პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მუსიკალური სამკაულები

მუსიკა ბგერის სილამაზის ხელოვნებაა, ხოლო მელიზმები – მუსიკალური სამკაულები.

 

არცთუ იშვიათი შემთხვევაა, როცა შემსრულებელი სათანადო ყურადღებას არ ამახვილებს ორნამენტიკის მიმართ და ამგვარად ნაწარმოებს ხასიათსა და მომხიბვლელობას უკარგავს. ზოგიერთი უბრალოდ თავს არ იწუხებს სხვადასხვა სახის ორნამენტის დამახსოვრებით.

„მუსიკალური მორთულობის“ – მელიზმების შესრულება ყოველთვის უნდა ამართლებდეს შინაარსს. როცა მას მელოდიური ან ჰარმონიული დანიშნულება არ აქვს, სმენის ზედმეტად დატვირთვის ასაცილებლად, სჯობს სწრაფად და მსუბუქად შესრულდეს. თუკი შემსრულებელს მოქნილობა აკლია და თითები არ ემორჩილება, შესაძლებელია მელოდიური ფიგურაციების გამარტივება; უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლოა, არც დაიკრას.

 

ორნამენტიკა

ადამიანს მუსიკის ჩასახვისთანავე სხვადასხვა საინტერესო საქცევით მოტივის გამრავალფეროვნების სურვილი გაუჩნდა. ორნამენტიკის ისტორიის ათვლა მაშინ დაიწყო, როდესაც სანოტო დამწერლობა დამკვიდრდა.

 

მუსიკაში ორნამენტიკა შედარებით მცირე გრძლიობების ბგერების საშუალებით ძირითადი მელოდიური ხაზის გალამაზება-შემკობას ემსახურება. მასში შეაქვს სიმკვეთრე, რელიეფურობა და მოხდენილობა. მუსიკალური ნაწარმოებების უმეტესობაში აკომპანემენტს მელოდია ჭარბობს. მელოდიური ხაზის გამომსახველობა ნაწარმოებში სიმდორითა და ნახტომებით გამოიხატება, ხოლო ტემბრი – ხასიათითა და ხატოვნებით. ორნამენტები მელოდიას ექსპრესიას მატებს და ბგერათა გადასვლებს უფრო გამომსახველს ხდის.

 

თავდაპირველად მელიზმები სიმღერაში აღმოცენდა. მელიზმების გამოყენებამ, როგორც ინსტრუმენტულ, ისე ვოკალურ მუსიკაში განსაკუთრებული პოპულარობა ბაროკოს ეპოქაში მოიპოვა. XVI-XVIII საუკუნეების პერიოდის მუსიკა შემკული იყო ნატიფი „მუსიკალური ჩუქურთმებით“. ალბათ გახსოვთ, რომ ბახის ნაწარმოებებში არაერთი მორდენტი და ტრელი შეგვხვედრია. მელიზმების გონივრულად გამოყენება მუსიკას განსაკუთრებულ გამომსახველობას მატებდა.

ვოკალურ მუსიკაში, განსაკუთრებით იტალიურ ოპერაში, ორნამენტიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. სიმღერაში სიმსუბუქის მისაღწევად აუცილებელი იყო ფიორიტურების ფლობა. მომღერლები მელიზმებს დიდი სიამოვნებით იყენებდნენ თავიანთ ვირტუოზულ არიებში.

 

ორნამენტებით შემკული და დახვეწილი ნაწარმოებები განსაკუთრებით ხშირად გვხვდება როკოკოს ეპოქაში. მელიზმების სიუხვეს ფრანგი კლავესინისტების ფრანსუა კუპერენისა და ფილიპ რამოს შემოქმედებაში ვხდებით.

 

მელიზმატიკამ აქტიური გამოყენება რომანტიკოსების მუსიკაშიც ჰპოვა. ძველ კლასიკოსებში ორნამენტიკა თუ ფორმალური გვეჩვენება, რომანტიკოსების მუსიკალურ ნაწარმოებში ის ემოციურ შინაარსს იძენს. ფერენც ლისტისა და ფრიდერიკ შოპენის საფორტეპიანო მინიატურებში მელიზმებმა მელოდია გაცილებით მეტყველი, ამაღელვებელი და ახლებური აზრობრივი შინაარსით დატვირთა. უფრო მეტიც, მელიზმები მელოდიის მხოლოდ ნატიფი გაფორმებით კი არ შემოიფარგლა, ის ნაწარმოების მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილი გახდა.

მელიზმები გვხვდება თანამედროვე მუსიკაშიც. ეს „მორთულობა“ განსაკუთრებით იმპროვიზაციებმა მოიხდინა.

 

მუსიკაში ორნამენტიკა იმ სხვადასხვა ხერხით მიიღწევა, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, მელოდია დამხმარე ბგერით „გაგვიფერადოს“. თავისუფალ-იმპროვიზაციული ბუნებისაა:

ფიგურაცია – მუსიკალური მასალის ფაქტურული დამუშავების ხერხი, ვარიაციული განვითარების მეთოდი;

ფიორიტურა – ვირტუოზული პასაჟები წვრილი გრძლიობებით;

პასაჟი – გამისებრი მოძრაობა.

 

მელიზმი მოკლე მუსიკალურ სამკაულებს აერთიანებს. მათ ჟღერადობის ხანგრძლივობითა და შესრულების სირთულით განვასხვავებთ. მელიზმის გრძლიობა ტაქტის საერთო გრძლიობაში ჯდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მას გრძლიობის თვალსაზრისით ტაქტში ცვლილება არ შეაქვს.

მოგეხსენებათ, მუსიკას თავისებური ენა აქვს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მელიზმები ერთგვარ გასაშიფრ აბრევიატურას წარმოადგენს. დროის ეკონომიის აუცილებლობამ სპეციალური სიმბოლოების შექმნა და მასთან ერთად მცირე ზომის ნოტებით აღნიშვნა მოითხოვა. გადავხედოთ ყოველ მათგანს:

ფორშლაგი (მოკლე, გრძელი) – ეს მელოდიური სამკაული – „დარტყმა ნოტის წინ“ შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე ბგერისაგან. როგორც წესი, ფორშლაგი წინ უძღვის მელოდიის ერთ-ერთ ბგერას. რაც შეეხება რიტმს, გრძლიობის თვალსაზრისით მას ცვლილება არ შემოაქვს. ის იმ გრძლიობის თვლაში ჯდება, რომელსაც „ებმის“. ფორშლაგი აღინიშნება მცირე ზომის ნოტით ან ნოტებით, რომელიც დასმულია მელოდიის ან აკორდის წინ და ზევით.

გრძლიობის მიხედვით განვასხვავებთ ორი სახის ფორშლაგს: მოკლესა და გრძელს. მოკლე ფორშლაგი თუ ერთი ბგერისაგან შედგება, გადახაზული მერვედით აღინიშნება. რამდენიმე ნოტისგან შემდგარი მოკლე ფორშლაგი გადაუხაზავი წვრილი მეთექვსმეტედებით შემოიფარგლება.

გრძელი, ანუ ხანგრძლივი ფორშლაგი ყოველთვის ერთი ნოტით გამოისახება და წვრილი გადაუხაზავი ნოტით აღინიშნება. მოკლესაგან განსხვავებით გრძელი ფორშლაგის გრძლიობა, პრაქტიკულად, ჩვეულებრივ ძირითადი ნოტის ნახევარია.

ფორშლაგის დაკვრის წესი:

  • იკვრება სწრაფად;
  • აპლიკატურა სწორად უნდა იყო შერჩეული;
  • სასურველია მეზობელი თითების გამოყენება;
  • მოძრაობა მდორე და მცურავი უნდა იყოს;
  • საყრდენად უნდა მივიჩნიოთ ძირითადი ნოტი.

 

მორდენტი (ცალმაგი და ორმაგი) – ძირითადი და მომიჯნავე (ზევით და ქვევით) ბგერების სწრაფი მონაცვლეობით ხასიათდება. მელიზმების სახეობაში მორდენტი ენათესავება ტრელს. შედგება სამი ბგერისაგან: ძირითადი, დამხმარე, ძირითადი.

ძირითადი ბგერის სიმაღლე ფიგურაციის, ანუ შემამკობელი ბგერის სიმაღლეს ემთხვევა. დამხმარე ბგერა ძირითად ბგერას ზევით და ქვევით ტონით ან ნახევარი ტონით ჩამორჩება. ისევ ძირითად, საწყის ბგერას უბრუნდება.

შეიძლება შეგვხვდეს გადახაზული და გადაუხაზავი მორდენტი. გადახაზული ელვის ფორმისაა და ჰორიზონტალური მდებარეობა აქვს. ცალმაგი მორდენტი ძირითადი ბგერის ზევიდან გამღერებას ემსახურება, ანუ დამხმარე ბგერა ძირითადის ზევით ექცევა. ამასთან ერთად, გრძლიობა ნაწევრდება. გადახაზული ცალმაგი მორდენტი კი ძირითადი ბგერის ქვევიდან გამღერებას ახდენს, ანუ დამხმარე ბგერა ძირითადის ქვევით ექცევა.

არსებობს ორმაგი მორდენტი, რომელიც ცალმაგზე ორჯერ გრძელია. შეიძლება ითქვას, რომ ხუთბგერიანი მორდენტი ორგზის მონაცვლეობს ძირითადი და ზედა დამხმარე ბგერებით. ამავდროულად, ის უნდა შესრულდეს ძირითადი ნოტის ხარჯზე, ანუ არ უნდა აღემატებოდეს მოცემულ გრძლიობას.

რაც შეეხება ორმაგ გადახაზულ მორდენტს, აგებულებით ის გადაუხაზავ მორდენტს ჰგავს, მაგრამ დამხმარედ აქ ქვედა ბგერა გვევლინება.

 

გრუპეტო იშიფრება, როგორც ნოტების ჯგუფი, რომელიც ძირითადი ბგერის საფეხურებრივ გამღერებას ემსახურება. თუ გრუპეტო მოცემულია „დო“ ნოტის თავზე, ის გაიშიფრება, როგორც „რე“ – „დო“ – „სი“ – „დო“, სადაც „რე“ და „სი“ შემავალ ბგერებად მოგვევლინება. ერთი სიტყვით, ძირითადი ბგერა ზედა და ქვედა დამხმარე ბგერებით ივსება. მოცემული ფიგურა სრულდება ძირითადი გრძლიობის საზღვრებში. გრუპეტოში შემავალი ნოტების თანმიმდევრობა, როგორც წესი, საკმაოდ სწრაფ ტემპში იკვრება.

გრუპეტო აღინიშნება ხვეული სიმბოლოთი და მათემატიკური უსასრულობის ნიშანს მოგვაგონებს. გვხვდება სიმბოლო ორი სახის: ზევიდან და ქვევიდან დაკლაკნილი. პირველ შემთხვევაში შემსრულებელმა უნდა დაუკრას ზედა დამხმარე ბგერიდან, ხოლო მეორე შემთხვევაში – ქვედა ბგერიდან.

 

ტრელი – ტექნიკური მაჩვენებლების მიხედვით ყველაზე ვირტუოზული და რთული შესასრულებელია. მეზობელი (ძირითადი და ზედა დამხმარე) ნოტების სწრაფი მონაცვლეობა ბულბულების ტრელებს მოგვაგონებს. მათ შორის მანძილი ტონი ან ნახევარი ტონია. ტრელის ხანგრძლივობა ძირითადი ბგერის გრძლიობის ტოლია.

ტრელის დაკვრის წესი:

  • მივაღწიოთ თანაბარ ჟღერადობას;
  • აუჩქარებლად დავუკრათ, სანამ მოძრაობაში თავისუფლებას არ ვიგრძნობთ;
  • ტემპი თანდათან ისე ავაჩქაროთ, რომ კომპოზიციის საერთო მეტრ-რიტმიდან არ ამოვვარდეთ.

არპეჯიო იტალიურიდან ითარგმნება, როგორც „დაკვრა არფაზე“. არფას საშუალებით უპირველესად აკორდები, ხოლო იშვიათად ინტერვალები სრულდება. დანაწევრებული აკორდების ბგერები ნებისმიერ საკრავზე ერთმანეთის მიმდევრობით ქვევიდან ზევით იკვრება. ყველაზე ხშირად კი ფორტეპიანოს, არფას, გიტარის ან სიმებიანი საკრავებისათვის გამოიყენება. აღინიშნება ფიგურული ვერტიკალური ხაზით მთელი აკორდის წინ და გასწვრივ. ამ დროს ბგერები ქვევიდან ზევით სწრაფი თანმიმდევრული მოძრაობით სრულდება. არპეჯირების სისწრაფეს ნაწარმოების ხასიათი განსაზღვრავს.

არპეჯიოს დაკვრის წესი:

  • ვარჩევთ მოხერხებულ აპლიკატურას;
  • ნელა ვუკრავთ აკორდების ბგერათა თანმიმდევრობას;
  • ზუსტად ვიცავთ რიტმს. ტემპს თანდათან ვუმატებთ, ისე, რომ რიტმიდან არ ვვარდებით;
  • ყურადღება უნდა მივაქციოთ მხრებს. მათი უნებლიე აწევა დაძაბულობაზე მიუთითებს, რაც არასასურველია;
  • მაქსიმალურად თავისუფალი და აკორდის ზედა ბგერისკენ მიმართული უნდა იყოს მაჯაც, ხოლო მოძრაობა სწრაფი და მოქნილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი