ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორ შევუწყოთ ხელი სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას (პირველი ნაწილი)

მასწავლებლის ერთ-ერთი უმთავრესი პროფესიული მოვალეობა მოსწავლეთა მშობლებთან ურთიერთობაა. ამ ურთიერ­თო­ბამ ხელი უნდა შეუწყოს სწავლებისა და სწავლის ეფექტიანობას და სკოლაში სასურველი გარემოს ფორმირებას. მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კვლევა მოწმობს, რომ მოსწავლეთა და, საზოგადოდ, სკოლის წარმატება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობაზე. საკმარისია დავასახელოთ ისეთი მასშტაბიანი საერთაშორისო კვლევის შედეგები, როგორიც არის PISA. კვლევათა შედეგების ანალიზი ცხადყოფს, რომ მშობელთა ჩართულობის გარეშე სკოლებში განათლებისა და აღზრდის ხარისხის ამაღლება თითქმის შეუძლებელია. სკოლამ და ოჯახმა ერთობლივად უნდა აიღონ პასუხისმგებლობა სასწავლო პროცესის ხარისხზე, სკოლაში ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნაზე, მოსწავლეებისთვის ეთიკური ღირებულებების ჩამოყალიბებაზე.

სკოლასა და ოჯახს შორის საგანმანათლებლო-აღმზრდელობით თანამშრომლობას რამდენიმე ძირითადი ფუნქცია აკისრია:

● ის ემსახურება ინფორმაციის გაცვლას ორ განსხვავებულ ინსტიტუტს შორის;

● ქმნის ორმხრივი აქცეპტირებისა და ნდობის საფუძველს. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა მაშინ ენიჭება, როცა ოჯახი და სკოლა (resp. მასწავლებლები) განსხვავებული ღირებულებების მატარებლები არიან. თანამშრომლობითი ურთიერთობები ოჯახსა და სკოლას შორის ბავშვს შინაგანი გაორებისა და გარემოსთან წინააღმდეგობისგან იცავს.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პედაგოგები მუდმივად უჩივიან სკოლასა და ოჯახს შორის თანამშრომლობის დეფიციტს, ხედავენ მისი აღმოფხვრის საჭიროებას, სახავენ სტრატეგიებს. მიუხედავად ამისა, პრობლემა პრობლემად რჩება. 

რა გზით არის შესაძლებელი ამ პრობლემის დაძლევა? მინდა გაგაცნოთ დასავლეთის სკოლებში არსებული წარმატებული პრაქტიკა, სადაც დანერგილია სკოლისა და მშობელთა თანამშრომლობის მრავალფეროვანი, ეფექტიანი გზები. იგი სტრუქტურირებულია სამი ძირითადი კითხვით: 

● რისკენ მივისწრაფვით? – ეს კითხვა გააერთიანებს საბოლოო მიზნის მიღწევის ცალკეულ ასპექტებს.

● რის გაკეთება შეგვიძლია? – აღწერილი იქნება ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც ეფექტურია ცალკეული ასპექტების მიზნის მისაღწევად.

● როგორ? – მოყვანილი იქნება ცალკეულ ღონისძიებებთან დაკავშირებული კონკრეტული მაგალითები, რომლებიც აღებულია როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდილებიდან, ასევე რეკომენდებულია განათლების მკვლევართა მიერ.
1. სკოლაში დამკვიდრებული მისალმებისა და დახვედრის კულტურა ხელს უწყობს მშობლებსა და სკოლას შორის ერთობის გაძლიერებას; ეხმარება მშობლებს იმის გაცნობიერებაში, რომ ისინი სასკოლო საზოგადოების სრულუფლებიანი და დაფასებული წევრები არიან.

სკოლაში არსებული მისალმებისა და დახვედრის კულტურით ექმნება მშობელს პირველი შთაბეჭდილება სკოლაზე. თუ ეს შთაბეჭდილება პოზიტიურია, თუ ისინი ლაღად იგრძნობენ თავს სასკოლო გარემოში, სკოლისადმი კეთილგანწყობილი და ნდობით აღსავსე დამოკიდებულება დიდხანს გაჰყვებათ. ბუნებრივია, აქ იგულისხმება არა მხოლოდ სასიამოვნო ფიზიკური გარემო, ე.ი. არა მხოლოდ გარეგნული შთაბეჭდილება, არამედ ისიც, როგორ მასპინძლობს სასკოლო საზოგადოება მშობელს, როგორი სასკოლო ატმოსფერო ხვდება მას.
რისკენ მივისწრაფვით?

სკოლაში უნდა სუფევდეს მეგობრული და სტუმართმოყვარე ატმოსფერო.
რის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ ამისთვის და როგორ?

● სკოლის შესასვლელი და მთელი სივრცე სტუმართმოყვრულად არის მოწყობილი. მაგალითად, შენობაში ორიენტაციის გასაიოლებლად სკოლის შესასვლელში გამოკრულია შენობის გეგმა – სად რომელი კაბინეტი მდებარეობს, სხვადასხვა აქტივობის განრიგი, ცალკეული პედაგოგების მიღების საათები და ა.შ.

● მშობლების განკარგულებაშია კომფორტული საკონსულტაციო ოთახი და/ან მშობელთა კაფე, მშობელთა ბიბლიოთეკა, სადაც მათ შეუძლიათ ერთმანეთს შეხვდნენ და ყველასთვის საჭირბოროტო საკითხებზე იმსჯელონ.

● სკოლაში დამკვიდრებულია ახალი მოსწავლეებისა და მათი მშობლების მიღების რიტუალი. მაგალითად, სასწავლო წლის დასაწყისში სკოლის ადმინსტრაცია, კლასის დამრიგებლები, ძველი მოსწავლეების მშობლები საგანგებო შეხვედრას უწყობენ ახალგადმოსულ ბავშვებს და მათ მშობლებს, აცნობენ მათ სკოლას. შეიძლება, გადასცენ სკოლის გზამკვლევიც (თუ იგი არსებობს), რომელშიც აღწერილი იქნება მოსწავლეთა და მშობელთა უფლებები და მოვალეობები, სკოლის კულტურა, ყველა ის მნიშვნელოვანი აქტივობა, მათ შორის – მშობელთა მონაწილეობით, რომლებიც დაგეგმილი აქვს სკოლას მთელი წლის განმავლობაში და ა.შ. 

● სკოლა გამოხატავს ინტერესს, რა არის მშობლებისთვის მნიშვნელოვანი, რას ელიან ისინი სკოლისგან, თავად რას სთავაზობენ სკოლას, რა წვლილის შეტანა შეუძლიათ მის განვითარებაში.

● სკოლა ყველა მშობელთან ინდივიდუალურად დებს ე.წ. სასკოლო ხელშეკრულებას, რომლითაც განსაზღვრულია ორივე მხარის უფლებები და მოვალეობები.

ასეთი დახვედრა მშობელს პირველივე წუთებიდან აგრძნობინებს, რომ იგი სასკოლო საზოგადოების სრულუფლებიანი წევრია. დელეგირებული პასუხისმგებლობით მშობელს ეძლევა შანსი, სკოლასთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს თითოეული მოსწავლის წარმატებას.
2. მრავალფეროვანი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული კომუნიკაცია.

გამოცდილი პედაგოგები ყოველთვის მიუთითებენ მოსწავლეთა მშობლებსა და ოჯახებთან ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, მაგრამ ეს თავისთავად არ ხდება – მშობლებთან წარმატებული კომუნიკაციის განვითარებას დიდი ძალისხმევა და ისეთი უნარები სჭირდება, როგორიცაა ტაქტი, თანამოსაუბრის პატივისცემა, თავაზიანობა, სიკეთე, ენთუზიაზმი და სხვ. სკოლა პასუხისმგებელია მშობლის წინაშე ბავშვის აღზრდისა და სწავლის შედეგებზე. ამიტომ მასწავლებელი მშობლისათვის ეფექტური კომუნიკატორის მაგალითი უნდა იყოს.
რისკენ მივისწრაფვით?

სკოლა, მშობლები და მეურვეები მუდმივად უნდა უცვლიდნენ ერთმანეთს ინფორმაციას ყველა იმ საკითხის თაობაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ბავშვების განათლებასა და სწორ აღზრდას.
რის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ ამისთვის და როგორ?
● მასწავლებელმა და, საზოგადოდ, სკოლამ უნდა შექმნან ისეთი ურთიერთნდობის ატმოსფერო, სადაც მშობლები და სკოლა ნებაყოფლობით გაცვლიან ყველა რელევანტურ ინფორმაციას.

● მასწავლებელმა მუდმივად უნდა იქონიოს კონტაქტი მშობელთან და მიაწოდოს ინფორმაცია ბავშვის ინდივიდუალურ პროგრესზე, იმაზე, რას მიაღწია, რას – ვერა და რატომ, რა შეიძლება გააკეთონ მასწავლებელმა და მშობელმა ურთიერთთანამშრომლობით მოსწავლის სუსტი მხარეების გასაძლიერებლად.

● მასწავლებელმა უნდა ჰკითხოს მშობელს რჩევა, გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები, რომელიც მოსწავლის ძლიერი მხარეების გამოყენებაზე იქნება ფოკუსირებული.

● მშობლის განაწყენების თავიდან ასაცილებლად მასწავლებელმა თავი უნდა შეიკავოს ბავშვის უნარების, ცოდნისა და ქცევის დაუსაბუთებელი შეფასებისგან. მასწავლებლის ნებისმიერ დაუდევარ და მიკერძოებულ მსჯელობას ბავშვები მწვავედ განიცდიან, რაც ხშირად გადაედებათ მშობლებსაც, რომლებიც, თავის მხრივ, მტკივნეულად რეაგირებენ ამ ფაქტზე. ხოლო თუ პედაგოგი ბავშვზე პატივისცემით ლაპარაკობს, ხედავს მის არა მარტო უარყოფით, არამედ დადებით მხარეებსაც, მაშინ ის მშობლის სახით მოკავშირეს მიიღებს. უმჯობესი იქნება, მასწავლებელმა ბავშვის პრობლემებზე მშობელთან საუბრისას გამოიყენოს “სენდვიჩის” სტრატეგიას, რაც გულისხმობს შემდეგს: მასწავლებელი მშობელს ჯერ ბავშვის პოზიტიურ მხარეებზე ესაუბრება, მერე პრობლემურზე გადადის, ხოლო საუბარს ასრულებს მშობლისთვის ისევ დადებითი ინფორმაციის მიწოდებით და გაუმჯობესების გზებზე მსჯელობით. იგი სთავაზობს მშობელს, ერთად ეძებონ ბავშვის ძლიერი მხარეების გათვალისწინება-გამოყენებით პრობლემის მოგვარების გზები. უმჯობესი იქნება, მასწავლებელმა კი არ შეაფასოს, არამედ აღწეროს ბავშვის ქცევა და დასკვნის გამოტანა და ქცევის შეფასება მშობელს მიანდოს. ამგვარი მიდგომით მასწავლებელი პასუხისმგებლობას უნაწილებს მშობელს, რაც სტიმულს აძლევს მშობლის ჩართულობას საკითხის მოგვარებაში

● მშობელთან საუბრები და საინფორმაციო ცნობარები სამიზნე ჯგუფთან უნდა იყოს მისადაგებული, გათვალისწინებული უნდა იყოს, მაგალითად, კულტურული თავისებურებები.

● სიტუაციის კვალობაზე, გამოყენებულ უნდა იქნეს კომუნიკაციის მრავალფეროვანი, როგორც ფორმალური (მაგ., საკონსულტაციო საათები), ასევე არაფორმალური (მაგ., SMS, ვებგვერდი, ფეისბუქი, ვიზიტი შინ და სხვ.) გზები.

● მშობლებთან შეხვედრები უნდა გაიმართოს არა მხოლოდ პრობლემის მოსაგვარებლად, არამედ მომავალი ერთობლივი აქტივობების დასაგეგმავადაც.

● სკოლა სთავაზობს მშობლებს მრავალფეროვან საკონსულტაციო მომსახურებას როგორც საკუთარი ძალებით, ასევე სხვა პროფესიონალების დახმარებითაც.
3. თანამშრომლობა აღზრდასა და განათლებაში

მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები ერთად ეძებენ წარმატების გზებს. სკოლა ხელს უწყობს ამ პროცესში მშობლებისა და მოსწავლეების მონაწილეობას. სამივე მხარემ უნდა იგრძნოს და იტვირთოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და საკუთარი შესაძლებლობიდან გამომდინარე, წვლილი შეიტანოს ამ საქმეში. 
რისკენ მივისწრაფვით?

მშობლები და მოსწავლეები მონაწილეობენ გადაწყვეტილებების მიღებაში და სკოლის განვითარების პროცესში.
რის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ ამისთვის და როგორ?
● სკოლა დაუფარავად გამოხატავს მოლოდინებს მშობლებისადმი და ახდენს მათზე პასუხისმგებლობის დელეგირებას.
● სკოლა და ოჯახი ერთობლივად შეისწავლიან, რომელი მშობელი/ოჯახი რა რესურსებს ფლობს, რომელ სფეროში, რა მიმართულებით შეუძლია და სურს ვალდებულებათა აღება.

● გამოიკითხება მშობელთა სურვილები, ინტერესები და სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს მოხდება მათი გათვალისწინება.

● სკოლა მშობლებისთვის გამჭვირვალეს ხდის საგაკვეთილო პროცესს. ამისთვის დასავლეთის სკოლებში საუკეთესო პრაქტიკაა „ღია კარის დღეების” გამართვა, როდესაც საკლასო ოთახი ყველა მშობლისთვის ღიაა. მათ შეუძლიათ გაკვეთილზე დასწრება ან პედაგოგთან წინასწარ შეთანხმებით გაკვეთილის წარმართვაში მონაწილეობა. შემდეგ მასწავლებლები აანალიზებენ მშობლების მხრივ მათ მიმართ გამოთქმულ შენიშვნებს და მათ სასწავლო პროცესში ითვალისწინებენ.

● მშობლებსა და მოსწავლეთა ოჯახებს შეუძლიათ სკოლის ინფრასტრუქტურით (სასკოლო ბიბლიოთეკით, კომპუტერული ოთახით, სპორტდარბაზით და სხვ.) სარგებლობა. ეს აქტივობა მხოლოდ მოსწავლეთა ოჯახებს კი არ აახლოებს სკოლასთან, არამედ ოჯახის წევრების, ასევე მშობლებისა და შვილების ერთმანეთთან დაახლოებასაც უწყობს ხელს.

● სკოლაში არსებობს მოხალისე მშობლების ქსელი, რომელიც ცდილობს სასკოლო ცხოვრებაში სხვა მშობლების ჩართვასა და გააქტიურებას. მაგალითად, მართავს ე.წ. პროექტების კვირეულს, სადაც ტარდება იმ პროექტების პრეზენტაცია, რომელთა იდეის ავტორები, დამგეგმავები და განმხორციელებლები თავად არიან მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან ერთად.

● სკოლა მშობლებს სთავაზობს სხვადასხვა ღონისძიებას განათლებისა და აღზრდის საკითხებში. ეს შესაძლოა იყოს სემინარები, სამუშაო შეხვედრები, დისკუსიები, დებატები და სხვ. ამ ღონისძიებათა ინიციატორებად შესაძლოა მოგვევლინონ არა მარტო სკოლა, არამედ მშობლებიც. გერმანიაში, კერძოდ, ბრანდერბურგში განხორციელებული ერთ-ერთი წარმატებული პროექტია „მშობლები ზრუნავენ ერთმანეთის პედაგოგიური კომპეტენციის ამაღლებაზე”. ეს პროექტი განხორციელდა სასკოლო ქსელების ფარგლებში. ამ პროექტის ინიციატორები იყვნენ მშობლები, რომელთაც ჰქონდათ საუნივერსიტეტო პედაგოგიური განათლება. მათ ჩამოაყალიბეს მშობელთა კონსულტირების სამსახური, სადაც ყველა მშობელს შეეძლო მიემართა ინდივიდუალური კონსულტაციისთვის. ისინი ასევე იკვლევდნენ მშობელთა საჭიროებებს პედაგოგიური, ფსიქოლოგიური და დიდაქტიკური კუთხით და ამის გათვალისწინებით გეგმავდნენ და ახორციელებდნენ მათთან სხვადასხვა აქტივობას. პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მრავალმა სკოლამ გაიზიარა.
მომდევნო სტატიაში გაგაცნობთ მშობელთა ჩართულობით განხორციელებულ კიდევ რამდენიმე წარმატებულ პროექტს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი