ოთხშაბათი, სექტემბერი 17, 2025
17 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2025

ემოციების მართვის სტრატეგიები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის

“ფერადი ურჩხული”, ანუ ემოციების მართვის სტრატეგიები 3-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის

ამ სტატიაში გიზიარებთ ესპანელი ავტორის, ანა ლიენასის სამი წიგნის გამოყენებით, ემოციების თემაზე ჩატარებული პრაქტიკული აქტივობების გამოცდილებას. ეს ჯადოსნური წიგნები შესანიშნავი რესურსია ადრეული განათლების მიმართულებით და მთელი რიგი პედაგოგიური აქტივობის ჩატარების შესაძლებლობას გვაძლევს. ეს გამოცემები მრავალ ენაზეა ნათარგმნი და ფართოდ გამოიყენება ბევრ ქვეყანაში. სამივე გამოცემა ეხება ფერადი ურჩხულისა და გოგონას ამბებს. გთავაზობთ აქტივობების რამდენიმე მიმართულებას ამ გამოცემების გამოყენებით.

სანამ სტატიის კითხვას დაიწყებთ, სულ რამდენიმე წუთით დახუჭეთ თვალები, ჩაისუნთქეთ ღრმად და ამოისუნთქეთ. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რას ვგრძნობ?

ამ შეკითხვის სისტემატიურად დასმა ჩვენი თავისთვის დაგვეხმარება საკუთარი ემოციების ამოცნობასა და მათ მიღებაში. რაც უფრო კარგად მოვახერხებთ ამას თავად, მით უკეთ შევძლებთ ბავშვების დახმარებას. ბავშვების ემოციურ ინტელექტზე მუშაობა ჩვენი თავიდან იწყება.

წიგნიერება

ამ სამგანზომილებიანი, უნიკალური, ფერადილუსტრაციებიანი, ჯადოსნური წიგნების აღმოჩენა ბავშვებში დიდ ინტერესს იწვევს. მათ არასოდეს ბეზრდებათ მათი თვალიერება. ყოველ ჯერზე ახალ-ახალ დეტალებს აღმოაჩენენ.

 

ფერადი ურჩხული

ფერადი ურჩხული ბავშვების საყვარელი პერსონაჟია. მათ მის მიმართ უჩნდებათ თანაგანცდის ემოცია გოგონას მსგავსად. ბავშვები დიდი სიამოვნებით ამზადებენ მუყაოსგან ურჩხულს, სასურველი ფერებით აფერადებენ, განასახიერებენ, თამაშობენ  როლურ თამაშებს.

 

როდის ხარ მოწყენილი/გახარებული/…?

ფერადი ურჩხულის მსგავსად, ბავშვებიც უამრავ და შერეულ ემოციებს განიცდიან. ამ ემოციების ამოცნობა, სახელდება მათ გამოხატვასა და მიღებაში გვეხმარება.

წიგნის შინაარსის გაცნობის შემდეგ შეგვიძლია ბავშვებს ვესაუბროთ მათ ემოციებზე, თითოეული ემოციაზე შევჩერდეთ და დავუსვათ დამაზუსტებელი შეკითხვები, რომლებიც მათ დაეხმარება თვითდაკვირვებაში. გამოვიყენოთ აქტიური მოსმენის სტრატეგია. მაგ.:

  • როდის ხარ გახარებული?
  • როცა მეგობრებთან ერთად ვთანაშობ.
  • როცა ერთად თამაშობთ. ხომ? ამ დროს რას გრძნობ ხოლმე?
  • გაცინებული ვარ და დავრბივარ.
  • დარბიხარ ხომ? და როგორი სახე გაქვს?
  • ასეთი. (იცინის)
  • ამ სურათზე მაჩვენე როგორი სახე გაქვს როცა გახარებული ხარ.

და ა.შ.

რა ფერია სიხარული?

წიგნში თითოეული ემოციისთვის მინიჭებული ფერი გვეხმარება ფერების თემის გააქტიურებასა და ემოციების მახასიათებლების განსაზღვრაში. დავაკვირდეთ, რა ფერები შეუსაბამა წიგნის ავტორმა თითოეულ ემოციას. შეგვიძლია ბავშვებთან ერთად დავაკვირდეთ თითოეული ფერის თავისებურებას, ვკითხოთ, რა ემოციას იწვევს ეს ფერი, როგორ განწყობაზე გვაყენებს. გარემოდან რა შეგვიძლია დავუკავშიროთ ამ ფერს. ასევე როცა ვსაუბრობთ ემოციებზე, შეგვიძლია ვკითხოთ, მათთვის რა ფერია ესა თუ ის ემოცია. რატომ შეუსაბამებენ ამ ემოციას ამ ფერს.

ემოციების/ფერების დალაგება

ამბის ერთ-ერთ ეტაპზე ურჩხული მეგობრის დახმარებით ფლაკონებში ალაგებს ფერებს და ემოციებს, რის შემდეგაც მშვიდდება. მცირე ზომის ჭურჭელში დახარისხების აქტივობა, ან დადებითი ემოციების შეგროვება ბავშვებისთვის სახალისო და შემეცნებითი აქტივობაა.

ჩემი ემოციების წიგნი

ბავშვები ქმნიან ემოციების წიგნის საკუთარ ვერსიას. იმეორებენ არსებულს, ან ირჩევენ ემოციების ახალ ჩამონათვალს, შეუსაბამებენ ფერს და ილუსტრაციებით გამოხატავენ სიტუაციებს, როდის განიცდიან სიხარულს, ბრაზს და ა.შ.

გამოცემა “ფერადი ურჩხული სკოლაში მიდის” სასკოლო მზაობის თემაზე სამუშაო შესანიშნავი რესურსია. ის გვაძლევს შესაძლებლობას, ბავშვებთან განვიხილოთ ეს თემა, მოვუსმინოთ მათ, დავეხმაროთ თავისი ემოციების გამოხატვასა და მიღებაში.

შესაძლებელია, ასევე შევქმნათ სხვადასხვა თემაზე მსგავსი შინაარსის წიგნები. მაგ.: ურჩხული სტომატოლოგთან მიდის, ან სხვა და ასე დავეხმაროთ ბავშვებს სხვადასხვა მათთვის სტრესული გამოცდილების შესახებ საუბრით.

 

მესამე გამოცემაში “ფერადი ურჩხული, ემოციების ექიმი” ხდება. პირველი გამოცემისგან განსხვავებით, იგი და მისი მეგობარი როლებს იცვლიან. თუ პირველ წიგნში, გოგონა ეხმარება ურჩხულს, ამ ახალ ამბავში ახლა იგი თავად ხდება მეგობრის მხსნელი. ეს ცვლილება ბავშვებს ეხმარება იმის გააზრებაში, რომ შესაძლოა ის, ვინც ადრე სხვას ეხმარებოდა დღეს თვითონაც საჭიროებდეს მხარდაჭერას, რომ  მხარდამჭერისა და დახამრების საჭიროების მქონეს როლები ცვალებადია.

ემოციების სამაგიდო თამაშები

ამ გამოცემას შესაძლოა ვუწოდოთ თერაპიული სახელმძღვანელო ბავშვებისთვის. მისი ორმაგი განშლა მოიცავს თერაპიულ აქტივობების ვიზუალიზაციას.

ეს განშლა შეგვიძლია გავაცოცხლოთ და ვაქციოთ თამაშად. შეგვიძლია შევქმნათ მსგავსი შინაარსის ბარათები, რომლებსაც ბავშვები შემთხვევითობის პრინციპით ამოიღებენ და შეასრულებენ შესაბამის მოქმედებას. შესაბამისი აქტივობების ველის მომზადება (მაგ,: საპნის ბუშტების გასაბერი, სასიამოვნო მელოდიის მოსმენა, რბილი სასიარულო ზედაპირი და სხვა) თამაშს უფრო რეალურსა და სახალისოს გახდის.

შესაძლებელია შევქმნათ ამ განშლის მსგავსი სამაგიდო თამაში. ბავშვები კამათლის გაგორებით, გადაადგილდებიან ემოციების დაფაზე, ისაუბრებენ შესაბამის ემოციასა თუ აქტივობაზე, ჟესტებით განასახიერებენ აქტივობას, მოჰყავთ მაგალითები თავიანთ გამოცდილებიდან.

ჩემი დამხმარე ჩემოდანი

არის ინსტრუმენტი, რომელსაც ფერადი ურჩხული იყენებს გოგონას დასახმარებლად. მსგავსი ინსტრუმენტი შეგვიძლია შევქმნათ ინდივიდუალურად ან ჯგუფისთვის და შევაგროვოთ დადებითი ემოციები, ფოტოები, მოგონებები ნივთები… ამგვარად შეგროვილი ემოციები ამხნევებს და ახალისებს ბავშვებს, უბიძგებს დადებითი აზროვნებისკენ.

დამხმარე ჩემოდანი შეგვიძლია დავამზადოთ მეორადი მუყაოს ყუთისგან, ძველი ჩემოდნისგან, რომელსაც გავაფორმებთ. ემოციების ფლაკონების მსგავსად, ამ ინსტრუმენტით შეგვიძლია გავააქტიუროთ დადებითი ემოციები, რაც ბავშვთა კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.

გთავაზობთ რამდენიმე სტრატეგიას თემაზე: როგორ ვმართო ემოციები?

  • ემოციის იდენტიფიცირება – სისტემატიურად, ვკითხოთ ბავშვს: რას გრძნობ? რამ გამოიწვია ეს ემოცია? ვაქციოთ ეს შეკითხვა რუტინის ნაწილად.
  • ვერბალური, არავერბალური გამოხატვა – ბავშვებთან ერთად დავაკვირდეთ ამოციების ვერბალურ და არავერბალურ გამოხატვის ნიშნებს, მიხარია, ნაწყენი ვარ, გაბრაზებული ვარ…
  • მართვა – გამოვიყენოთ ემოციის მართვის მარტივი სტრატეგიები მაგ.: ჩავისუნთქე, დავითვალე ათამდე, ამოვისუნთქე.
  • სხვისი ემოციის ამოცნობა – დააკვირდი, რას გრძნობს? დაკვირვება ემოციების ვიზუალურ, აუდიო, მიმიკურ თუ სხვა ნიშნებზე.
  • ემოციების გამოხატვის ჩვეულება უსაფრთხო გარემოში – შევქმნათ ემოციების გამოხატვის რუტინა მაგ.: დილის წრის, აქტივობის შეჯამების დროს…
  • ბავშვის მიერ ემოციის გამოხატვის და დადებითი კომუნიკაციის წახალისება…
  • დრამატული თამაშები – ბავშვი განასახიერებს სხვადასხვა პერსონაჟს და სხვადასხვა ემოციას, იყენებს შესაბამის ხმის ტემბრს, მიმიკას, ჟესტიკულაციას, ლექსიკას.
  • მოდელირება – ზრდასრულები ბავშვებისთვის ქცევის მოდელებს ვქმნით, ამიტომ მნიშვნელოვანია გამოვხატოთ ემოციები (მაგ.: ძალიან გახარებული ვარ, მეწყინა, გული დამწყდა და ა.შ.), რათა ბავშვებისთვის ვიყოთ ემოციის გამოხატვის მოდელი.

ჩატარებული სესიის  ბოლოს:

  • მოსწავლე ამოიცნობს და ასახელებს რამდენიმე ემოციას(სიხარული, ბრაზი…)
  • ამბობს ემოციის გამომხატველ ფრაზებს(მიხარია, მოწყენილი ვარ…)
  • აზუსტებს ემოციასთან დაკავშირებულ აქტივობას, მომენტს, დეტალებს (მიხარია, როცა.., როცა მეშინია…)
  • უკავშირებს ემოციას რომელიმე ფერს და განმარტავს რატომ
  • განასახიერებს პერსონაჟს, ასრულებს თეატრალურ ინტერპრეტაციებს ემოციების თემაზე
  • დამხმარე მასალების გამოყენებით ქმნის წიგნს ემოციების თემაზე.

მადლობა ქეთი წულუკიძეს ინსპირაციისთვის

გამოყენებული წყაროები:

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“