ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დედა. 37.8

ზაფხულის გრძელი დღეა. ქობულეთში რომ ორი გრძელი ქუჩაა, ეს ქუჩები რომ ერთმანეთს გადააბა, იმაზე გრძელი და დაუსრულებელი.  სადღაც 800 ნომერთან ხარ, ანუ თითქმის საღამოვდება.

შენ ცხოვრობ, ვთქვათ, ერთი პატარა ქალაქის რომელიმე სახლში. სულერთია როგორში და კაცმა, რომ თქვას, სულერთია ვინ ხარ – მთავარია ხვალ ექსკურსიაზე მიდიოდე. ქუთაისში.

გიხარია. ძალიან გიხარია. საბაგიროა. ქუთაისია.

– სიმაღლის გეშინია?

– სიმაღლის შენ გეშინია თუ კაია – გპასუხობს თოკო. კლასელი.

დედა საღამოს სადღაც გავიდა. ცოტა დააგვიანდა. სანამ დაბრუნდა, შენ დაწოლილი დახვდი.

– რა გჭირს, ტელევიზორს არ უყურებ?

– ხვალ დილას ადრე წავალთ და გამოძინებული უნდა ვიყო.

ასეთი ღამეები, ქობულეთის კი არა, სამყაროს ყველაზე დიდ გზებზე უფრო გრძელდებიან. ჩასაფრებული უყურებ ფანჯრის დაზეპირებულ კუთხეს, საიდანაც მზე ამოდის და სულ წარმოიდგენ რომ აი, ცის ბოლო ნამტირალევ ქუთუთოსავით შეწითლდა და გათენდება.

– გაიღვიძე! – დედა სასთუმალთან ზის

შენ წამოხტები და საათს უყურებ. უფ, არის კიდევ დრო. მიასწრებთ ავტობუსს.

– წავედით, წავედით! – ყვირი სიხარულით

– დაწექი – შემაშინებლად მშვიდია დედა

– რატომ? – ხმა გიწყდება

– სიცხე გაქვს – მეუბნება დედა

– არ მტკივა არაფერი. თავი არ მტკივა!

– შუბლი ცხელი გაქვს, მოიცა, გაგიზომავ!

– შუბლი სულ ცხელი მაქვს მასე!

– მოიცა.

შენ იცდი ათ წუთს. დედა თერმომტერს იღებს, ფანჯარასთან მიაქვს და გაყინული ხმით ამბობს.

– არ შეიძლება, 37.8 გაქვს, აგიწევს კიდევ. სწრაფად ფერთხავს. ოდნავ ფანჯრისკენ პირშებრუნებული.

– დღეს წიგნებს არ წაგაკითხებ. არც მათემატიკას. რამე ვითამაშოთ – იღიმის და ოდნავ თვალს გარიდებს.

ვერ ხვდები იტირო, იყვირო თუ თერმომეტრი დალეწო. რომც მიხვდე, თითქოს არცერთის ძალა აღარ გაქვს. სადღაც შენში იმეორებ განწირულ სიტყვებს: ექსკურსიაზე მინდა. არ მაქვს სიცხე. არ მაქვს.

– ხო, არ გქონდა სიცხე – გითხრა დედამ და ფანჯრისკენ ზუსტად ისე გაიხედა, როგორც თხუთმეტი წლის წინ. ცხოვრება ქობულეთის ერთი ქუჩიდან რომ მეორეზე შესახვევს გადაყავხარ, იმაზე მოკლეა. შენ უკვე 26 წლის ხარ. დედა 54-ის.

– მთელი ღამე ვირბინე მეზობლებთან და ნათესავებთან. კაპიკი არ ჰქონდა არცერთს და ვერ შევაგროვე ექსკურსიის ფული. ჯობდა სიცხე გქონოდა. სიცხე უფრო ადვილი იქნებოდა. ალბათ.

შენ გაკვირვებული უყურებ დედას. დედა შორს იყურება. სადღაც უკან. 15 წლით ახალგაზრდაა. იმ თერმომეტრს უყურებს და ფიქრობს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი