შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ემოციური რეგულაცია და მისი სწავლების ტიპები (ნაწილი მეორე)  

 

ვასწავლოთ მოთმინება

ბავშვებს, რომლებიც ძნელად მართავენ თავიანთ ქცევას, აქვთ აკადემიური ჩამორჩენაც. თუ ისინი დროის უმეტეს ნაწილს უარყოფითი ქცევითი შაბლონებით გაატარებენ, ეს შაბლონები მათში განმტკიცდება და წლობით გაჰყვებათ, დარგან ისინი ემოციებით არიან შეპირობებულნი. ხოლო თუ მათი ქცევის სიღრმეებს არავინ გამოიკვლევს, ვერც ვერავინ დაეხმარება ემოციების მართვაში. შედეგად მივიღებთ ბავშვებს, რომლებიც თვითიარაღდებიან და უარყოფითი ქცევა უძლიერდებათ.

ამდენად, ემოციების სწავლება უმნიშვნელოვანესი და ბაზისური საკითხია, რომლის გასაღები მხოლოდ და მხოლოდ მოთმინებაა. საჭირო იქნება დრო რეორიენტირებისთვის/კვლავგანსაზღვრისთვის, მაგრამ კარგი სიახლე ისაა, რომ ტვინი ამუშავდება, ახალი ნეირონული ბილიკები გაიკვალება დროსა და მუდმივობასთან ერთად.

 

დააყენეთ მაღვიძარა დილით!

წყარო: TeachEmotionalRegulation.Com/

 

დაიწყეთ სასკოლო დღე მოსწავლეებთან შემდეგი შეკითხვებით:

  • რა აბეზრებთ თავს?
  • როგორ გაართვით თავი დავალებას?
  • რა მიირთვით საუზმეზე?
  • ვინმეს ხომ არ უჩხუბია თავის ძმასთან ან დასთან /ოჯახის სხვა წევრთან?

 

ამგვარი შეკითხვების აზრი ისაა, რომ იმსჯელოთ შემთხვევებზე, რომლებზე საუბარშიც გამოვლინდება მათი გრძნობა-განცდები. ისინი შეიძლება საზიარო იყოს სხვებისთვისაც.

ამგვარი კითხვები მთელი დღისთვის ტონის მიმცემია. ბავშვებისთვის ერთგვარი გახსნა, დაახლოება ემოციური განტვირთვაა, თანაც გავიგებთ, კლასში ვინ გვყავს ჩხუბისთავი და ვინ – არა.

ზოგიერთ ბავშვს, განსაკუთრებით მას, ვისაც რეგულაციის პრობლემები აქვს, უჭირს იმდღევანდელი განცდების გადალახვა. სანამ მომხდარი ფაქტი მოსწავლის თავშია, ემოციები ღია ჭრილობებივითაა. ამდენად, მთელი დღის განრიგი შეიძლება ამ ტიპის ემოციებისკენ მივმართოთ. თუ იცით, რომ ალექსის მათემატიკა უჭირს, დაეხმარეთ, ამოიცნოს მათემატიკასთან დაკავშირებული გრძნობები და ემოციები, მერე კი წინასწარ უნდა განისაზღვროს სტრატეგია, რომელსაც ამ ემოციების დასარეგულირებლად გამოვიყენებთ მათემატიკაზე მუშაობის პერიოდში.

შეეცადეთ, გამოიყენოთ ზემოთ წარმოდგენილის მსგავსი ემოციური მგეგმავი/პლანერი რამდენიმე მოწაფესთან ერთად, როგორც ზემოთ იყო ნაჩვენები. ეს აძლევს მოსწავლეებს საკუთარ ემოციებზე დაფიქრების შესაძლებლობას მანამდე, ვიდრე დაიგეგმება, მაგალითად, მინდორში გასეირნება. ამის შემდეგ კი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ავუხსნათ, როგორ მართონ თავიანთი ემოციები სტრატეგიების გამოყენებით.

ექსპერტები გვირჩევენ, გამოვიყენოთ მგეგმავი რეგულარულად, ვაქციოთ იგი ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილად სპეციალურად მომზადებულ დაფაზე, ან გავაერთიანოთ ჩვენს Google Calendar-ში. არსებობს ბევრი გზა, რითაც ამ მგეგმავს ავამუშავებთ და შევინარჩუნებთ აზრს, რომ ჩვენი ემოციები მართავენ ჩვენს ქცევას ჩვენი ტვინის შუაგულში.

 

დავეხმაროთ მოსწავლეებს, ამოიცნონ ემოცია რეალურ დროში

წყარო : KidConnect Classroom

 

თითოეული ჩვენგანისთვის დიდ მიზანს უნდა წარმოადგენდეს ბავშვების იმ ადგილამდე მიყვანა, სადაც ისინი შეძლებენ ემოციების ამოცნობას და ქმედებებთან მათ დაკავშირებას. ეს სწორედ ის სივრცეა, სადაც მათ შეიძლება გამოიყენონ KidConnect Classroom-ის აპი. მასწავლებელი ხსნის KidConnect-ს და შედის iPad-ში იმ მოსწავლისთვის, რომელიც მყისიერად რაიმე სახის ინციდენტში აღმოჩნდა. ამის შემდეგ მოწაფე პოულობს მოკლე გზას iPad-ში, – აცხადებს ლორი ჯეკსონი, ამერიკის განათლებისა და ფსიქოლოგიის ლიცენზირებული სკოლის ფსიქოლოგი

აღნიშნულ მომენტში მსგავსი ქმედება მოსწავლეებს ერთმანეთთან უკეთ დააკავშირებინებს მოვლენას, ემოციასა და ქცევას. შედეგად მოვა ქცევის ცვლილება, პროცესად კი რჩება ემოციების რეგულირების სწავლება.

KidConnect Classroom-ი ასევე გვთავაზობს დაკვირვების სექციას, რომელშიც მასწავლებლებს შეუძლიათ ჩაინიშნონ არა მხოლოდ ქცევა, არამედ მისი წანამძღვარი ემოციაც. მოხსენების სექცია (reporting section) იძლევა საშუალებას, მიაწოდოს ინფორმაცია მშობლებს და ადმინისტრაციას და გააანალიზოს ქცევა და შაბლონები. მასწავლებელი ქეროლაინ ბურკარდი (Caroline Burkard) აჩვენებს განსხვავებულ KidConnect Classroom-ს რამდენიმე წარუმატებელ მცდელობას, როდესაც ერთ-ერთმა მოსწავლემ თავი რამდენჯერმე დაიზიანა. ახლა, როდესაც გაბრაზებული ან იმედგაცრუებულია, ის ღრმად სუნთქავს, ნაცვლად იმისა, რომ კვლავ დაიზიანოს თავი. მან იცის, რომ თუ გაბრაზდება, უნდა დამშვიდდეს და გააცნობიეროს პრობლემის არსი. ეს არა მარტო მთელი კლასის, არამედ თითოეული მოსწავლის კეთილდღეობის საწინდარია.

 

ყოველთვის იყავით კავშირზე

სასურველია პროგრამული მხარდაჭერა მთელი დღის განმავლობაში სწრაფი რეგულირების ძიებისთვის. ამ გზით ბავშვები აჟღერებენ ამა თუ იმ აქტივობიდან გამოყოლილ ემოციებს.

ჩვენ ასევე ვთავაზობთ წუთს ყურადღებისთვის. ეს იქნება სიწყნარისა და სუნთქვის ერთი წუთი – ტვინისა და გონების „გაწმენდის“ დრო. არსებობს ალტერნატივაც – მოძრაობით შესვენება იმ მოსწავლეთათვის, რომლებსაც ენერგიის დახარჯვა სჭირდებათ.

 

შექმენით გრძნობების/ ემოციების სიტყვების დაფა

 

შეადგინეთ თქვენი მოსწავლეების ემოციური ლექსიკონი გრძნობებსა და ემოციებზე პირდაპირი მინიშნებით. ლოურენ როსი (Lauren Ross, LCSW), დენვერის Cherry Creek-ის სკოლის სოციალური მუშაკი, გვთავაზობს გრძნობისა და ემოციების ლექსიკის გამომხატველი სიტყვების კედლის შექმნას. ემოციების ლექსიკა შეიძლება დაალაგოთ ანბანის რიგზე ან შექმნათ თემატური რიგები.

ასევე შეიძლება გრძნობებისა და ემოციების გამომხატველი სახეებით შექმნილი პოსტერების ჩამოკიდება.

 

შექმენით მშვიდი კუთხე

 

წყარო: The Dynamic Duo: Adventures in Speech and Special Ed

 

თქვენ როგორც მასწავლებელს შეგწევთ ძალა, შექმნათ ემოციურად დაცული საკლასო ოთახი, რომელშიც ყველა გრძნობა დადებითია და მტკიცდება განცდა, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა შესაძლებელია და არც წარმატების მიღწევაა რთული. საკლასო ოთახში მშვიდი კუთხის არსებობა ამისთვის საუკეთესო საშუალებაა, – ამბობს ლოურენი.

რეკომენდებულია ბალიში და რბილი სავარძელი/პუფი, გრძნობების პოსტერი, დამშვიდების რამდენიმე სტრატეგია, მაგალითად, სტრესბურთულები, ან თერაპიული მასალები, წიგნები ემოციების შესახებ და წამმზომი/ტაიმერი. თერაპიული მასალა საშუალებას მისცემს თქვენს მოსწავლეს, გააცნობიეროს, რისთვისაა ეს, როგორ და რა მიზნით გამოიყენოს.

 

ხედვის ფოკუსად აქციეთ აკადემიური წარმატება

თქვენ შეგიძლიათ მისცეთ მოსწავლეებს ბიძგი დამატებითი აკადემიური მხარდაჭერისთვის, მაგრამ თუ მათ ჯერ კიდევ არ აუთვისებიათ ემოციების რეგულირების უნარები, შედეგს ვერ გააუმჯობესებთ.

ჩვენ ხშირად გვინახავს უშედეგო მცდელობები და მოგვისმენია პედაგოგთა ჩივილი, რომ ზოგიერთ მოსწავლეს, დიდი დახმარების მიუხედავად, ჯერ კიდევ არ აქვს მყარი პროგრესი. არ ვიცით, როგორ დავეხმაროთ, ისეთი უბედური ჩანს, ისეთი მოწყენილი – ამგვარ შემთხვევებზე ჰყვებიან ჩვენშიც და უცხოეთშიც. რეკომენდაცია კი შემდეგია:

შეაჩერეთ საგნის სწავლება, ვიდრე არ ასწავლით ემოციების რეგულაციას. დააბალანსეთ შესასრულებელი ამოცანები ისე, რომ მათ შეეძლოთ ემოციების კონტროლი და მართვა. მხოლოდ ამის შემდეგ გადადით აკადემიური ცოდნის დაგროვებაზე.

ასწავლეთ ბავშვებს ემოციების მართვა და ნახავთ, რა დიდ შედეგს გამოიღებს ეს, როგორ გარდაიქმნება ეს ცოდნა სწავლის დაწყებისთვის მზაობაში.

 

სწავლა და სწავლა

სოციოემოციური ცოდნა ყველგან საჭიროა. ყველაზე რთული ნაწილი რაიმე სიახლისა დასაწყისია. თავდაპირველად ჭირს ახალ იდეებსა თუ ტენდენციებთან შეგუება, მაგრამ როდესაც ახალი ინფორმაცია თქვენი საკლასო ოთახის ატმოსფეროს გააუმჯობესებს, სტუდენტებს კი სწავლას გაუიოლებს, მივხვდებით, რომ ამ გზით სიარული გვმართებს.

სოციოემოციური სწავლების შესახებ ინფორმირებაში შემდეგი რესურსები დაგვეხმარება:

TeachEmotionalRegulation.com

CASEL (The Collaborative for Academic, Social, and Emotional Learning)

50 Must-Have Picture Books for Teaching Social Emotional Skills

 

 

გაუზიარეთ თქვენი გრძნობები

არ შეგაშინოთ იმ გრძნობების გაზიარებამ, რომლებიც დღის განმავლობაში განიცადეთ. თქვენ არ ხართ სუპერადამიანი, ამგვარად, სტრესულ დღეს, როდესაც პრინტერი შეიკუმშება, თქვენი მოწაფეები იმავე კითხვებს დაგისვამენ ბევრი სხვადასხვა გზით. შესაძლოა, კათედრის სხდომაზე დასწრებაც კი დაგავიწყდეთ და ამ ამბავმა შეგაზანზაროთ, მაგრამ გახსოვდეთ:

ბავშვებისთვის გრძნობების გაზიარება საუკეთესო გზაა, დაანახოთ მათ კავშირი გრძნობასა და საქციელს შორის, რადგან ემოციური რეგულაციის საუკეთესო მაგალითი თავად მასწავლებელია.

ყველა ამგვარ შემთხვევაში ჰკითხეთ თავს, რა ემოცია დაგეუფლათ ამა თუ იმ სიტუაციაში და როგორ წარმართეთ იგი, მერე კი ეს ყველაფერი ბავშვებს გაუზიარეთ.

 

თავად როგორ ასწავლით ემოციების რეგულირებას? სასიამოვნო იქნებოდა თქვენი აზრებისა და კომენტარების მოსმენა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი