შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ამ პროფესიაშიც შეიძლება იყო ბედნიერი, რეალიზებული, პერსპექტიული

მსოფლიოს ახალი წლის საუკეთესო მასწავლებელი ჰყავს – კენიელი პიტერ ტაბიჩი აფრიკის ერთი პატარა სოფლიდან. ჩვენს დღევანდელ სტუმარს კი, მასთან ერთად სცენაზე ასასვლელად, მხოლოდ ორი ნაბიჯი დააკლდა – ნათია ფურცელაძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთესო ათეულიდანაა. სკოლა „ქორალის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ამავე სკოლის ლიტერატურულ კლუბ „წიგნიერსაც“ ხელმძღვანელობს და, შესაძლოა, მისი მასწავლებლობისა და მოსწავლეებთან ურთიერთობის ყველაზე საინტერესო მომენტი ესეც იყოს, რადგან აქ შეგიძლიათ „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟებიდან დაწყებული, არნოლდ შვარცნეგერით დამთავრებული, ნებისმიერ გმირად იქცეთ.

– ათეულში მოხვედრიდან ორი წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი სამასწავლებლო საქმიანობა, რა შეგძინათ ამ აღიარებამ?

– მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში მონაწილეობამ და ათეულში მოხვედრამ უფრო დამარწმუნა, რომ ოდესღაც სწორი არჩევანი გავაკეთე. მასწავლებლობაზე ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ ჩემი არჩევანისადმი საზოგადოების დამოკიდებულება წარმოუდგენლად სკეპტიკური იყო, ვერაფრით იგებდნენ, რატომ მინდოდა ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ და მძიმე პროფესიას შევჭიდებოდი. ახლა ყველაფერი შეიცვალა – აღარ მესმის გაოცებული კითხვები, ეს კი ნიშნავს, რომ ამ პროფესიისადმი თავად საზოგადოების დამოკიდებულებაა შეცვლილი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ერთი წარმატებით ჩემი პროფესია ავამაღლე, ოდნავ მეტი პრესტიჟი და პატივისცემა შევმატე.

– თავად კი პასუხისმგებლობა მოგემატათ…

– რაც გარდაუვალი იყო და ამისთვის მზად ვიყავი. ახლა უკვე ვიცი, რომ  ჩემი პროფესიის პოპულარიზაციაზე ზრუნვა მართლაც არის შედეგის მომტანი. საინტერესო მასწავლებლური ცხოვრება აქამდეც მქონდა, თუმცა პროფესიის მიმართ ასეთ პასუხისმგებლობას ნამდვილად არ ვგრძნობდი. ახლა ყველაფერი შეიცვალა, სხვა ვალდებულებები და დამოკიდებულებები გამიჩნდა.

– დაიწყეთ რაღაც ისეთის კეთება, რასაც აქამდე საჭიროდ არ მიიჩნევდით?

– კონკურსში მონაწილეობამ უამრავი კოლეგა მეგობარი შემძინა – ქვეყნის საუკეთესო მასწავლებლები და კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები, რომლებიც მასწავლებლის პროფესიაზე მართლა ზრუნავენ. ნამდვილად არ ვიცოდი, ამას ვინმე თუ აკეთებდა. თურმე მართლა არიან ასეთი ადამიანები, მე კი არ ვიცოდი. კოლეგებთან უფრო ინტენსიური ურთიერთობის შედეგად პრაქტიკისადმი ინტერესიც მომემატა, გამიჩნდა საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა და მათი მეთოდების გაცნობის სურვილი. ეს ნიშნავს, რომ მასწავლებლებმა ერთმანეთს გავუღეთ საკლასო ოთახები, რაც ჩვენ მიერ შემუშავებული მეთოდების გავრცელებისთვის საუკეთესო საშუალებაა – სწორედ ესაა თანამშრომლობის კულტურა. მაგალითად, შარშან სვანეთს ვესტუმრე, სადაც 2017 წლის კონკურსის კიდევ ერთი ფინალისტის, მესტიის სოფელ ფარის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ეკა წულუკიძის მიერ ორგანიზებულ პროფესიული განვითარების კონფერენციას დავესწარი. უამრავ კოლეგას შევხვდი, მოვუყევი ჩემი ამბავი და მოვისმინე მათი. გარდა ამისა, ავიხდინე სვანეთში მოგზაურობის ოცნებაც. ეს იყო საუკეთესო დღეები და საჭირო გამოცდილება.

mastsavlebeli.ge-ზე ერთ-ერთ სტატიაში წერთ, თუ როგორ და რატომ უნდა მიიღონ მასწავლებლებმა მონაწილეობა მასწავლებლის ეროვნულ კონკურსში. რა იყო თქვენი მოტივაცია?

– ჩემი მთავარი მოტივაცია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია გახლდათ და ვფიქრობდი, რომ ჩემი გამოცდილება და მეთოდები, უკვე არსებული წარმატებები, ამისთვის გამოდგებოდა. თავიდან მეც ვყოყმანობდი. ტელევიზიით ნანახი ანონსი უყურადღებოდ გავატარე, მაგრამ შემდეგ ახლობლებმა და ოჯახის წევრებმაც მიმითითეს, რომ განაცხადი აუცილებლად უნდა შემევსო. ამის შემდეგ კი რჩევა ვკითხე ჩემს მოსწავლეებსა და კოლეგებს, რადგან მათი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია და საუკეთესოდ იციან, რას ვაკეთებ. მართლაც – ამაზე ფიქრი დავიწყე, გავეცანი შერჩევის კრიტერიუმებს და განაცხადის შევსების წესებს. საქმეს ობიექტურად მივუდექი, თუმცა ისიც ვიფიქრე,  რომ კონკურსის ჟიურის წევრებისთვის საინტერესო ვიქნებოდი. მინდოდა, ჩემი საქმიანობა განათლების პროფესიონალებს შეეფასებინათ, მიეთითებინათ ნაკლისა თუ უპირატესობისკენ. საკუთარ თავს ვუთხარი კიდეც: თუ ათეულში მოხვდები, ესე იგი, სწორი გზით მიდიხარ და თუ ვერ, მაინც ასეა, რადგან დაინახავ, რომ რაღაც უნდა შეცვალო და მეტი გააკეთო. ამრიგად, მოტივაცია არც ერთ შემთხვევაში არ დამეკარგებოდა. ვფიქრობ, ამ კონკურსში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიმეღო. არა იმიტომ, რომ ჩემი თავი საუკეთესო მასწავლებელი მგონია, არამედ იმიტომ, რომ მოსწავლეების მოთხოვნებისა და სურვილების გათვალისწინებით ვასწავლი, გაკვეთილებსაც შესაბამისად ვგეგმავ და, წლების განმავლობაში, მოსაყოლი ბევრი დამიგროვდა. გარდა ამისა, ახალგაზრდა ვარ და ძალიან მინდა, ჩემი მაგალითით ამ პროფესიით მეტი ახალგაზრდა დავაინტერესო, მასწავლებლობა მათთვისაც გახდეს საინტერსო და გაიგონ, რომ ამ პროფესიაშიც შეიძლება იყო ბედნიერი, რეალიზებული და პერსპექტიული.

– საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ თქვენი მასწავლებლობის სურვილის მიმართ ბევრი სკეპტიკური დამოკიდებულება გსმენიათ. ცხადია, განათლების სფეროში ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ მასწავლებლის პროფესიის მიმართ ამგვარ დამოკიდებულებას მაინც რა იწვევს?

– ფაქტია, რომ საზოგადოება ნეგატიური ინფორმაციით უფრო ინტერესდება, ვიდრე პოზიტიურით. არადა, ჩვენს სფეროში იმდენი საინტერესო რამ ხდება, მოსაყოლი არ დაილევა. მოდი, ამაზე  ვილაპარაკოთ და არა იმაზე, რამდენი მასწავლებელი ჩაიჭრა გამოცდებზე და რამდენმა ვერ დააკმაყოფილა კომპეტენცია. ნუ დაგვავიწყდება, რომ უმეტესობამ პირადი ცხოვრება დათმო, რათა მასწავლებლის პროფესიაში წარმატებისთვის მიეღწია და ბავშვებისთვის განათლების ბედნიერება მოეტანა. სწორედ, ნეგატიურ სიახლეებზე აქცენტირება ბადებს ჩვენი პროფესიის მიმართ სკეპტიციზმსაც. აქვე აუცილებლად უნდა ვახსენო ანაზღაურების საკითხიც. ეს აუცილებელია, რათა ადამიანი მხოლოდ მასწავლებლობაზე იყოს კონცენტრირებული და დღე ისე დაგეგმოს, სხვა საქმის კეთება არ უწევდეს. მასწავლებლების უმეტესობა, შემოსავლის გაზრდის მიზნით, სხვა საქმესაც აკეთებს, ამ დროს კი თავის მოსწავლეებს აკლებს.

– მახსოვს, როდესაც „მანდარინები“ „ოსკარის“ ნომინაციაში მოხვდა, ამ წარმატების გამო კინოცენტრს დაფინანსება გაუზარდეს. იქნებ, ლადო აფხაზავასა და თქვენნაირი სხვა მასწავლებლების ამბავმაც შეცვალოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულება?

– ამ მხრივ, იმედიანად ვარ განწყობილი. თუნდაც ერთი ლადოს აფხაზავას მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ უკვე მოიტანა უდიდესი შედეგი – მასწავლებლების მიმართ დამოკიდებულება ჯანსაღი მიმართულებით შეიცვალა, და ეს შედეგი წლების შემდეგ უფრო თვალსაჩინო გახდება, როცა რეალურ ნაყოფს მივიღებთ. მეც კი, კონკურსის რიგითი მონაწილე, უკვე ვხვდები შეცვლილ განწყობასა და დამოკიდებულებას. თუმცა, სხვა მასწავლებლებისგან განსხვავებით, ამ განწყობას სულ ვგრძნობდი, რადგან თავიდანვე ისეთ სკოლაში მოვხვდი, სადაც მასწავლებელს აფასებენ, უსმენენ, სადაც მასწავლებლის სჯერათ. ეს დიდი ბედნიერებაა. არიან ისეთი მასწავლებლებიც, თუნდაც იგივე ლადო აფხაზავა, მინიმალურ ხელფასზე და მძიმე პირობებში რომ უმუშავიათ, მაგრამ საქმის კეთება არასდროს შეუწყვიტავთ. აუცილებლად უნდა დავაფასოთ ადამიანები, რომლებიც სრულად აცნობიერებენ საკუთარ წილ პასუხისმგებლობას და ბოლომდე იხარჯებიან ამ პროფესიაში.

– ლადო აფხაზავა ახსენეთ და მოდი, ცოტა მასზეც ვისაუბროთ. თქვენი შეფასებით, როგორი მასწავლებელია? და თუ მასწავლებლის გლობალური ჯილდოს წლევანდელი ათეულით ვიმსჯელებთ, როგორია თანამედროვე განათლების სისტემის მოთხოვნები და კრიტერიუმები?

– ლადო ორი წლის წინ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტების შეკრებაზე გავიცანი და მალევე დავმეგობრდით. ჩიბათის სკოლაში არ ვარ ნამყოფი, არ მინახავს, როგორ ატარებს გაკვეთილებს, მაგრამ შევხვედრივარ მის მოსწავლეებს და ეს უკვე ნიშნავს, რომ ლადოს შესახებ ყველაფერი ვიცი – მოსწავლეები აღტაცებით ყვებიან, ლადოსთან შეხვედრის შემდეგ, როგორ გაუმჯობესდა არა მხოლოდ მათი სასწავლო პროცესი, არამედ ცხოვრებაც. რაც შეეხება მსოფლიო განათლების სისტემის კრიტერიუმებს, აშკარაა, რომ უპირატესობა არაფორმალურ განათლებას ენიჭება, ბავშვებს ისე ასწავლიან, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა ცხოვრებაში მართლაც გამოიყენონ.

– თქვენ რამდენად იყენებთ არაფორმალურ განათლებას?

– ვფიქრობ, რომ ვიყენებ, რაც ჩემი მოსწავლეებისგან მიღებულ უკუკავშირში ჩანს. ახლავე გაჩვენებთ დღევანდელ დავალებას… თავადაც ისე მაინტერესებს, ერთი სული მაქვს, ბოლომდე როდის გადავიკითხავ… აი, ისიც: მერვეკლასელებს პროგრამაში დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ აქვთ. თავიდან არ დაინტერესდნენ, ტექსტს ვერაფრით დაუახლოვდნენ, რაც დროითი დისტანციის, ენის თავისებურებითა და სხვა მიზეზებით იყო განპირობებული. ერთადაც ვცადეთ წაკითხვა, მაგრამ მაინც არაფერი – ინტერესი არა და არ გაჩნდა. ბოლოს გამოსავალი მოვძებნე: ეკრანზე დავით კლდიაშვილის ოთხ შვილთან ერთად გადაღებული ფოტო ვაჩვენე და ვთხოვე, მისი ენით მიეწერათ ცოლისთვის, მარიამ მაჭავარიანისთვის, რომელიც ფოტოზე არაა, ვითომ სადღაცაა წასული. შესანიშნავი შედეგი მივიღე, რადგან დავინახე, რომ ასე უკეთესად გაუგეს მწერალს, მის ეპოქას მეტად დაუახლოვდნენ. ერთმა წერილის გარდა მეუღლეს შვილების ნახატებიც გაუგზავნა, ვითომ ბავშვებმა დედას ოჯახის წევრები დაუხატეს. ამ საოცარი უკუკავშირის შემდეგ მეც როლში შევედი და მეტი მოვინდომე: წავიკითხეთ დავით კლდიაშვილის მოგონებები ბათუმზე და ვთხოვე, მაშინდელი ბათუმის ფოტოები მოეძებნათ და საკუთარი აღწერებით გამოეგზავნათ. ამას კი უამრავი თემა მოჰყვა – მაგალითად, ვითომ დავით კლდიაშვილის სახელით წლის საუკეთესო მწერლის საკონკურსო განაცხადი უნდა შეევსოთ. გარეთ 1910 წელია. დავით კლდიაშვილი წერს ბიოგრაფიას, იხსენებს ბავშვობას, ლაპარაკობს განათლებაზე, წერს სამოტივაციო წერილს, ბოლოს კი პასუხს სცემს კითხვაზე, 21-ე საუკუნეში რომ მოხვედრილიყო, რაზე დაწერდა ნაწარმოებს და სათაურად რას დაარქმევდა. ამრიგად, მოსწავლეები ეცნობიან არა მხოლოდ მწერლის ბიოგრაფიას და მრავალშვილიანი მამის ცხოვრების დეტალებს, არამედ სწავლობენ საარქივო მასალის მოძებნას, ბათუმის ისტორიას, საკონკურსო განაცხადის შევსებას, სამოტივაციო წერილის წერას და, ბოლოს, დროშიც მოგზაურობენ. ანუ ერთი გაკვეთილით გავიარეთ არა მხოლოდ შემეცნებითი და გასართობი, არამედ მომავალში გამოსადეგი საკითხებიც.

– ეს ყველაფერი ძალიან კარგია, თქვენც აღფრთოვანებით ლაპარაკობთ და ბავშვებსაც მოსწონთ, მაგრამ როგორია მშობლების დამოკიდებულება არაფორმალური სწავლების მიმართ?

– ჩემი ერთ-ერთი მეთოდი თამაშით სწავლებაა, რაც ძალიან სახალისოა და მოსწავლეები ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან. ასევე ძალიან ეფექტურია, როდესაც ბავშვები სასწავლო რესურსს თავად ქმნიან. ცხდია, ამ მეთოდს ხშირად ვერ მივმართავ, რადგან განსაკუთრებული გაკვეთილები უამრავ დროსა და შრომას მოითხოვს, შეიძლება ღამის გათენებაც დამჭირდეს. თუმცა ბავშვების გასაბედნიერებლად ყველანაირი მსხვერპლი გამართლებულია. ამას მშობელიც ხედავს, რომელსაც სწორი კომუნიკაციით ადვილად აუხსნი, თუ რატომ ჯობს ესა თუ ის განსხვავებული მეთოდი უკვე დადგენილს. თუ მშობელთან კომუნიკაცია წარმატებულია, მაშინ ბავშვიც მოგებული გამოდის, რადგან მასწავლებელი და მშობელი სწორედ მისი უკეთესი შედეგისთვის ერთიანდებიან. ამისთვის მშობელს მასწავლებლის მიმართ ნდობაც უნდა ჰქონდეს. საკუთარ მაგალითს მოგიყვანთ: როდესაც მასწავლებლობა დავიწყე, ისეთი პატარა ვიყავი, რომ ჩემი მოსწავლეების მშობლები ჩემს მშობლებზე უფროსები იყვნენ. მაგრამ ნდობა გამომიცხადეს, შვილები მომაბარეს, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ.

– ეროვნული კონკურსის ათეულში მოხვედრა უკვე არის წარმატება. შესაბამისად, ალბათ გქონდათ შემოთავაზებებიც.

– მასწავლებლობა ამ სკოლაში დავიწყე და, მეცხრე წელია, აქ ვარ. ცხადაია, შემოთავაზება სხვა სკოლებიდანაც მქონია, მაგრამ ეს სკოლა, ეს სივრცე, ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია. შეიძლება ითქვას, რომ აქ გავიზარდე და მენდობოდნენ მაშინაც, როდესაც არავინ მიცნობდა. ამ ნდობამ და თავისუფლების ხარიხმა კი მეტის საკეთებლად გამაძლიერა.

– თითქმის ათი წელია, მასწავლებლი ხართ. გიფიქრიათ ვინ და სად იქნებით კიდევ ერთი ათი წლის შემდეგ?

– სკოლაში აუცილებლად ვიქნები, თუმცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე უკვე ვასწავლი ქართულის მომავალ მასწავლებლებს. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მასწავლებლობა შევაყვარო, იცოდნენ, რომ ეს ძალიან საინტერესო პროფესიაა და აუცილებლად შეუყვარდებათ. პარალელურად „ქორალის“ დირექტორის მოადგილეც ვარ. ჩემი საქმე ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება, პროექტების მომზადება და მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებაა. ყოველდღიურად მზრდის ჟურნალ „მასწავლებლის“ ავტორობაც. ამრიგად,  ძიებისა და ახალი აღმოჩენებისთვის მუდამ მზად ვარ – მომწონს მასწავლებლობა და ამ პროფესიაში ყოფნის არ მეშინია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი