჭირდება.

მოცემული აქტივობა ძირითადად ორეტაპიანია, მაგრამ უკეთესი შედეგისთვის მასწავლებელს შეუძლია ის სამ ეტაპად დაგეგმოს. განვიხილოთ მაგალითი IX კლასის ისტორიის სასწავლო კურსიდან:

I ეტაპზე, ისტორიის საგნობრივი სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად, მოსწავლეებს ვეკითხებით:

  • რა მასალებს გამოიყენებდნენ ისინი ისტორიის შესასწავლად?

მაგრამ მოცემული შეკითხვით მხოლოდ მოსალოდნელ პასუხზე მივანიშნებთ მოსწავლეებს.

II ეტაპზე – გარკვეული წერილობითი თუ ვიზუალური მასალის მიწოდებით და შესაბამისი ანალიტიკური შეკითხვებით, გავაანალიზებინებთ რა საისტორიო მასალების შედგენის პრინციპს, მოსწავლეებს ანალიზის დონეზე ვაჩვენებთ, თუ რატომ და როგორაა ისინი აგებული. შედეგად მათ აღარ გაუჭირდებათ გააზრება, ფაქტობრივად რა არის საისტორიო წყარო, რომელსაც აქტიურად იყენებენ საგაკვეთილო მუშაობაში.

თუ ორივე აქტივობა მიზნის შესაბამისად წარიმართა, მაშინ მასწავლებელს შეუძლია მშვიდად იყოს – მისი მოსწავლეები გარკვეულ დონეზე უკვე ფლობენ ანალიტიკურ და კრიტიკულ უნარ-ჩვევებს, თუმცა უნარის განვითარებისა და სრულყოფისათვის.

III ეტაპზე, მასწავლებელს შეუძლია დამოუკიდებლად შეუდგინოს მსგავსი სამუშაო ტექსტები მოსწავლეებს და დაავალოს, თავად მოამზადონ ორივე აქტივობის შესაბამისი კითხვები.

მოცემული აქტივობებიდან, როგორც ვხედავთ, კითხვები ძირითადად დაესმის ტექსტს, ინფორმაციას, ამიტომ კონკრეტულ ტექსტებთან მუშაობისას შეკითხვების გზით ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება შედარებით მარტივი პროცესია. ეს უნარების ელემენტარულ დონეზე ფლობაა. სხვა სირთულეა, როდესაც მოსწავლე ავლენს კონტექსტუალურ ცოდნას, რაც ისტორიის საგნის შესწავლისას ისტორიული ქვეტექსტების წაკითხვაში, გაანალიზებაში, კრიტიკულ შესწავლასა და შესაფერისი დასკვნების გაკეთებაში გამოიხატება.

ქვეტექსტი დაფარული აზრია, რომელიც აღადგენს ზოგადი სიტუაციის კონტექსტს და გვეხმარება იმის დანახვაში, რაც „გასათვალისწინებელია“. ქვეტექსტი არის ის, რაც იკითხება „სტრიქონებს შორის“, რაც არაპირდაპირი მინიშნებებით კიდევ უფრო გასაგებს ხდის ტექსტს. ის „ირიბად“ მიგვანიშნებს ტექსტის ძირითად სათქმელზე. რამდენადაც ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება ძირითადად გამოიხატება კითხვის დასმისა და დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემის უნარში (კითხვა-პასუხის კომპლექსი), შესაბამისად, კითხვების დასმის მეთოდი კონტექსტუალური საკითხების დამუშავების დროსაც მნიშვნელოვანია.

განვიხილოთ პრაქტიკული მაგალითი:

ლეონტი მროველი მეფეთა ცხოვრებაში გვაწვდის ინფორმაციას კავკასიაში ქათლოსისა და მის შთამომავალთა დამკვიდრების შესახებ:

„..სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა – ამათ ერთი ჰყავდათ მამა, სახელით თარგამოს, რომელიც იყო ნოეს ძის იაფეთის შვილის – თარშის ძე… იყო ესე თარგამოს კაცი გმირი. და შემდგომად განყოფისა ენათასა, ოდეს აღაშენეს  ბაბილონის გოდოლი, და განეყვნეს ენანი და განიბნინეს ყოველსა ქუეყანასა, წარმოვიდა ესე თარგამოს ნათესავითურთ მისით, და დაემკვიდრა ორთა მათ მთათა შუა – არარატსა და მასისისა…..

… უჩინა ქართლოსს საზღვარი: აღმოსავლით ჰერეთი და მდინარე ბერდუჯისა, დასავლით – ზღვა პონტოსი, სამხრით – მთა, რომელი მიჰყვების ბერდუჯის მდინარის თავსა, და… მთა შორის კლარჯეთსა და ტაოს ვიდრე ზღუამდის; და ჩრდილოთ საზღვარი – ღადო, მთა მცირე, რომელი გამოვლის შტოდ კავკასისაგან და მოჰკიდავს წუერი დასასრულსა ღადოსა, რომელსა აწ ჰქვიან ლიხი და ამათსა ზღვართა საშუალ მისცა ყოველი ქართლოსს… და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა, რომელსა ეწოდების არმაზი. და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისა თჳსისა ქართლი. და ვიდრე აღმართებამდე მუნ-ზედა კერპი არმაზისი ერქუა მთასა მას ქართლი, და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა“.

 

ტექსტის უკეთ გაცნობისა და ავტორის რეალური მიზნების ამოცნობის მიზნით მოსწავლეებს შევთავაზებ რამდენიმე დავალებას:

  • გაეცნო ისტორიულ წყაროს და ყურადღებით წაიკითხონ კონკრეული ინფორაცია;
  • გააანალიზონ მასალა და უპასუხონ დასმულ კითხვებს: ა) რა აქვთ საერთო კავკასიის მაცხოვრებლებს კაცობრიობის საერთო წინაპართან – ნოესთან? ბ) ვისი შთამომავლები არიან ქართველები – თარგამოსიანელები თუ რანელები? გ) წყაროს მიხედვით, რომელი ტერიტორია იყო კავკასიელთა წინაპრების უძველესი საცხოვრისი, ანუ მოხაზონ წყაროს სამოქმედო სივრცე. დ) რატომ ცდილობს ლეონტი მროველი, წარმოადგინოს კავკასიის ხალხები ერთმანეთის მონათესავედ? ე) ჩამოთვალოს კავკასიელთა წინაპრები; ვ) რა პრეტენზია გამოსჭვივის ლეონტისთან? ზ) მიმართა თუ არა ავტორმა ქვეტექსტს? როგორ ფიქრობთ, ჰქონდა თუ არა ლეონტის რაიმე ფარული ზრახვა წყაროს შექმნის დროს? რა გაზრახვა შეიძლება ყოფილიყო ეს?
  • გამოთქვან ვარაუდები და გამოიტანონ სათანადო დასკვნები: ა) როგორ შეგვიძლია ავტორის პოზიციის შემოწმება? ბ) რა ითქვა ხმამაღლა და რა დამალა ავტორმა; გ) რა მიზანს ემსახურება ისტორიულ წყაროთა ქვეტექსტი?

მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები: „…წყაროში საუბარია ძველი ქართული ტრადიციის შესახებ, თუ როგორ იქმნება „ყოველი ქართლი“ – „ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა“, რომელსაც შემდეგ განაგებენ ფარნავაზიანები, როგორც სახელმწიფო „ყოველი ქართლის“ შემოქმედნი… მაგრამ ამ „ყოველ ქართლში“ გამოსჭვივის „ყოველ კავკასიის“ იდეაც. როგორც ჩანს, სათქმელის პირდაპირ თქმას ერიდება ლეონტი მროველი და სამეფო კარის „მიზნებზე“ მხოლოდ მათი „ქმედებებით“ მიანიშნებს“… და ა.შ.

პასუხების მიღების შემდეგ მოსწავლეებს შევთავაზოთ მეორე წყაროც:

სუმბატ დავითის ძე ბაგრატ III-ის შესახებ: „დაიპყრა ყოველი კავკასია თჳთმპყრობელობითა ჯიქეთითგან ვიდრე გურგენადმდე. ხოლო ადარბადაგანი და შარვანი მოხარკე-ყო, სომხითისა ჴელმწიფებითა ნებიერად განაგებდა. მეფე სპარსთაჲ თჳს მეგობრად და ერთგულ ყო სიბრძნითა და ძლიერებითა თჳსითა უფროჲს სახლეულთა თჳსთასა, და ბერძენთ მეფესაცა შიში აქუნდა ამისი ყოვლადვე“.

შეკითხვების დასმის შემდეგ მოსწავლეები აუცილებლად მივლენ იმ იდეამდე, რომ „….“ყოველი კავკასიის“ იდეა როგორც ქართლოსის ჩამომავალთა ქმედებების მიზანი, უკვე არის ფარულად გაცხადებული უძველეს ეპოქაში და ბაგრატოვანი მეფეები ერთგვარად აგრძელებენ, არ ივიწყებენ ლეონტისეული „ყოველი კავკასიის“ იდეას… რომ სათქმელის „გადამალვა“ მოქმედების თავისუფლებას მისცემდა სამეფო კარს, მაგრამ არ დაავიწყებდა ძირითადად სამოქმედო გზას, რითაც პოლიტიკურ პირებს გაუადვილდებოდათ მიზანზე აქცენტირება და შესაფერისი გზების მოძიება…“ და ა.შ.

წყაროთა შედარების, ანალიტიკური და კრიტიკული უნარების გააქტიურებით და განვითარებით მოსწავლეები გაეცნენ ქვეტექსტის როლს ისტორიულ თხზულებებში, აღადგინეს ძველი ქართული საისტორიო თხზულებების ავტორთა პოლიტიკური და იდეოლოგიური მისწრაფებები, გაიფართოეს და სრულყვეს ცოდნა საქართველოს ისტორიაში, გაეცნენ ერთიანი ქართული მონარქიის კონკრეტულ სამოქმედო გეგმას და ეროვნული სასწავლო გეგმისა და სტანდარტის მოთხოვნებთან ერთად („ისტორიული ეპოქის აღქმა/ანალიზი“)  განუვითარდათ დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებიც. შემდგომ გაკვეთილებზე მასწავლებელს შეუძლია ეს უნარები კიდევ უფრო დახვეწოს და მოსწავლეთა ელემენტარული და საშუალო კომპეტენციები გაცილებით მაღალ ხარისხში აიყვანოს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. სუმბატ დავითის-ძე, ცხოვრებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთაჲ;
  2. ლეონტი მროველის პოლიტიკური თვალთახედვა, „ლიტერატურული ძიებანი“ №25, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, თბ., 2005
  3. ლ. ბრეგაძე, ქვეტექსტის ფუნქციისა და ფუნქციონირებისათვის, „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ (II საერთაშორისო სიმპოზიუმი, (ნაწილი I),თბ., 2009;
  4. ისტორიული ტექსტის ქვეტექსტები., მ.ფირჩხაძე., ლინკი მოცემულ დროზე: 26.12.2016., https://mastsavlebeli.ge/?p=12615
  5. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები – თანაცხოვრება კულტურულად მრავალფეროვან დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროპის საბჭო, 2016 წ., ქართული გამოცემა: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2017., გვ.67-69
  6. საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024

https://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2018-2024/sabazo-safekhuri-vi-ix-klasebi-proeqti-sadjaro-gankhilvistvis

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი