პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სელიას სიმართლე

სელია ცხრა წლის გოგოა, ავსტრალიაში, მელბურნის გარეუბანში ცხოვრობს. გასული საუკუნის 50-იანი წლებია, კომუნიზმი და კომუნისტური საკითხავი საფრთხედ აღიქმება, გაუგონარი ბავშვების დასჯის ყველაზე გავრცელებული ხერხი კი ჯერ კიდევ ქამრით ცემაა. სელია ცელქი, მხიარული გოგოა, ბრწყინვალე წარმოსახვით – რა უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში, რომ მაშინვე თამაშად არ აქციოს. ეს კი, ცხადია, საშიშია…

ფილმი, რომელზეც ვწერ, 1989 წელს გადაიღო ავსტრალიელმა რეჟისორმა ენ ტერნერმა. მას მთავარი გმირის სახელი ჰქვია და, პირველ რიგში, იმით არის გამორჩეული, რომ თვალშისაცემად განსხვავდება ბავშვებსა და ბავშვობაზე გადაღებული სხვა ფილმებისგან – ვერც ერთს ვერ მიუახლოებ, ჟანრის განსაზღვრის მცდელობაც მარცხით დამთავრდება.

ერთი შეხედვით, სელია ტრავმირებულის შთაბეჭდილებას სულაც არ ტოვებს: ბავშვებთან ერთად სირბილი, გართობა, ქვეყნის დაქცევა უხარია, არც სიახლეების ეშინია – მეზობლად გადმოსულ ოჯახს მარტივად უახლოვდება და უმეგობრდება კიდეც, პატიებაც იოლად შეუძლია – მამაზე გაჯავრებული კია, მაგრამ გული მალე უბრუნდება… თითქოს ისეთიც არაფერი ხდება მის ცხოვრებაში, რამაც სიზმრების ქვეყანა ურჩხულებით უნდა აუვსოს – იმ შემზარავი არსებებით, დროდადრო ცხადშიც რომ იპარებიან და გულს უხეთქავენ.

ჰობიები იმ წიგნის გმირები არიან, სკოლაში მასწავლებელი მთელ კლასს რომ უკითხავს. თუმცა ისინი მხოლოდ გოგონას წარმოსახვაში ცოცხლდებიან, სხვა  ბავშვების თვალში კი, საშიში არც არაფერი აქვთ – მხოლოდ და მხოლოდ ზღაპრის უარყოფით პერსონაჟებს წარმოადგენენ. სელიას შემთხვევაში, საქმე ასე მარტივად არ არის და ძნელია, ზუსტად განსაზღვრო – რატომ?

საყვარელი ბებიის გარდაცვალება, საგრძნობი დაძაბულობა მშობლებს შორის, ყურმოკრული საუბრები საყოველთაო საფრთხის შესახებ, დიდების სამყაროს გაუგებარი წესები და კანონები, ბავშვების სამყაროს ბუნებრივი სისასტიკე, საყვარელ ცხოველთან განშორება, საყვარელი ცხოველის სიკვდილი… კი, ძნელად ასატანია. ფილმის ყურებისას ხვდები, რომ ცხრა წლის გოგო მართლაც ბევრს უძლებს, თუმცა, მეორე მხრივ, საკუთარი ბავშვობის სურათებიც გახსენდება – განა ჩვენ ნაკლებს ვუძლებდით? სელიასაც უცებ ეცვლება ხოლმე განწყობა – ისევ მხიარული გოგოა, ისევ სათამაშოდ მიუწევს გული…

ამიტომაც აღმოჩნდება სრულიად მოულოდნელი ის მიმართულება, რომელსაც ენ ტერნერი ირჩევს თავისი სადებიუტო ფილმის დასასრულს. ფინალზე არაფერს ვიტყვი – ალბათ, ისედაც საკმარისზე მეტი ვთქვი ამ უცნაური სურათის შესახებ. მოკლედ, თავად უნდა ნახოთ და ვარაუდების მართებულობა-უმართებულობაშიც თავადვე გაერკვეთ. სელია პირველივე წუთებიდან გვიყვარდება, მერე კი რას აღარ ვაკეთებთ, რომ ეს სიყვარული არ დავთმოთ.

მე ყველაფერი მშობლებს გადავაბრალე – ყველაზე მარტივი იყო და ამიტომ. ცხადზე უცხადესია, რომ არაფერი იციან იმაზე, რაც გოგონას უცნაური არსებებით დასახლებულ სამყაროში ხდება, ვერ ხვდებიან, რომ მისი პატარა კუნძულისგან წარმოუდგენლად დიდი მანძილით დაშორებულ მიწაზე დგანან. არც კითხვები უჩნდებათ და არც პასუხებს ეძებენ. თითქოს ის, რომ უპირობოდ უყვართ მშობლის სიყვარულით, საკმარისი იყოს… შესაძლოა სწორედ ამ არსებითი დაშორების, მეტისმეტი განსხვავების გამომხატველია ისიც, რომ ფილმის მთავარი გმირი გარეგნულად ძალიან განსხვავდება დედ-მამისაგან – ვერც კი იფიქრებ, რომ მათი შვილია.

გამახსენდა ჩემი თამაშებიც, წარმოსახვით გაცოცხლებული წიგნის გმირები, საყვარელი წიგნების გაგრძელებების წერა, სცენები ფილმებიდან, რომლებსაც შეპყრობილივით ვუყურებდი ხოლმე – ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი დამემახსოვრებინა და თავიდან გამეთამაშებინა. მახსოვს საშინელი საფრთხის განცდაც, ჩემი მაშინდელი წარმოდგენით, ამერიკიდან რომ გვემუქრებოდა – ამაზე ტელევიზორში საუბრობდნენ, გაზეთებში წერდნენ, ეზოებში ლაპარაკობდნენ. ისეთი მოგონებებიც მაქვს, რომლებსაც სინამდვილესთან ვეღარაფრით ვაკავშირებ – წმინდა წყლის ჰალუცინაციები უნდა იყოს.

რა გამოდის და ის, რომ სელიას სიმართლე სხვების სიმართლეცაა – მისნაირების, შეშინებულებისა და გულგამაგრებულების, ბევრის გადამტანებისა და დროდადრო ძალიან დაბნეულების. ამ ავსტრალიურ ფილმში იმაზე მეტიც ჩნდება, ვიდრე თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით უნდა გამოჩენილიყო – ყოველ შემთხვევაში, ასეთი განცდა დამიტოვა ენ ტერნერის სურათმა, რომელზე საუბარიც ადვილი ნამდვილად არ არის. მე კი უფრო იმიტომ გავბედე, რომ მშობლები გამეფრთხილებინა: მხოლოდ უპირობო სიყვარულის იმედად ნუ იქნებით-მეთქი.

ის, რაც ბავშვის წარმოსახვაში ხდება, იმაზე მეტად მნიშვნელოვნია, ვიდრე გვინდა, ვირწმუნოთ. ნანახი და გაგონილი ხშირად რაღაც სხვად გარდაისახება, უძილობის წუთები და ღამის ხმები კი თავისას უმატებს წარმოსახულს. ღია ფანჯარაში ლურჯი ხელი ჩნდება – ეს ყველაზე გამბედავი ჰობიაა, მოვიდა, რომ დაგხედოს და მერეც სხვებიც მოიხმოს…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი