ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სამოდელო გაკვეთილები და ხშირად დაშვებული შეცდომები

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის  ფარგლებში სკოლის შეფასების ჯგუფები ორი ტიპის გაკვეთილს აფასებენ. ეს არის, ეგრეთწოდებული, სტანდარტული გაკვეთილი და  სამოდელო გაკვეთილი. პირველი სავალდებულოა პრაქტიკოსისათვის ახალ სტატუსზე გადასასვლელად და უფროსისთვის სტატუსის შესანარჩუნებლად, ხოლო მეორე – უფროსი და წამყვანი მასწავლებლისთვის, როცა ის წინსვლაზე ზრუნავს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენლები სხვადასხვა ინტერვიუებში და შეხვედრებისას ხშირად აღნიშნავენ, რომ  „როცა სქემის განხილვის პროცესში სხვადასხვა ტიპის გაკვეთილებზე ვმსჯელობდით, გამოიკვეთა, რომ გვაინტერესებდა როგორც ჩვეულებრივი, რიგითი გაკვეთილები, რომლებიც ყოველდღიურად ტარდება, ასევე განსაკუთრებული გაკვეთილები. სხვადასხვა მიზნის მქონე განსხვავებული გაკვეთილები გავაერთიანეთ სამოდელოს სახელწოდების ქვეშ; ეს არის გამორჩეული, სხვებისთვის გასაზიარებელი პრაქტიკა. სქემამ სამოდელო გაკვეთილების ჩატარების ვალდებულება დაუწესა უფროს მასწავლებელს, რომელიც წამყვანის სტატუსის მოპოვებაზე ზრუნავს და წამყვან მასწავლებელს, რომელიც ზრუნავს მენტორობაზე;

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მიხედვით, რაც უფრო მაღალ საფეხურზე ადის მასწავლებელი, მისი პასუხისმგებლობის არეალი იზრდება. თუ თავდაპირველად მასწავლებელი პასუხისმგებელია საკუთარ გაკვეთილზე, საკუთარ კლასში წარმართულ აქტივობებზე, წინსვლასთან ერთად ეს არეალი ფართოვდება და ვრცელდება კათედრაზე, სკოლაზე. სტანდარტით, წამყვანი მასწავლებლისთვის პროფესიული ცოდნისა და უნარების კოლეგებისთვის გაზიარება არის ერთ–ერთი მთავარი მახასიათებელი. სამოდელო გაკვეთილიც სწორედ ამ სტატუსთან მიმართებაში გახდა სავალდებულო. სამოდელო გაკვეთილის 4 ტიპი გამოვყავით იმის გათვალისწინებით, რა მიმართულების შეიძლება იყოს გამორჩეული,  გასაზიარებელი გაკვეთილი: ინტეგრირებული, რაც ძალზე მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში ცოდნის ,,ტრანსფერის“  უნარის განვითარებისთვის. ეს მიდგომა სისტემურ აზროვნებას, ჰოლისტურ აზროვნებას ავითარებს; პრობლემაზე ორიენტირებული, რაც ასევე მნიშვნელოვანია;  გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული, რაც ყველა გაკვეთილზე უნდა ხდებოდეს,  მაგრამ გვინდოდა ამ ვალდებულების კიდევ უფრო გააქტიურება და ბოლოს, ინოვაციური გაკვეთილი – მიმართული შინაარსობრივად მეთოდურ სიახლეზე. შიდა შეფასების სტანდარტულ (როგორც თავად პედაგოგები უწოდებენ) გაკვეთილში ეს მოთხოვნები არ არის, თუმცა მასწავლებელს შეუძლია სამოდელოს მახასიათებლებიც ჰქონდეს, მაგრამ ეს იქნება მისი სურვილი და არა –ვალდებულება…“

მეოთხე წელია ფასილიტატორი ვარ, უამრავ გაკვეთილს დავესწარი და შევაფასე, თავად მეც ჩავატარე და საკმაო გამოცდილება დამიგროვდა უკვე. ამ გამოცდილებამ გადამაწყვეტინა სტატიის დაწერა და იმ შეცდომებზე საუბარი,  რომლებსაც პედაგოგები უშვებენ   ამ ტიპის გაკვეთილის მომზადება-ჩატარებისას. შემოგთავაზებთ გასათვალისწინებელ  რეკომენდაციებსაც.  რა თქმა უნდა, ეს არც სავალდებულო რეკომენდაციებია და არც აუცილებლად შესასრულებელი, მაგრამ თუ მაინც გაიზიარებთ, იმედი მაქვს, მიზნის მიღწევას უფრო ადვილად შეძლებთ.

ცხადია, ერთ სტატიაში ვერ ისაუბრებ ყველაფერზე,  რადგანაც გაკვეთილის შედეგიანობა ბევრად არის  დამოკიდებული საგანზე, კლასის მომზადების დონეზე, ტექნიკურ მხარეზე, მაგრამ არის რამდენიმე საერთო რეკომენდაცია, რომლებიც დაეხმარება ყველას, ვინც ემზადება სამოდელო გაკვეთილის ჩასატარებლად.

გაკვეთილისთვის მზადება 

მომზადების დაწყება  უკეთესია შემდეგი ნაბიჯებით:

  1. თემის არჩევა. სასურველია, თემა არ იყოს რთული. შეიძლება ისე გათვალოთ, რომ აირჩიოთ ის თემა, რომელიც თავადვე გაინტერესებთ. დასაშვებია თემატური გეგმიდან გადახვევა.
  2. კლასთან წინასწარი მუშაობა. კარგია, თუ იცნობთ უკვე კლასს და იცით მოსწავლეთა უნარ-ჩვევები, მაგრამ თუ ასე არაა, უმჯობესია, ჩაატაროთ მინი ტესტირება შემდეგი მიმართულებით:

ა) გავლილი მასალის ცოდნის ხარისხის შემოწმება;

ბ) კლასის ფსიქოლოგიური დიაგნოსტირება (რათა დაადგინოთ მოსწავლეთა ტემპერამენტის ტიპები)  და გამოავლინოთ სანგვინიკური, ქოლერიკული, ფლეგმატიკური და მელანქოლიკური ბავშვები. ამისი ცოდნა დაგეხმარებათ  მოსწავლეთა ჯგუფების შედგენისას და ინდივიდუალური დავალებების მომზადებაში.  მაგალითად, ქოლერიკები არიან ლიდერები, რომლებიც „ყველაფერზე წამსვლელები“ არიან, არ უშინდებიან სიძნელეებს. სანგვინიკური ტიპის ბავშვებს უკეთესია შესთავაზოთ უფრო მშვიდი დავალებები, ფლეგმატიკები კი მეტად პედანტურები არიან და ყველაფერს ზედმიწევნით ასრულებენ.

უამრავი ფსიქოლოგიური ტექსტის მოძებნა შეგიძლიათ ინტერნეტში, ასევე შესაძლებელია სკოლის ფსიქოლოგის (თუ გყავთ) ჩართვაც, რომელიც გირჩევთ, დაფასთან გამოძახებისას მღელვარებას ვინ გაართმევს  თავს, ვისთვის უფრო კომფორტულია  ადგილიდან პასუხი ან   წერითი დავალება.

  1. არასოდეს ჩაატაროთ სამოდელო გაკვეთილის რეპეტიცია მოსწავლეებთან. დამიჯერეთ, გაკვეთილი წარმატებული იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსწავლეებს თვალები ექნებათ ანთებული ინტერესისგან. თუ მათ ყველაფერი წინასწარ ეცოდინებათ, მათგან ინტერესს ნუღარ დაელოდებით. ასეთი გაკვეთილების ამოცნობა ადვილად შეიძლება, რაც არ იმოქმედებს დადებითად გაკვეთილის საერთო შთაბეჭდილებაზე.
  2. მოამზადეთ გაკვეთილის თვითანალიზი (რეფლექსია) გულწრფელად. მოიფიქრეთ და დაასაბუთეთ გამოყენებული ყველა აქტივობის, მეთოდის, ხერხის ეფექტურობა. ამით თქვენ ამცირებთ გაკვეთილის უარყოფითად შეფასების რისკს, ვინაიდან თავად წინასწარ  მიუთითებთ, რა გამოგივიდათ და რა საჭიროებს  დამუშავებასა და გადახედვას.
  3. გაკვეთილზე არ ჩართოთ ისეთი ტიპის დავალებები, რომლებიც უცნობია მოსწავლეთათვის. ამით დიდ დროს დაკარგავთ ახსნაზე. უმჯობესია, მოსწავლეებმა წინასწარ იცოდნენ, მაგალითად , როგორ ტარდება ტესტირება, რა უნდა გააკეთონ ბლიც გამოკითხვის დროს და ასე შემდეგ, ამიტომაც მსგავსი ტიპის დავალებები გამოიყენეთ სხვა  გაკვეთილებზე, რათა მოსწავლეებმა აითვისონ მათი გამოყენების ინსტრუქცია.

სამოდელო გაკვეთილის გეგმა

რა ტიპის სამოდელო გაკვეთილის  გეგმაც არ უნდა შეადგინოთ, მნიშვნელოვანია, რომ მასში იყოს ყველა საჭირო  ეტაპი: საშინაო დავალების შემოწმება, აქტუალობა, რეფლექსია, შეფასება,  საშინაო დავალების მიცემა.

რაც შეეხება ძირითად ეტაპებს, აქ ყველაფერი დამოკიდებულია გაკვეთილის ფორმასა და მიზნებზე. ამაზე ოდნავ მოგვიანებით, ახლა გეგმის შედგენისას გასათვალისწინებელი ზოგადი რეკომენდაციები.

გაკვეთილის გეგმა

  1. განსაზღვრეთ გაკვეთილის მიზნები. რაც უფრო კონკრეტულ მიზნებს ჩამოაყალიბებთ, მით უკეთესი! ამით უკეთ მოახერხებთ აქცენტების გაკეთებასა და შედეგზე გასვლას. მაგალითად, მიზანი: მოსწავლეთათვის ილიას ბიოგრაფიის გაცნობა. ბუნებრივია, გაკვეთილზე უნდა იყოს ეტაპი, სადაც  მოსწავლეებს გადასცემთ ამ ბიოგრაფიას (ლექციით, პრეზენტაციის სახით, მოსწავლეს მოაყოლებთ და ასე შემდეგ)

ან მიზანი: ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება: ესე იგი, ჯგუფური მუშაობა აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული გაკვეთილზე. თუ მიზნებში მიუთითებთ პატრიოტული გრძნობის გაღვივებას, მაშინ რაღაც დრო  უნდა დაუთმოთ სამშობლოს სიყვარულზე საუბარსაც (მსგავსი ზოგადი მიზნების დაწერას არ გირჩევთ, თქვენი მიზნები უნდა იზომებოდეს და მოწმდებოდეს რაიმე ინდიკატორით, ამიტომ უნდა აიღოთ რაღაც კონკრეტული, რასაც შეეცდებით მიაღწიოთ 45 წუთში და რასაც გაზომავთ შეფასების კრიტერიუმებით).

თქვენი მიზნები არის გაკვეთილის შემადგენლები, რომლებიც  უნდა გააერთიანოთ ერთ ფორმად.

  1. აუცილებლად გადაანაწილეთ გაკვეთილის დრო სწორად. გეგმაში მიუთითეთ, რომელ ეტაპს რა დროს უთმობთ. ეს დაგეხმარებათ გაკვეთილის დინამიურობის შენარჩუნებაში და არ აღმოჩნდებით ცაიტნოტში.
  2. დიდ დროს ნუ დაუთმობთ დამოუკიდებელ სამუშაოს. ამ შეცდომას ყველაზე მეტად უშვებენ მასწავლებლები, მსგავსი ხანგრძლივი აქტივობა აქვეითებს გაკვეთილის ხარისხს. თუ მაინც აპირებთ ამ ტიპის დავალების მიცემას მოსწავლეთათვის, უმჯობესია, როცა სხვები მუშაობენ, რომელიმე მოსწავლე გამოიძახოთ დაფასთან. მოკლედ, კლასში არ უნდა მეფობდეს სიჩუმე!

გაკვეთილის ჩატარებისას გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი წვრილმანი

ბევრი რამე დამოკიდებულია გაკვეთილის ტიპზე: იქნება ეს  ახალი ცოდნის გადაცემა, განვლილი მასალის გამტკიცება თუ შეჯამება. ბოლო ორი  განსაკუთრებით მომგებიანია სამოდელო გაკვეთილის ჩატარებისას, რადგანაც ფანტაზიის გამოვლენის მეტ შანსს იძლევა.

ყველაზე მარტივია გაკვეთილის არასტანდარტული  ფორმის არჩევა. მაგალითად,  გაკვეთილი – მოგზაურობა, დისკუსია, კონფერენცია, როლებით თამაში, ვიქტორინა, გაკვეთილი – სასამართლო და სხვა. ასეთი გაკვეთილები სანახავადაც კარგია და ითავსებს  ყველა სავალდებულო ეტაპსაც. გახსოვდეთ, გაკვეთილი შედეგიანი იქნება, თუ ისეთ ფორმას აირჩევთ, რომელიც მაქსიმალურად ცხადად აჩვენებს მოსწავლეთა მომზადების დონეს. რაც უფრო მეტს ისაუბრებენ მოსწავლეები, მით უკეთესი!

თუ გაკვეთილის ტრადიციულ ფორმას შეარჩევთ, უკეთესია,  მასში ჩართოთ რაიმე არასტანდარტული ელემენტი: მინი თამაში, სახალისო ტესტირება და ასე შემდეგ.

კარგად მუშაობს გაკვეთილის ფორმა, რომელიც მოიაზრებს  ჯგუფურ სამუშაოს. შეჯიბრობითობას ყოველთვის შეაქვს დინამიკა სასწავლო პროცესში. გაკვეთილის დაგეგმვისას აუცილებლად  მოიფიქრეთ ისეთი სახის დავალება, რომლისთვისაც საჭირო იქნება  კლასის ჯგუფებად, წყვილებად, სამეულებად დაყოფა.

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე ნებისმიერი გაკვეთილი, სამწუხაროდ,  არქაულად გამოიყურება.  გაკვეთილისთვის  პრეზენტაციის მომზადება  პრობლემა არავისთვისაა დღეს. თუ მაინც გიჭირთ, ინტერნეტის გამოყენება შეგიძლიათ ამ მიზნით, სადაც უამრავ მასალას მოიძიებთ.

პრეზენტაციის ნაცვლად შეგიძლიათ მოამზადოთ სლაიდები დავალებებით და გამოიყენოთ  ეს სლაიდები გაკვეთილის სხვადასხვა ეტაპზე. ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ტესტები და აჩვენეთ ეკრანზე, ეს დაგიზოგავთ დროსაც.

მაგრამ მხოლოდ კომპიუტერისა და პროექტორის გამოყენებით ვერ მიაღწევთ სასურველ შედეგს. სამუშაო ფურცლები, თვალსაჩინოებები, სადემონსტრაციო მასალები აუცილებლად უნდა გქონდეთ მომზადებული გაკვეთილისთვის.

კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც მასწავლებლები უშვებენ არის ის, რომ თვალსაჩინოებისთვის რაღაც მასალას ამზადებს, მაგრამ როგორ და რანაირად უნდა გამოიყენოს ეს მოსწავლემ და რაში ეხმარება მიზნის მიღწევაში პედაგოგს გაუგებარია. მაგალითად, ჩამოვკიდეთ კედელზე  მწერლის პორტრეტი, მაგრამ გაკვეთილის განმავლობაში ერთხელაც კი არ შევეხეთ მას.

აუცილებლად  დააკავშირეთ გაკვეთილი რეალურ ცხოვრებასთან, თანამედროვეობასთან. არ აქვს მნიშვნელობა, რა საგანს ასწავლით, გაკვეთილი იქნება არასრულფასოვანი, თუ  მისგან ვერაფერს მიიღებს/ისწავლის მოსწავლე, რომელსაც გამოიყენებს რეალურ ცხოვრებაში.

და ბოლოს, მინდა შეგახსენოთ, რომ სამოდელო გაკვეთილები ტარდება კოლეგებისათვის, რათა  გაუზიაროთ მათ თქვენი გამოცდილება ან დაუდასტუროთ თქვენი კომპეტენციები შეფასების ჯგუფს. ამიტომაც  სასურველია,  სტუმრებს გააცნოთ ზოგიერთი საგაკვეთილო მასალა (შეფასების ჯგუფისთვის ჩატარებული გაკვეთილის შემთხვევაში მათ, ყველა ვარიანტში,  წინასწარ უნდა გააცნოთ გაკვეთილის გემაცა და მასალებიც).

იმედია, გამოგადგებათ ეს რჩევები გაკვეთილის მომზადებ-ჩატარებისას. წარმატებას გისურვებთ!

 

 

გამოყენებული წყარო: https://edu.aris.ge/news/sqemashi-samodelo-da-shida-dakvirvebis-gakvetili-ertmanets-ar-enacvleba.html

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი