შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

 მეტაპლანი – ფერადი გაკვეთილები

მეტაპლანი არის ჯგუფური მუშაობის ეფექტური ფორმა, რომელიც  ხელს უწყობს იდეებისა და გადაწყვეტილებების გენერირებას; აზრებისა და შეთანხმებების, მიზნების, რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებას. ინფორმაციის შეგროვების ვიზუალური ინსტრუმენტია ფერადი ბარათები.

მეთოდიკა მოიცავს ლიდერთა-მოდერატორთა მონაწილეობას ჯგუფურ დისკუსიაში. მოდერატორები არიან ადამიანები, რომლებიც ანალიზისა და განხილვის პროცესში მონაწილეობენ, თითოეული სამუშაო ჯგუფის კონტექსტის მიხედვით.

მეტაპლანის გამოყენებას ორმაგი”ეფექტი” აქვს: ერთი მხრივ, გულისხმობს დროის მოგებას – მეტაპლანის ტექნიკის გამოყენებით შედეგების მიღწევა შედარებით უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ტრადიციული მეთოდებით; მეორე მხრივ კი – მონაწილეების უფრო აქტიურ ჩართულობას ჯგუფური მუშაობის პროცესში ყველა მოსაზრების განხილვასა და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებას.

მეტაპლანების მეთოდი სამნაწილიანია:

ვიზუალიზაციის ტექნიკა

მეტაპლანების გამოყენებით დისკუსიისთვის საჭიროა ვიზუალიზაციის მექანიზმები, რათა ჯგუფის წევრების მოსაზრებები და არგუმენტები ყველასთვის თვალსაჩინო იყოს:

ვიზუალიზაცია ჯგუფების მუშაობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ისინი შეიძლება ორგანიზებულად და ერთობლივად დალაგდეს. საჭირო რესურსია ფერადი ქაღალდის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ბარათები, რომლებზეც დაიწერება კითხვები და იდეები. მნიშვნელოვანია, რომ მეტაპლანის ბარათები ისე მიმაგრდეს დაფაზე, რომ თავისუფლად შეიძლებოდეს მათი გადაადგილება.

ძალიან მნიშვნელოვანია პასუხების ვიზუალური კომპონენტი, რადგან სხვა მონაწილეებს   ანალიზის საშუალებას აძლევს.

ურთიერთქმედების ტექნიკა

ურთიერთქმედების ტექნიკა იწვევს ცოცხალ და ნაყოფიერ დისკუსიებს, წახალისებასა და მონაწილეთა ჩართულობას.

დრამატურგიული დაგეგმვის ტექნიკა

წესების შემუშავება მოდერატორს დაეხმარება დისკუსიის დროს, რათა უხელმძღვანელოს ჯგუფს და დაეხმაროს დასკვნების გამოტანაში.

მოდერატორი არ არის არც ექსპერტი და არც ხელმძღვანელი. ის უბრალოდ ხელმძღვანელობს დისკუსიას. მოდერატორი არ გამოხატავს თავის აზრს. ის კითხვებს სვამს, მიჯნავს თავის მოსაზრებასა და მონაწილეთა აზრს. მოდერატორმა უნდა აღმოფხვრას კონფლიქტები, გამოიძიოს მათი მიზეზები. მისი ამოცანაა დისკუსიის წარმართვა შედეგების მისაღწევად.

მეთოდის ამოცანაა ინდივიდუალური და ჯგუფური აზროვნების ორგანიზება კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად, როგორც თითოეული მონაწილის გამოცდილებისა და ცოდნის გათვალისწინება, ისე მათი განვითარება და გამდიდრება ჯგუფური მუშაობის შედეგად.

მეტაპლანტის უპირატესობა ისაა, რომ იგი განხილვის პროცესის ყველა ეტაპზე სრული ვიზუალიზაციის პრინციპითაა აგებული. ამ მეთოდის გამოყენებისას მონაწილეები აქტიურად თანამშრომლობენ, რაც ხელს უწყობს აქტიურ და ეფექტურ დისკუსიებს. პროცესი მიმდინარეობს წინასწარ დადგენილი წესებით, რომლებიც თავიდანვე განსაზღვრულია, რაც მოდერატორს საშუალებას აძლევს ისე წარმართოს დისკუსია, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს.

მეთოდის დანერგვის პირობები:

– მონაწილეთა ოპტიმალური რაოდენობა 15-30 მოსწავლეა.

საჭირო რესურსები:

– ფერადი ქაღალდის ფურცლები (მაგალითად, თეთრი, მწვანე, წითელი) მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით (თითოეულ მონაწილეს 3 ფერადი ქაღალდი აქვს);

– თითოეულ მონაწილეზე კალმები, ქაღალდის 3-5 დიდი ფურცელი (შეგიძლიათ ძველი გაზეთები და ჟურნალები);

– 3-6 მარკერი (თითოეული ჯგუფი 1-2).

მეთოდის შესრულება მოიცავს შემდეგ საფეხურებს:

პირველი ეტაპი: პრობლემებისა და კითხვების იდენტიფიცირება და ფორმულირება.

მასწავლებელი მონაწილეებს სთავაზობს, 5-10 წუთში ჩამოაყალიბონ რამდენიმე პრობლემური საკითხი (მაგალითად, გარემოსდაცვითი განათლების პროცესის ორგანიზება ან გარემოსდაცვითი განათლების პროცესში ახალი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენება და სხვა).

თემის შერჩევა შესაძლებელია ნებისმიერი ცოდნის სფეროდან.

შემდეგ მასწავლებელი გამოჰკითხავს მოსწავლეებს და აფიქსირებს ყველა პრობლემას, რომელთა შორისაც გამოარჩევს სამ წამყვან კითხვას.

მაგალითად, თემაზე „გარემოსდაცვითი განათლების პროცესის ორგანიზება” გამოირჩა 3 წამყვანი კითხვა.

რა არის ადამიანის ეკოლოგიური კულტურა?

რა არის წამყვანი იდეა, რომელიც განსაზღვრავს გარემოსდაცვითი განათლების პროცესის შინაარსს?

რა პირობები უნდა შექმნას მასწავლებელმა მოსწავლის ეკოლოგიური კულტურის ოპტიმალური განვითარებისათვის?

მეორე ეტაპი: ფერადი ქაღალდის ფურცელზე პრობლემების ჩაწერა, მასწავლებელი თითოეულ წევრს 3 ფერადი ქაღალდის ფურცელს აძლევს. ამ შემთხვევაში ფერი ხელს უწყობს პრობლემის გამოყოფას და გამოარჩევს ინდივიდუალურ პრობლემებს.

თითოეულ ფურცელზე მონაწილეები წერენ შესაბამის პრობლემებსა და კითხვებს. მაგალითად, პირველი კითხვა – „რა არის ადამიანის ეკოლოგიური კულტურა?“ – წერია თეთრ ფურცელზე; მეორე – მწვანე ფურცელზე: „რა არის წამყვანი იდეა, რომელიც განსაზღვრავს გარემოს დაცვის პროცესის შინაარსს?“; მესამე – წითელ ფურცელზე: „რა პირობები უნდა შექმნას მასწავლებელმა მოსწავლის ეკოლოგიური კულტურის ოპტიმალური განვითარებისათვის?“

მესამე ეტაპი: ინდივიდუალური განხილვა. თითოეული მოსწავლე 20-30 წუთის განმავლობაში წერილობით პასუხობს ფერადი ქაღალდის ფურცლებზე დაწერილ კითხვებს. ნებადართულია, დაწერონ ყველაფერი, რაც თავში მოუვათ, მაგრამ დიდი ასოებით. რათა ყველა იდეა ყველასთვის თვალსაჩინო იყოს.

მეოთხე ეტაპი: მოსწავლეთა ინდივიდუალური მოსაზრებების წარდგენა და გაცვლა. თითოეული მონაწილე ჯგუფში აცნობს ყველას თავის პასუხებს სამივე პრობლემის კითხვებზე (დეტალური კომენტარების გარეშე). მოსწავლეებს შორის ხდება აზრების გაცვლა კომენტარების გარეშე.

მეხუთე ეტაპი: ანალიზი, ინდივიდუალური მოსაზრებების სინთეზი ჯგუფებში. ამ ეტაპზე ხორციელდება შემდეგი საქმიანობები:

–  მოსწვლეებისგან იქმნება დაახლოებით თანაბარი რაოდენობის სამი შემოქმედებითი ჯგუფი;

–  ფერადი ფურცლები მათზე აღწერილი მოსაზრებებით ფერების მიხედვით კლასტერების საშუალებით ჯგუფდება;

– თითოეული ჯგუფი აანალიზებს და ავსებს ინდივიდუალურ მოსაზრებებს და თანხმდება ერთ-ერთ კითხვა-პრობლემაზე;

– 20-30 წუთის განმავლობაში ჯგუფები ინდივიდუალურ მოსაზრებებს აანალიზებენ და აფასებენ, შეიმუშავებენ საერთო ვერსიას.

– ჯგუფები მარკერებით აფორმებენ ფერად ფურცლებს, დაიტანენ შედეგებს (ნახაზები, გრაფიკები, ცხრილები, წერენ განმარტებებს და ა.შ.).

მეექვსე ეტაპი:  ჯგუფების მუშაობის შედეგების პრეზენტაცია. თითოეული ჯგუფი, თავის მხრივ, წარმოადგენს მათი საქმიანობის შედეგებს. მასწავლებელი თითოეული ჯგუფის პრეზენტაციაზე კომენტარს აკეთებს.  ყველა ნახაზი, პლაკატი, დაფაზე (კედლებზე) განთავსდება.

მეშვიდე ეტაპი: რეფლექსია, საქმიანობის შედეგების ასახვა. თითოეული მონაწილე  ჯგუფში განიხილავს:

– აანალიზებს მუშაობის დროს საკუთარ ემოციურ მდგომარეობას;

– აფასებს ჯგუფში საკუთარ საქმიანობას;

– განიხილავს თავის მოსაზრებებს განხილულ საკითხებზე;

– აფასებს განხორციელებული ტექნოლოგიების შესაძლებლობებს თავის საქმიანობაში.

რეფლექსია ხორციელდება სხვადასხვა მეთოდით.

მასწავლებელი აჯამებს საქმიანობას.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://www.hostingtransformation.eu/methode/metaplan/ ; https://www.ecured.cu/Metapl%C3%A1n ; https://studfiles.net/preview/3217955/page:9/ .

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი