სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

 რესურსები გეოგრაფიის ინოვაციური გაკვეთილისთვის

გეოგრაფიის სწავლის საჭიროების დანახვა ნებისმიერი თემის განხილვის დროს არის შესაძლებელი. ერთხელ უკვე შემოგთავაზეთ არქიტექტურის კავშირი გეოგრაფიულ ცოდნასთან. ამჟამად გთავაზობთ რუკებსა და სქემებს და რამდენიმე დავალებას, რომელიც დაგეხმარებათ ინოვაციური (შინაარსობრივი) გაკვეთილის ჩატარებაში. მეთოდები თავად შეარჩიეთ. მთავარია, რომ გაკვეთილი იყოს და მაღალ სააზროვნო დონეზე გადიოდეს.

რეგიონალური ტიპოლოგიის სქემის მიხედვით საქართველო დაყოფილია 15 რეგიონად, რომლებიც თავის მხრივ ერთიანდებიან აღმოსავლეთ, დასავლეთ ან მთიანი საქართველოს მხარეებში. კონკრეტული რეგიონები დაყოფილია მსგავსი ხასიათის არქიტექტურის შესაბამისად, მაგ. ქართლი და გარე კახეთი მათი საცხოვრებლების მსგავსების გამო გაერთიანებულია ერთ რეგიონში. ასევე ვხედავთ, რომ მთიანი საქართველო დანაწევრებულია პატარ-პატარა რეგიონებად, ეს გამოწვეულია აქაური საცხოვრებლების არქიტექტურის განსხვავებული ხასიათით, მათი გაერთიანება ერთი ტიპის საცხოვრებლებად ამ შემთხვევაში არამიზანშეწონილია.

საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონების რუკა

ამგვარი ტიპოლოგია საშუალებას გვაძლევს გავმიჯნოთ თითოეული რეგიონის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი თვისებები. საჭიროა განვიხილოთ თითოეული რეგიონისთვის დამახასიათებელი კლიმატური მონაცემები: ჰაერის ტემპერატურა, ქარის მახასიათებლები, ჰაერის ტენიანობა, ნალექების რაოდენობა, მზის რადიაცია და ა.შ;

საცხოვრებლის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს რეგიონის კლიმატურ მონაცემებს. საქართველოს შედარებით მცირე ტერიტორიაზე არის დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ზონა დაწყებული ნოტიო სუბტროპიკულიდან, დამთავრებული მარადი თოვლისა და მყინვარების ზონით. ჰავის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობენ სხვადასხვა მიმართულებისა და სიმაღლის ქედები. ადგილობრივ ჰავას ქმნის შავი ზღვა და კავკასიონი. უკანასკნელი საქართველოს იცავს ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის მასების უშუალო შემოჭრისაგან, ხოლო შავი ზღვა აბალანსებს ტემპერატურის მერყეობას და ხელს უწყობს ნალექების დიდი რაოდენობით მოსვლას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში.

საქართველო დაყოფილია ორ შუქკლიმატურ რაიონად: I და II შუქკლიმატურ ზონად. I ზონაში წელიწადის 50%-ზე მეტი მოწმენდილი ცა გვხვდება, ხოლო II ზონაში წელიწადის 50%-ზე მეტი მოღრუბლული ცაა. ქვემოთ მოცემულია საქართველოს შუქკლიმატური რაიონირების რუკა (რუკა 2).

მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად საქართველოს თითოეული ქალაქისთვის არსებობს კლიმატური მონაცემები: ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა, ქარის მახასიათებლები, ნალექების რაოდენობა და ა.შ.

დავალება: ამ მონაცემებზე დაყრდნობით დავადგინეთ, რა გავლენას ახდენდა კლიმატი საცხოვრებლის და რამდენად აკმაყოფილებდა სახლის შემომზღუდავი კონსტრუქციები (კედლები, სახურავი) იმ ნორმატიულ მოთხოვნებს, რომელიც წაყენებულია სამშენებლო კლიმატოლოგიის ნორმებით.

 

 

აღმოსავლეთი საქართველო იყოფა: ქართლისა და გარეკახეთის, შიდაკახეთისა და სამცხეთრიალეთის რეგიონებად. აღმოსავლეთ საქართველოსთვის ძირითადად დამახასიათებელია სამშენებლო მასალად ქვის ან ქვისა და აგურის გამოყენება. ეს ძირითადად გამოწვეულია მასალის ხელმისაწვდომობითა და კონსტრუქციულ-ტექნიკური საჭიროებით. ქვა უკეთესად ესადაგება აღმოსავლეთის კლიმატს. სქელი ქვის კედლები კარგად უზრუნველყოფს თბოდანაკარგების შემცირებას. აღმოსავლეთის სახლებში ხშირია ბრტყელგადახურვიანი სახურავები, ამ რეგიონების შედარებით მშრალი და გვალვიანი ჰავა ბრტყელი გადახურვების მოწყობის საშუალებას იძლევა.

გათბობის თვალსაზრისით უპირატესობა ენიჭება კერას, თუმცა ხშირად გვხვდება ბუხარიც, ზოგ შემთხვევაში ბუხარი და კერა ერთად. უმეტეს შემთხვევაში ბუნებრივი განათების მიღებისა და მზით განათების საშუალება არის ერდო.

ერთმანეთისგან განსხვავებულია აღმოსავლეთისა და დასავლეთის მთიანი რეგიონების საცხოვრისები. აღმოსავლეთ კავკასიონზე (ხევსურეთი, ფშავი, თუშეთი და ა.შ.) სამშენებლო მასალად უმეტესად იყენებენ ფიქალსა და ქვას, სამაჩაბლოსა და დასავლეთ საქართველოს მთიანეთში კი უმეტესად ხმარობდნენ ხისმორებსა და ქვას. ეს განპირობებულია იმით, თუ რამდენად ხელმისაწვდომია კონკრეტული სამშენებლო მასალა ამა თუ იმ რეგიონში.

მთიანი საქართველოს საცხოვრისების შემომზღუდავი კონსტრუქციები (კედლები, სახურავი) მკაცრ კლიმატურ პირობებში სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფდა სათავსებიდან თბოდანაკარგების შემცირებას. ამის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ მაშინ არსებული ტექნიკურ-კონსტრუქციული საშუალებებით არ ხერხდებოდა უკეთესი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, მაშინ არ იყო დათბუნებისა და თბოდაზოგვის ისეთი საშუალებები, როგორებიც დღეს გვაქვს, გარდა ამისა, კონსტრუქციული თვალსაზრისითაც ძნელი იყო უფრო სქელი კედლების აშენება.

გათბობის ძირითადი საშუალება აქ შუა ცეცხლია. გარდა ამისა, როგორც უკვე ვნახეთ, მთიანი საქართველოს მაცხოვრებლებმა მიაგნეს იმ დროისთვის გათბობის კარგ საშუალებას: ისინი საცხოვრებელშივე აწყობდნენ საქონლის სადგომს, რაც სითბოს შენარჩუნების ნამდვილად კარგი ხერხი აღმოჩნდა. ეს ძალიან გავრცელებული ხერხი იყო მთელ მთიან საქართველოში და ზოგიერთ ვაკე რეგიონშიც. განათების ძირითადი საშუალებაც შუაცეცხლია. დღის შუქი მთის სახლების უმეტესობაში ძირითადად სათოფურებიდან ხვდება.

დასავლეთ საქართველოსთვის უმეტესად დამახასიათებელია ხის მასალის გამოყენება, თუმცა ხშირია ქვის გამოყენებაც – ძირითადად ცოკოლის სართულის მშენებლობაში. დასავლეთისთვის დამახასიათებელი უხვი ნალექების გამო თითქმის ყველა სახლს დახრილი სახურავი აქვს. კოლხეთის დაბლობზე, სადაც ნესტიანობის მაღალი მაჩვენებელია სახლებს ხიმინჯებზე, იგივე “ბოკონებზე” დგამდნენ, რათა ხის მასალა განიავებულიყო და არ დამპალიყო.

განსაკუთრებით გამოირჩევა მთიანი აჭარა, რომელიც მიმართულია დასავლეთით და შავი ზღვის გავლენას განიცდის. ხასიათდება ტენიანი ჰავით. თერმული რეჟიმი განსაკუთრებით მაღალია დაბალ ნაწილში. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა იცვლება 2—12°ჩ შორის. იანვრის საშუალო ტემპერატურა (1100 მ სიმაღლემდე) 0°ჩ, თხემურ ზოლში –8—10°ჩ-მდე ეცემა. ყველაზე თბილი თვეა აგვისტო (10—20°ჩ). ზღვისკენ მიქცეულ კალთებზე მთელი წლის განმავლობაში გაბატონებულია დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის ქარები, რომელთაც მოაქვთ დიდი რაოდენობის ტენი. ეს რაიონი უხვი ნალექებით გამოირჩევა. საკმაოდ მშრალია მდინარე აჭარისწყლის ხეობის შუა ნაწილი, რომელიც დასავლეთიდან დაცულია მაღალი ქედებით. თოვლი შეიძლება მოვიდეს ნოემბრიდან. მდგრადი თოვლის საბურველი 1400 მ სიმაღლემდე 1—3 დღეს ძევს, 2000 მ. სიმაღლეზე –6—7 თვეს. თოვლის საბურველის მაქსიმალური სიმაღლე 4—5 მ. ელჭექი იცის წლის ყველა სეზონში, უფრო ხშირია წლის თბილ პერიოდში. ძველი ტიპის აჭარული სახლები, ძირითადად, შემორჩენილია ალპურ ზონაში, მწყემსების სეზონური საცხოვრებლის მიზნით, მას მესაქონლეები ძირითადად ზაფხულის თვეებში იყენებენ. ერთ-ერთი მათგანია “ხულა სახლი”, იგივე “ჯარგვალი”, მორებისგან აგებული სახლი ორქანობიანი სახურავით. გვერდით ორი კარი ჰქონდა გაჭრილი. ძველ დროს ამ შენობაში ერთად იყვნენ ადამიანები და საქონელი.

მაღალმთიან რეგიონებში იყენებდნენ საქონლის სახლში დაბინავების ხერხს. დასავლეთის არქიტექტურაში გავრცელებული ხერხია ერთი ბუხრის ყელზე რამდენიმე ბუხრის თვალის მიბმა სახლის სხვადასხვა სათავსოდან. ბუნებრივი განათების მიღება სხვადასხვა ტიპის სახლში ხდებოდა განსხვავებულად: ერდოდან, ღია კარიდან, ფანჯრიდან და ა.შ.

ამ რესურსს სასურველია დაემატოს საცხოვრებელი სახლების ფოტოები. მეტაკოგნიტური უნარების განვითარებისთვის უკეთესი იქნება თუ მოსწავლეები თავად გააანალიზებენ და შეაფასებენ ჩვენი წინაპრების გამოცდილებას. შემდეგ კი მივცეთ არსებული რესურსი. არ შეიძლება აღტაცებაში არ მოგვიყვანოს ჩვენი წინაპრების გონიერმა გეოგრაფიულმა აზროვნებამ. ეს ცოდნა და გამოცდილება ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა თაობიდან თაობას და ეტაპობრივად ვითარდებოდა საუკუნეების მანძილზე და არ  შეიძლება 21- საუკუნეში არსებულის დავიწყება და უგულველყოფა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი