ცხოვრება გამოცდა არ არის ანუ რეფორმების კართან

„ცხოვრება არ არის გამოცდა, არავითარი დანიშნულება და ვალი არ გაქვს ცხოვრების წინაშე… ცხოვრება ასახავს იმას, რაც არის… ცხოვრება დამოუკიდებელი სრულყოფილი სისტემაა, რომელიც გამუდებულად განაახლებს და აღადგენს საკუთარ თავს… შენ მისი ნაწილი ხარ…“

დონალდ უოლში “ცვლილებების წიგნი”

 

ჩვენი ცხოვრების კონცეპტუალური მეტაფორები ხანდახან არაცნობიერად და თავისთავად იქმნება… თავისთავად, მაგრამ არა უმიზეზოდ და საფუძვლების გარეშე. მეტაფორები იკვებება იმ ქმედებებით, ქცევებით, თეორიებით, რომლებზეც ვიზრდებით. ჰო და, არავის გაუკვირდება, რომ ჩვენი არსებობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონცეპტუალური მეტაფორა რომ სწორედ „გამოცდაა“.

რატომ გამოცდა…?

თუ თქვენ თქვენს ცხოვრებას გადაავლებთ თვალს, აღმოაჩენთ, რომ გამოცდები და მასთან დაკავშირებული ემოციები ცნობიერების მყარ დისკზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ჩვენი ქცევებიც კი იმ მოდელიდან გამომდინარეობს, რომელშიც ბაღში და სკოლაში ვართ: გაკვეთილი, შეფასებები, დახარისხებული მოსწავლეები (ოროსანი, სამოსანი, ხუთოსანი, ათოსანი…), კარგი, ცუდი, საუკეთესო, ყოჩაღი, ზარმაცი, უქნარა… იარლიყები, რომლებიც სკოლამ დაგვაზეპირებინა, გადაგვაქვს ცხოვრებაში და მთელი ცხოვრება ამ სტერეოტიპებში ვაგრძელებთ სიცოცხლეს. სანიმუშოდ შეგიძლიათ პარლამენტის სხდომას უყუროთ, როდესაც დებატებისას დეპუტატები ხშირად წასძახიან ერთმანეთს: – დაჯექი, ორიანი! – ოროსნები, – ხუთოსნები… – გამოცდა ვერ ჩააბარეთ! და სხვა; პარლამენტის სხდომები ტიპური და სანიმუშო მაგალითია იმისა, როგორ გადაგვაქვს ნაცნობი სისტემა სხვადასხვა სფეროზე.

ჩვენს ცნობიერებაში „გამოცდას“ რელიგიური კონტექსტიც კვებავს. ცხოვრება ხომ გამოცდაა და სასულიერო პირები ხშირად უმეორებენ მრევლს: „ცხოვრება გამოცდას გიწყობს!“ გამოცდის მიზანი სწავლაც შეიძლება იყოს და უბრალოდ „გამოცდაც“. ამას სახარებაშიც ამოვიკითხავთ:

„იესო ჯერ კიდევ იერუსალიმის მახლობლადაა, როცა რამდენიმე იუდეველი მიდის მასთან.ზოგ მათგან სურს, ისწავლოს მისგან, ზოგს კი, უბრალოდ, მისი გამოცდა უნდა“ (ლუკა 10:25).

გამოცდები სასწავლო პროცესთანაა დაკავშირებული. ხოლო თუ მთელი ცხოვრება სწავლაა, მაშინ გამოდის, რომ სულ გამოცდები უნდა ვაბაროთ და ამ გამუდმებულ საგამოცდო ორომტრიალში ცხოვრების ადგილი აღარ რჩება! – აი, ეს არის მთელი პრობლემა, თორემ, შესაძლოა, რომ რაღაც მომენტში ცხოვრების რომელიმე მოვლენა მართლაც მივიღოთ გამოცდად, რომელმაც რაღაც გვასწავლა.

ამ ცნობიერების ანარეკლია მუხრან მაჭავარიანის ერთი ლექსი:

ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!

მრავალს უწია ცოდვამ:

ვინ რა ყოფილა – გამოჩდა!

კაცი აღმოჩდა ცოტა!
ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!

ცოდვის კითხვაა… ჰოდა!

ყველა ისეთი აღმოჩდა,

რა წარმოდგენაც მქონდა!

როცა პოეტი წერს, რომ: „ყველა ისეთი აღმოჩდა, რა წარმოდგენაც მქონდა!“ – აი, ეს ფრაზა აუქმებს უკვე გამოცდების საჭიროებას. ეს იუმორით, თუმცა სერიოზულადაც შემიძლია იგივე ვთქვა.

რა არის თქვენთვის ცხოვრება…? _ გამოცდა? მაშინ მოემზადეთ, რომ მიღებულ ცოდნას ვერსად გამოიყენებთ, ან, უბრალოდ, დიპლომებს და სერთიფიკატებს დააგროვებთ და, სავარაუდოდ, სამოთხის შესასვლელში წარადგენთ!

მეტაფორა, რომელსაც ადამიანი იყენებს, მისივე ცხოვრების გასაღებია, რას და როგორ ფიქრობს… ადამიანი, რომლისთვისაც ცხოვრება თავგადასავალია და ადამიანი, რომლისთვისაც ცხოვრება გამოცდაა, განსხვავებულად რეაგირებენ ცხოვრებისეულ მოვლენებზე და გამოწვევებზე.

კონცეპტი „გამოცდა“ დაანონსებულმა რეფორმებმა გამიაქტიურა და ერთგვარი იმედიც გამიჩინა, რომ, შესაძლოა, დადგეს ის რელობა, როდესაც ადამიანი გამოცდისთვის კი არა, ცოდნისთვის და ამ ცოდნის ცხოვრებაში რეალიზებისთვის ისწავლის, თორემ ბევრი გამოცდის შედეგი ვიცით, ჩასაბარებელ მაგიდასთან რომ დასრულებულა, გადაყრილ „შპარგალკებთან“ და სკოლისა და უნივერსიტეტის გამოსასვლელ კართან.

მინისტრის აზრით, გამოცდები ხელს უშლის სწავლების პროცესის წარმართვას და ამ გამოცდების გაუქმება უთუოდ გააჯანსაღებს სკოლას

როცა განათლების სისტემაში მიდგომები შეიცვლება და როდესაც მოსწავლეს გაუჩნდება ცოდნის მიღების სხვა მოტივი, ვიდრე ეს არის შეფასება, მაშინ ნამდვილად გაჯანსაღდება სწავლის პროცესი, სხვა შემთხვევაში, გამოცდების გაუქმება ბევრ ვერაფერ შედეგს  მოიტანს.

მოსაწყენია გაკვეთილივით დაზუთხული და დაზეპირებული ცხოვრებაც და თუ გვინდა ეს შევცვალოთ, სწორედაც რომ უნდა შეიცვალოს გამოცდების ფუნქცია. მეტი შემოქმედებითობა სჭირდება სასწავლო პროცესს: სკოლაშიც და უნივერსიტეტებშიც, თორემ თუ მხოლოდ გამოცდებით შეფასდება-დაფასდება ადამიანი, რობოტიზაცია სწორედ ეს არის. განსხვავებული უნარების განვითარება მრავალფეროვანი ხედვის წინაპირობაა, ხოლო მრავალფეროვანი ხედვა – საინტერესო ცხოვრების.

საინტერესო ცხოვრების კონცეპტუალური მეტაფორები კი ასევე მრავალფეროვანი და ცვალებადი იქნება.

აი, რას წერს დონალდ უოლში “ცვლილებების წიგნიში“: „ცხოვრება – სარკეა, რომელზეც ჩვენი შინაგანი სამყარო აირეკლება… შინაგანი სამყარო კი ყველასი განსხვავებულია… არ არსებობენ მტრები და მეგობრები… არ არსებობს გამარჯვება და დამარცხება… ეს ყველაფერი ადამიანის ავადმყოფმა გონებამ მოიფიქრა, რომ დაიცხროს გამარჯვების ვნების ილუზია… ცხოვრება არ არის გამოცდა, არავითარი დანიშნულება და ვალი არ გაქვს ცხოვრების წინაშე… ცხოვრება ასახავს იმას, რაც არის… ცხოვრება დამოუკიდებელი სრულყოფილი სისტემაა, რომელიც გამუდებულად განაახლებს და აღადგენს საკუთარ თავს… შენ მისი ნაწილი ხარ… პატარა “ცხოვრება”.

როგორც ვსწავლობთ, ისე ვხედავთ მერე და თუ შეიცვლება აქცენტები, შეიცვლება სამყაროს ხედვაც, რადგან ძალიან ბევრს განაპირობებს კონტექსტი.

და რაკი კონცეპტუალურ მეტაფორებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, აქვე 3 კითხვა, რომელზეც მაშინ უპასუხეთ, როცა თქვენ გაგეხარდებათ:

  • რომელი მეტაფორით გამოიხატება თქვენი ცხოვრება?
  • ეს ის მეტაფორაა, რომელიც თქვენ უბრალოდ პასუხისთვის მოიფიქრეთ, თუ რომელსაც თქვენი ცხოვრება ეფუძნება?
  • თუ ჯერ გიფიქრიათ ამაზე?

ჩემს პასუხსაც გეტყვით ერთი პატარა ლექსით:

* * *

ცხოვრება გამოცდა არ არის…

ცხოვრება მოცდაა…

ცხოვრება მოსაცდელი დარბაზია…

შენ არა ხარ გამოსაცდელი,

არც საცდელი ხარ…

შენ მგზავრი ხარ… (ც.ბ.)

კომენტარები

comments