ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

უმკაცრესი აღზრდის პირადი გამოცდილებიდან

ჩინელების ურყევი მიზანსწრაფულობისა და უჩვეულო ბუნების შესახებ, რომელიც ანარეკლს ამ ქვეყნის მეცნიერებასა და ხელოვნებაში პოვებს, ყველას გაგვიგონია. შესაძლებელია თუ არა ჩინური გამოცდილების გამოყენება და სადამდე მიგვიყვანს ეს? შვილების აღზრდის შესახებ პირად ისტორიებს იელის სამართლის სკოლის პროფესორი ემი ჩუა მოგვითხრობს:
„მოგიყვებით ბავშვების აღზრდის ჩემეულ მეთოდებზე. დარწმუნებული ვარ, ზოგიერთ მშობელს ეს არ მოეწონება, მაგრამ ფაქტია, კარგი შვილები გავზარდე. არადა, იყო დრო, როდესაც სოფის და ლუიზას (ლულუს) სასტიკად ავუკრძალე: 
▪ მეგობრებთან ღამისთევა; 
▪ სკოლის დღესასწაულებზე სიარული;
▪ სკოლის სპექტაკლებში მონაწილეობა;
▪ წუწუნი იმაზე, რომ სკოლის დღესასწაულებსა და სპექტაკლებში არ მონაწილეობენ;
▪ ტელევიზორის ყურება და კომპიუტერული თამაშები;
▪ თავისუფალი დროის დამოუკიდებლად დაგეგმვა;
▪ საგნებში დაბალი ქულების მიღება;
▪ ფორტეპიანოსა და ვიოლინოს გარდა, სხვა ინსტრუმენტზე დაკვრა.
„ჩინელი დედა” – ეს ისეთივე მსოფლმხედველობაა, როგორიც „დასავლელი მშობელი”. ჩინელ დედებთან უმკაცრესი ევროპელებიც კი ვერ მოვლენ. მაგალითად, ჩემი მეგობარი ევროპელები მიიჩნევენ, რომ მკაცრად ზრდიან შვილს, რომელსაც მუსიკაში ყოველდღიურად ნახევარი საათი ამეცადინებენ. ჩინელ დედას ეს სიცილადაც არ ეყოფა. მისმა შვილმა მუსიკას თუ მოჰკიდა ხელი, დღეში, სულ ცოტა, ოთხი საათი უნდა დაუკრას.
თქვენ შეგიძლიათ გააპროტესტოთ ჩვენი კულტურული სტერეოტიპები, მაგრამ არსებობს უამრავი კვლევა, სადაც ახსნილია, რით განსხვავდება ბავშვის აღზრდის ჩინური მეთოდები დასავლურისგან. მახსენდება ერთი მათგანი, რომელშიც მონაწილეობა 50-მა ამერიკელმა და 48-მა ემიგრანტმა ჩინელმა დედამ მიიღო. ამერიკელი დედების 70%-მა განაცხადა, რომ „ბავშვებს სწავლაში წარმატება მოსთხოვო, უგუნურებაა” და რომ „მშობლებმა ყველაფერი უნდა იღონონ, რათა ბავშვმა სიხარულით ისწავლოს”.

ჩინელი დედებისთვის საკითხის ასე დასმა აბსურდულია. უმრავლესობა ამბობს, რომ მათ შვილს შეუძლია, კლასში საუკეთესო მოსწავლე იყოს და „მაღალი აკადემიური მოსწრება ბავშვის ოჯახში სწორად აღზრდის უტყუარი ნიშანია”. ბავშვმა მხოლოდ საუკეთესო ქულები უნდა მიიღოს და თუ ასე არ მოხდა, ეს სიგნალია იმისა, რომ „მშობლები დაკისრებულ ვალდებულებას თავს ვერ ართმევენ”. სხვა კვლევები ცხადყოფს, რომ ჩინელი მშობლები ბავშვებთან ერთად მეცადინეობას ათჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე ევროპელები. ათჯერ მეტს! 
ჩინური სტრატეგია – ჩინელ მშობლებს მიაჩნიათ, რომ წარუმატებლობას არავითარი კავშირი არ აქვს სიამოვნებასთან. ადამიანმა მთელი ცხოვრება უნდა ისწავლოს, მით უფრო – ბავშვობაში, და თუ არ გაისარჯა, ვერაფერს მიაღწევს. ამას პატარაობიდანვე უნდა მიეჩვიოს. 

ბავშვს, ჩინელი იქნება თუ ამერიკელი, შრომა ყოველთვის დაეზარება, ამიტომ ჩინელი მშობლები თავს მოვალედ მიიჩნევენ გადაწყვიტონ, როგორ უნდა ისწავლოს შვილმა. რასაკვირველია, ბავშვები წინააღმდეგობასაც უწევენ ხოლმე, მაგრამ მშობლები ამისთვის მზად არიან. დასავლელი დედ-მამა შვილის „დარტყმებს” ვერ იგერიებს, ჩინური აღზრდის სტრეტეგია კი ამ მხრივ მძლავრია – განსაზღვრულ მომენტში წრედი იკვრება და წარმატება მიღწეულია. მაღალი კვალიფიკაციის მისაღებად „დაძალების პრაქტიკას” ჩინეთში დიდი მნიშვნელობა აქვს. სამაგიეროდ, როგორც კი ჩინელი ბავშვი მცირედ წარმატებას მიაღწევს მათემატიკაში, ფორტეპიანოსა თუ ბალეტში, მშობლებისა და მასწავლებლებისგან ქებას იმსახურებს. ეს მას თავდაჯერებას მატებს და მშობლებსაც უიოლებს საქმეს – მათზე უკეთ ხომ არავინ იცის, რომ ბავშვმა მეტი და მეტი უნდა იმუშაოს.
პირდაპირობის ხიბლი – ჩემს ახალგაზრდობაში დედას ვაწყენინე, მისდამი უპატივცემულობა გამოვხატე. მამა ისე გამიბრაზდა, რომ „ნაგავი” მიწოდა. ამ უხეში მიმართვის გამო თავს უხერხულად ვგრძნობდი, საშინლად შემრცხვა, თუმცა ჩემი თავმოყვარეობა არ შელახულა – ვიცოდი, რომ მამას ვუყვარდი და ყოველთვის ვეყვარებოდი. როდესაც გავიზარდე, სიტუაცია გამეორდა: ჩემი შვილი სოფა ცუდად მომექცა და გამწარებულმა ინგლისურად მეც „ნაგავი” ვუწოდე. ამ უსიამოვნო ინციდენტის შესახებ ჩემს სტუმრებს ვუამბე. პასუხად მათი რისხვა დავიმსახურე, ერთ-ერთი სტუმარი კი ისე აღელდა, რომ ცრემლი წასკდა და სახლში დროზე ადრე წავიდა. ჩემმა საყვარელმა მეგობარმა სიუზენმა სტუმრებთან ჩემი რეაბილიტაცია გადაწყვიტა. არ ვიცი, რამდენად გამოუვიდა, მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე დავრჩი – ჩემს ქვეყანაში ჩინელ დედას შეუძლია, ქვეტექსტების გარეშე უთხრას შვილს: „ძალიან გასუქდი, დროა, წონას მიხედო”. ევროპელები ამას ვერასოდეს იტყვიან. ისინი ზედმეტად დელიკატურები არიან. მაგალითად, ახლახან სუფრასთან გავიცანი ერთი მამაკაცი, რომელმაც 17 წლის 150-კილოგრამიანი ქალიშვილის სადღეგრძელო ასე დააგვირგვინა: „გაუმარჯოს ჩემს ულამაზეს და უზომოდ კომპეტენტურ ქალიშვილს”. მოგვიანებით გოგონამ გამიმხილა, რომ თავს მართლაც ნაგვად გრძნობდა, ერჩივნა, მამამისს არ ეპირფერა და პირდაპირ მოეთხოვა მისთვის წონის დაკლება.
ჩინელ მშობლებს აქვთ უფლება, ბავშვებს კარგად სწავლა მოსთხოვონ. ევროპელ მშობლებს ეს არ ძალუძთ. ჩინელი დედა კატეგორიულად ეტყვის შვილს: „შენ ზარმაცი ხარ. ყველა შენი კლასელი გჯობნის”, დასავლელი დედები კი შვილის ნებისმიერ შედეგს ეგუებიან და თავს იმით ინუგეშებენ, რომ ბავშვის უფლებებს არ ლახავენ.
 
რადიკალური განსხვავება – დიდხანს ვფიქრობდი იმაზე, რატომ აღწევენ თავისას ჩინელი მშობლები, რა განგვასხვავებს ევროპელებისგან. ჯერ ერთი, ის, რომ ევროპელები მეტისმეტად ბევრს ფიქრობენ ბავშვების ღირსებაზე. ისინი განუწყვეტლივ დარდობენ იმაზე, როგორ გრძნობს თავს ბავშვი, რომელიც დაბალ ქულას იღებს. ნიშნების მიუხედავად, მშობელი აგრძნობინებს შვილს, რომ მისი სიყვარული მარადიულია, წარუმატებლობას კი მოევლება.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, დასავლელი მშობლები ბევრს ზრუნავენ ბავშვების ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მათ სულიერ კომფორტზე. 

ჩინელი მშობლები კი უპირატესობას ნებისყოფას ანიჭებენ და არა სისუსტეს. მაგალითად, ევროპელი მშობლები მინუსიან მაღალ ქულას მოუწონებენ შვილს, არ ეტყვიან მას, რომ ის „უსაქმურია”, „შემარცხვენელი”, „ზარმაცი”.ფრთხილად გაესაუბრებიან, რათა ბავშვს ღირსება არ შეულახონ და თავი დამცირებულად არ აგრძნობინონ. უკიდურეს შემთხვევაში, თავიანთ მეგობრებს შესჩივლებენ ამ ამბავს ან სკოლის დირექტორთან/მასწავლებელთან დანიშნავენ შეხვედრას. 

ჩინელი დედის რეაქცია სხვაგვარი იქნება – მას სუნთქვა შეეკვრება და მაშინვე დაიწყებს იმის გარკვევას, რა არ იცოდა მისმა შვილმა. გამორიცხული არ არის, ოჯახში ომი ატყდეს. მერე კი დამშვიდებული, მაგრამ სრულიად უბედური ჩინელი დედა ასობით ტესტურ დავალებას იპოვის და შვილთან ერთად იმდენ ხანს იმეცადინებს, ვიდრე მისი ცოდნის სიმტკიცეში არ დარწმუნდება. ჩინელ მშობლებს სჯერათ შვილების უსაზღვრო შესაძლებლობების. მათ იციან, რომ ბავშვი გაკიცხვას გადაიტანს და სამომავლოდ სიმკაცრისთვის მისი მადლიერიც იქნება.

მეორე განსხვავება – ჩინელი მშობლების აზრით, მათ დიდი ამაგი აქვთ ბავშვზე. შვილები მთელი ცხოვრება მშობლების მადლიერი უნდა იყვნენ, მათ რჩევებს იზიარებდნენ და ითვალისწინებდნენ. ასეთია ტრადიცია.
რასაკვირველია, დასავლეთი სხვა ღირებულებებით ცხოვრობს. შვილს რომ მშობლის „კუბოს ფიცრამდე” ვალი აქვს, ამას ყველა არ იზიარებს, მათ შორის – არც ჩემი ქმარი ჯედი. ის ამბობს: „შვილები არ ირჩევენ მშობლებს. ისინი არც თავიანთ დაბადებას ირჩევენ. მშობლებს სურთ, თავს მოახვიონ მათ საკუთარი შეხედულებები, დაიმორჩილონ და ავიწყდებათ, რომ მოვა დრო, როდესაც შვილებზე დამოკიდებულები გახდებიან”.

მესამე განსხვავება ის არის, რომ ჩინელმა მშობლებმა ყოველთვის იციან, რა სჭირდება მათ შვილს. ცხოვრების წესს თვითონვე კარნახობენ. ამიტომ ჩინელ გოგონებს არ შეუძლიათ ბოიფრენდის ყოლა, ისინი არ დადიან ღამისთევებიან ლაშქრობებში, აზრადაც არ მოსდით სპექტაკლებში მონაწილეობა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩინელი მშობლები არ ზრუნავენ შვილებზე – მათთვის სიცოცხლესაც დათმობენ, უბრალოდ, აღზრდის სხვა მოდელი აქვთ.
თეთრი ვირუკას საიდუმლო – „დაძალების პრაქტიკა” ვახსენე. ახლავე ავხსნი მის სიკეთეს. ლულუ შვიდი წლის იყო, ორ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავდა და თან ფორტეპიანოსთვის ფრანგი კომპოზიტორის ჟაკ იბერის ნაწარმოებს – „პატარა თეთრ ვირუკას” არჩევდა. უსაყვარლესი ნაწარმოებია: წარმოიდგინეთ სოფლის გზაზე მიმავალი, ზურგზე პატრონწამოკიდებული ჩოჩორი და მისი განწყობა. დამწყები მუსიკოსისთვის ეს ნაწარმოები საკმაოდ რთულია – ის შიზოფრენიულად სხვადასხვა რიტმში სრულდება მარჯვენა და მარცხენა ხელით.

ლულუმ ბევრი იმეცადინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მთელი კვირა ერთად ვიშრომეთ, ორივე ხელს ცალ-ცალკე განუწყვეტლივ ვუვარჯიშებდი, მაგრამ როგორც კი ორივეთი ერთდროულად დაიწყებდა დაკვრას, ერეოდა. ლულუ დაიღალა და განაცხადა, რომ ყველაფერი მობეზრდა. 
– დაბრუნდი ფორტეპიანოსთან, – ვუბრძანე.
– ვერ დამაძალებ.
– რასაკვირველია, დაგაძალებ. 

ლულუ ფორტეპიანოსთან დაბრუნდა, მაგრამ დაკვრის ნაცვლად კლავიშებს მუშტები დასცხო, პარტიტურას ხელი სტაცა და ჩემ თვალწინ დაანაკუწა. პარტიტურა რომ აღარ დაეხია, დავალამინირე, ლულუს სათამაშო სახლი კი მანქანაში ჩავიტანე და ვუთხარი, რომ მაშველთა არმიას ვუსაჩუქრებდი, თუ ხვალისთვის ორივე ხელით იდეალურად არ დაუკრავდა. ლულუმ დამცინავად შემომხედა: „მიბრძანდი იმ შენს მაშველთა არმიაში… ჯერ ისევ აქ ხარ?” დავემუქრე, რომ უსადილოდ და უვახშმოდ დავტოვებდი, ვეღარ მიიღებდა საშობაო საჩუქრებს, არც დაბადების დღეს გადავუხდიდი მომდევნო სამი წლის განმავლობაში, მაგრამ ლულუ გაჯიუტდა. არასწორად უკრავდა. „ჩემს გასაგიჟებლად იქცევი ასე? მხდალი ხარ! გეშინია, რომ არაფერი გამოგივა, საკუთარი თავი გეცოდება!” – ვუყვიროდი ბავშვს. 

ამის შემყურე ჯედმა გვერდზე გამიყვანა. მთხოვა, ლულუსთვის შეურაცხყოფა აღარ მიმეყენებინა. „იქნებ ბავშვი ვერ ახერხებს დაკვრას? არ გიფიქრია, იქნებ ცუდი კოორდინაციის უნარი აქვს?” – გამკიცხა ქმარმა. 

– მისი არ გჯერა. 
– ეს სასაცილოა, – გაბრაზდა ჯედი, – მისი მჯერა. 
– სოფია მის ასაკში ამ ნაწარმოებს უკვე უკრავდა. 
– ლულუ და სოფია სხვადასხვა ადამიანები არიან, – უკან არ იხევდა ჯედი. 
– ო, არა, ნუ მეტყვი, რომ ყველანი სხვადასხვანაირები ვართ! მზად ვარ, ვიყო მშობელი, რომელსაც ახლა შეიძულებენ. ლულუ იმდენს იმეცადინებს, ვიდრე ორივე ხელით სრულყოფილად არ დაუკრავს, – ვთქვი და მკლავები ავიკაპიწე.

მე და ლულუმ გვიან საღამომდე ვიმუშავეთ. უსადილოდ და უვახშმოდ დარჩენილი ბავშვი ინსტრუმენტთან იჯდა და სიმწრით უკრავდა. სახლი საომარ პოლიგონად იქცა. მე ხმა ჩამეხლიჩა, მაგრამ ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიწიეთ წინ და ის იყო, შვილის შესაძლებლობებში ეჭვი მეც შემეპარა, რომ ლულუმ ორივე ხელით დაუკრა. გაოგნებულმა შევხედე. თვითონაც დაბნეული ჩანდა. მერე კიდევ დაუკრა, კიდევ და კიდევ. შრომამ შედეგი გამოიღო და ლულუც ბედნიერი იყო. ის დიდხანს იჯდა ფორტეპიანოსთან და უკრავდა. ღამით კი ლოგინში ჩამიგორდა და ერთმანეთს მოვეხვიეთ… როდესაც ლულუ კონცერტზე გამოდიოდა და „თეთრი ვირუკას საიდუმლოს” გატაცებით ასრულებდა, სხვა ბავშვების მშობლები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. მე და ლულუ ერთმანეთს ვუღიმოდით, რადგან ეს მის შიშებზე გამარჯვება იყო.

ჯედმაც „მაღიარა”. ამიტომ ვამბობ, რომ ევროპელი მშობლები ზედმეტი თავგამოდებით ზრუნავენ ბავშვის ღირსებაზე. მიმაჩნია, რომ ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მშობელმა შვილს ასწავლოს, დამარცხებასთან შეგუებაა. შვილს უნდა ვენდოთ. უნდა გვჯეროდეს, რომ მას ბევრი რამ შეუძლია.

უამრავი წიგნი წამიკითხავს, სადაც აზიელ დედებს უგულო ინტრიგანებად მოიხსენიებენ, თითქოსდა მათ არ ადარდებდეთ შვილების სურვილები და გულგრილნი იყვნენ მათი ინტერესების მიმართ. თავის მხრივ, ჩინელებს ჰგონიათ, რომ მსოფლიოში ყველაზე მზრუნველი მშობლები არიან. მათაც ევროპელებივით ეურთ, საუკეთესო შვილები ჰყავდეთ. 

ევროპელი მშობლები პატივს სცემენ ბავშვების ინდივიდუალობას, მხარს უჭერენ მათ არჩევანს, წამოწყებებს, ეხმარებიან ყველაფერში და კეთილსასურველ გარემოს უქმნიან, ჩინელები კი ცდილობენ, მოამზადონ შვილები მკაცრი მომავლისთვის, აიძულებენ საკუთარი ფარული შესაძლებლობების აღმოჩენას, უზრუნველყოფენ იმ უნარებითა და თავდაჯერებით, რომლებიც რეალობაში აუცილებლად გამოადგებათ”.
მოამზადა ირმა კახურაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი