ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბავშვს უნდა უსმინო და მიჰყვე

ხათუნა მეტრეველი თბილისის მეექვსე საჯარო ბაღის მასწავლებელია. ცხრა წლის წინ, როდესაც საბავშვო ბაღში მივიდა, იქ უკვე აღარ იდგა „მასწავლებლის მაგიდა“, რომელთანაც მასწავლებელი იჯდა და დირექტივებს გასცემდა. ჯგუფის სივრცეში ბავშვებისა და აღმზრდელის ურთიერთობას დღეს არავითარი ბარიერი არ უშლის ხელს, ამიტომ ხათუნამ არ იცის, რა შეიძლება გააკეთოს მასწავლებელმა ასეთ მაგიდასთან. სამაგიეროდ, იცის, რომ ახლა ბავშვებთან უფრო ახლოსაა, ისინი ეხებიან, ეთამაშებიან და მშვიდად არიან. ხათუნა ფიქრობს, რომ ბაღი სწორედ დაცულობის და სიმშვიდის განცდას უნდა უჩენდეს თითოეულ ბავშვს.

რეჯო ემილიას აღზრდის ცნობილი მეთოდის წყალობით მონდომებულმა და კომპეტენტურმა ადამიანებმა თბილისის ერთი საჯარო ბაღის პრაქტიკა უფრო ჰუმანური, სასიამოვნო და ლაღი გახადეს, რაც ასე იშვიათია ბაღების ყოველდღიურობაში. ხათუნა მეტრეველი ამ ცვლილებებზე, ბავშვებთან ურთიერთობის სწორ ფორმებსა და მიდგომებზე გვიყვება.

 

 

რა გამოწვევებს უკავშირდება ბაღის მასწავლებლობა თქვენთვის? ამ ცხრა წლის განმავლობაში რა შეიცვალა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?

 

ბაღი არ არის სამსახური, სადაც შეიძლება, მხოლოდ ხელფასისთვის იარო – ეს საქმეს დაეტყობა, ბავშვთან ურთიერთობას დაეტყობა. მასწავლებლობა ურთულესი საქმეა, ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც დამღლელი. ბავშვებს რომ გადაითვლი, უცებ შეიძლება ვიღაც გამოგრჩეს და ხელმეორედ გადათვლამდე ერთ სიცოცხლეს ათავებ… მაგრამ შინ დაბრუნებისას ყოველთვის მაქვს მოსაყოლი რაღაც კარგი, რაღაც სახალისო. ჩემი შვილებიც მეკითხებიან ყოველდღიურ ამბებს. მეორე დღეს გაღიმებული შევდივარ ჯგუფში და როდესაც ბავშვიც ღიმილით შემოდის, სხეული და გონება თავისით იწყებს მუშაობას და ჩვენ უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის.

ბავშვებთან ურთიერთობა ყოველთვის მიყვარდა, მსიამოვნებდა, მავსებდა. მასწავლებლობამ, პირველ რიგში, ემოციების მართვა მასწავლა. როდესაც, ჩვენთან რეჯო ემილიას მეთოდი ინერგებოდა, კულუარებში ამბობდნენ: ეს რა არის, რა მოიგონესო… ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებლებს გვქონდეს სიახლეების მიმღებლობა, რომელიც პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში, გარემოს უკეთესობისკენ შეცვლაში დაგვეხმარება.

 

როგორია ბავშვზე ორიენტირებული აქტივობები და რას გკარნახობენ თავად ბავშვები? მაგალითად, სხვა ბაღების ყოველდღიურ პრაქტიკაში უფრო ნაკლები დრო ეთმობა თამაშს…

 

ჩემს პროფესიულ პრაქტიკას ორ ნაწილად გავყოფდი. პირველი პერიოდი იყო ზუსტად ასეთი: ჩვენ გვქონდა მზა პროგრამა, სახელმძღვანელო, რომელიც უბრალოდ უნდა წაგვეკითხა. ბავშვს კი შესაძლოა ამ დროს სხვა ინტერესები ჰქონოდა. მართალია, ეს პროგრამა ლავირების საშუალებას გვაძლევდა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. მეორე პერიოდი უფრო მომწონს. ამ დროს პროექტირებით სწავლება დავიწყეთ. ეს ბავშვზე უფრო მეტად ორიენტირებული მიდგომაა. მაგალითად, თუ ბავშვი იკითხავს, რა არის აისბერგი, შეიძლება მშრალად კი არ უპასუხო, არამედ კომპიუტერში აჩვენო, ან ბიბლიოთეკაში წაიყვანო და იქ ერთად ჩაიხედოთ ენციკლოპედიაში, ან გახვიდე სამზარეულოში, გამოიტანო ყინულის ნატეხები და აისბერგის პატარა მოდელი გააკეთებინო. ბავშვიც ხვდება, რომ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან შეიძლება მიიღოს, რაც შემდეგ სკოლაშიც დაეხმარება. ბევრ დროს ვუთმობთ თამაშს, რადგან მას აქვს ბევრი განმავითარებელი თვისება. მისი წყალობით ბავშვი თავისთავად ითვისებს იმ უნარებს, რომლებიც წლის ბოლოს უნდა ჰქონდეს: სწავლობს სწორ ხაზზე სიარულს, სამბორბლიანი ველოსიპედის მართვას, ფერების ცნობას, ნივთების ამა თუ იმ ნიშნით დაჯგუფებას… ბევრ ბაღში ბავშვები სხედან და ჩვეულებრივ მეცადინეობენ. თუმცა ეს არ არის მარტო პედაგოგების ბრალი – ზოგჯერ მშობლებიც ითხოვენ, მათი შვილები სასკოლოდ ასე მოამზადონ. ბავშვების გადაღლილი და დათრგუნული სახეებიც მოწმობს, რომ ეს არ არის სასიამოვნო პროცესი და უფრო მეტი შანსია, სწავლისადმი ნეგატიური განწყობა ჩამოუყალიბდეთ.

 

ბავშვებისა და აღმზრდელის ასეთი ურთიერთობა უფრო თანამშრომლობას წააგავს, სადაც ორივე თავისუფალია…

 

როდესაც მუშაობა დავიწყე, ოთახიდან უკვე გატანილი იყო მაგიდა, რომელიც ერთგვარი ზღუდეა აღმზრდელსა და ბავშვებს შორის. ასეთი მაგიდები ბევრ ბაღშია შემორჩენილი და პირადად მე ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს აღმზრდელმა მაგიდასთან, როგორ უნდა მართოს იქიდან ჯგუფი. მართალია, ბავშვებთან თვალით კონტაქტი აუცილებელია, მაგრამ როდესაც მათ გვერდით ზიხარ ხალიჩაზე, ბავშვები გეხებიან და ეს შეხება მათთვისაც და შენთვისაც სასიამოვნოა, მაგიდასთან განცალკევებით მჯდარ მასწავლებელსა და ბავშვს შორის კი ბარიერია. როდესაც ეს ბარიერი მოშლილია, ჩვენ თავისუფალ სივრცეში ვართ და ერთობის სრულფასოვან წევრებად ვიქცევით. მე, მასწავლებელი, არ ვარ წამყვანი – ვაკეთებ იმას, რასაც ბავშვები მკარნახობენ. ბავშვი ითხოვს იმას, რაც აინტერესებს და ჩემი დახმარებით უნდა დაიკმაყოფილოს ინტერესი. ეს თავადაც მსიამოვნებს, იმისთვის კი არ ვაკეთებ, რომ ვიღაცასთან თავი მოვიწონო…

 

ბავშვების შესაძლებლობებს მუდმივი დაკვირვება და კვლევა სჭირდება. რაზე უნდა დასვას აღმზრდელმა აქცენტი და როგორ შეიძლება დაეხმაროს ბავშვებს, რომლებსაც გამოხატვის პრობლემები აქვთ?

 

ბავშვის ძლიერი მხარეები კარგად ჩანს და ამის გამო მისი სისუსტეები ხშირად შეუმჩნეველი რჩება. მასწავლებელს დიდი ყურადღება მოეთხოვება, რომ არც ერთი აღსაზრდელის საჭიროება არ გამოეპაროს. მორიდებულ ბავშვებთან – უფრო მეტად. მაგალითად, დილის შეხვედრაზე, როდესაც ვკითხულობ, ვის აქვს მოსაყოლი ახალი ამბავი, უმთავრესად აქტიური ბავშვები იწევენ ხელს. თუ ამ დროს აღმზრდელმა მხოლოდ აქტიურ ბავშვებს მიაქცია ყურადღება, მორიდებულები წლის ბოლომდე ხმას არ ამოიღებენ. მაგრამ თუ დაანახე, რომ მათი მონათხრობი აინტერესებთ, არ დასცინიან, გათამამდება და ჯგუფის სრულფასოვან წევრად იგრძნობს თავს.

 

ბაღის ყოველდღიურობაში ალბათ პატარ-პატარა კონფლიქტებიც არსებობს. როგორ აგვარებთ მათ?

 

ჩემი დაკვირვებით, ბავშვები თვითონვე პოულობენ გამოსავალს. ისინი ყოველთვის კონსტრუქციულ გადაწყვეტილებამდე მიდიან. ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემდეგ კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებაზე და მასწავლებლის როლზე უფრო მეტად დავფიქრდი და გადავწყვიტე, რომ არც ერთ კონფლიქტს არ დავტოვებდი უყურადღებოდ. როდესაც ყოველდღიურ რუტინაში ხარ ჩართული, ჯგუფში 30 ან 35 ბავშვია, შესაძლოა, ბავშვების პატარ-პატარა კონფლიქტებზე თვალი დახუჭო. მაგრამ არა, სწორედ ბაღის ასაკიდან იწყება ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბება და მასწავლებელს ამაში უდიდესი როლი აკისრია. ბავშვმა უნდა შეძლოს აგრესიის გარეშე მოაგვაროს კონფლიქტი. თავდაცვა აგრესია არ არის, მაგრამ ბავშვს ასეთ დროსაც უნდა შეეძლოს, სიტყვიერად განტვირთოს კონფლიქტი. ამ უნარის განვითარებაში კი ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი.

 

სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის, ოჯახის წევრების შემდეგ, ალბათ ბაღის მასწავლებელია პიროვნება, რომელიც შეიძლება მისი როლური მოდელი გახდეს.

 

ბავშვი საბავშვო ბაღში რვა საათს ატარებს და ამ ხნის განმავლობაში გიყურებს, გაკვირდება და იმეორებს შენს ქცევას, ე.ი მისი მოდელი ხარ. ამიტომ შეცდომის უფლება არ გაქვს. ბაღის გარემო განაპირობებს მომავალში ბავშვის დამოკიდებულებას და მიმღებლობას სხვა ადამიანების მიმართ. თუ მე არ ვიქნები ტოლერანტული და გამგები, ამას ბავშვები იგრძნობენ და ყველანაირ დარიგებას აზრი დაეკარგება. ჩვენ, მასწავლებლებსაც შეგვიძლია, ბავშვებისგან ვისწავლოთ. როდესაც ჯგუფი ჩართულია ინკლუზიურ განათლებაში, უფრო მეტი თანადგომა ბავშვებისგან მოდის. ისინი ზრუნავენ პრობლემურ თანატოლზე, ეთამაშებიან მას. მშობლებს თავდაპირველად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ ინკლუზიური განათლების მიმართ. არ ესმოდათ, რატომ უნდა ევლოთ მათ შვილებს იმავე ბაღში, ან იმავე ჯგუფში, სადაც სწავლობდა, მაგალითად, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი. საბედნიეროდ, ნელ-ნელა ისინიც გაიზარდნენ და ჯანსაღი და სწორი დამოკიდებულება გაუჩნდათ.

 

როგორ მონაწილეობენ მშობლები სკოლამდელი განათლების პროცესში?

 

მშობელი არ არის ვალდებული, იცოდეს, რა საჭიროა, მაგალითად, თიხაში თამაში, რა გავლენას ახდენს ეს ბავშვის განვითარებაზე. მასწავლებელი იმისთვისაა, რომ აუხსნას, რა სარგებლობა მოაქვს სენსორულ აქტივობებს. ამ შემთხვევაში მშობლის ჩართულობაც იზრდება. ბავშვისა და აღმზრდელის და მშობლისა და აღმზრდელის თანამშრომლობა ორმხრივი პროცესია და ამ პროცესში ორივე მხარე ერთად იზრდება.

 

დაბოლოს, როგორი უნდა იყოს ბაღი, რომ ბავშვმა თვითაქტუალიზაცია შეძლოს?

 

იდეალურია ბაღი, სადაც კარგი ფიზიკური გარემოა, ბევრი და ხარისხიანი განმავითარებელი სათამაშო, მაგრამ კარგი ბაღი, უპირველეს ყოვლისა, არის ის, სადაც ბავშვი ემოციურად დაცულად გრძნობს თავს. კარგ ბაღში ბავშვი არ უნდა იყოს დათრგუნული, არ უნდა ეშინოდეს, უნდა გრძნობდეს აღმზრდელის ემოციურ მხარდაჭერას. კარგ ბაღში ბავშვი თავისუფალი უნდა იყოს, რომ თვითაქტუალიზაცია და საკუთარ უნარებში გარკვევა შეძლოს. ბავშვს უნდა უსმინო და მიჰყვე. მაგალითად, თუ ბავშვს ექიმობანას თამაში უნდა, აღმზრდელმა კი უთხრა: ჯობია, მათემატიკაში ვიმეცადინოთ, – ეს უკვე ცალმხრივი განვითარებაა. უმჯობესია, ბავშვს შევთავაზოთ თამაში, რომელშიც ის ფურცელს და კალამს გამოიყენებს, მაგალითად, „პაციენტისთვის“ რეცეპტის გამოსაწერად. ასე, თამაშ-თამაშით, ბავშვს მეტყველებაც განუვითარდება, შემეცნებითი და სოციალური უნარებიც, ისწავლის წესების დაცვას, გაუვარჯიშდება მეხსიერება, მოტორიკა და წინარე გამოცდილებასაც გადმოიტანს თამაშში. მასწავლებელს მხოლოდ ის მოეთხოვება, ბავშვს საჭირო რესურსით დაეხმაროს. თავის მხრივ, მასწავლებელსაც სჭირდება მხარდაჭერა. ის თავისუფალი უნდა იყოს, თუმცა, რა თქმა უნდა, სტანდარტის ფარგლებში. თავისუფლების გარეშე მას მუდმივი ბრძოლა მოუწევს, მებრძოლი მასწავლებელი კი უარყოფით გავლენას მოახდენს ბავშვების ფსიქიკაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი