საშინაო დავალების გავლენა სწავლის ეფექტიანობაზე

საშინაო დავალება, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ზოგადი განათლების საფეხურზე, სწავლების სავალდებულო ნაწილია. მისი შესრულება მოსწავლეთა ყოველდღიური პასუხისმგებლობაა. თუმცა არის ქვეყნებიც, სადაც საშინაო დავალება იკრძალება ან იზღუდება ქვეყნის საგანმანათლებლო პოლიტიკით, ან რეგულირდება შიდა-სასკოლო პოლიტიკით. 

რამ განაპირობა საშინაო დავალების ფენომენისადმი ამდენად განსხვავებული დამოკიდებულება სხვადასხვა ქვეყნის სასკოლო განათლების სისტემაში? საშინაო დავალების რა სახეებს ვხვდებით? არსებობს თუ არა ისეთი მიდგომები, რომლებსაც გამოკვეთილად დადებითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს სწავლის ეფექტიანობაზე? რა მტკიცებულებებს გვთავაზობს ჩატარებული კვლევები? გვაქვს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად? 

პირველ რიგში, განვსაზღვროთ, თუ რა ასპექტებზე შეიძლება მოახდინოს გავლენა საშინაო დავალებამ. მოსწავლის დაინტერესება, მოტივაცია, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა, კლასგარეშე მუშაობის უნარი და ცოდნის გამყარება/აპლიკაცია/რეალურ კონტექსტში წარმოდგენა, საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობა და ჩართულობა _ აი, ის ასპექტები, რომლებზეც საშინაო დავალებამ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს. საშინაო დავალების უარყოფითი გავლენა შეიძლება გამოიხატოს მოსწავლეების მიერ გადაწერასა და პლაგიარიზმში.  

მასწავლებლისთვის საშინაო დავალება შესწავლილი მასალის გამყარების, სასწავლო გეგმის სრულყოფილად დაფარვის, ჯგუფის პროგრესის შეფასების ეფექტური საშუალება შეიძლება იყოს, თუმცა, მეორე მხრივ, ის დამატებით სამუშაო საათებად, თავსატეხად და მოსწავლეების უკმაყოფილების საბაბად შეიძლება გადაიქცეს. საშინაო დავალების გამო, ალბათ, არაერთ მოსწავლესა და მშობელს შორის, ან მასწავლებელსა და მშობელს შორის წარმოშობილა კონფლიქტი. დადებით ჭრილში, მშობლისთვის საშინაო დავალება შეიძლება განვიხილოთ შვილის აკადემიური პროგრესის მონიტორინგის, სასწავლო პროცესში ჩართვის შესაძლებლობად. საშინაო დავალება მშობელს ინფორმაციას აწვდის ბავშვის აკადემიური განვითარების, მის წინაშე მდგომი სირთულეების და მისი წარმატებების შესახებ. 

განათლების სპეციალისტებს, ექსპერტებსა და პოლიტიკის შემმუშავებლებს შორის აზრთა სხვადასხვაობას ვხვდებით. საშინაო დავალების თემაზე ჩატარებული კვლევების შედეგებიც განსხვავებულია. ერთნი თვლიან, რომ საშინაო დავალება მოსწავლეთა შორის უთანასწარობის გამძაფრებას უწყობს ხელს, რადგან დაბალი სოციალური ფენების წარმომადგენელ ბავშვებს იმის შესაძლებობა არ აქვთ, რომ მშობლები დაიხმარონ დავალების შესრულებაში, არ აქვთ იზოლირებული და კომფორტული სამუშაო სივრცე სახლში, ტექნოლოგიური საშუალებები (კომპიუტერი/ინტერნეტი), რომელთა გამოყენებასაც, დღეს, ხშირად ითვალისწინებს საშინაო დავალების ფორმატი. ექსპერტთა მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საშინაო დავალება სწორედ მოსწავლეების ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენის, ინდივიდუალური მუშაობის სწავლის და მოსწავლის მიერ მუშაობის სასურველი ტემპის შერჩევის შესაძლებლობებს გვთავაზობს. 

რა თავისებურებებს ვხვდებით სხვადასხვა ქვეყანაში?  

ინგლისში ეროვნული სასწავლო გეგმით არის განსაზღვრული საშინაო დავალებისთვის რეკომენდებული საათები. უელსში თვლიან, რომ საშინაო დავალების მოცულობა ეროვნული პოლიტიკით რეგულირებული კი არ უნდა იყოს, არამედ უნდა შემუშავდეს თითოეული სკოლის მიერ. საფრანგეთში მიმდინარე წლამდე დამკვიდრებული იყო კვირაში 4-დღიანი სასწავლო კვირა (8:30-დან 16:30-მდე). ახალი საგანმანათლებლო სტრატეგიის მიხედვით, იგეგემება 5-დღიან სწავლაზე გადასვლა და საშინაო დავალების გაუქმება. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ხელისუფლება მოსწავლეების უთანასწორო მდგომარეობას ასახელებს. იმ ბავშვებისთვის, რომელთაც სახლში სამუშაო პირობები ან მშობლის დახმარება არ აქვთ, საშინაო დავალება არა ცოდნის გაღრმავების, არამედ აკადემიური რეგრესის წყარო ხდება. ამდენად, საფრანგეთში, ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, დავალებებს მოსწავლეები სკოლაშივე, აკადემიური საათების დასრულების შემდეგ, დამხმარე გაკვეთილებზე შეასრულებენ. 

ბევრ ქვეყანაში დაწყებით კლასებში საშინაო დავალებას არ აძლევენ. კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ უმცროსკლასელი მოსწავლეები დავალებისგან ვერ იღებენ სარგებელს (კუპერი, 2001). ამ გავრცელებული მიდგომისაგან განსხვავებით, გერმანიაში პირველივე დღიდან აქვთ ბავშვებს საშინაო დავალება შესასრულებელი. თუმცა აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე წელს რამდენიმე სკოლამ გერმანიაში საშინაო დავალება აკრძალა. იაპონიაში აკადემიური სწავლება დღეში 6 საათს გრძელდება, საზაფხულო არდადეგები 6-კვირიანია, ხოლო ზამთრის არდადეგები – 2-კვირიანი. იაპონელ მოსწავლეებს დავალება ყოველდღიურად აქვთ შესასრულებელი, არდადეგების პერიოდის ჩათვლით. აშ.შ.-ში საშინაო დავალება მხოლოდ 1950-იან წლებში გახდა სავალდებულო.  მისი შემოღება ცივ ომს უკავშირდება. სკოლის მოსწავლეების მიმართ მოლოდინები გაიზარდა და ქვეყანამ მიზნად დაისახა რუსული სკოლების აკადემიური მიღწევებისთვის გადაეჭარბებინა. საშინაო დავალების სავალდებულო ხასიათი დღემდე შენარჩუნებულია. 2007 წლის კვლევამ გამოავლინა, რომ საშინაო დავალების მოცულობა იზრდება და ამჟამად მისი შესრულება, საშუალოდ, დღეში სამ საათზე მეტ დროს მოითხოვს.
საშინაო დავალების ტიპები და მათი ეფექტურად გამოყენება 

საშინაო დავალების ეფექტურობის განსაზღვრაში დიდ როლს ასრულებს მასწავლებლის მომზადება და საშინაო დავალებების შედგენის, გამოკითხვის და შეფასების მეთოდოლოგიის ცოდნა. 

განასხვავებენ აკადემიური და არააკადემიური ტიპის საშინაო დავალებებს. პირველ კატეგორიას განეკუთვნება: განმამტკიცებელი, მოსამზადებელი, სააზროვნო, ინტეგრირებული და შემოქმედებითი ტიპის საშინაო დავალებები. ხოლო არააკადემიური დავალებების კატეგორიაში ერთიანდება პიროვნული და სოციალური თვისებების და უნარ-ჩვევების განმავითარებელი დავალებები.

აკადემიური საშინაო დავალების სახეები:
განმამტკიცებელისაშინაო დავალება ყველაზე ფართოდ გამოიყენება და კლასში შესწავლილი მასალის გამეორება-განმტკიცებას ემსახურება. მოსწავლეს შეიძლება დაევალოს დამატებითი ფაქტების, ცხრილების, მწკრივების და სერიების, მათემატიკური ფორმულების, ფიზიკის კანონების, გეოგრაფიული მდებარეობების და ა.შ. დამახსოვრება. 

მკვლევარების მოსაზრებით, ყველაზე ეფექტურია ისეთი განმამტკიცებელი დავალებები, რომლებიც ახალი მასალისა და მოსწავლის პირადი გამოცდილების დაკავშირებას უზრუნველყოფს. მაგალითად, თუ მოსწავლეებმა ასტრონომიის გაკვეთილზე ისწავლეს დიდი დათვის თანავარსვლავედი, ეფექტური იქნება დავალება, რომლის ფარგლებშიც, მათ სხვადასხვა სურათზე უნდა ამოიცნონ ეს თანავარსკვლავედი. ასეთივე ტიპის იქნება დავალებები, რომლებიც ამბის, მოთხრობის დაწერას, მშობლებისგან ინტერვიუს აღებას, ოჯახის სხვა წევრებისთვის ახალი მასალის სწავლებას გულისხმობს. 

განმამტკიცებელი დავალებები ახალი ცოდნის გამყარებას და კონკრეტულ უნარ-ჩვევაში დახელოვნებას ემსახურება. 

მოსამზადებელი საშინაო დავალება, ტრადიციულად, შეიძლება გულისხმობდეს: საკითხავი მასალის გაცნობას და საბიბლიოთეკო ან ინტერნეტ კვლევას, პრეტესტის დაწერას, ახალი ამბების მოსმენას, კლასში მისატანად სხვადასხვა ნივთის მოპოვება-მომზადებას, ახალ თემატიკაზე შეკითხვების განხილვას. ამ ტიპის დავალებები უფრო მეტად უფროს კლასებში და ჰუმანიტარულ დისციპლინებში გამოიყენება, თუმცა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ლაბორატორიული მუშაობის მოსამზადებელ ეტაპზეც შეიძლება შეგვხვდეს.   
მოსამზადებელი საშინაო დავალებების მთავარი მიზანია, მოსწავლე შეემზადოს ახალი ცნებების და მასალის გასაცნობად, მოხდეს მისი მოტივირება. 

სააზროვნო ტიპის საშინაო დავალება მიღებული ცოდნის განმტკიცების და უნარ-ჩვევების ათვისების შემდეგ, მის ახალ კონტექსტში ან ახლებურად გამოყენებას გულისხმობს. სააზროვნო დავალებებს შორის ყველაზე გავრცელებულია საგანში მიღებული ცოდნის გამოყენება რეალური პრობლემების გამოსაკვლევად და გადასაჭრელად. ასევე, სააზროვნო დავალების ფარგლებში, შესაძლოა განხორციელდეს თეორიული მსჯელობა პრობლემისა და ჰიპოთეზების გარშემო. ამ ტიპის დავალებები შედარებით რთულია და მათი შესრულება მეტ მოსამზადებელ დროს მოითხოვს. 

ინტეგრირებული დავალება, სააზროვნო საშინაო დავალების მსგავსად, ამოცანების, პრობლემების გადაჭრის, ჰიპოთეზის განხილვის, შედარებითი და ისტორიული ანალიზის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მოძებნის სახით შეიძლება წარმოადგინოს მასწავლებელმა. ინტეგრირებული დავალების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მის შესასრულებლად მოსწავლემ სხვადასხვა უნარ-ჩვევა ან სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნა უნდა გამოიყენოს.  
შემოქმედებითი ტიპის საშინაო დავალებებს განეკუთვნება ისეთი დავალებები, როგორიცაა: წიგნის ანალიზი, სემესტრული თემა, კვლევითი პროექტი. ასეთი დავალებები გრძელვადიანია და კვირების ან თვეების განმავლობაში გრძელდება. შემოქმედებითი დავალებების მიზანია, მასწავლებელმა მოსწავლისგან მიიღოს ინდივიდუალური და ორიგინალური პროდუქტი. 

აკადემიური სახის საშინაო დავალებებს შორის ყველაზე გავრცელებულია განმამტკიცებელი და მოსამზადებელი დავალებები. ამის ერთ-ერთი საფუძველი ალბათ ის გახლავთ, რომ ახალი მასალის 50%-იანი ხარისხით განმტიცებას ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ოთხჯერ გავრჯიშება მაინც სჭირდება, ხოლო ცოდნის 80%-იანი ხარისხის მიღწევას _ 24-ჯერ გავარჯიშება. გარდა ამისა, ამ ტიპის დავალებები, როგორც წესი, წინასწარ გაწერილია სახელმძღვანელოებში და შესაბამისად, მათ შედგენაზე მასწავლებელს დამატებითი დრო არ ეხარჯება. შემოქმედებითი, ინტეგრირებული და სააზროვნო დავალებები კი, ძირითადად, მასწავლებლის მოსაფიქრებელი და შესადგენია. მათი შედგენისას მას შეუძლია, თავისუფლად გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები, მათი ცოდნის დონე, სოციალური ფონი და ა.შ. 

არააკადემიური საშინაო დავალებები: ქცევითი უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, მასწავლებელმა არაკადემიური და აკადემიური დავალებების სინთეზი შეიძლება მოახდინოს. მაგალითად, თუ მოსწავლეს ლიტერატურის გაკვეთილზე ევალება პერსონაჟის ანალიზი, ეს ხელს უწყობს როგორც სასწავლო მასალის ათვისებას, ასევე ქცევითი ნორმების განხილვა/განსაზღვრასაც. მოსწავლეთა შორის გუნდური მუშაობის დანერგვის მიზნით, მასწავლებლები ჯგუფურ პროექტებს, პრეზენტაციებს და საველე გასვლებს იყენებენ. მოსწავლეებსა და მშობლებს შორის კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად და სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობის ასამაღლებლად ინიშნება მშობელთა ინტერვიუები სხვადასხვა საკითხზე. სამოქალაქო აქტივობის ასამაღლებლად მასწავლებელმა მოსწავლეები შეიძლება ჩართოს მოხალისეობრივ საქმიანობაში, მოიწვიოს თემის ლიდერები (მეცნიერები, პედაგოგები, ხელისუფლების წარმომადგენლები, ექიმები) საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე მსჯელობის მიზნით. 

არააკადემიური სახის დავალებების ზემოქმედება სასწავლო პროცესზე კვლევის საგანი ჯერ არ გამხდარა და ამდენად, მათი გავლენა მოსწავლის განვითარებაზე უცნობია, თუმცა, ექსპერტების და სპეციალისტების მოსაზრებით, არააკადემიურ დავალებებს უფრო მასშტაბური გავლენა შეიძლება ჰქონდეს, აკადემიური სახის დავალებებთან შედარებით. 

დავალების შეფასება ხორციელდება ნიშნებით, სიტყვიერად, წერილობითი კომენტარებით ან ისეთი წამახალისებელი ფორმით, როგორიც არის ჯილდო. საშინაო დავალების შერჩევისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შეფასების შესაძლებლობები. მან დავალების გამოკითხვას 10 წუთზე მეტი არ უნდა დაუთმოს, ხოლო შინ დავალების შესწორებას თითოეულ კლასზე დაახლოებით ერთი საათი უნდა დაუთმოს. 

საშინაო დავალების ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია სასკოლო პოლიტიკის არსებობა, რომელიც დაარეგულირებს საშინაო დავალების ტიპებს და მოცულობას, გაწერს საშინაო დავალებას სხვადასხვა საგნის სილაბუსებში, კოორდინაციას მოახდენს სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს შორის. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კვლევების დროს ცხადად გამოვლინდა, რომ დიდი მოცულობის დავალება უარყოფით გავლენას ახდენს მოსწავლის მოტივაციაზე, ინტერესსა და აკადემიურ მოსწრებაზე. რეკომენდებული მოცულობაა დღიურად არა უმეტეს 2 საათისა ყველა საგანში ერთად. კვლევებმა ასევე დაადგინა, რომ საშინაო დავალება კონტრპროდუქტულია დაბალშემოსავლიანი და სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის. აღნიშნული პრობლემის დასაძლევად, სასურველია, სკოლებში არსებობდეს დამხმარე გაკვეთილები, სადაც საჭიროების მქონე მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, ინსტრუქტორის დახმარებით იმუშაონ დავალებების შესრულებაზე. აღსანიშნავია, რომ კლასგარეშე დამატებითი/დამხმარე გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეთა ქცევის, მოტივაციის და სამუშაო თვისებების გაუმჯობესებას. სხვადასხვა ტიპის (განმამტკიცებელი, მოსამზადებელი, სააზროვნო, ინტეგრირებული და შემოქმედებითი) საშინაო დავალებების ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია და/ან მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს. ამ მიმართულებით კვლევის ჩატარება უაღესად მნიშვნელოვანია და განათლების მკვლევართათვის მომავლის საქმეა.  

კომენტარები

comments