შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ცნობილი ადამიანების უცნობი შემოქმედება (I)

„ხელოვნება იმისთვის მოგვეცა, სიმართლისგან რომ არ დავიღუპოთ“

ფ. ნიცშე

 

მუსიკით გამძაფრებული გატაცება არცთუ იშვიათად გადაზრდილა შემოქმედებაში. მსოფლიოს მელომანებისა და შეუმდგარი კომპოზიტორების მოძიება, რასაკვირველია, წარმოუდგენელია, მაგრამ იმ „მუსიკის მწერლების“ გახსენება, რომლებმაც სახელი პროფესიული საქმიანობით გაითქვეს, სავსებით შესაძლებელია და საინტერესოც.

აღორძინების ხანაში მუსიკალური წიგნიერება საზოგადოების მხოლოდ მაღალ ფენებში იყო გავრცელებული ფართოდ. მოგვიანებით მუსიკალურ ცოდნასთან ზიარება საშუალო ფენებისთვისაც შესაძლებელი გახდა. მუსიკის წერით გატაცება მოედო სახელმწიფოს მეთაურებს, მხატვრებსა და მსახიობებს, მწერლებს, ვაჭრებსა და სხვადასხვა მიდრეკილების ადამიანებს. ყოველივე ეს იმ დროისთვის განსაკუთრებულად სულაც არ მიიჩნეოდა.

ცნობილ ადამიანებს შორის შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე, რომელთა მუსიკა ხარისხობრივად კონკურენციასაც კი გაუწევდა პროფესიონალი კომპოზიტორების ზოგიერთ ნაწარმოებს.

 

ვფიქრობ, ძალზე საინტერესოა პროტესტანტულ ოჯახში დაბადებულ დიდ ფილოსოფოსთან ფრიდრიხ ნიცშესთან მიახლოება, იმ შემოქმედსა და პიროვნებასთან, რომელმაც თავისი სიცოცხლის განმავლობაში ერთობ უცნაური გაუგებრობები და სირთულეები განიცადა.

ნიცშეზე წარმოდგენა მისი მუსიკის გაცნობის გარეშე, ალბათ, სრული ვერ იქნება.

 

„ჯერ არ უარსებია ფილოსოფოსს, რომელიც თავისი არსით იმ ხარისხით ყოფილიყო მუსიკოსი, როგორითაც მე“.

ფ. ნიცშე

იქნებ ბევრმა არ იცის, რომ გერმანიას (და არამხოლოდ) ფრიდრიხ ნიცშეზე მუსიკალური მწერალი არც მანამდე და არც შემდეგ არ ჰყოლია. თუმცა მისი როგორც მუსიკოსის, კომპოზიტორის ბედი უცნაური ჩრდილით და არამუსიკალურობით არის დაღდასმული.

ფრიდრიხ ნიცშეს როგორც მოაზროვნეს, საკუთარი მნიშვნელობა სავსებით ჰქონდა გაცნობიერებული და მიაჩნდა, რომ ის დიდ გავლენას მოახდენდა მომავალ თაობებზე. ნიცშეს, ვიდრე თავს მთლიანად ფილოსოფიას მიუძღვნიდა, უკვე მნიშვნელოვანი ნამუშევრები ჰქონდა შექმნილი როგორც პოეტსა და მუსიკის ავტორს.

ნიცშეს ლიტერატურულ-ფილოსოფიური ნაშრომების გავლენა ხელოვნებაზე მეტად მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია რიჰარდ შტრაუსის სიმფონიური პოემა „ასე იტყოდა ზარატუსტრა“. ერთი ამერიკელი მკვლევარის გამოთვლით, ნიცშეს ფილოსოფიური ნაშრომების გავლენით 174 კომპოზიტორს აქვს შექმნილი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოები: სიმღერა, სონატა, სიმებიანი კვარტეტი, სიმფონია, ოპერა, კანტატა, მესა, ორატორია, რეკვიემი. მათ შორის არიან რ. შტრაუსი, გ. მალერი, კ. ორფი, ს. ტანეევი, პ. ჰინდემტი, ა. ვებერნი, ა. შონბერგი, ფ. ბუზონი… დიდი ფილოსოფოსის გავლენით ქმნიდნენ შედევრებს ისეთი ცნობილი მხატვრები, როგორებიც იყვნენ ვ. კანდინსკი, ფ. მარკი და ე. მუნკი.

 

უდიდესი პიროვნება, გავლენიანი და წინააღმდეგობრივი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე მთელი სიცოცხლის განმავლობაში ცხოველ ინტერესს იჩენდა მუსიკისადმი. თუმცა საზოგადოებისთვის ის როგორც კომპოზიტორი ფაქტობრივად უცნობი დარჩა. სამაგიეროდ, მკვლევრები ინტერესდებოდნენ ნიცშესა და კომპოზიტორ რიჰარდ ვაგნერის ინტელექტუალური მსგავსებით, არცთუ ხანგრძლივი მეგობრობით და საბოლოოდ მათ შორის წარმოქმნილი განხეთქილებით.

 

ალბათ ყველასთვის ცნობილია ნიცშეს დამოკიდებულება რიჰარდ ვაგნერის მუსიკისადმი. კომპოზიტორის გავლენის ქვეშ მოქცეულ 24 წლის ფილოსოფოსს მუსიკის წერის გარკვეული გამოცდილება უკვე ჰქონდა. ვაგნერსა და მის წრესთან შეხვედრის შემდეგ კი მუსიკასთან მისმა კავშირმა სულ სხვა სახე მიიღო – შეიძლება ითქვას, საბედისწეროდ შემობრუნდა. ნიცშეს როგორც მუსიკოსს ვაგნერის ოჯახში სერიოზულად არავინ აღიქვამდა. მის ერთ საინტერესო, მელოდიურ ნაწარმოებს „საახალწლო ღამის გამოძახილი“ ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის, რომელიც კოზიმა ვაგნერს მიუძღვნა, დიდი კომპოზიტორის ოჯახში სიცილით შეხვდნენ… ვაგნერმა ნაწარმოებს ბოლომდე არც კი მოუსმინა, ისე დატოვა ოთახი. მსგავს რეაქციასა და დამოკიდებულებას ნაწარმოები არ იმსახურებდა, მიუხედავად იმისა, რომ ლისტის „მოგზაურობის წლების“ გავლენით იყო შექმნილი.

 

1968 წელს დაწყებული ნიცშესა და ვაგნერის მეგობრობა რამდენიმე წლის შემდეგ დაირღვევა. გარკვეული ხნის შემდეგ ვაგნერი კრიტიკულ შეფასებას მისცემს ახალგაზრდა ფილოსოფოსის ნაწარმოებს. მოგვიანებით სათაყვანებელ კომპოზიტორს ნიცშეც იმავეთი უპასუხებს წიგნში „ვაგნერის კაზუსი“.

 

ნიცშეს არცთუ უინტერესო მუსიკალური ნაწარმოები „მანფრედი. მედიტაციაც“ მიძღვნის სამწუხარო ბედს გაიზიარებს. მუსიკა ბაირონის დრამა-მისტერიით იყო ნაკარნახევი და, შეიძლება ითქვას, ეს ნათელი კომპოზიცია ჩაფიქრებას, ანალიზსა და მოწონებას მეტად იმსახურებდა, ვიდრე გაკიცხვას. გამოხმაურებისთვის ცნობილ პიანისტსა და დირიჟორთან ჰანს ბიულოვთან გაგზავნილ ნაწარმოებს გამანადგურებელი და აგდებული კრიტიკა ერგო წილად. ბიულოვი ნაწარმოებს ისეთ უსიხარულობასა და ანტიმუსიკალურობაში „ადანაშაულებდა“, რომლის მსგავსიც დიდი ხანია არ ამოუკითხავს სანოტო ფურცლებიდან. მისი აზრით, ასეთი ნაწარმოებები დამღუპველი იყო არა მხოლოდ ავტორისთვის, არამედ გარშემო მყოფებისთვისაც. ამგვარი შეფასება ნიცშესთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა.

 

 

ერთი სიტყვით, ვაგნერის გარემოცვამ, რომელსაც ნიცშე ესოდენ ეთაყვანებოდა, მასში მუსიკალური ნიჭიერების რწმენა საბოლოოდ ჩაკლა. დიდმა ფილოსოფოსმა მუსიკის წერა სამუდამოდ შეწყვიტა. მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ, 1882 წელს, დაწერა ჰიმნი მისთვის საბედისწერო ქალის, ლუ სალომეს ლექსის მიხედვით.

 

1882 წელს ფრიდრიხ ნიცშე შემთხვევით გადააწყდა ლუ ანდრეას-სალომეს პოემას „სიცოცხლისადმი ვედრება“, რომელშიც ცხოვრებისადმი საკუთარი დამოკიდებულება დაინახა. ნიცშემ პოემა ჰიმნის შესაქმნელად „მოინიშნა“. მოგვიანებით „ჰიმნი ცხოვრებისადმი“ (ხმისა და ფორტეპიანოსთვის) მან რამდენიმე ცნობილ მუსიკოსს გადაუგზავნა თხოვნა-მითითებით, მომავალში ის შესრულებულიყო მისივე ხსოვნის აღსანიშნავად.

 

ფრიდრიხ ნიცშე დარწმუნებული იყო, რომ ამ ნაწარმოების სრულყოფილი შესრულება დაკვირვებულ მსმენელს აუცილებლად მოხიბლავდა და მისი ფილოსოფიის საზრისში უფრო ღრმად ჩაახედებდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი