შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

რთული მშობლები

რთული ბავშვის ცნება ყოველთვის არსებობდა, არსებობს და, სავარაუდოდ, მომავალშიც იარსებებს. პედაგოგები, მშობლები, ბავშვთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული ადამიანები ხშირად საუბრობენ რთული, პრობლემური ბავშვების შესახებ. თუმცა იშვიათად, რომ რთული მშობლების საკითხს შეეხოს ვინმე. და ეს მაშინ, როდესაც ბავშვთან დაკავშირებული პრობლემების უდიდესი წილი სწორედ რთული მშობლებისგან მომდინარეობს.

როგორი მშობლები შეიძლება გავაერთიანოთ რთული მშობლების კატეგორიაში?

  • „გულუხვი“ მშობლები. „ჩემს შვილს არაფერი არ უნდა აკლდეს“ – ასეთია მათი დევიზი. საინტერესოა, რომ მათ შორის არიან არა მხოლოდ შეძლებული ადამიანები, არამედ ისინიც, ვინც შემოსავლით არ გამოირჩევა. „გულუხვ“ მშობლებს მიაჩნიათ, რომ მათმა შვილმა აუცილებლად უნდა მიიღოს სასურველი, განურჩევლად იმისა, სჭირდება თუ არა. ასეთი მშობლები „სიყვარულის“ ცნებას „ყიდვის“ ცნებით ანაცვლებენ. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვს მეტი ყურადღება მიაქციონ, მეტი დრო გამონახონ მასთან ურთიერთობისათვის, გამოხატონ მის მიმართ სიყვარული, სითბო, არ მოაკლონ ალერსი, ისინი ყიდულობენ ძვირფას ნივთებს და ძვირად ღირებულ სათამაშოებს. არაცნობიერად – და ხშირად ცნობიერადაც – ასეთი მშობლები თავიანთ საქციელს იმით ხსნიან, რომ ბავშვი თავს შეიქცევს ამ სათამაშოთი და უფროსებს მუშაობასა და დასვენებაში ხელს არ შეუშლის. ისინი ძიძასაც განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებენ – მას აუცილებლად უმაღლესი პედაგოგიური განათლება უნდა ჰქონდეს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას და კარგად აღზარდოს ის. „გულუხვ“ მშობლებს მიაჩნიათ, რომ მათ შვილს უნდა ჰყავდეს საუკეთესო რეპეტიტორი, ტრენერი, ფსიქოლოგი და ექიმი. როცა ყველა აღნიშნულ საკითხს მოაგვარებენ, ისინი მშვიდად აგრძელებენ ფულის გამომუშავებას – ბავშვი ხომ იზრდება და მისი მოთხოვნილებებიც, ბუნებრივია, გაიზრდება; მომავალში მას დასჭირდება საუკეთესო, პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი, მანქანა, ბინა და უამრავი სხვა რამ ბედნიერი ცხოვრებისთვის. და თუ ვინმე შეეცდება, „გონს მოიყვანოს“ ასეთი მშობელი, პასუხად მიიღებს: „შეუძლებელია ხელმოკლე ადამიანი ბედნიერი იყოს“. თუმცა, ბავშვისთვის „ბედნიერი ცხოვრების“ შექმნის პროცესში მათ განზე რჩებათ მისი პიროვნების ფორმირებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ – სითბო, სიყვარული, მშობლეთან ურთიერთობით განცდილი სიხარული. წლების წინ ერთმა მეშვიდეკლასელმა გოგონამ, რომელსაც მშობლები ძვირად ღირებული ნივთებით ანებივრებდნენ, სინანულით თქვა: „მე რომ დედა ვიყო, ჩემს შვილს, პირველ რიგში, სითბოსა და სიყვარულს ვაჩუქებდი“. გოგონას დედას ძალიან აწუხებდა შვილის ქცევა – აგრესია და უხეშობა არა მხოლოდ გარეშე ადამიანების, არამედ საკუთარი დედის მიმართაც. „ვერ გამიგია რა ემართება ამ ბავშვს, არაფერს ვაკლებ, ყველაფერი აქვს, რაზეც მისი თანატოლები ოცნებობენ, რატომ არის ასეთი უხეში და უმადური?“ – გაოცებას ვერ მალავდა დედა. ბავშვს მართლაც ყველაფერი ჰქონდა, იმაზე მეტიც კი, ვიდრე სჭირდებოდა, მაგრამ აკლდა მთავარი – მშობლებთან ურთიერთობა, მათი ყურადღება. მუდმივად საკუთარი თავით, საკუთარი საქმეებით დაკავებულობის გამო ისინი ვერასოდეს იცლიდნენ შვილთან ურთიერთობისთვის, მასთან საუბრისთვის. შედეგმაც არ დააყოვნა – ბავშვი გახდა მოჩხუბარი, აგრესიული, უხეში და „რთული“.
  • „მშფოთვარე“ მშობლები – ასეთი მშობლებისთვის ბავშვთან დაკავშირებული ყოველი აზრი განმსჭვალულია შიშით და განგაშით – „ის შეიძლება გაცივდეს, ის შეიძლება წაიქცეს და რაიმე იტკინოს , შეიძლება რამემ ან ვინმემ შეაშინოს“ – და ა.შ. ერთი შეხედვით, უცნაური მოგეჩვენებათ, მაგრამ ასეთი მშობლების შვილები მართლაც სხვებზე ხშირად ცივდებიან, მუდმივად ეშინიათ სიბნელის, ექიმების, ცხოველების და ა.შ. მაგრამ, თუ დავფიქრდებით, არაფერია გასაკვირი, რადგან დედის შიში და შფოთვა ადვილად გადაეცემა შვილს. „მშფოთვარე“ მშობელი ყველაფერს შვილის მაგივრად აკეთებს. ბავშვი შესაძლოა ერთხანს პროტესტს გამოხატავდეს დამოუკიდებლობის შეზღუდვის გამო, მაგრამ თანდათან ყველაფერს ეჩვევა და საბოლოოდ შესაძლოა სიამოვნებდეს კიდეც, რომ მის პრობლემებს მშობლები აგვარებენ. შესაძლოა, სწორედ ასეთი მშობლების წყალობით დამკვიდრდა ისეთი ცნებები, როგორიცაა „დედიკოს ბიჭი“, „მამიკოს გოგო“.
  • „დაღლილი“ მშობლები – ამ ტიპის მშობლები ოჯახური ცხოვრებით ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე იღლებიან. ხშირად მათი დაღლილობის მიზეზია ქორწინებამდე ოჯახურ ცხოვრებასა და ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული მოლოდინების რეალობასთან შეუთავსებლობა, ოჯახური ცხოვრებით განხიბვლა „მკაცრ და რთულ ყოველდღიურ ცხოვრებასთან“ შეჯახების შემდეგ, ინტერესის დაკარგვა ცოლქმრული ცხოვრებისა და ბავშვების აღზრდის მიმართ. ასეთი მშობლები შვილებთან ყოველდღიური ურთიერთობისას ხშირად იყენებენ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „ნუ დარბიხარ!“; „ყველგან ნუ მიძვრები!“; „როგორ დამღალე!“; „როგორ მომაბეზრე თავი!“; „ახლა დაგსჯი!“ გვახსოვდეს, რომ ყველაზე მტკივნეული ბავშვისთვისაც და ზრდასრულისთვისაც უყურადღებობაა, მეტადრე – საყვარელი ადამიანების უყურადღებობა. გარშემო მყოფთა ყურადღება რომ დაიმსახუროს, ბავშვი ყველაფრისთვის მზად არის. მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშობლების ყურადღება, თუნდაც ჩხუბი და დასჯა. ადამიანს ყველაზე მეტად გულგრილობის ატანა უჭირს. მას ურჩევნია, ეჩხუბებოდნენ, საყვედურობდნენ, კიცხავდნენ, ვიდრე არაფრად აგდებდნენ. ამიტომ, როცა ბავშვი მშობლების უყურადღებობას, გულგრილობას აწყდება, ხშირად ცუდად იქცევა – მან ჯერ არ იცის, სხვაგვარად როგორ შეიძლება მშობლების ყურადღების მიპყრობა.
  • „პერფექციონისტი“ მშობლები. „შენ საუკეთესო უნდა იყო! – აი, მათი დევიზი შვილთან ურთიერთობისას. ასეთ მშობლებს, როგორც წესი, აქვთ ორი უმაღლესი განათლება, მუდმივად ოცნებობენ დისერტაციის დაცვასა და პრესტიჟულ სამსახურზე. მათ ბავშვი შეჰყავთ „ყველაზე პრესტიჟულ“ საბავშვო ბაღში, სადაც პატარები გაძლიერებულად შეისწავლიან ინგლისურს – და არამხოლოდ მას. მზად არიან, პრესტიჟულ სკოლაში მოსახვედრად ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში ატარონ შვილი, არც რეპეტიტორების დაქირავებაზე იტყვიან უარს, რათა მათი შვილის ცოდნის დონე სკოლის მოთხოვნებს შეესაბამებოდეს. „პერფექციონისტი“ მშობლების აზრით მათი შვილი მხოლოდ უმაღლეს შეფასებას უნდა იმსახურებდეს. სასკოლო პროგრამაც „ვუნდერკინდს“ უნდა ზრდიდეს. ასეთი მშობლები ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას იმ მასწავლებლების მიმართ, რომლებსაც, მათი აზრით, არ სურთ გაგებით მოეკიდონ მათი შვილის თავისებურებებს. აცხადებენ, რომ ისინი განგებ ტვირთავენ ბავშვს სრულიად „უსარგებლო და პრიმიტიული“ საგნებით, რომლებიც მას ბევრ დროს ართმევს, ხელს უშლის წარმატებაში და აქვეითებს მისი აკადემიური მოსწრების საერთო მაჩვენებელს.
  • „ხელმოცარული“ მშობლები. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ასეთი მშობლები, ერთი შეხედვით, ბევრს აღწევენ, მაგრამ, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, მათ ქცევაში აშკარად დავინახავთ რომელიმე აუხდენელი ოცნების კვალს. პროფესიული სპორტი, დიდი სცენა, პოდიუმი, სამხატვრო ნამუშევრების პერსონალური გამოფენა – ყველაფერ ამის მიუღწევლობა მოსვენებას უკარგავს ამბიციურ მშობელს. ოდესღაც სიზარმაცემ, არამოტივირებულობამ, საჭირო მხარდაჭერის უქონლობამ სხვა სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზებთან ერთად არ მისცა მას ოცნებების ახდენის საშუალება. სამაგიეროდ, ცდილობენ, მათ შვილებში შეასხან ხორცი. არ აინტერესებთ, უნდა თუ არა ბავშვს იმის კეთება, რასაც მისგან მოითხოვენ – დაჰყავთ მუსიკაზე, სპორტზე, გაძლიერებულად ასწავლიან ცალკეულ საგნებს… ეს მაშინ, როცა ბავშვს შესაძლოა არც ინტერესი ჰქონდეს და არც შესაძლებლობა იმის გასაკეთებლად, რასაც მისგან ასე დაჟინებით მოითხოვენ. მშობლების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ბავშვს ხშირად უწევს უარის თქმა თავის გატაცებებზე, გართობაზე, თანატოლებთან ურთიერთობაზე. ადვილი წარმოსადგენია, რა შეიძლება მივიღოთ შედეგად – ნერვული სისტემის გამოფიტვა, ნევროზი, ფსიქოსომატური დაავადებები.
  • „მანიპულატორი“ მშობლები. ასეთი მშობლებისთვის ბავშვი გარშემო მყოფებზე – მეუღლეზე, მშობლებზე, ნათესავებზე – ზემოქმედების იარაღია: „ეს მე კი არ მჭირდება, ბავშვისთვისაა საჭირო“. ამასთან, რაც უფრო უსუსურია ბავშვი, ოჯახის სხვა წევრებზე ზემოქმედების მით მეტი შესაძლებლობა აქვს მშობელს. ხანდახან მშობლები ამ გზით ცდილობენ, შეინარჩუნონ დესტრუქციული ოჯახი. ბუნებრივია, როცა ბავშვი დაბადებიდანვე იმყოფება ისეთი ადამიანების გარემოცვაში, რომლებსაც ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები აქვთ, იზრდება გარემოში, სადაც არავითარი ფსიქოლოგიური კომფორტი არ არის, ის ცნობიერად თუ არაცნობიერად გაურბის რეალობას. ცუდად სწავლობს ან საერთოდ თავს ანებებს სწავლას, უჩნდება მიდრეკილება ასოციალური ქცევისკენ, ურთულდება გარშემო მყოფებთან ურთიერთობა. მშობლები შეწუხებულები შესჩივიან გარშემო მყოფებს: „ნეტავი ვის დაემსგავსა, საოცრად რთული და აუტანელი ბავშვია!“ – და არც ერთ მათგანს არ მოსიდის აზრად, რომ ბავშვი კი არა, თვითონაა პრობლემური.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, რთულ ბავშვებზე საუბრისას და მათი ქცევის მიზეზების ძიებისას კარგი იქნება, თუ შევისწავლით მშობლის ბავშვთან დამოკიდებულების თავისებურებებს, მისი აღზრდის სტილს და საჭიროების შემთხვევაში, უპირველესად, მას გავუწევთ დახმარებას, ვინაიდან რთული ბავშვის ქცევა, როგორც წესი, რთული მშობლის ქცევის უშუალო შედეგია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი