პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

რა ემართებათ ბიჭებს?

ჩემი ოცწლიანი პედაგოგიური პრაქტიკის ბოლო პერიოდში ერთ არასასიამოვნო ტენდენციას ვამჩნევ – ბიჭების ინტერესი სწავლის მიმართ მცირდება; შესაბამისად, იკლებს სკოლის წარმატებულ მოსწავლეთა შორის მათი რაოდენობაც. ბიჭების სწავლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სტატიის დაწერისკენ რამდენიმე კონკრეტულმა ფაქტმაც მიბიძგა: ახლახან სამი სკოლის ბაზაზე განვახორციელეთ პროექტი, რომელშიც თითო სკოლიდან 4-4 მოსწავლე იყო ჩართული – პროექტის 12 მონაწილეს შორის მხოლოდ ერთი გახლდათ ბიჭი; სულ ახლახან ინტელექტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა – თვალის ერთი გადავლებაც კმაროდა იმის შესამჩნევად, რომ გოგონები ბიჭებს სჭარბობდნენ. გადავწყვიტე, ჩემი ვარაუდი გადამემოწმებინა და, ჩვეულებისამებრ, ინტერნეტს მივაშურე. აღმოჩნდა, რომ ბიჭების სწავლასთან დაკავშირებული პრობლემების მატება საერთო ტენდენციაა, რის თაობაზეც განათლების ექსპერტები და ფსიქოლოგები თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ. ჩვენ ორი ამერიკელი ექსპერტის შეხედულებებს გაგაცნობთ.

ფაქტია, ბიჭები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ზოგიერთ უპირატესობას: მაგ., „გენიოსი” ბიჭების რაოდენობა სჭარბობს „გენიოსი” გოგონებისას, IQ-ს მიხედვით საუკეთესო 1 პროცენტშიც ბიჭების რაოდენობა გოგონებისას აღემატება, – თუმცა იმავდროულად უცხოეთში მოიპოვება შემაშფოთებელი სტატისტიკაც:

ა) ბიჭების სკოლიდან გასვლის შანსი 30%-ით მეტია, ვიდრე გოგონებისა;

ბ) საშინაო დავალებებს, დაწყებითი კლასებიდან მოყოლებული, კოლეჯის ჩათვლით, გოგონები გაცილებით უკეთ ართმევენ თავს;

გ) ყურადღების დეფიციტით გამოწვეული ჰიპერაქტიური აშლილობის დიაგნოზი (ე.წ. ADHD) ბიჭებში 4-5 ჯერ მეტად არის გავრცელებული, ვიდრე გოგონებში; 

დ) სსსმ მოსწავლეთა ორ მესამედს ბიჭები შეადგენენ;

ე) ჰიპერაქტიური ბიჭების რაოდენობა ხუთჯერ აღემატება გოგონებისას. 

რამდენიმე წლის წინ ფსიქოლოგიის დოქტორმა ლეონარდ საქსმა (Leonard Sax) ბიჭების სწავლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დაწერა წიგნი, რომლის სრული სახელწოდებაა „ბიჭების დინება – ბიჭების უმოტივაციობის ეპიდემიური ზრდისა და ჭაბუკების წარუმატებლობის 5 ძირითადი ფაქტორი”. მთავარი კითხვა, რომელზე პასუხის გაცემასაც ცდილობს ავტორი, ასეთია: რატომ არის, რომ სულ უფრო მეტი ჭაბუკი ხდება სწავლის მიმართ პასიური და ინდიფერენტული?

დოქტორმა საქსმა საკითხის კვლევა მშობლების გამოკითხვით დაიწყო. მან დაადგინა, რომ მათ ყველაზე მეტად თავიანთი ვაჟების კომპიუტერული თამაშებით უზომო გატაცება აწუხებთ. ისინი ვერ ეგუებიან, რომ მათი შვილები დროის უმეტეს ნაწილს თავიანთ ოთახებში, კომპიუტერთან ატარებენ. მეცნიერმა დაასკვნა, რომ კომპიუტერზე ბიჭების მიჯაჭვულობა უშუალოდ უკავშირდება საკუთარი სასწავლო შესაძლებლობების მიმართ რწმენის დაკარგვას (ამაზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ), რაც წინათ მათთვის არ ყოფილა დამახასიათებელი.

„რაღაც საშინელება ხდება ბიჭების თავს, – ამბობს საქსი, – თუნდაც ოცი წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით, საბავშვო ბაღით დაწყებული, კოლეჯით დამთავრებული, ამერიკელი ბიჭები, წესისამებრ, ნაკლებად მონდომებულები და ამბიციურები არიან. სტატისტიკა აჩვენებს, რომ კოლეჯდამთავრებულ ახალგაზრდებს შორის ბიჭების პროცენტულმა ოდენობამ მოიკლო და ეს ტენდენცია გოგონების სასარგებლოდ კიდევ უფრო იზრდება”.

საქსს მიაჩნია, რომ პრობლემა საკლასო ოთახში შესვლისთანავე იწყება. ცნობილია, რომ საკლასო ატმოსფერო გოგონების ხასიათს უფრო ერგება. პატარა ბიჭებს ნაკლებად ხიბლავთ მერხთან ჯდომა, მათ ეზოში ყოფნა, თამაში და ფიზიკურ აქტივობაში ერთმანეთთან გაჯიბრება ურჩევნიათ. ამ დროს მათ აიძულებენ, პასიურად ისხდნენ საკლასო ოთახში ან, მათივე ნების საწინააღმდეგოდ, წერონ, იკითხონ და იანგარიშონ.

ეს ყოველივე არახალია. ბიჭებს არასოდეს ჰყვარებიათ მერხთან ჯდომა. მათ ყოველთვის მოსწონდათ გაკვეთილის მსვლელობისას ფანჯარაში ყურება, ხშირად ფიქრსა და ოცნებაში მოგზაურობდნენ კიდეც. ამის თაობაზე ჯერ კიდევ უძველესი აღმოსავლური და ანტიკური წერილობითი წყაროები გვაწვდიან ინფორმაციას. აქვე იმასაც ვიგებთ, რომ ასეთი ქცევისთვის მაშინდელი ბიჭები მკაცრად ისჯებოდნენ. ამრიგად, ამ საკითხზე მომუშავე მკლევრები იმას როდი ამტკიცებენ, რომ წინათ „ოქროს ხანა” იყო – ისინი ხაზს უსვამენ, რომ ამჟამად არის მდგომარეობა გაუარესებული და ამას საფუძვლად უდევს როგორც ძველი, ასევე ახალი მიზეზებიც.

ამასობაში პრობლემის არსსაც მივადექით. როგორც ითქვა, წარუმატებლობას სწავლის საწყის ეტაპზე ეყრება საფუძველი. პირველ კლასში მთელი სასწავლო პროცესი ორ ძირითად აქტივობას – წერა-კითხვისა და არითმეტიკის შესწავლას ეთმობა. თუ მოსწავლემ ვერ მოახერხა, წარმატებას მიაღწიოს ამ ორი მიმართულებით, მაღალ კლასებში სხვა საგნებშიც მარცხისთვის არის განწირული. უფრო მეტიც – სკოლის შემდეგაც გაუჭირდება წარმატების მიღწევა. 

დოქტორ საქსს მიაჩნია, რომ ამერიკული სკოლები თავიანთი რეფორმატორული სასწავლო მეთოდებით უკვე 50 წელია ჯიუტად უწყობენ ხელს ჩვეულებრივი ბიჭების მარცხს (ჩვეულებრივი კი არის ისეთი ბიჭი, რომელიც ცდილობს, წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ პერმანენტული წარუმატებლობის შემდეგ საბოლოოდ ხელს ჩაიქნევს).
ერთი მხრივ, ბიჭებს თრგუნავს ატმოსფერო, რომელიც მათ არ მოსწონთ, მეორე მხრივ, მათ აიძულებენ ისეთ აქტივობებში ჩართვას, რომლებისგანაც თავის დაღწევას ისინი ყველანაირად ცდილობენ. ბიჭების უმეტესობას ეჩვენება, რომ მათთვის მიცემული ინსტრუქციები მეტისმეტად რთული და, იმავდროულად, მოსაბეზრებელია. ზოგჯერ მათ უჩნდებათ რწმენა, რომ ვეღარასოდეს მიაღწევენ წარმატებას.

საქსი საკმაოდ მუქ ფერებში გვიხატავს ბიჭის მდგომარეობას: ყოველ დილით, სკოლაში მისვლისას, ის უკვე დეპრესიულ მდგომარეობაშია, მაგრამ ამას არავინ ითვალისწინებს და ერთი და იგივე მეორდება. მისი დახმარება მშობლებსაც ნაკლებად ძალუძთ, რადგან სწავლების ცვალებად მეთოდებს მხარს ვერ უბამენ. ბიჭი ჯერ პირქუში ხდება, შემდეგ ბრაზდება. ესმის, როგორ ჩურჩულებენ მშობელები მის მდგომარეობაზე. ამ საუბარში იგი ყურს მოჰკრავს ხოლმე შემაშფოთებელ სიტყვებსა და ფრაზებს. შემდეგ მას უკვე აშკარად ეუბნებიან, რომ დისლექსია ან ADHD აქვს, რომ უნდა იმკურნალოს. ეს პროცესი 6-7 წლიდან იწყება და 9-10 წლის ასაკში ბიჭების მოზრდილი ნაწილისთვის ფიასკოთი მთავრდება. ამ ხნის განმავლობაში ბიჭს ბევრჯერ უხდება თავის მართლება მასწავლებლებისა და მშობლების წინაშე იმის გამო, რომ ვერ ახერხებს რაღაცების ისე კეთებას, როგორც მისგან მოითხოვენ, უყალიბდება რწმენა, რომ მოზრდილები ჩამორჩენილად მიიჩნევენ მას და, რაც უარესია, ეთანხმება და თანდათან ეგუება კიდეც თავის მდგომარეობას. 

აქედან გამომდინარე, ბიჭების კომპიუტერით მეტისმეტი გატაცებაც სავსებით გასაგები ხდება. მაშინ როდესაც სასკოლო ცხოვრება ბიჭებს აიძულებს, საკუთარ თავზე არასრულყოფილი წარმოდგენა იქონიონ, მათ მიერ გამოგონილ კომპიუტერულ ცხოვრებაში ისინი თავს ყოვლისშემძლეებად გრძნობენ (არადა პოტენციურად ასეთები არიან კიდეც). ახლა ვიკითხოთ, რომელი სამყაროს სასარგებლოდ გააკეთებენ ბავშვები არჩევანს (ან გააკეთებდით თქვენ თვითონ მათ ადგილას), სად უფრო მეტი დროის გატარებას ისურვებენ – საკლასო ოთახში თუ კომპიუტერის მონიტორთან?

დოქტორი საქსი ყურადღებას ამახვილებს კითხვის სწავლების მეთოდებზე, იწუნებს მათ და მიაჩნია, რომ მოზრდილები მხოლოდ თავს იტყუებენ, როცა ცდილობენ, ბავშვებს კითხვა ასწავლონ, რეალურად კი იმ მეთოდებით, რომლებითაც ამას ცდილობენ, საპირისპირო შედეგს იმკიან და ბავშვებს არ აძლევენ საშუალებას, ისწავლონ კითხვა, რაც თავისთავად ძალიან სახალისო პროცესია.

ბიჭების სწავლის პრობლემებს მიუძღვნა თავისი ნაშრომი „Raising Cain” („შფოთის ატეხა”) დოქტორმა მაიკლ თომპსონმა (Michael Thompson). იგი წერს: „ძნელია, ზუსტად განსაზღვრო ბიჭების წარმატების რეალური დონე, რადგან ის ძალზე ფართო ამპლიტუდით მერყეობს – სრული ფიასკოდან საერთაშორისო წარმატებამდე, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ საშუალო მოსწრების გოგონა გაცილებით უკეთესად გრძნობს თავს სკოლაში, ვიდრე საშუალო მოსწრების ბიჭი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გოგონებისთვის სკოლა გაცილებით წარმატებული ადგილია. ამის მიზეზი ისიც არის, რომ ბიჭებს გაცილებით მეტად უჭირთ ყურადღების მობილიზება და შესასწავლ საკითხზე ფოკუსირება, ვიდრე გოგონებს. ისინი, ვინაიდან ფიზიკურად უფრო აქტიურნი არიან, გაკვეთილზე ყოფნისას უფრო მეტ დისკომფორტს განიცდიან”. მკვლევარს მიაჩნია, რომ მდგომარეობა შესამჩნევად გამოსწორდება, თუ ბიჭებს საშუალება მიეცემათ, დროდადრო იაქტიურონ ფიზიკურად, ხოლო სწავლის პროცესში უფრო ხშირად იქნება გამოყენებული მათთვის ყველაზე ბუნებრივი – კეთებით სწავლის ელემენტები. „ფაქტია, საშუალო ამერიკელი ბიჭი სკოლაში „გადარჩენისთვის”, იბრძვის”, – ამბობს თომპსონი.

თუმცა ბიჭების მშობლები პანიკას არ უნდა მიეცნენ. შემაშფოთებელი სტატისტიკა არ აღწერს ყველა ბიჭს, მეტადრე – მაინცდამაინც თქვენს ვაჟს, მაგრამ დაფიქრებასა და ანალიზს კი ნამდვილად მოითხოვს, რადგან მკაფიოდ წარმოაჩენს, რომ ბიჭები სკოლაში სწავლასა და ქცევასთან დაკავშირებით სირთულეებს აწყდებიან. მით უმეტეს, პრობლემის მოგვარების საფუძველი ოჯახშია. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თუ ოჯახში განათლებას აფასებენ, შანსი, ვაჟმა თავი გაართვას პრობლემებს, იზრდება. იგი მოახერხებს დაბრკოლების გადალახვას და სწავლასაც წარმატებით გააგრძელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი