ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ამოყირავებული ხე

ბავშვობაში ერთი წიგნი წავიკითხე. ფანტასტიკის ჟანრი იყო. ავტორი, სამწუხაროდ,  აღარ მახსოვს, მაგრამ სიუჟეტი მეხსიერებას შემორჩა.

მოკლედ, ერთ პატარა და ცნობისმოყვარე ბიჭზე ეწერა. კარგად სწავლობდა, მშობლებს უჯერებდა. ლონდონში ცხოვრობდა, მაგრამ ზაფხულობით ბებიასთან ჩადიოდა სტუმრად.  სოფელში გარეთ ხტუნვა-თამაშით გულს იჯერებდა ხოლმე. მთელ სოფელს და ახლო-მახლო ველ-მინდვრებსაც მოირბენდა. ბებიაც უშვებდა, არ ეშინოდა. ალბათ იმიტომ, რომ დრო იყო სხვანაირი, სუფთა და უსაფრთხო. როდესაც სუფთა დროზე ვწერ, მხოლოდ გარემოს სისუფთავეს კი არ ვგულისხმობ, ადამიანების სუფთა გულებსაც. თორემ, ახლა სად გაგონილა პატარა ბავშვის ველ-მინდვად სეირნობა. ქალაქშიც კი ხელი უნდა ჩასჭიდო და ისე ატარო…

თორემ…რამდენი არაკაცი დაწრწის და სხვისი ოჯახის გაუბედურებისკენ უჭირავს თვალი.

კარგი, კვლავ წიგნზე წერას განვაგრძობ. ბიჭს ჯოშუა ერქვა და მორიგ ზაფხულსაც ჩვეულებისამებრ ბებიას ჩააკითხა სოფელში. დილით სასეირნოდ გავიდა და შემთხვევით გნომებს გადაეყარა. გნომებიც სუფთა გულისანი იყვნენ და  სტუმრად დაპატიჟეს. თან დაპირდნენ, რომ სასწაულს აჩვენებდნენ. მე რომ ჯოშუას ადგილას ვყოფილიყავი, გნომებს არ დავუჯერებდი და თავქუდმოგლეჯილი სახლში, ბებიასთან გავიქცეოდი. ჯოშუა კი, სულ საპირისპიროდ მოიქცა და გნომებთან ერთად ჯადოსნობა-სასწაულის სანახავად გაეშურა.

ჯადოსნობა  ამოყირავებული ხე იყო, რომელიც გამოქვაბულში ხარობდა. ხეს უზარმაზარი ფესვები ჰაერში ჰქონდა, თავად კი მიწაში თავდაყირა  იზრდებოდა. ჯოშუა ხეს შეაცოცდა და მისი ტოტების მეშვეობით მიწის გულისკენ მოგზაურობა დაიწყო.

თითოეული ტოტი ერთ დამოუკიდებელ ქვეყანას განასახიერებდა. ბუნებრივია, ჯოშუამ ყველა ტოტი შემოიარა, ბევ ახალ ადამიანს შეხვდა და ბევრი ახალი ამბავიც გაიგო. ახალი ამბავი სამეცნიერო იყო. ჯოშუა, მე და ჩვენი ტოლი ბავშვები, რომ გაიგებდნენ, იმ სირთულით აღწერილ-მოთხრობილი.

ერთ-ერთ ტოტზე, რომ გაცოცდა მინერალების სამეფოში მოხვდა. მის სანახავად მეფე გამობრძანდა, თავზე კორუნდის გვირგვინი ედგა, ტანზე კი ამეთვისტოს მანტია ემოსა. ჯოშუა მუხლებზე დაისვა და მინერალებზე უამბო.

არა, მაინც რა უშიშარი ბიჭი იყო ეს ჯოშუა. როგორ დაუჯერა და ენდო? მე კისრისტეხით გამოვიქცეოდი. ჰო, გამოვიქცეოდი და მინერალებზე საინტერესო ამბებს ვერ მოვისმენდი.

მეფეს კი უთქვამს, რომ…

დედამიწა შრეებად იყოფა, აქვე მოიაზრება მყარი რკინით მდიდარი შიდა ბირთვი, მანტია და ქერქი. გარემოს ქიმია სწორედ ლითოსფეროს, მანტიას და შიდა ქერქს შეისწავლის. ქერქის უმეტესი ნაწილი ქვებისგან შედგება, რომლებიც მინერალებს წარმოადგენენ. ეს უკანასკნელნი შიდა კრისტალური სტრუქტურით და შედგენილობით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ზოგჯერ მინერალებს შესაძლებელია ერთნაირი შედგენილობა, ან მსგავსი კრისტალური სტრუქტურა ქონდეთ, მაგრამ ისინი იდენტურები ვერ იქნებიან. ფერი მინერალის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, მაგრამ ის შეიძლება ფართო სპექტრში მერყეობდეს მინარევების არსებობის გამო. მინერალის ზედაპირის თვისება  აირეკლოს შუქი, განაპირობებს მის ბზინვარებას. მინერალს შესაძლოა ჰქონდეს მეტალური ან ნაწილობრივ მეტალური ბზინვარება. ან მისი ზედაპირი მინას წააგავდეს, ან იყოს პერლამუტრისებრი. მინერალის სიმაგრე 1-დან 10-მდე კოეფიციენტის ზღვარში იზომება. მაგ. ბრილიანტის სიმაგრე 10-ია.

დღეისათვის ორი ათას მინერალზე მეტია ცნობილი. დედამიწის ქერქში 25 ძირითადი ქვა-მინერალია მუდმივადაა  გავრცელებული. ქერქის ქიმიური შედგენილობა შემდეგია: ჟანგბადი და სილიციუმი ქერქის საერთო მასიდან 49,5% და 25.7% შეადგენს. შესაბამისად, მინერალების უმრავლესობა სწორედ სილიკატებია, როგორიცაა SiO2, ორთოსილიკატი KAlSi3O6. ქერქის სხვა ელემენტებია ალუმინი-7.4%, რკინა 4.7%, კალციუმი-3.6%, ნატრიუმი-2.8%, კალიუმი-2.6%, მაგნიუმი-2.1%, სხვა ელემენტები 1.6%.

არ უნდა გამოგვრჩეს თიხები (ოლივინი, ავგიტი, რქატყუარა (Hornblende), მინდვრის შპატები), რომლებიც სილიკატური ბუნებისაა და შეიცავენ ალუმინს, რომელიც ე.წ. მეორადი მინერალების შემადგენლობაში გვხდება. ზოგიერთი მინერალი იხილეთ ცხრილში.

 

მინერალის ჯგუფი მაგალითი ფორმულა
სილიკატები

 

 

ოქსიდები

 

 

კარბონატები

 

სულფიდები

 

სულფატები

 

 

 

თვითნაბადი ელემენტები

კვარცი

ოლივინი

კალიუმის მინდვრის შპატი

კორუნდი

მაგნეტიტი

 

კალციტი

დოლომიტი

პირიტი

ჰალენიტი

თაბაშირი

ჰალიტი

ფლუონიტი

 

სპილენძი

გოგირდი

SiO2

(Mg,Fe)2 SiO4

KAlSi3O6

Al2O3

Fe3O4

 

CaCO3

CaCO3•MgCO3

FeS2

PbS

CaSO4•2H2O

NaCl

CaF2

 

Cu

S

 

ცალკე აღსანიშნავია წყალში ხსნადი მინერალები და კრისტალჰიდრატები. ყველასთვის ცნობილი წყალში ხსნადი მინერალი ნატრიუმის ქლორიდია. დანარჩენების სია ასე გამოიყურება: სილვინიტი-KCl; ტენარდიტი-Na2SO4; ანჰიდრიტი-CaSO4; ბიშოპოტი-MgCl2•6H2O; თაბაშირი- CaSO4•2H2O; ქისერიტი-MgSO4•H2O; ეპსომიტი- MgSO4• 7H2O;

ზოგიერთი მინერალური სუბსტანცია გაზისებრ ნარევს წარმოადგენს და მაგმის ტემპერატურამდეა გაცხელებული. ძირითადად, ვულკანურ გაზებში შედიან და ვულკანის კრატერთან გვხვდებიან. მათ მეორენაირად „ვულკანურ სუბლიმატებს“ უწოდებენ, ანუ სუბლიმაციის შედეგად წარმოქმნილებს. ყველა სუბლიმატისთვის გოგირდის არსებობაა დამახასიათებელი. სუბლიმატების კვალში შეინიშნება ასევე რკინის და სილიციუმის შემცველი ოქსიდებიც. სუბლიმატი ქლორიდები და ფტორიდები მაღალ ტემპერატურაზე წყალთან მოქმედებით აირადი ფთორწყალბადმჟავას და ქლორწყალბადმჟავას წყაროა.

2H2O+SiF4=4HF+SiO2

 

მაგმის გაცივებისა და დაკრისტალების შედეგად წარმოქმნილ ქანებს მაგმურს უწოდებენ. მაგმის გაცივების პირობების მიხედვით არჩევენ მაგმური ქანების ორ ძირითად ტიპს:

  • ეფუზიური, როდესაცლავის   ამოსროლით  მაგმა დედამიწის ზედაპირზე ცივდება;
  • ინტრუზიულს (სიღრმულს), როდესაცმაგმა დედამიწის  სიღრმეში ცივდება.

მაგმური ქანებია: გრანიტი, ბაზალტი, კვარცი (SiO2), პიროქსენი (Mg,Fe)SiO3), მინდვრის შპატები (Ca,Na,K)AlSi3O8), მაგნეტიტი (Fe3O4).

მაგმური ქანების გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილ  ქანებს მეტამორფულს უწოდებენ. ისინი შეიძლება იყოს ორთოქანები და პარაქანები.   მეტამორფულ ქანებს ახასიათებს ფიქლებრივი ტექსტურა. მაგ. მარმარილო მეტამორფული ქანაა.

დანალექი ქანები ოკეანის, ზღვის, ტბების აუზებში, ჭაობებსა და მდინარეებში დედამიწის ქერქის გამოფიტვის შედეგად და ვულკანიზმის პროდუქტების გარდაქმნით, ასევე ორგანული ნაშთების დალექვის და გარდაქმნების შედეგად წარმოიქმნება. მათი წარმომადგენლებია: კირქვები, დოლომიტები, თაბაშირ-ანჰიდრიტები, კრისტალჰიდრატები, ბოქსიტები, სილიკატები, ფოსფორიტები,  საწვავი ფიქლები და სხვ.

დანალექი ქანების დამახასიათებელი ნიშანია შრეებრიობა (ასახავს დალექვის პირობებს). აგრეთვე განამარხებული ფლორის და ფაუნის შემცველობა (განსაზრვრავს დანალექი ქანების გეოლოგიურ ასაკს, აუზის ფიზიკურ-ქიმიურ და ეკოლოგიურ პირობებს).

თიხა —  დანალექი და  ჰიდროთერმულად შეცვლილი ქანია, რომელიც ძირითადად შედგება თიხის მინერალებისგან. თიხებში რელიქტური მინერალების —კვარცი, მინდვრის შპატი— ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატობედეს 30-40%. ძირითადად ცემენტის როლს ასრულებს წმინდადისპერსიული თიხის მინერალები (კაოლინიტი,  მონტმორილონიტი და  სხვა). თიხის მინერალთა დიდი კონცენტრაცია განაპირობებს მის მაღალ ხარისხს. თიხის მინერალოგიური და ფიზიკურ-ქიმიური თვისებები (იონთა გაცვლის უნარი, კოლოიდურობა,  პლასტიკურობა, ცეცხლგამძლეობა და სხვა) განსაზრვრავს მის ეფექტურ გამოყენებას კერამიკულ, სამსხმელო, ნავთობის და სხვა საქმეში.

თიხების სამ ძირითად ჯგუფს გამოყოფენ:

  1. მონტმორილონიტები-Al2(OH)2Si4O10
  2. ილიტი-K0-2 Al4 (Si8-6 Al0-2) O20(OH)4
  3. კაოლინიტი- Al2Si2O5(OH)4

მგონი მინერალების მცოდნე მეფემ ჯოშუა ვარდისფერი კვარცითაც დაასაჩუქრა. ბიჭმა მადლობა გადაუხადა და გზა განაგრძო. ოღონდ,  ხის კენწერომდე, ანუ დედამიწის გულამდე იმოგზაურა თუ არა, არ ვიცი. მომკალით და აღარ მახსოვს. ის კი ვიცი, რომ სახლში ბებიასთან ჩაიზე მისვლა მოასწრო.

ამ გახსენებაზე, ჩაი მეც არ მაწყენდა… მარწყვის მურაბით დავლევ. მართალია, მურაბაში  მთელი ვიტამინები დაკარგული იქნება, მაგრამ რა უშავს, სამაგიეროდ, გემრიელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი