ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

პირველი ნაბიჯები მრავალფეროვნების მიმღებლობისკენ

აქტივობები, რომელსაც  შემოგთავაზებთ,  ერთდროულად ეპასუხება ეროვნული სასწავლო გეგმასა (საზ.მეც.დაწყ.(I).14.  მოსწავლემ უნდა შეძლოს: ქცევის წესების გათავისება, თანატოლებთან მათი შეთანხმება და დაცვა; შემწყნარებლობის გამოვლენა განსხვავებული კულტურის, ეროვნების, შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ;) და დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდანციო  ჩარჩოს  (კომპეტენცია  – კულტურული მრავალფეროვნების დაფასება) 202 -ე დესკრიპტორს.

ამ აქტივობებით აგებული გაკვეთილი მესამე კლასელებისთვის არის რეკომენდებული. თუმცა მოდიფიცირებით ის პირველ-მეორე კლასებშიც შეიძლება გამოვიყენოთ.

გაკვეთილის მიზანია – მოსწავლეებმა გაიაზრონ მრავალფეროვნების ცნება, განივითარონ მრავალფეროვნების პატივისცემისა და შემწყნარებლობის, თანაგრძნობის უნარები.

ასევე, განივითარონ თანამშრომლობითი სწავლებისა და კრიტიკული აზროვნების უნარები.

მასწავლებელი გამოწვევის ფაზაზე დაფაზე წერს სიტყვას „მრავალფეროვნება“ და მოსწავლეებს სთხოვს, დაასახელონ, რა ნიშნით შეიძლება გამოვლინდეს მრავალფეროვნება თანაკლასელებს შორის? ჩამოთვლილი პასუხები გადააქვს დაფაზე, შემდეგ აკეთებს შეჯამებას და აჯგუფებს პასუხებს.

შემდეგ აქტივობაში მოსწავლეებს ურიგდებათ რესურსი 1. მოსწავლეები ქმნიან წყვილებს და მასწავლებლის ინსტრუქციის მიხედვით  კითხულობენ ტექსტს. ნაწილს კითხულობს პირველი და მეორე უსმენს და შემდეგ – პირიქით.

მასწავლებელს თვალსაჩინოდ (დაფაზე ან ფლიპჩარტზე) უწერია შემდეგი კითხვები:

  • რას იტყვით მოთხრობაზე? რა გავიგეთ? რა იყო გაუგებარი?
  • რატომ აშინებდა ჰეგანას სკოლაში მისვლა?
  • თქვენ რა განცდა გექნებოდათ იმ გარემოში, სადაც თქვენთვის გაუგებარ ენაზე საუბრობენ?
  • რატომ არ იცოდა გოგონამ ქართული?
  • ვინ დაეხმარა მას?
  • თქვენ როგორ მოიქცეოდით მარის ადგილას?

კითხვის დასრულების შემდეგ მასწავლებელი ახმოვანებს პირველ კითხვას და განმარტავს უცხო სიტყვებს. შემდეგ წყვილებს აერთიანებს 4 ან 6-კაციან ჯგუფებად და სთხოვს, ერთობლივად იმუშაონ დარჩენილ კითხვებზე პასუხის გასაცემად. შეახსენებს ჯგუფური მუშაობის წესებს და უნიშნავს დროს პრეზენტაციისათვის. პრეზენტატორები წარმოადგენენ პასუხებს.

მასწავლებელი აჯამებს აქტივობას, ავლებს პარალელებს დაფაზე დაფიქსირებულ სიტყვასთან – ,,მრავალფეროვნებას“ (ეთნიკურ, ენობრივ, კულტურულ); განმავითარებელ შეფასებას აძლევს ჯგუფებს, ამასთან ითხოვს, თითოეულმა მოსწავლემ გააკეთოს ჩანიშვნა გაკვეთილზე ჩართულობის რუბრიკის შესაბამისად, რადგან გაკვეთილის ბოლოს მათ თვითშეფასების ამ კრიტერიუმების მიხედვით გაკეთება მოუწევთ.

შემდეგი აქტივობა მცირე დისკუსიაა საკითხზე – ,,რა გვაქვს საერთო და განმასხვავებელი?“, ან  თუ დროის ფაქტორი იძლევა საშუალებას, შეიძლება ჩანაცვლდეს სავარჯიშოთი, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები დგანან წრეზე,  თითოეული ასახელებს თავის ორ მახასიათებელს, მომდევნო იქნება ის, ვისაც ამ ორიდან ერთ-ერთი ახასიათებს და ასე გრძელდება (მაგალითისთვის: პირველი – ,,მე ვარ მაღალი და მიყვარს წიგნის კითხვა“, მეორე – ,,მეც მიყვარს წიგნის კითხვა და მე მყავს ძაღლი“, მესამე – „მეც მყავს ძაღლი და მიყვარს ყვავილები“…), სანამ ყველა არ იპოვის საერთოს მეგობრებთან. საბოლოოდ მოხდება აქტივობის შეჯამება, რომ ყველას გვაქვს საერთო და განმასხვავებელი, საერთო ჩვევებზე, ინტერესებზე ბევრი რამ ვიცით, მაგრამ არ ვიცით და გვაინტერესებს ის, რაც განსხვავებულია. ვავლებთ პარალელებს წაკითხულ ტექსტთან და ვსვამთ კითხვას – ,,როგორ უნდა ექცეოდნენ ერთმანეთს განსხვავებული ადამიანები?“ და ამაზე მსჯელობისთვის შემდეგ სავარჯიშოს ვთავაზობთ:

მოსწავლეებს ვეუბნებით, რომ ახლა ჩვენ უნდა ავაგოთ კლასში განსხვავებულთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის ქსელი. მოსწავლეები დგებიან წრეზე, ჩვენც ვდგებით მათ შორის. ხელთ გვაქვს მსხვილი ძაფის გორგალი. მოსწავლეებს ვაცნობთ  სიტუაციას. ჰეგანა ჩვენი თანაკლასელია და ქართულად კარგად ვერ საუბრობს, თუმცა ძალიან უნდა, რომ ქართული ისწავლოს. ერთი თანაკლასელი დასცინის ჰეგანას, როცა სიტყვას ან წინადადებას სწორად ვერ ამბობს. გოგონას რცხვენია და აღარ საუბრობს. როგორ მოიქცევით თქვენ და რას ეტყვით მოძალადეს ან ჰეგანას? თითოეულმა მონაწილემ სახელის დაძახების შემდეგ ძაფის გორგალი უნდა გადაუგდოს თანაკლასელს და ეს კითხვა დაუსვას. მიმღები იჭერს გორგალს, ამბობს, რას გააკეთებს თვითონ, რას ეტყვის მოძალადეს ან ჰეგანას და გორგალს შემდეგ მეგობარს გადაუგდებს კითხვით – ,,თამარ, შენ რას გააკეთებ და იტყვი?“ გორგალი ისე უნდა გადააგდოს, რომ თითი ძაფზე მყარად ჰქონდეს გამოდებული, რომ გაიბას სწორი ხაზი მასსა და გორგალის მიმღებს შორის. გორგალი ყველა ბავშვთან უნდა მივიდეს. ასე დაიქსელება წრე. ამით სავარჯიშოს პირველი ნაწილი დასრულდება. ამასობაში მასწავლებელი კიდევ ერთხელ აჯამებს იმ მხარდაჭერას, რომელიც ბავშვებმა ჰეგანას მიმართ გამოიჩინეს და იმ რჩევებს, რომელიც მათ მოძალადე მეგობარს მისცეს.

შემდეგ იწყება მეორე ნაწილი: მასწავლებელი ბავშვებს ეკითხება, რა მოხდებოდა, იმ კლასში, სადაც სხვანაირად (არასწორად) მოიქცეოდნენ. მაგალითად: სხვებიც დასცინებდნენ ჰეგანას. იტყვის მასწავლებელი და მაკრატლით ჩაჭრის თავისგან მიმავალ ძაფს. შემდეგ თანმიმდევრულად მიდის წრეში მდგომ მოსწავლეებთან და ეკითხება, რა იქნებოდა არასწორი საქციელი? თითოეული ასახელებს: მის გვერდით დაჯდომას არ მოისურვებდნენ… ჩაიჭრება კიდევ ერთი ძაფი, არ იმეგობრებდნენ… ჩაიჭრება ძაფი და ასე გაგრძელდება. ქსელი თანდათან დაბლა დაეშვება და საბოლოოდ სულ ძირს დავარდება. მასწავლებელი სვამს კითხვებს, რათა მოსწავლეებმა შეაჯამონ აქტივობა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ თითოეული მათგანის მოქმედება ქმნის კლასში განსხვავებულთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის ქსელს და რაც უფრო მეტი ბავშვია, მით უფრო მტკიცე და უწყვეტია  ურთიერთობების ქსელი, ყველა თავისი კლასის სრულუფლებიან წევრად გრძნობს და სკოლაში მოსვლა უხარია.  ეს თითოეულის ქმედებაზეა დამოკიდებული.

მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებას: მისწერონ ბარათი ან  ჰეგანას – მხარდაჭერისთვის,  ან მოძალადეს – საჭირო რჩევებისთვის.

რესურსი 1.

ჰეგანა

ჰეგანა ლამაზი გოგოა. სექტემბერში სკოლაში უნდა წავიდეს. ეს თან ახარებს, თან აშინებს. ჰეგანა აზერბაიჯანელია და სახლში თავის ენაზე ლაპარაკობს. სკოლაში კი ქართული უნდა ისწავლოს.  მისი და ნაჯიბა უკვე მეცხრე კლასშია და წარმატებული მოსწავლეა. ის ცდილობს დასაც ასწავლოს ქართული, თან ამშვიდებს, მასწავლებელიც დაგეხმარება და მეც აქ ვარო.

ნაჯიბამ სკოლიდან ახალი ამბავი მოიტანა. არდადეგებზე ,,ზაფხულის სკოლა“ იმუშავებს და ბავშვებს ქართულის სწავლაში დაეხმარება, მონაწილეებში ჰეგანაც ჩავწერეო.

,,ზაფხულის სკოლა“ დაიწყო. უფროსმა დამ უმცროსი სკოლაში წაიყვანა. ოთახში კედლებზე დიდი ნახატები დახვდათ, ქართული წარწერებით. მომავალი პირველკლასელებისთვის ცალკე ჯგუფი შექმნეს. ქართულ მულტფილმებს ნაწყვეტ-ნაწყვეტ აჩვენებდნენ და მერე საუბრობდნენ – რა გაიგეს, ან ვერ გაიგეს. ნაჯიბა და სხვა უფროსკლასელებიც ეხმარებოდნენ მასწავლებელსა და ბავშვებს.

ჰეგანას გვერდით მჯდომი გოგონა გაეცნო: – მე მარი ვარ, შენ რა გქვიაო? ჰეგანას მეზობელი მოეწონა, სახელიც უთხრა, მაგრამ საუბარს ერიდებოდა, არ შემეშალოს, დამცინებსო.. ერთ-ორ დღეში,  დამეგობრდნენ, ჰეგანაც ნელ-ნელა ალაპარაკდა. თუ რამე შეეშლებოდა, მარი ჩუმად უსწორებდა.  შესვენებას ერთად ატარებდნენ.

მულტფილმები მოსწონდათ. მოსწონდათ თეა მასწავლებელიც, რომელიც ცხოველების სახელების გამოსაცნობად ბავშვებს მათი ხმების გამოჯავრებით მიანიშნებდა: ხან მამალს აჯავრებდა, ხან ,,ბეეს“ იძახდა. ბავშვები იცნობდნენ სიტყვებს და თან მხიარულობდნენ.

გული დასწყდათ, როცა ზაფხულის სკოლის ერთი თვე ამოიწურა. ჰეგანას სექტემბრის მოსვლა უკვე აღარ აშინებს, პირიქით, მოუთმენლად ელოდება. იქ  მარი და სხვა ბავშვები ეგულება.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი