პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

რა სჭირდება მასწავლებელს

სწავლებამ შეიძლება უცნაური რამ დაგმართოთ:

მოგცეთ მიზანი და თავშესაფარი ან ორივე თქვენ თვალწინ გააქროს;

ენერგიით აგავსოთ ან გამოგფიტოთ;

შთაგაგონოთ ან მოახდინოს თქვენი დემორალიზება;

დაგაკავშიროთ სხვებთან ან მოახდინოს თქვენი იზოლირება.

ეს უცნაური ნარევია ხელოვნებისა და მეცნიერებისა, ანალიტიკისა და ინსტინქტისა, მსგავსი იმისა, რასაც ექიმები და არქიტექტორები აკეთებენ, ოღონდ საზოგადოებისათვის ნაკლებად სანდო, ნაკლებად ფინანსირებული და გაცილებით ნაკლებად თვალისმომჭრელი.

ბავშვის განათლება საზოგადოებისა და მისი ღირებულებების ხანგრძლივი კვლევაა.

ქვემოთ შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც მასწავლებელს სჭირდება ზრდისთვის.

  1. გახდით კარგი მსმენელი

უსმინეთ მეტი. გაარკვიეთ, რას ფიქრობენ ადამიანები. რაზე არიან ფოკუსირებული. რა გამორჩებათ და მხოლოდ მაშინ, როცა სრულად გაერკვევით სიტუაციაში, შეგიძლიათ ისაუბროთ, იმოქმედოთ ან ჩაერიოთ.

კარგი მსმენელი გაცილებით იშვიათია, ვიდრე გგონიათ.

მასწავლებელი, რომელსაც მოსმენა შეუძლია, ბედნიერი მასწავლებელია.

  1. მოიძიეთ და შეუერთდით მრავალ PLN-ს

განმარტებასავით PLN – Personal Learning Network: ადამიანები (კოლეგები) და რესურსები, რომლებიც მასწავლებელს პროფესიულ ზრდაში ეხმარება.

ერთმა PLN-მ შეიძლება შემოგთავაზოთ კურიკულუმი, მეორემ შთაგონება, მესამემ ინსტრუმენტი, სხვამ – ადამიანური ურთიერთობები. გადაანაწილეთ თქვენი დრო მათ შორის მაშინაც კი, თუკი ერთი ან ორი მათგანი დანარჩენებს გირჩევნიათ.

გაწონასწორებული მასწავლებელი ბედნიერი მასწავლებელია.

  1. იცოდეთ, როდის დახუროთ კარი

კავშირები კარგია. ცვლილება კარიერაში. იქნებ პოლიტიკის (თქვენი პროფესიული ზრდის გეგმის) ნაწილიც. მაგრამ იცოდეთ, როდის “დახუროთ კარი”. მასწავლებლის საქმიანობა არის არა შეხვედრები სოციალურ ქსელებში ან კოლეგებთან, არამედ მოსწავლეთა გულებსა და გონებაში.

პროდუქტიული მასწავლებელი ბედნიერი მასწავლებელია.

  1. იყავით შემოქმედებითი

შემოქმედებითობა ადამიანობის არსია (marrow) – მტკიცებულება იმისა, რომ გაქვთ უნიკალური პერსპექტივა, რომლის გაზიარებაც ღირს.

იქნება ეს გაკვეთილის დაგეგმვა, ტექნოლოგიის გამოყენება, შინაარსის გადაცემა თუ სხვა რამ, შექმენით რაიმე ორიგინალური თქვენი სიცოცხლის ყოველ დღეს. გაოცდებით, რა დიდი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია ამას.

შემოქმედებითი მასწავლებელი ბედნიერი მასწავლებელია.

  1. იყავით ჰუმანური

თქვენ გითხრეს, “ძალიან არ დაუახლოვდეთ (დაახლოებით ისე, როგორც მონსტრები ხედავენ ბავშვებს “მონსტრების კორპორაციაში”), “ნუ გაიღიმებთ სასწავლო წლის/სემესტრის ბოლომდე”, “ჯობია თქვენი ეშინოდეთ, ვიდრე უყვარდეთ”. როგორც არ უნდა იყოს, ურთიერთობა დააფუძნეთ სწავლებაზე, მაგრამ გახსოვდეთ – სწავლება ადამიანური პროცესია. რაც უფრო მეტს მუშაობთ ადამიანებთან, ვიდრე ჟურნალის გრაფებთან, მით უფრო მეტად ჰუმანური ხდებით თვითონ.

ჰუმანური მასწავლებელი ბედნიერი მასწავლებელია.

  1. იცოდეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები

ვთქვათ, კარგად გამოგდით გადმოცემა, შეფასება და კურიკულუმი, კლასის მართვა და ორგანიზება კი გამოწვევაა თქვენთვის. თუ ეს იცით, ეცადეთ, დაეხმაროთ საკუთარ თავს შეხსენებებით, ტექნოლოგიებით, დაგეგმვით და სტრატეგიული კავშირებით სხვა მასწავლებლებთან, ერთმანეთისათვის მოსაზრებებისა და რესურსების გაზიარებით.

მასწავლებელი, რომელიც კარგად იცნობს საკუთარ თავს, ბედნიერი მასწავლებელია.

  1. იფიქრეთ, იფიქრეთ, იფიქრეთ

იფიქრეთ სწორ რაღაცებზე. არა ზოგად თემებზე, ვთქვათ “როგორ ჩაიარა დღემ” ან “ბავშვები რომ კარგები ყოფილიყვნენ”, არამედ “როგორ გამოხატავდნენ ცნობისმოყვარეობას გაკვეთილზე”, “წიგნიერების რომელი სტრატეგია შეიძლება იყოს უკეთესი”, “რამდენი მოსწავლე იღიმებოდა”, “როგორ მართეთ დრო”, “ვინ დასვა მეტი შეკითხვა” და სხვ.

მასწავლებელი, რომელიც აზროვნებს, არის მასწავლებელი რომელიც იზრდება, ხოლო ეს უკანასკნელი – ბედნიერი მასწავლებელია.

  1. იყავით ნერვული

მხოლოდ ცოტათი. ძალიან კომფორტულადაც ნუ იგრძნობთ თავს – ეს თვითკმაყოფილებას იწვევს, რაც აპათიის “ნათესავია”.

გაიხსენეთ ხოლმე თქვენი პირველი გაკვეთილი სკოლაში, როცა ალბათ გულუბრყვილო იყავით, მაგრამ ნერვული ენთუზიაზმითაც იწვოდით. გახსოვდეთ ეს დღე ან ეს გრძნობა ყოველდღე, გაკვეთილის დაწყების წინ. მცირე ნერვული დაძაბულობა სულისათვის სარგოა. და პატივსაც მიაგებს თქვენი საქმის მნიშვნელობას.

ოდნავ ნერვული მასწავლებელი გვიჩვენებს, რომ აცნობიერებს მისი საქმის მნიშვნელობას, ასეთი მასწავლებელი კი ბედნიერი მასწავლებელია.

  1. ძალიან სერიოზულად ნუ აღიქვამთ საკუთარ თავს

იყავით გახსნილები სხვების წინაშე; ნება მიეცით სხვებს – გაიმარჯვონ. თქვენი საუკეთესო ძალისხმევის მიუხედავად, თქვენ მხოლოდ ერთი ადამიანი ხართ და ერთი როლი გაქვთ სათამაშო. ითამაშეთ “ველურად”, ფართოდ გახელილი და გაოცებით სავსე თვალებით.

დასცინეთ საკუთარ თავს. როცა მოსწავლეები იცინიან, იცინეთ თქვენც.

მასწავლებელი რომელიც იცინის, ბედნიერი მასწავლებელია.

  1. გქონდეთ ხარისხის თქვენეული სტანდარტები

როგორც მასწავლებელს, მრავალი ვალდებულება დაგეკისრებათ, მათ შორის ანგარიშვალდებულებაც და ეს ნორმალურია. საქმე ბევრი გექნებათ. იქონიეთ ხარისხისა და წარმატების თქვენეული განმარტება. უნდა გჯეროდეთ, რომ თქვენი საქმე მნიშვნელოვანია და ეფექტური.

ნურასოდეს გააკეთებთ მხოლოდ იმას, რასაც გეუბნებიან.

მასწავლებელი რომელიც არ აკეთებს მხოლოდ იმას, რასაც ეუბნებიან, ბედნიერი მასწავლებელია.

წყარო: https://www.teachthought.com/pedagogy/really-truly-happy-teacher/

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი