ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მასწავლებლის პროფესიული ეთიკის როლი მოსწავლეთა პიროვნული და სოციალური უნარების განვითარებაში

ერთხელ პირველკლასელი მოსწავლის მშობელმა ბოდიშის მოხდით მთხოვა, მეჩვენებინა, როგორ ვკეცავდი ცხვირსახოცს (?!)  დავიბენი, მაგრამ მაშინვე ამოვიღე წიგნაკიდან შუაზე გაკეცილი ცხვირსახოცი და გადავკეცე. თურმე ბორისი დაჟინებით სთხოვდა დედას, ცხვირსახოცი ისე დაკეცე, როგორც ლელა მასწავლებელს აქვს და ,,ბლოკნოტის’’ ბოლო გვერდზე ჩადეო…

გამეღიმა… კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა დიდი ძალა აქვს მასწავლებლის პირად მაგალითს და რაოდენ სიფრთხილე გვმართებს მოსწავლეებთან ურთიერთობისას!  მასწავლებელი მოსწავლისთვის მიბაძვის საგანს წარმოადგენს.  ბავშვი ყოველდღიურად რამდენიმე საათი მასწავლებელთა გარემოცვაშია, ამიტომ ის მათგან მარტო იმას კი არ სწავლობს, რასაც ასწავლიან, არამედ ხშირად იღებს მათ ქცევებსაც. 
როგორ დავეხმაროთ ბავშვებს პიროვნული და სოციალური უნარების   განვითარებაში?

,,მხოლოდ ბავშვის ფსიქოლოგიის ცოდნა გახდის შესაძლებელს უმტკივნეულოდ შეუხამოს სოციალური ხასიათის მიზნები ბავშვის ბუნებრივი განვითარების მიმართულებას’’(დ. უზნაძე). სკოლაში ამ უნარების სწორად განვითარების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მასწავლებლის პიროვნული მახასიათებლები, როგორიცაა: თანაგანცდა (ემპათია), თავდაჭერილობა, სამართლიანობა, გახსნილობა, კეთილგანწყობა… მასწავლებელმა უნდა შექმნას ისეთი საკლასო გარემო, სადაც მოსწავლეების მიმართ არაგანსჯითი და პოზიტიური დამოკიდებულება იქნება,  მან უნდა მოუსმინოს მოსწავლეებს, გამოხატოს მათ მიმართ მხარდაჭერა, ნდობა, ხელი შეუწყოს მათ დისკუსიებში და ისეთ შემოქმედებით აქტივობებში ჩართვას,  სადაც თვითგამოხატვისა და გუნდური მუშაობის საშუალება მიეცემათ. 

ამგვარი მიდგომით მოსწავლეებში ვითარდება საკუთარი თავის პატივისცემა, დამოუკიდებლად ან ჯგუფთან ერთად გადაწყვეტილებების მიღების უნარი, თანაგანცდა, სტრესისა და შფოთვის დაძლევის უნარი, პრობლემების ძალადობის გარეშე მოგვარების უნარი (ასერტულობა), მყარდება ბალანსი პიროვნულ თავისუფლებასა და ჯგუფში მჭიდრო ურთიერთობებს შორის.
ცნობილია, რომ გარკვეულ შემთხვევებში მასწავლებლის მხრიდან ზედმეტი სიმკაცრე და დირექტიული დამოკიდებულება დადებით შედეგს სწრაფად იძლევა – მოსწავლე წყვეტს არასასურველ ქმედებას. თუმცა სიმკაცრეს უარყოფითი მხარეებიც ახლავს. 

მოსწავლეებში მატულობს აგრესიული ფონი, რაც ხელს უშლის მას თვითგამოხატვაში, საკუთარი შესაძლებლობების განვითარებასა და კლასთან ადაპტაციაში, იწვევს დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბებას,  აფერხებს მის პიროვნულ განვითარებას. მოსწავლეს  მასწავლებლის, სკოლის და სწავლის მიმართ  ნეგატიური დამოკიდებულება უყალიბდება, რაც თავისთავად უარყოფითად აისახება სასწავლო პროცესზე.
რატომ იქცევიან მოსწავლეები ცუდად?

ხშირად მოსწავლის ასეთი ქცევა განპირობებულია სხვათა ყურადღების მიპყრობის სურვილით. მასწავლებლის ხშირი რეაგირებისას მთელი კლასის ყურადღება პრობლემურ ქცევაზე გადადის, რაც აბრკოლებს გაკვეთილის ნორმალურ მიმდინარეობას. მასწავლებლის ასეთი ქმედება არა მარტო ამ ბავშვში ამტკიცებს უარყოფით ქცევას, არამედ შესაძლებელია სხვებმაც  მიბაძონ თანაკლასელს.  მოსწავლეს სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა და რადგან კარგი საქციელით ვერ ახერხებს ამას, ცდილობს, საპირისპირო ქმედებით მიაღწიოს მასწავლებლის და თანატოლების ყურადღება. ზოგიერთი მოსწავლე აკადემიური სამუშაოს თავიდან არიდების ან გაკვეთილის არცოდნის გამო იქცევა ცუდად. შესაძლოა, მასწავლებელმა მას მკაფიოდ არ განუსაზღვრა, როგორი უნდა იყოს მათი ქცევა. შეიძლება მოსწავლეს ყურადღების დეფიციტი ჰქონდეს, უნებლიედ იქცეოდეს ცუდად და  საერთოდ ვერ აცნობიერებდეს ამას. ან კიდევ, ძალაუფლების მოპოვება სურდეს და ფიქრობდეს, რომ  ამას მასწავლებელთან კონფლიქტით მიაღწევს.
როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი?

თუ მოსწავლეს ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს, მაშინ ვეცადოთ, იგნორირება გავუკეთოთ მას. რაც მეტად მივაქცევთ ყურადღებას, მოსწავლე თავის მიზანს მიღწეულად ჩათვლის და, სავარაუდოდ, მისი ქცევა გაუარესდება. ყურადღება შევაჩეროთ მოსწავლის კარგ საქციელზე და არა ცუდზე. ვაჩვენოთ, რომ თუ მას ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს, ამას კარგი ქცევით დაიმსახურებს. როცა მოსწავლე წესების დაცვით მოიქცევა, შევაქოთ და აღვნიშნოთ მისი კარგი საქციელი.

თუ მოსწავლე ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილით არ ავლენს ცუდ ქცევას და უბრალოდ ვერ აცნობიერებს რომ ცუდად იქცევა, ამ შემთხვევაში იგნორირება გაუმართლებელია. ასეთ შემთხვევაში  უნდა დავეხმაროთ იმის გაცნობიერებაში, რომ ცუდად იქცევა.

თუ მოსწავლე მასწავლებელთან კამათით მოსწავლეების თვალში  ძალაუფლების მოპოვებას ცდილობს,  უნდა ვეცადოთ, არ ავყვეთ მოსწავლეს და არ ჩავებათ კამათში. მისი კომენტარები პირად შეურაცხყოფად არ მივიღოთ. არ ვაჩვენოთ, რომ ემოციებს ავყევით.

ერთ ჩემს ნაცნობ კოლეგას  გაკვეთილზე მოსწავლე ხშირად უშლიდა ხელს. ხმაურობდა, ელაპარაკებოდა თანაკლასელებს და უადგილოდ ხუმრობდა.  ქცევის კორექციის მიზნით მასწავლებელი ბავშვს ხშირად აძლევდა შენიშვნას, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს, საკლასო ოთახის დატოვება მოსთხოვა. რატომ მოხდა ასე?  რა შეცდომა დაუშვა მასწავლებელმა? მან ხშირი შენიშვნით მოსწავლეში განამტკიცა უარყოფითი ქცევა. მოსწავლემ თავი დააღწია მისთვის არასასურველ გაკვეთილს და დარჩენილი დრო კმაყოფილმა გაატარა. ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, მასწავლებელს შეუმჩნევლად ენიშნებინა მოსწავლისთვის და ჩაერთო ის ისეთ აქტივობებში, რომლებიც  მას დაუკმაყოფილებდა ამბიციას და ყურადღების ცენტრში მოაქცევდა. 
მოვერიდოთ მოსწავლის შეფასებას, შევაფასოთ ქცევა!

არასწორია, როცა ასე მივმართავთ მოსწავლეს: ,,- რატი, შენ ცუდი ბიჭი ხარ! ‘’

 ჩვენ უნდა შევაფასოთ მისი ქმედება. ამიტომ უმჯობესია ასე მივმართოთ:

 ,,- რატი, კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ ვერ მოგიწონებ საქციელს, როცა ვხედავ, როგორ აწვალებ ბავშვებს!’’

ასევე, უნდა მოვერიდოთ ,,გაბრაზებულ გულზე’’ უშედეგო კომენტარის გაკეთებას:

,,- აზრი გაუგებარია. გრამატიკულად გამართე წინადადება”.

,,- ყურადღება მიაქციე  მძიმეებს!”

ჩემი გამოცდილებით, ბევრად უკეთეს შედეგს იძლევა ასეთი კომენტარი: ,,ანა,  მომწონს შენი მონდომება და პასუხისმგებლობა, რადგან ყველა კითხვას გაეცი პასუხი, ასევე მომწონს შენი აზრები. თუმცა აუცილებელია,  სასვენი ნიშნები სწორად დასვა! ‘’ ამის შემდეგ მე თვითონ ვწერ წინადადებას და სწორი ფორმით ვსვამ სასვენ ნიშნებს.
ქცევის დაძლევა
არის შემთხვევები, მოსწავლე სვამს შეკითხვებს, რომლებიც გაკვეთილს არ უკავშირდება. მაგ: ,,- როდის წავალთ თეატრში?’’- თუ მასწავლებელი ამ ტიპის კითხვებს ყურადღებას მიაქცევს, ეს ქცევა უფრო განმტკიცდება და მოსწავლე გააგრძელებს მსგავსი კითხვების დასმას. თუნდაც უბრალო კომენტარი მასწავლებლის მხრიდან – ,,ახლა ამის დრო არ არის” –  ამ ქცევას უფრო განამტკიცებს.
როგორ შევიმუშაოთ ქცევის წესები მოსწავლეებთან ერთად?
ზოგადად, ქცევის წესების დარღვევა და დისციპლინის პრობლემები ნაკლებად მოსალოდნელია კლასში, სადაც საქმიანი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ატმოსფეროა შექმნილი. მასწავლებელმა მოსწავლეებს მუდმივად უნდა აჩვენონ პირადი მაგალითი. წესს, რომელსაც მასწავლებელი ემორჩილება, მის დაცვას სამართლიანად და აუცილებლად მიიჩნევს მოსწავლეც. წესების შემუშავებაში მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა, რადგან ისინი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან მის დაცვას. სასურველია წესების რაოდენობა არ აღემატებოდეს 4-6, რადგან  დასამახსოვრებლადაც მარტივია და მათი შესრულებაც უფრო რეალურია. წესები ჩამოყალიბებული უნდა იყოს პოზიტიური ფორმით, რადგან ამ დროს იზრდება მოსწავლის დადებითი განწყობა.

წესების შემუშავების დროს ამ  თამაშს ვიყენებ: ბავშვებს ვურიგებ პატარა ფერად ქაღალდებს და ვთხოვ, სამი წუთის განმავლობაში დაწერონ საგაკვეთილო პროცესის ხელისშემშლელი ქმედებების გამომხატველი სიტყვები. ამის შემდეგ თითოეული მათგანი ფურცელს თვალსაჩინოების დაფაზე ათავსებს. 
აუცილებლად აღმოჩნდება მსგავსი სიტყვები, ვარჩევ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვან 3-4 სიტყვას და ვწერ დაფაზე. ამის შემდეგ ბავშვებს ვთხოვ, თვალდახუჭულნი დადგნენ მწკრივში, ერთ სწორ ხაზზე. ვკითხულობ პირველ სიტყვას, მაგ: „უყურადღებობა” – და ვეუბნები: – პატარა ნაბიჯი გადმოდგას წინ, ვინც ფიქრობს, რომ გაკვეთილის მსვლელობის დროს უყურადღებობა უშლის ხელს და ა.შ. წარმოვთქვამ დანარჩენ სიტყვებს. ვინც დაფასთან ახლოს აღმოჩნდება აფასებს საკუთარ თავს, თუ რა უშლის ხელს გაკვეთილის პროცესში. 
შენიშვნა: ბავშვები მაინც ბავშვები არიან, ამ ყველაფერს ხალისით აკეთებენ, უხარიათ დაწინაურება და ვიდრე საკუთარ თავს არ შეაფასებენ, ვერ ხვდებიან, რატომ ჯობდა ჩამორჩენა!  
ხშირ შემთხვევაში მოსწავლის პიროვნული და სოციალური უნარების განვითარებას ხელს უშლის გადაჭარბებული სიმორცხვე.

სალომეს სოციალურ განვითარებას მისი სიმორცხვე აფერხებდა. ის მას ხელს უშლიდა სოციუმთან ადაპტაციაში. ამიტომ დიდი სიფრთხილით შევიმუშავე გოგონასთან მუშაობის სტრატეგია. სტრესული სიტუაციის ასარიდებლად დავსვი მეგობრულ ბავშვთან. დავაკისრე ისეთი ფუნქციები, რომლებიც თანაკლასელებისგან გარკვეული ინფორმაციის მიღებას ან მათთვის გადაცემას მოითხოვდა. ხშირი შექებით  აქცენტს ვაკეთებდი მის ღირსებებსა და ძლიერ მხარეებზე. შედეგად ამაღლდა მოსწავლის თვითშეფასება. ეს დაეხმარა სალომეს კომუნიკაციური და სოციალიზაციის უნარების განვითარებაში.

დღეს განსაკუთრებით აქტუალურია სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობა, რაც თავისთავად ხელს უწყობს მოსწავლეთა პიროვნულ და სოციალურ განვითარებას, მათ წარმატებებს. მასწავლებელი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს მშობელთან ურთიერთობას. აუცილებლად უნდა დაიცვას ეთიკური პრინციპები: თბილად შეხვდეს მშობელს, ყურადღებით მოუსმინოს მას, შეინარჩუნოს სიმშვიდე და წონასწორობა. ერთად იფიქრონ პრობლემის მოგვარებაზე.

წერილობითი კომუნიკაციის დროს გონებაში წინასწარ ჩამოვაყალიბოთ რისი დაწერა გვსურს. წარმოვადგინოთ საჭირო ინფორმაცია. მიმოვიხილოთ ყველაფერი, მაგრამ თავი ავარიდოთ ზედმეტი ინფორმაციის გამოყენებას. 

გამოვიყენოთ მარტივი, გასაგები სიტყვები და მოკლე წინადადებები. დასრულების შემდეგ ყურადღებით წავიკითხოთ და შევასწოროთ. ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ არ გაგვეპაროს მექანიკური შეცდომები და სიტყვების მართლწერა იყოს სწორი.

 უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის როლი მოსწავლის პიროვნული და სოციალური განვითარების პროცესში. ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მასწავლებელს გაცნობიერებული აქვს და ახსოვს,  რომ არა მარტო  მიზანმიმართული აღმზრდელობითი ქმედება, არამედ ნებისმიერი საქციელი გავლენას ახდენს მოსწავლეზე.  მასწავლებელს არ აქვს მორალური უფლება, ცუდი მაგალითი უჩვენოს აღსაზრდელს. ის ყოველთვის მისაბაძი უნდა იყოს, როგორც საერთო, უნივერსალურ, ასევე სპეციფიკურ, პროფესიონალურ საქმიანობაში გამოვლენილი თვისებებით.

ლელა მანგოშვილი
საერო სკოლა ,,ბინულის’’ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი