შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

გენდერულად მგრძნობიარე ასტრიდ ლინდგრენი 

მაშინ, როცა პატარა გოგო ვიყავი, კითხვა ახალი დაწყებული მქონდა და ასტრიდ ლინდგრენის წიგნებს ერთიმეორის მიყოლებით ვყლაპავდი, იმდენად მოხიბლული ვიყავი მისი გმირების ისტორიებით, არ მიფიქრია, პარალელი გამევლო ამ პატარა გოგო-ბიჭებისა და ჩემს ცხოვრებას შორის.

ახლა ჩემი შვილები არიან პატარა გოგოები და მათთვის ვკითხულობ ძველ და ახალ გამოცემებს. ამჯერად  ზრდასრულ გმირებს ვაკვირდები და ვხვდები, რომ ეს წიგნები ბავშვებს არა მხოლოდ ლიტერატურის მოყვარულებად, სამართლიანობისთვის მებრძოლ, გენდერულად მგრძნობიარე ადამიანებად ჩამოყალიბებაშიც ეხმარება, რეალობისთვის თვალის გასწორებას ასწავლის.

გახსოვთ ემილის მამა, რომელიც შვილს ყველა ოინის შემდეგ ფარდულში კეტავს; და დედა, რომელიც გარდა იმისა, რომ შვილების თავგადასავლებს ლურჯყდიან რვეულში იწერს და მტკიცედ სჯერა, რომ ისინი კარგ ადამიანებად გაიზრდებიან, ყოველ ჯერზე ცდილობს გადაარჩინოს ემილი მამის რისხვას. კი, იქვე წერია, ემილი მშვენივრად ერთობა ფარდულში, ხის კაცუნებს თლის და ზოგჯერ გემრიელ ძეხვებსაც გეახლებათო, მაგრამ, ნორმალურია პატარა ბიჭის ფარდულში გამომწყვდევა ყოველდღიური ფათერაკების გამო? ამაზე წიგნში თვითონ ემილიც ხშირად ფიქრობს და ყოველთვის ბედნიერიც არ არის, როცა ასე სჯიან. მისი თოფუკა და კეპუკაც არ არის შემთხვევითად ამოჩემებული საყვარელი ნივთები. ასე ცდილობს თავის დაჯერებას, რომ როცა უნდა დაიმალება, როცა უნდა ბოროტებას შეებრძოლება.

მიმიხვდით? იმის თქმა მინდოდა, რომ ეს ძუნწი და ჯუჯღუნა კაცი ისეთი ქალის მიერ შექმნილი პერსონაჟია, რომელმაც იცის, რომ, როცა ქალებს დახმარება სჭირდებათ, მეზობელი მოხუცი ქალი მეტ საქმეს აკეთებს, ვიდრე ზოგიერთი კაცი  და ასეთი კაცები თავიანთ სიძლიერეში დასარწმუნებლად სჯიან ბავშვებს, ქალებს დასახარჯ ფულს უთვლიან; დარწმუნებული არიან, რომ ბავშვების აღზრდა მხოლოდ დედების საქმეა  და მათ ჩადენილ შეცდომებზეც დედები არიან პასუხისმგებელი;  თვლიან, რომ ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც თვითონ გადაწყვეტენ, რადგან ოჯახის თავები არიან. ასეთი კაცების შვილები სხვა დიდ ბიჭებთან უფრო კარგად ერთობიან და მეგობრობენ (როგორც მაგალითად, ემილი ალფრედთან), ვიდრე მამასთან. ეს კაცები ბევრს კარგავენ.  ისე ცხოვრობენ, ვერ ხვდებიან, რა კარგია, როცა ცოლს ყოველდღიურ ტვირთს უმსუბუქებ, როცა შვილებთან ერთად ეხვევი მხიარულ თავგადასავლებში, როცა ამაყობ შენი ოჯახის წევრებით, როცა შენი არსებობა სხვებს არ ამძიმებს.

მალინი? სტოკჰოლმელი გოგონა კუნძულ სალტკროკაზე, რომელსაც ოჯახის ყველა წევრზე ზრუნვა უწევს და ეს საზრუნავი იმდენად ბევრია, ზოგჯერ იმ ბიჭთან შეხვედრაც კი არ გამოსდის, რომელიც მოსწონს.  გახსოვთ ხომ? მალინს მამა და სამი ძმა ყავს, ორი შედარებით დიდი, ერთი პატარა. მამა დიდი მოუხერხებელი ვინმეა, ბიჭები კი, ცხადია – ონავრები. მალინი ზრუნავს მათ კვებაზე, სისუფთავეზე, უსაფრთხოებასა და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. სალტკროკაზე სხვა ამბებიც ხდება, ისეთები, რაც ზაფხულის არდადეგებზე ხდება ხოლმე:  ახალი ნაცნობები, მეგობრები, ზღვა და თავგადასავლები, მაგრამ ისეა დაწერილი ეს ყველაფერი, ხვდები, რომ ასეთი ამბები იმიტომ ხდება, რომ არსებობენ მალინი, სხვა ქალები და გოგოები, რომლებიც ყოველდღიურ სიმძიმეს საკუთარ თავზე იღებენ და სხვებს, დიდებსა და პატარებს საშუალებას აძლევენ, გაერთონ, იჭირვეულონ, იკინკლაონ, იცხოვრონ და ისიამოვნონ. თვითონ კი თავიანთი სურვილები და ამბები გვიან ღამით, როცა უკვე ყველა მოვლილია და სძინავთ, დღიურებში წერონ. დღეები ისე გადის, ამ გოგოებს არავინ ეკითხება, ხომ კარგად ხარ, რამე ხომ არ გინდა მოგვიყვე, გაგვიზიარო, იქნებ დაიღალე, იქნებ შენც გინდა, თავს მიხედოო.

მადიკენი და იუნიბაკელი კუდრაჭა წაკითხული არ მქონდა, მაგრამ ძია ნილსონისნაირ კაცებს მრავლად ვიცნობ. ძია ნილსონივით მათაც ჰქონდათ პრობლემები ალკოჰოლთან, არ მუშაობდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ ოდესმე ყველაფერი კარგად იქნებოდა, ყველაფერს გააკეთებდნენ ოჯახის წევრების ბედნიერებისთვის. ამ კაცების ცოლები იძულებული იყვნენ დღე და ღამე ემუშავათ, ნამცხვრები გამოეცხოთ, კაბები შეეკერათ, მურაბები ეხარშათ, ბოსტანსა და ხეხილის ბაღებში მოსული ხილ-ბოსტნეული გაეყიდათ და ათასი რამ მოეფიქრებინათ შვილების გამოსაკვებად. ბავშვები კი ცდილობდნენ, თან დედებს დახმარებოდნენ, თან მამების მიმართ პატივისცემა და სიყვარული არ დაკარგვოდათ და თან არ შეემჩნიათ უხერხულობა, რომელიც ასეთ სიტუაციაში ცხოვრებას ახლავს ხოლმე თან, როცა ყველამ იცის, რა ხდება შენს ოჯახში და რაღაცნაირი, შემაწუხებელი სიბრალული ახლავს თან შენთან ურთიერთობას.

და ფრეკენ ბოკი? – საშინელი ძიძა, რომელიც არად დაგიდევთ ბავშვების ინტერესებს, სურვილებს და ინტერესებს.

ბიულერბიუელი ბავშვები? – პატარა გოგო-ბიჭები, რომლებიც ძალიან ბევრს ფიქრობენ იმაზე, რა უნდა აკეთონ გოგონებმა და რა – ბიჭებმა?

ყაჩაღის ასული რონია? – პატარა გოგონა,  რომელიც ახერხებს პატარა ბიჭ ბირკასთან ერთად უფროსების დარწმუნებას, რომ მტრობას და სიძულვილს მეგობრობა და მშვიდად თანაცხოვრება სჯობს და რომ ადამიანებს უფრო მეტი რამ აქვთ საერთო, ვიდრე განმასხვავებელი?

როცა იმის ძებნა დავიწყე, რას ფიქრობდნენ სხვები ასტრიდის და გენდერული საკითხების კავშირის შესახებ, აღმოჩნდა, რომ უმეტესობა პეპის მიიჩნევს მის თანასწორობისთვის შექმნილ ყველაზე ძლიერ პერსონაჟად. პეპი პირველი ამბავი იყო, რომელიც დაიბეჭდა. ამ წითელთმიანი გოგოს ცხოვრება, რომელიც არცერთი ჩვენი ნაცნობი ბავშვის ამბებს არ ჰგავს, ასტრიდმა თავისი შვილისთვის მოიფიქრა და მერე, როცა ერთ ცივ ზამთარში ქუჩაში ფეხი მოიტეხა და იძულებული გახდა ცოტა ხნით პასიურად ეცხოვრა, ადგა და წიგნად აქცია, სხვა ბავშვებისთვის გასაზიარებლად.

იმ დროს, როცა მომავალში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერალი თავისი პირველი წიგნისთვის გამომცემელს ეძებდა, ისინი კი შიშით უყურებდნენ მაიმუნთან და ცხენთან მარტო მცხოვრები გოგოს ამბებს, რომელიც მარტო უმკლავდებოდა ყაჩაღებს, უვლიდა თავს და სკოლაში სიარულს საჭიროდ არ მიიჩნევდა, ასტრიდს, ორი შვილის დედას, უკვე იმდენი სირთულე ჰქონდა გადატანილი, იცოდა, რომ მკაცრ და ხშირად უსამართლო სამყაროში გადარჩენისთვის გოგონა ზუსტად ასეთი უნდა ყოფილიყო, ყოჩაღი და სამართლიანი, დამოუკიდებელი. მას უნდა შეძლებოდა ეიძულებინა სხვები, პატივი ეცათ მისი თუნდაც განსხვავებული ცხოვრების წესისთვის და თუ გვინდოდა ასეთი გოგონების გაზრდა, ასეთი ამბები უნდა მოგვეყოლა, ნაპოვნ თავისუფლებაზე და არა შესასრულებელ მოვალეობებსა და ქალების აუცილებლად სატარებელ მძიმე ტვირთებზე.

თვითონაც ასე იცხოვრა: სკოლაში სიარული 16 წლისამ იმის გამო შეწყვიტა, რომ ადგილობრივ გაზეთში დაეწყო მუშაობა.  ისე მოხდა, რომ 17 წლისა ამ გაზეთის მფლობელისგან, 50 წლის კაცისგან დაორსულდა, რომელსაც სახლში ცოლი და 7 შვილი ჰყავდა.  მარტოხელა არასრულწლოვანი ორსული ოჯახიდან წავიდა და სტოკჰოლმში გადავიდა საცხოვრებლად. უნდოდა ოჯახისთვისაც და ბავშვის მამისთვისაც ეჩვენებინა, რომ მარტოს შეეძლო ამ ტვირთის ზიდვა. მარტივი არ აღმოჩნდა.  მშობიარობის შემდეგ იძულებული გახდა შვილი გასაზრდელად სხვა ოჯახისთვის მიებარებინა და  მეტი ემუშავა, რომ მისი გაზრდისთვის საჭირო ფული გამოემუშავებინა.

3 წლის იყო მისი ბიჭი, როცა მისი დაბრუნება შეძლო, თუმცა მის გარეშე გატარებულმა წლებმა და პირველ ხანებში გაუცხოებამ, ცხადია, უკვალოდ არ ჩაიარა. პეპის ამბები მან მეორე შვილთან ერთად მოიგონა, რომელიც მოგვიანებით, მეორე ქორწინებიდან ეყოლა. თითქმის ერთი საუკუნე იცხოვრა და ამ დროის განმავლობაში უამრავ ბავშვთან შეძლო  თავისი ამბების მიტანა. ახლა ჯერი ჩვენზეა, რაზე გავაკეთებთ აქცენტს მისი წიგნების კითხვისას, რას ვისწავლით მისგან და სხვა ასეთივე ყოჩაღი ქალებისგან, როგორ მივაჩვევთ ბავშვებს, გაუსწორონ თვალი სინამდვილეს და იბრძოლონ მათ გარშემო არსებული უსამართლობის წინააღმდეგ.

 

ნასტასია არაბული

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი