ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

  ჯვარედინი  დისკუსია ეფექტური მეთოდი

   იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი ხალისიანი და ეფექტური გავხადოთ, საჭიროა მასწავლებელმა გამოიყენოს სხვადასხვა მეთოდი თუ სტრატეგია, თუმცა ყოველი მათგანი უმჯობესია გათვლილი იყოს მაღალ სააზროვნო უნარებზე, დისკუსია, როგორც საგანმანათლებლო ტექნოლოგია აუცილებელია, როგორც კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის ისე, დიალოგის, შეხედულებათა შეჯერების, საკითხისადმი შემოქმედებითი  მიდგომის  ჩვევების გამოსამუშავებლად. რაც შეეხება ისტორიას, როგორც საგანს და მისი სწავლების თავისებურ მიმართულებებს, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სხვადასხვა საფეხურზე მოსწავლეს უნდა ჩამოუყალიბდეს შემდეგი სააზროვნო უნარები: ისტორიული მოვლენების მიზეზების ახსნა და მისი შედეგების გაანალიზება, ისტორიული პროცესის სხვადასხვა კუთხით დანახვა, ისტორიული მასალის შედარება – ანალიზი, ისტორიულ თემაზე გამართულ დებატებსა თუ დისკუსიებში მონაწილეობა. თავად დისკუსია კი ის მეთოდია, რომელიც ისტორიის მასწავლებელმა შეიძლება საკმაოდ ხშირად გამოიყენოს, რადგან ისტორიის გაკვეთილებისათვის მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ. დისკუსიის წარმართვა ისტორიის გააზრების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. იგი ეხმარება ისტორიის მასწავლებელს საგნის სტანდარტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევაში. დისკუსია ერთ-ერთი თანამედროვე მიდგომაა ისტორიის სწავლების, რომელიც ორიენტირებულია არა ფაქტებისა და თარიღების დამახსოვრებაზე, არამედ ისტორიული პროცესიის გაანალიზებასა და შეფასებაზე.

სიტყვა დისკუსია უმრავლეს შემთხვევაში აზრთა ჭიდილში გამობრძმედილ ადამიანთა თავყრილობასთან ასოცირდება. დისკუსიის, როგორც მეთოდის, გამოყენება სწავლა სწავლების პროცესში იშვიათად ხერხდება,  თუმცა იგი მოქალაქეობრივი აქტივობის ზრდისა და განვითარების საუკეთესო საშუალებაა. იმისათვის, რომ დისკუსიის წარმართვამ დადებითი  შედეგი გამოიღოს მასწავლებელმა ისეთი ატმოსფერო უნდა შექმნას, რომელიც  მონაწილეებს აზრისა და შეხედულების თავისუფლად გამოთქმას გაუადვილებს, მოსწავლე ადვილად ჩამოაყალიბებს საკუთარ მოსაზრებას, მას შიში არ გაუჩნდება განსხვავებული აზრის დაფიქსირების, დაცინვის და უგულებელყოფის. მოსწავლე შეძლებს, თავად განსაზღვროს სადისკუსიო თემა ინტერესიდან გამომდინარე, სწავლების თანამედროვე პირობები მოითხოვს კარგად იქნას გააზრებული მისი მნიშვნელობა.

ეფექტური დისკუსიის წარმართვისათვის არსებობს სხვასხვა ფორმის დისკუსიის მეთოდები. ამჯერად ყურადღებას შევაჩერებ ჯვარედინი დისკუსიის მეთოდზე და მისი გამოყენების ეფექტურ მნიშვნელობაზე ისტორიის სწავლების პროცესში, რომელმაც მერვე კლასში გაკვეთილი შედეგზე ორიენტირებული გახადა. მოგეხსენებათ, ისტორიის სახელმძღვანელოები დატვირთულია უამრავი ფაქტისა თუ თარიღის დასახელებით, რომლებიც ნაკლებად უწყობს ხელს მოსწავლეში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას. დისკუსია კი ცოცხალი და სახალისო პროცესია. იგი ეხმარება მოსწავლეს უკეთ გაიაზროს შესასწავლი საკითხი, ჩამოაყალიბოს განსხვავებული მოსაზრებები, იმსჯელოს ყველა შესაძლო ვარიანტზე, ახლებურად გაიაზროს მასალა, მას უვითარდება კამათის და საკუთარი აზრის არგუმენტირებულად დასაბუთების უნარი. დისკუსიამდე, სხვადასხვა რესურსის გამოყენებით შევისწავლეთ ეპოქა, გავაანალიზეთ სახელმძღვანელოში მოცემული წყაროები, რათა მოსწავლეებს ნათელი წარმოდგენა შეჰქმნოდათ განსახილველი საკითხის მნიშვნელოვან დეტალებზე, მასალის დამუშავების შემდეგ მოსწავლეებმა თავად განსაზღვრეს სადისკუსიო თემა სათაურით – ბენიტო მუსოლინი რეფორმატორი თუ ერთპიროვნული მმართველი.

 

თემა: მუსოლინის მმართველობა იტალიაში.

საფეხური /კლასი: საბაზო, 8 კლასი

გაკვეთილის მიზანი:

  1. ფაქტებისა და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება,
  2. ფაქტების ისტორიული ინტერპრეტაცია,
  3. მსჯელობისა და ანალიზის უნარის განვითარება,
  4. თანამშრომლობა,
  5. საკითხის კრიტიკული შეფასების უნარის გამოვლენა.

მეთოდი:  ჯვარედინი დისკუსია

ესგ-თი მისაღწევი შედეგები:

რესურსები: მასწავლებლის მიერ შექმნილი სლაიდშოუ, ფორმატის ფურცლები, ფლომასტერი ან მარკერი, წერილობითი და ინტერნეტრესურსები (პლაკატები, კარიკატურები, პირველადი და მეორადი წყაროები).

მეთოდი /სტრატეგია: ჯვარედინი დისკუსია.

შეფასება: განმსაზღვრელი, განმავითარებელი, დისკუსიისა და პრეზენტაციის შეფასების ცხრილები.

დრო: 45 წთ.

ესგ–თი მისაღწევი შედეგები:

 

ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია, დააკავშირს  ფაქტებდა მოვლენებ  შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან.

 

ისტ.VIII.8.    მოსწავლეს შეუძლია   ახსნას  სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტკური რეჟიმის ურთიერთკავშირი.

 

დისკუსიის წარმართვა

 

პირველი ეტაპი:  სადისკუსიო თემის განსაზღვრის შემდეგ, მოსწავლეები  წყვილდებიან, წყვილს ევალება, შეადგინოს, ე.წ. სადისკუსიო ცხრილი. ერთი მოსწავლე მოიფიქრებს, განსახილველი საკითხის 3 დადებით არგუმენტს ჩამოწერს და გაუზიარებს მეწყვილეს თეზისის დამადასტურებელ არგუმენტს, მეორე კი – უარმყოფელს. წყვილი მუშაობს 6-7 წუთის განმავლობაში, ამ დროისათვის თითოეული მოსწავლე ამზადებს სამ დადებით და სამ უარმყოფელ არგუმენტს, რომლებსაც სამუშაო ფორმატზე ათავსებენ. ფორმატი ორ ნაწილად არის გაყოფილი. ერთ ნაწილში თავსდება დადებითი არგუმენტები, მეორეში –  უარმყოფელი არგუმენტები. როდესაც წყვილი ფურცელს შეავსებს უერთდება სხვა წყვილს საკუთარი ვერსიების გაზიარების მიზნით.

მეორე ეტაპი: მეორე ეტაპზე,  ნააზრევს ახლა უკვე ოთხეული განიხილავს კვლავ 6-7 წუთში.   ოთხეული გარკვეულ დასკვნამდე მიდის, ისინი ჯერდებიან და ცალკე ფურცელზე უკვე მათთვის დამაჯერებელ ვერსიას ათავსებენ აუდიტორიის წინაშე წარსადგენად.

მესამე ეტაპი: პრეზენტაცია და ვერსიების გაზიარება მსჯელობისა და არგუმენტირების ფონზე, საუკეთესო ვერსიებს მოსწავლეები დაფაზე ჩამოწერენ და ჯერდებიან ცალკეული მათგანის დადებით მხარეზე. მოსწავლეები ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან სწორი ვერსიისკენ თუმცა ცალკეული მათგანის დამოუკიდებელ მოსაზრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

დისკუსიის მსვლელობის დროს მასწავლებელი თვალს ადევნებს მოსწავლეთა ნამუშევრების სისწორეს და ინიშნავს ცალკეული ჯგუფის მუშაობის ეტაპს.

დისკუსიის წარმართვა ხშირად კამათთანაც ასოცირდება. იმისათვის, რომ მეთოდმა სრულფასოვანი და ეფექტური სახე მიიღოს, უმჯობესია დისკუსია წარიმართოს ორი ბარათის სტრატეგიის თანხლებით. მასწავლებელი მოსწავლეებს წინასწარ ურიგებს ორ ბარათს, სადაც წერია კითხვა ან მოსაზრება, მოსწავლეს ორჯერ ეძლევა საშუალება დააფიქსიროს ან შეკითხვა ან მოსაზრება. ამგვარი სტრატეგია, მეთოდის წარმართვას უფრო სრულფასოვანს და ეფექტურს ხდის, დაცულია დროის ლიმიტიც. მოსწავლეს ამგვარი ბარათის გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ ორჯერ ეძლევა საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად. აღნიშნული სტრატეგია აადვილებს მოსწავლეთა ჩართულობის პრინციპს, იცავს დისკუსიის წარმართვის თანმიმდევრობას და სასწავლო პროცესი ცალკეული მოსწავლის შესაძლებლობის გამოვლენაზეა ორიენტირებული.

 

ჯვარედინი დისკუსია არის მეთოდი, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად იაზროვნოს, გამოიყენოს უკვე ნასწავლი მასალა და ააგოს სხვა ცოდნა, გამოიყენოს ტრანსფერული უნარები. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეების შეფასება მოხდა დისკუსიის შეფასების ცხრილით. შეფასების დროს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციე იმას, რამდენად სწორად განსაზღვრავდნენ მოსწავლეები სადისკუსიო თემას, სცემდნენ თუ არა პატივს სხვების მოსაზრებას, საუბრის დროს რამდენად მკაფიოდ და ნათლად აყალიბებდნენ მოსაზრებებს. რამდენად არგუმენტირებულად გამოხატავდნენ საკუთარ მოსაზრებებს და როგორ უკავშირებდნენ საკუთარ მოსაზრებას ფაქტობრივ მასალას. რამდენად კრიტიკულად აფასებდნენ ფაქტებსა და მოვლენებს.

 

ისტორიის გაკვეთილი ერთ-ერთი საგანია, რომელიც ძირეულად ერგება ასეთ მიდგომებს, მსჯელობისა და ანალიზის უნარის განვითარება ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდება. მოსწავლე თავად ახდენს საკუთარი ნააზრევის შეფასებას, რაც მასწავლებელს ლოგიკური დასკვნის შესაძლებლობას აძლევს.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა ( 2011– 2016) მოქმედი რედაქცია.
  2. ლობჟანიძე ს. მ. ფირჩხაძე, მ. რატიანი,ნ. ლომიძე, ნ. ჭიაბრიშვილი, რ. თედორაძე, მასწავლებლის წიგნი, ინტერაქტიული მეთოდები პრაქტიკაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016 წელი.
  3. ფირჩხაძე მ. კრიტიკული აზროვნების განვითარების ზოგიერთი ტექნოლოგია და სტრატეგია, 2 აგვისტო, 2013 წელი ინტერნეტგაზეთი მასწავლებელი https://mastsavlebeli.ge/?p=2304 ( 2018 წ 16 დეკემბერი).
  4. ჯანაშია ს. მ. რატიანი, თ. ბერძენიშვილი, შ. საძაგლიშვილი, როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, თბილისი 2007წ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი