ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ჯადოქრის წიგნი  

ინგმარ ბერგმანის ავტობიოგრაფიული წიგნის „Laterna Magica“-ს კითხვისას არაერთხელ გავიფიქრე, რა უცნაურია, თითქოს ბავშვი ჰყვება თავის ამბავს-მეთქი. დიდი შვედი რეჟისორი, რომელიც წიგნის გამოსვლისას 70-ს მიტანებული იყო, ისე მოგვითხრობს გასაოგნებელ თავგადასავალს, რომ დროდადრო მთელ ათწლეულებს აქრობს, ისევე როგორც დაგროვილ გამოცდილებას, ვინ იცის, რა ფასად შეძენილ ცოდნას, თავშესაფრად ქცეულ სიბრძნეს… ეს ძველი ამბების გახსენება კი არა, აწმყოში იმ ყველაფრის მოქცევაა, რასაც არც არასდროს შეუწყვეტია მტკივნეული ფეთქვა, მკაფიოდ შესაგრძნობი არსებობა. ხან ახლობლების ყურადღებითა თუ უყურადღებობით გაწამებულს ვხედავთ, ხან რომელიღაც იდეით გულუბრყვილოდ აღფრთოვანებულს, ხან სინამდვილე-გამონაგონის გასაყარზე ჩამუხლულს – საშველი არ არის, წამოდგომა შეუძლებელია, რას ფიქრობდა, დემონებთან შებრძოლება რომ გაბედა…

ბავშვი და მოხუცი ერთდროულად გვიწვდიან ხელებს იმ სამყაროში შესაყვანად, რომელიც ყოველთვის გვიჩენდა ცნობისწადილს. ჩვენი ფიქრების, წარმოსახვითი სურათების შვედეთი ახლა ნამდვილი, ხელშესახები ხდება: წინა საუკუნის 20-იანი წლებია, ურჩ მოზარდებს როზგავენ, ბნელ კარადაში ამწყვდევენ, სადილზე უარს ეუბნებიან, მთელი დღე ხმას არ სცემენ, თუ ბიჭუნა ჩაიფსამს, ქვედაბოლოს ჩაცმას აიძულებენ… „მთელი ჩვენი ბავშვობა დაფუძნებული იყო ისეთ ცნებებზე, როგორებიცაა: ცოდვა, აღსარება, სასჯელი, პატიება და მადლი. ყველაფერს, რა თქმა უნდა, თავისი ლოგიკა გააჩნდა, რასაც ჩვენ არ ვეწინააღმდეგებოდით, პირიქით – გვწამდა კიდეც, რომ გვესმოდა მისი არსი. სავარაუდოდ, სწორედ ამან განაპირობა ნაციზმის მიმართ ჩვენი გულმხურვალე სიმპათია. ჩვენ არაფერი ვიცოდით თავისუფლების შესახებ. ჩვენს იერარქიულ სისტემაში ყველა კარი დახშული იყო“, – წერს ინგმარ ბერგმანი და მაშინვე გვახსენდება მისი ფილმები, პირველ რიგში კი – „ფანი და ალექსანდერი“.

„ფანი და ალექსანდერი“ – თუ არ გინახავთ, წერილის კითხვა შეწყვიტეთ და სასწრაფოდ მოძებნეთ გრძელი, სატელევიზიო ვერსია. თქვენს ადგილას სწორედ ასე მოვიქცეოდი – წამსაც არ დავკარგავდი. ესეც ინგმარ ბერგმანის ბიოგრაფიიდან ამოზრდილი ამბავია – შობის დღესასწაულის ლამაზ ფერებში დაწყებული და ეპისკოპოსის ასკეტური საცხოვრისის პირქუშ გარემოში გაგრძელებული. დაობლებული, სამყაროსეული უსამართლობების პირისპირ აღმოჩენილი და-ძმის ამაღელვებელი ამბავი. ბავშვებზე, ბავშვობაზე გადაღებული ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი.

ავტობიოგრაფიული წიგნები თუ ფილმები კი, პირველ რიგში, იმით გვხიბლავს, რომ დიდი ხნის წინ ჩვენსავე ცხოვრებაში მომხდარს გვახსენებს: ჩვენც გვსჯიდნენ – მართალია, განსხვავებული ფორმით და არც ისე მკაცრად, მაგრამ მაინც; ხანდახან ჩვენც ციხის საკნად გვეჩვენებოდა ოთახები და გამონაგონისა და სინამდვილეში მომხდარის გარჩევაც გვიძნელებოდა. „ვერაფრით გამეგო, უნდა მერწმუნა თუ არა ღმერთისა და ანგელოზების, ან თუნდაც იესო ქრისტეს არსებობისა; არსებობდნენ თუ არა ადამი და ევა სინამდვილეში? ნამდვილი იყო თუ არა მითი წარღვნაზე? მართალი იყო თუ არა ამბავი აბრაამისა და ისააკის შესახებ – მართლა აპირებდა მამა შვილისათვის ყელის გამოჭრას? ეს კითხვები არ მასვენებდა. წარმოსახვაში ჩემს თავს ისააკთან ვაიგივებდი და ვხედავდი, როგორ სწირავდა მსხვერპლად მამაჩემი თავის ძეს – ინგმარს. ამ დროს კი ციდან ანგელოზი ეშვებოდა, თუმცა უკვე ძალიან გვიანი იყო. ამაზე ფიქრი ძალიან მსიამოვნებდა – მაშინ ხომ მაინც იტირებდნენ ჩემი ახლობლები, როცა სისხლისგან დაცლილ, ფერმკრთალ ინგმარს დაინახავდნენ!“ („Laterna Magica“).

ექვსი წლისა თურმე სკოლაში სიარულზე სასტიკ უარს აცხადებდა. გაშმაგებული წინააღმდეგობის მიუხედავად, ყოველდღე ძალით მიმათრევდნენ საკლასო ოთახში, სადაც ყველაფერი მეზიზღებოდა და გულს მირევდაო. ბოლოს მაინც თავისი გაუტანია და უფროსებსაც იმ წელს სკოლაში წასვლა აღარ დაუძალებიათ.

ბებიას კი, დიდებულ ქალაქ უფსალაში რომ ცხოვრობდა (სხვათა შორის, „ფანი და ალექსანდერი“ სწორედ ამ ქალაქშია გადაღებული), კინო უყვარდა და თურმე ბავშვებისთვის ნებადართულ სეანსებზე დაჰყავდა ხოლმე. როგორც ჩანს, არასაბავშვო სეანსებზეც მოხვედრილან – ბებიას სასიყვარულო სცენები არ მოსწონდა, რაც მე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა; ერთი წყვილი რეზინის საშინელი კალოში ჰქონდა, რომელსაც კინოსეანსების დროს იცვამდა და როცა ფილმის გმირები ხვევნა-კოცნას დაიწყებდნენ, თავისი კალოშებით ისეთ საშინელ ხმებს გამოსცემდა, რომ მთელი დარბაზი გამაყრუებელი ხმაურით ივსებოდაო.

ასეთი საკითხავია ინგმარ ბერგმანის ჩანაწერები – სახალისოც, სევდიანიც, გასაოგნებელიც, საფიქრალის გამჩენიც. რანაირად შეიძლებოდა, რომ ეს ყველაფერი ერთი კაცის ცხოვრებაში ყოფილიყო? ამგვარი განცდები, თავგადასავლები, ჯადოსნური ნივთები, ამეტყველებული სათამაშოები, აცხადებული სიზმრები, მოულოდნელად გამოჩენილი გზები, ამ გზებზე ნაპოვნი ადამიანები და ისევ ადამიანები…

„Laterna Magica“ – ჯადოქრის წიგნი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი