პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სოფლის „წამალი“

ზაფხულობით ბებიასთან სოფელში ხშირად ვრჩებოდი. ეს ის დრო არის, როცა აფთიაქი მხოლოდ რაიონის ცენტრში იყო, წერილები ელექტრონულად კი არ მოდიოდა, მიტო ფოსტალიონს დაჰქონდა. მთელ სოფელში მიტო პაპას გამოჩენას, მგონი, მხოლოდ მე ველოდებოდი. კვირა ისე არ გავიდოდა, ბებიასთვის ყოფილი მოსწავლის წერილი არ მოეტანა. ბებოს ისე ეფერებოდნენ, ისეთ სიტყვებს უწერდნენ, რომ თვალებგაცისკროვნებული ვკითხულობდი და მეამაყებოდა, რომ ბებო სწორედ ჩემი ბებო იყო.

ჩვენი სახლის გვერდით „ჯიქიძიანთ ქალი“ ცხოვრობდა, რომელსაც სინამდვილეში თამარი ერქვა, მაგრამ ეგ არავის ახსოვდა და შერქმეულ სახელს ისიც ისე დაუფლებოდა, რომ პირველივე დაძახებაზე გაგონებდა. ქმარი ადრე გარდაცვლოდა და მარტოხელა უშვილოდ დარჩენილიყო. იმის იქეთ ათანა პაპას სახლი გახლდათ, კიდევ უფრო იქეთ კი ევა ბაბოს (დიახ, „ბაბოს“ ეძახდა მთელი სოფელი) კარ-მიდამო განთავსებულიყო.

ერთ დღეს ბებოს თავი ასტკივდა. წამალი აღარ აღმოაჩნდა, სულ დაელია. რაიონის ცენტრში უცებ ვინ წავიდოდა? ჰოდა, „ჯიქიძიანთ ქალმა“ ურჩია:

–         ქალო, რა წამალი არ გამაგიჟო. მთელი სოფელი ევას დასაყნოსი ბოთლით მკურნალობს და ადექი და შენც ჩაიყნოსეო („ჯიქიძიანთ ქალის“ სტილი დაცულია).

ე.წ. საყნოსავი ბოთლი, სხვა არაფერი იყო, თუ არა ნიშადურის სპირტი,  რომელსაც ევა ბაბოს წამხედურობით, მთელი სოფელი წამლად იყენებდა. ბებოს ხელში ეს ბოთლი არასდროს შემინიშნავს, მაგრამ ეტყობა უწამლობამ და თავის ტკივილმა თავისი გაიტანეს და ევა ბაბოსთან სუპერ წამალზე გამიშვა.

–         გაიგე ბალღო, მკაცრი ტონით მითხრა ევამ, ორივე ხელით მაგრა დაიჭი (სტილი დაცულია), ემანდ ხელიდან არ გაგივარდეს და სოფელი უწამლოდ არ დარჩეს.

თავი დავუქნიე, მასე მოვიქცევი-მეთქი და ფრთხილი ნაბიჯებით სახლისკენ გამოვემართე.

–         გოგოო, უკან მომძახოდა ევა. კარგად ჩაყნოსოს, გაიგე?

უჰ, მაშინ ქიმია და მით უმეტეს, წესები არ ვიცოდი, თორემ, ევა ბაბოს ვეტყოდი, რომ კარგად და მამაპაპურად ჩაყნოსვა არ შეიძლება. ცხვირიდან გარკვეულ მანძილზე უნდა დაიჭირო ბოთლი და ხელის ფრთხილი მოძრაობით სურნელს შენსკენ უბიძგო. ეს არის ქიმიკოსის ყნოსვა.

მამაპაპურად დაყნოსავ და… „სული“ ცხვირ-პირში მოგახტება და ან მოგახრჩობს, ან ლორწოვან გარსს დაგწვავს და ახველე მერე და იქნიე ხელები.

– სული? იკითხავთ.

– დიახ, დიახ „სული“… სწორედ „სულებს“ უწოდებდნენ ალქიმიკოსები ნიშადურის სპირტისნაირ ნივთიერებებს. ანუ, ძალიან სურნელოვანს, მკვეთრი სუნის მქონეს, რომელთა სურნელი რაღაც მანძილზეც ვრცელდებოდა. ზოგჯერ „სულის“ კატეგორიას ყოვლად უსუნო ნივთიერებასაც ანიჭებდნენ. მაგალითად, ალქიმიკოს ალ-ჰალიკას დედამიწაზე არსებული „სულებიდან” მერკური ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნდა. მეორე ადგილს ის გოგირდს მიაკუთვნებდა, მესამეს – ამონიუმსა და მის მარილებს, მეოთხეს კი – დარიშხანს.

იმ პერიოდის აფთიაქარები რამდენიმე კატეგორიად იყოფოდნენ. ერთმა ნაწილმა სურნელოვან ნივთიერებებზე ყველაფერი იცოდა. ამ ცოდნას ადამიანის განსაკურნებლადაც იყენებდნენ და მისი სხეულის დასაზიანებლადაც.

ის კი არა, „სულების“ თემა დღესაც აქტუალურია. აფთიაქში ნაყიდ ქაფურის სპირტის ეტიკეტს დახედეთ-Spiritus Camphoratus.

ქაფური C10H16O თეთრი კრისტალური ნივთიერებაა, რომელსაც ქაფურის  ხის (Cinnamomum camphora) მერქნის და ფესვების გამოხდით იღებენ. ხე ჩინეთსა და იაპონიაში იზრდება. ქაფურს მედიცინაში იყენებენ კანის, ჭრილობის, ნანემსარის გაღიზიანების შემთხვევაში. ეს ქაფურის  თვისებას უკავშირდება, შერჩევითად გაააქტიუროს კანზე სიცივის რეცეპტორები. ადრე ქაფურს  აღმდგენ, გონზე მოსაყვან საშუალებადაც იყენებდნენ. ალბათ იმიტომ, რომ ქაფური ასტიმულირებს უფრო ღმა სუნთქვას, სისხლის წნევის მომატებას. თუმცა, გადამეტების შემთხვევაში შეიძლება კრუნჩხვები და სუნთქვის შეჩერებაც გამოიწვიოს.

 

ხომ გახსოვთ, თხრობა იმ ადგილას შევწყვიტე, ბებოსთან რომ ბოთლი მომქონდა. მოვიტანე სანატრელი ბოთლი ბებოსთან. გახსნა და ამანაც მამა-პაპურად დაყნოსა.

– ბრრრრ, გააზრიალა და მაშინვე თავსახური მოარგო.

– წაიღე, ბებო გენაცვალოს უკან. დავუჯერე მეც რა „ჯიქიძიანთ ქალს“. ეს თავს უარესად მატკენს, ისევ ავდგები და კომბოსტოს ფოთოლს დავიდებო.

მეც უკან გავტრიალდი. ევა ბაბოს შეგონება მახსოვდა, ბოთლს ხელი არ გაუშვა, არ გაგივარდესო. არც ხელი გამიშვია და არც გამვარდნია… უბრალოდ, ქვას ფეხი წამოვკარი და ჩემი ბოთლიანად გავიშხლართე. ბოთლი გატყდა და „სპირიტუს ამონიუს“ გარეთ გამოიჭრა. ჯერ მე დამაბორიალა და შემდეგ ფრენა-ფრენით ატმოსფეროში გაუჩინარდა. რაღას ვიზამდი, წამოვიზლაზნე, გადაყვლეფილ მუხლს დავხედე, საიდანაც სისხლი მოჩქეფდა და დარცხვენილი, წელათრეული ბებოსთან დავბრუნდი.

–         აიიიიიჰჰჰ! გაისმა ბებოს კივილი, რა დაგემართა გოგოოო?…

ჰო, ბებოს ჩემი დანახვით  მიღებული სტრესით თავი მოურჩა, მე გადატყავებული მუხლი დამრჩა, სოფელი და ევა ბაბო კი „სპირიტუს ამონიუს“, ანუ წამლის გარეშე დარჩნენ.

დღეს უამრავი დასახელების წამალია. აფთიაქში მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლის შესაძენად შესული, დაიბნევით იმდენი დასახელების წამალი დაგხვდებათ.

წლების განმავლობაში ამერიკის ფარმაცევტულმა კომპანიებმა 33 ბილიონზე მეტი დახარჯეს მისი კვლევისა და განვითარებისთვის. მთავრობამ და კერძო ფონდებმა დამატებით სხვა 28 ბილიონი გაიმეტეს ამავე საქმისთვის. 1981-2018 წლებში ამ ფულით დაახლოებით 1989 ახალი ბიოლოგიურად აქტიური ქიმიური ნივთიერება დარეგისტრირდა და ამის ბაზაზე 85 ახალი წამალი შეიქმნა. აქედან, დაახლოებით 33% სიმსივნის დასამარცხებელ პრეპარატებზე მოდის. სხვადასხვა ვაქცინებს და გენეტიკური ინჟინერიით ლაბორატორიაში სინთეზირებულ ცილებს 15% მიაქვს, დანარჩენი 52% კი სხვადასხვა მოქმედების წამალზე ნაწილდება. წარმომავლობის მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდება: სინთეზური – 33%; ბიოლოგიური – 15%; ბუნებრივი – 24%; ბუნებრივთან გათანაბრებული – 28%.

ბუნებრივი პრეპარატებიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ტერპენების ბაზაზეა შექმნილი. უძველეს დროში სპარსეთში აღმოაჩინეს. წყალთან ერთად მრავალჯერადი გამოხდით სურნელოვან თხევად ნარევს ღებულობდნენ (ფაქტიურად, „სულს“), რომელსაც ეთერზეთი უწოდეს. მიღებულ ზეთებს მრავალი წელია იყენებენ მედიცინაში (მათ შორის, როგორც ბუნებრივ ტკივილგამაყუჩებლებს), სანელებლებსა და პარფიუმერიაში. კიდევ უფრო, რომ დავაზუსტოთ, ეთერზეთების შემადგენლობაში ტერპენოიდების ნარევია. სტრუქტურის უზარმაზარი მრავალფეროვნება ახასიათებთ და მათ კვლევაში ორგანულმა ქიმიამ დიდი წვლილი შეიტანა. დღეისათვის 35.000 სხვადასხვა ტერპენოიდია ცნობილი. ზოგიერთს ღიაჯაჭვოვანი სტრუქტურა აქვს, სხვებს – ციკლური აღნაგობა. ზოგი ნახშირწყალია და ისინი ორმაგ ბმებს შეიცავენ. მაგ. მირცენი (დაფნის ეთერზეთი), ალფა-პინენი, ჰუმოლენი (სვიის ეთერზეთი), ბეტა-სანტალენი და ა.შ.

ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ჩვ.წ. აღ-მდე ავადმყოფებს სამკურნალოდ ეთერზეთების მასაჟებს და აბაზანებს უნიშნავდა. მცენარეული ეთერზეთებით და მასაჟით მკურნალობას არომათერაპია ეწოდება.

ეთერზეთების ყველაზე ძველი და ცნობილი ნედლეული პიტნაა. პიტნის ძირითადი კომპონენტი მენთოლია (ლათინურად mentha-პიტნას ნიშნავს,  oleum-კი ზეთია). მენთოლი ერთატომიანი სპირტია.

პიტნის ერთ-ერთი სახეობის ეთერზეთის შედგენილობის 50%-ს მენთოლი შეადგენს, დანარჩენი კი ესთერებზე  მოდის.

ქიმიის კლუბში საკმარისი დრო გექნებათ, რომ პიტნის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი მიიღოთ.

100გ. პიტნა (გამხმარი) როდინში დავსრისოთ, დავუმატოთ სპირტი და გამოვხადოთ. გამოხდის შედეგად მწვანე მასიდან 5-10 წვეთი მკვეთრი სუნის ბლანტი სითხე მიიღება.

1897 წელს გერმანიაში პიტნის გამოხდით მიღებული ეთერზეთი ხელმეორედ გამოხადეს. გამოკრისტალდა თეთრი ფერის კრისტალური, მომწარო გემოს ნივთიერება – მენთოლი. დღეისათვის მენთოლს სინთეზური გზით ღებულობენ.

სწორედ, მენთოლის საფუძველზე შექმნეს წამალი ვალიდოლი (დღეს, ზოგიერთ შეფუთვაზე „გულიდოლადაც“ მოიხსენებენ). ალბათ, ერთხელ მაინც გისარგებლიათ ამ წამლით. ერთდროულად მოტკო-მომწარო და ცივი გემო აქვს. პირის ღრუშიც სიცივეს ტოვებს. ეს მენთოლის მოქმედების გამოა, პირის ღრუში სიცივის აღმქმელ რეცეპტორებს ააქტიურებს.

მენთოლის მისაღებად, პიტნის გარდა, ზოგჯერ „სკიპიდარსაც“ იყენებენ. ამ უკანასკნელს წიწვოვნების ცვილის გამოხდით ღებულობენ. გამოხდის პროცესი ორთქლის თანაობისას უნდა ჩატარდეს. Pinus palustris და Pinus elliotti განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ცვილს გამოყოფენ „სკიპიდარის“ მისაღებად. მისი სურნელის საფუძველს ნახშირწყალბადი ალფა-პინენი წარმოადგენს. კიდევ თუ გადავამუშავებთ ალფა-ტერპინეოლი წარმოიქმნება, რომლის სურნელიც ვირუსებს და ბაქტერიებს ანადგურებს.

ევა ბაბომ მეზობლის გოგო გამომიგზავნა, ჩემი ჯადოსნური ბოთლი დამიბრუნონო. ბებია, ბუნებრივია, წუხდა ჩემი მარცხის გამო, მაგრამ გოგოს დააბარა, ცოტა ხნით კიდევ მაცალოს ევამ და თავად გადავუტანო. იფიქრა, ძღვენით გადავალ და აუხსნი, რომ სოფელი წამლის გარეშე დარჩაო. მეორე დილით, მართლაც, ახლად დამცხვარი ქადებით გადავიდა. არ ვიცი, რა უთხრა, რით დაამშვიდა, მაგრამ ევა ბაბოს ჩემთვის „სურნელოვანი“ ბოთლი აღარ შეუხსენებია.

მე კი ვისწავლე, რომ როცა ხელში „სოფლის წამალი“ გიჭირავს, გზას უნდა დააკვირდე და შუა გზაზე „კისერი“ არ მოიტეხო.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი