შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მასწავლებლის ხმა:  ბავშვობის სკოლაში დაბრუნებულები

ბავშვობაში დაბრუნება ვის არ ახარებს?! მეც ყოველ ჯერზე სიხარულით მივიჩქარი დასავლეთისკენ, სადაც მაღალ, ხშირი ტყეებით დაბურულ მთებში მოქცეული პატარა ქალაქი მელოდება. მე ოზურგეთის განაპირა, ქალაქის ხმაურისგან მოშორებულ უბანში დავიბადე. ჩემი ბავშვობის სახლთან ახლოს დიდი სკოლაა. აქ მხოლოდ სამოქალაქო ომის პერიოდში ვსწავლობდი, მაგრამ ბავშვობის ყველა ზაფხული მის ეზოში გავატარე. სკოლის სპორტულ მოედანზე თამაშს არავინ გვიშლიდა, დიდ სიცხეს კი მოედნის გვერდით ჩარიგებული უზარმაზარი ნაძვების ჩრდილში ვემალებოდით. მერე გავიზარდეთ და თავგადასავლების ,,არენამ“ სკოლიდან ქუჩაში გადაინაცვლა. თუმცა მის წინ ჩავლისას ყველანი ვგრძნობდით, რომ ის ჩრდილი, ის მოედანი ძველებურად სათამაშოდ გვეძახდა. ნელ-ნელა ეს გრძნობაც გაფერმკრთალდა, გაყუჩდა. დღეს კი, როცა ისევ შევაღე ქ. ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის ჭიშკარი, ბავშვობის ყველა ზაფხული თვალწინ ამესვეტა.  ერთადერთი განსხვავება ის გახლდათ, რომ მე ახლა მოსწავლე კი არა, მასწავლებელი ვიყავი და სკოლის დირექტორთან სასაუბროდ მიმეჩქარებოდა.

 

ნანა გაგუა ბავშვობის სკოლაში დაბრუნებული მასწავლებელია. სტუტენტობის დროს პედაგოგის პროფესიაზე არც უფიქრია, არქეოლოგობა უფრო იზიდავდა. თუმცა პედაგოგიური პრაქტიკის გავლის შემდეგ მასწავლებლის პროფესიითაც დაინტერესდა. ბავშვობის სკოლაში ისტორიის მასწავლებლის სტატუსით დაბრუნდა, 2007 წლიდან კი მის დირექტორად დაინიშნა, თუმცა მასწავლებლობას მაინც ვერ შეელია.

,,ჩემთვის უფრო სასიამოვნო პროცესი მასწავლებლობაა. ზოგადად მიყვარს გაკვეთილი, მიყვარს, როცა ვასწავლი, ძალიან მიყვარს ეს პროცესი!“

მასწავლებლობის მსგავსად, არც პროფესიული განვითარება შეუწყვეტია. 2001 წლიდან მასწავლებლის სახლის მწვრთნელია და სქემის ტრენერ-კონსულტანტობასაც ითავსებს. რამდენიმე წლის წინ ,,წლის საუკეთესო მწვრთნელის“ წოდებაც მიუღია. სიახლეების ძიებამ პროექტ ,,ჯიპრაიდთან“ მიიყვანა. შემდეგ ძალები ახალ მიმართულებაშიც მოსინჯა და დასავლეთ საქართველოს მცირეკონტიგენტიან სკოლებს სამოქალაქო განათლების ტრენინგებს უტარებს.

თქვენი აზრით, რა განსხვავებული პრობლემების წინაშე დგას პატარა ქალაქების სკოლები?

,,ჩემი სკოლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ მცირეკონტიგენიანია. დღეს 120-მდე მოსწავლე გვყავს, შენობა კი 800 მოსწავლეზეა გათვლილი. ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ალბათ ისიცაა, რომ ერთ მიკროუბანში ფუნქციონირებს სამი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რაც პატარა ქალაქისთვის რისკის ფაქტორის შემცველია“

თავისუფალი არჩევანი, რომელიც მშობელს შვილის სხვა უბნის სკოლაში ჩარიცხვის უფლებას აძლევს, მოსწავლეთა არათანაბარი გადანაწილების კიდევ ერთი მიზეზია (ზოგ სკოლაში ორი ცვლაა, ზოგი სკოლა კი თითქმის ცარიელია). ცხადია, ქალაქის ცენტრი მეტი კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა, ვიდრე განაპირა უბნის, მოსახლეობაში შეჭრილი სკოლა. მშობელთა ნაწილი სასწავლო პროცესის დასრულებას ხან სკოლის მიმდებარე კაფეში ელოდება, ხან საყიდლებზე სიარულში გაჰყავს დრო. ამას გარდა, მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებაზე მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი და შობადობის შემცირებაც ,,ზრუნავს“.

,,კარგი იქნებოდა, მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობას კლასში სტანდარტი არეგულირებდეს. პატარა ქალაქებში შესაძლებელია ისე დაკომპლექტდეს კლასები, რომ 25 მოსწავლეზე მეტი არ ჩაირიცხოს ჯგუფში. როგორც მცირე, ისე გადაჭარბებული რაოდენობაც შეიძლება პრობლემად მივიჩნიოთ. გადავსებულ სკოლებში ძნელია უსაფრთხოების ნორმები სათანადოდ დაცვა, შენობის ვენტილაცია და სხვ. ჩემი აზრით, თუ კლასის ზომის სტანდარტი დაცული იქნება, ზემოაღნიშნული პრობლემებიც არ წარმოიქმნება პატარა ქალაქის სკოლებში.“

როგორც ვხედავთ, ქ-ნი ნანა სკოლის დაცარიელების მთავარ მიზეზად მის ადგილმდებარეობას ასახელებს და გულისტკივილით აღნიშნავს, რომ პოტენციური მოსწავლეების – უბნის ბავშვების დიდი ნაწილი ცენტრის სკოლებში მიჰყავთ. მიმდებარე სოფლებიდანაც ცენტრში ჩამოსვლა უფრო მოსახერხებელია. თუ უბნის სკოლა მათ რაიმე განსაკუთრებულს შესთავაზებს, შეიძლება მოსწავლეთა გარკვეული რაოდენობა მოიზიდოს, მაგრამ ამისათვის დამატებითი დაფინანსებაა საჭირო, რომლის ფუფუნებაც ამ ეტაპზე არ გააჩნია.

,,იძულებული ხარ, რაც ეროვნული სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული, ის ასწავლო სრულყოფილად. შენ არ გაქვს არჩევანის თავისუფლება, იმიტომ, რომ არ გაქვს საკმარისი დაფინანსება, რომლის გაზრდისთვისაც საჭიროა ბავშვების რაოდენობა. ეს არის ჯაჭვური რეაქცია, შეკრული წრე, საიდანაც თავს ვერ დაიხსნი“

ქ-ნი ნანა არც სტერეოტიპების გავლენას გამორიცხავს. ზოგჯერ ბაძავენ ახლობლებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალაქის ცენტრში მათი შვილები უკეთეს განათლებას მიიღებენ, ან უკეთეს კავშირებს დაამყარებენ ,,კარგ ოჯახიშვილებთან“. შეიძლება მათ წინაპრებს სკოლასთან არასასიამოვნო მოგონებები აკავშირებდეთ და ეს იყოს თავის არიდების მიზეზი, ზოგჯერ კი, პირიქით, სხვა სკოლაში გადასულ ,,საყვარელ მასწავლებელს“ გაეკიდებიან… როგორც ხედავთ, პატარა ქალაქის განაპირა უბნის სკოლას ბევრი იმედგაცრუება დაგროვებია, რაზეც მის ხელმძღვანელს ძალიან სწყდება გული.

,,როცა ოჯახის ერთმა თაობამ სკოლას ზურგი აქცია, მისი შთამომავლობაც ასევე მოიქცა და მიზეზებს აღარ ჩასძიებია. ზოგიერთმა ახლობელ-ნაცნობებს მიბაძა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ზემოაღნიშნული შეხედულების წყალობით ჩვენს მოსწავლეებს არასრულფასოვნების შეგრძნება უყალიბდებათ, თითქოს ისეთ სკოლაში სწავლობენ, სულ თავი უნდა დაიცვან.  ამ შეხედულების შეცვლას ალბათ მეტი დრო და მოსახლეობის ნდობა სჭირდება. ამის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ სკოლის პრესტიჟის დაცვას“

 

ოზურგეთის N3 საჯარო სკოლამ ასი წლის იუბილე რამდენიმე წლის წინ იზეიმა. დირექტორის თქმით, ამ დროის განმავლობაში სკოლამ სწავლა-სწავლების უზარმაზარი გამოცდილება დააგროვა.  ოცდაცხრა მასწავლებელიდან თორმეტი მათგანი სერტიფიცირებულია, ორი – წამყვანი, სამი პედაგოგი კი მილენიუმის სახლის მწვრთნელი გახლავთ. ქ-ნი ნანა სიამაყით აღნიშნავს, რომ ის ხელმძღვანელობს პროგრესზე ორიენტირებულ სკოლას, რომელსაც იმედი აქვს, რომ თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებისთვის ფეხის აწყობას შეძლებს.

როგორც წესი, სკოლების შემოსავლების უმეტესობა კომუნალურ გადასახადებსა და ხელფასებზე იხარჯება. ამ მხრივ არც ოზურგეთის სკოლაა გამონაკლისი. განვითარებისთვის საჭირო სახსრების მოძიება არც ისე ადვილია. თუმცა დირექტორის ძალისხმევით დაზოგილი მცირე თანხებით ნაბიჯ-ნაბიჯ უმჯობესდება სამუშაო გარემო (იცვლება საკლასო ოთახების კარები, რემონტდება რესურს-ოთახი და ა.შ.). ქ-ნი ნანა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ინგლისის სკოლებში სტუმრობისას ყველაზე მეტად მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით მოხიბლულა. თუმცა აქვე დასძენს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ზემოაღნიშნულ ქვეყნებთან დატოლება შეუძლებელია, მაგრამ თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი გაკვეთილის ჩატარებას, პროფესიონალ მასწავლებელთან ერთად, სრულყოფილი რესურსით აღჭურვილი გარემოც ესაჭიროება.

რამდენად ჩართულები არიან მშობლები შვილის სწავლა-სწავლების პროცესში?

,,სამწუხაროდ, მშობლების გარკვეული ნაწილი უფრო იმას აქცევს ყურადღება, მისი შვილის თანაკლასელთა ოჯახები რომელი სოციალური ფენის წარმომადგენლები არიან. რა თქმა უნდა, გვყავს ისეთი ბავშვები, რომლებსაც აქვთ მხარდაჭერა ოჯახისგან. თუმცა მცირეკონტიგენტიან სკოლებში უფრო ჭარბობს ისეთი მოსწავლე, რომელსაც სახლში ნაკლებად უწყობენ ხელს და მეტი ძალისხმევა დაგჭირდება, წიგნთან რომ მიიყვანო. ასეთი შემთხვევები ბევრია და ცალკეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვმუშაობთ. პატარა სკოლების დადებითი მხარეც ესაა –  თითოეული ბავშვის საგანმანათლებლო თუ პიროვნული პრობლემა ვიცით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მათ კლასში უთანასწორობის განცდა არ გაუჩნდეთ.“

ქ-ნი ნანას აზრით, მოსწავლეთა დაახლოებისა და ერთ გუნდად შეკვრის ყველაზე კარგი საშუალება ჯგუფურ პროექტებზე მუშაობაა. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და გარემოს დაცვისკენ მიმართული აქტივობების განხორციელების შედეგად სკოლამ სპორტული ინვენტარი და ახალი ნარგავები მიიღო. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გუნდურობისა და ჩართულობის მაღალი ხარისხი იყო, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთა ურთიერთობებზეც დადებითად აისახა.

,,ძალიან მინდა, არაფორმალური განათლების მხრივ სკოლაში წრეობრივი მუშაობა იყოს. გვაქვს დიდი სპორტული დარბაზი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და კლუბური მუშაობის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა აქაც ხელს გვიშლის სკოლის ადგილმდებარეობა. სკოლის ბიუჯეტით კი შიდა წრეების დაფინანსება შეუძლებელია.“

თქვენი შეფასებით, პატარა ქალაქის სკოლებს შეუძლიათ მოსწავლეების თანამედროვე  გამოწვევებისთვის მომზადება?

,,ჩემი აზრით, რაიონებში ამ მხრივ უფრო უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე დიდ ქალაქებში.  ყოფილა შემთხვევა, მხოლოდ სკოლის იმედზე მყოფ, ბეჯით მოსწავლეებს ყველა სასკოლო გამოცდა წარმატებით ჩაუბარებიათ და არც უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა გასჭირვებიათ. თუ ბავშვი სკოლას ხშირად აცდენს და სწავლის დაბალი მოტივაცია აქვს, რა თქმა უნდა, დასჭირდება რეპეტიტორის დახმარება.“

ქ-ნ ნანას რეპეტიტორობა თავის თავზეც გამოუცდია და ამბობს, რომ ზოგ ბავშვს ინდივიდუალური გაკვეთილები არაფერში სჭირდება, მშობელს კი თავის დაზღვევის მიზნით მოჰყავს მასთან. კლასში მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა ყველაზე მეტად ,,ზრუნავს“ რეპეტიტორთა ინსტიტუტის გამყარებაზე. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ სკოლისა და ეროვნული გამოცდების პროგრამა ერთმანეთს შორდება და ჩნდება ამ დანაკლისის შევსების საჭიროება. გარდა ამისა, სკოლის მიმართ უნდობლობის პრობლემა მშობელს ძალაუნებურად რეპეტიტორზე  დამოკიდებულს ხდის.

,,საჭიროა სკოლისათვის მეტი ნდობის გამოცხადება, რომ ბავშვმა განათლება სწორედ სკოლაში მიიღოს. ოჯახსაც ნაკლები დანახარჯი ექნება და სკოლის ავტორიტეტიც ამაღლდება.“

ალბათ ბევრმა არც იცის, რომ გურიაში პროფესიული და უმაღლესი განათლების საკმაოდ კარგი პლატფორმა არსებობდა. დღეს აქ პროფესიული განათლების მიღებას კოლეჯ ,,ჰორიზონტში“ შეძლებთ. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, რაიონში ფუნქციონირებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი, სადაც ქ-ნი ნანა გაგუა ლექციებს ცნობილ ლექტორებთან ერთად კითხულობდა.

,,ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გამოზარდა ამ ფილიალმა. მათთვის, ვისაც სწავლის უმაღლესში გაგრძელება სურდა და დედაქალაქში წასვლას ვერ ახერხებდა, შესანიშნავ ალტერნატივას წარმოადგენდა. კარგი შეფასებების მიუხედავად, ფილიალი დაიხურა. რომ დარჩენილიყო, ვფიქრობ, დღეს განათლების ერთ-ერთი მძლავრი კერა იქნებოდა.“

თქვენი აზრით, როგორია ,,კარგი სკოლა“?

,,პირველ რიგში, სკოლა უნდა იყოს უსაფრთხო, როგორც ფიზიკური, ასევე ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.  გარდა ამისა, ეს არის სკოლა, სადაც ყველამ იცის თავისი საქმე და მოვალეობას პირნათლად ასრულებს, სადაც სწავლა-სწავლების პროცესი გამართულია და ამას უზრუნველყოფს პროფესიონალი მასწავლებელი, რომელსაც უყვარს ბავშვი, თავისი საქმე და მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებისთვის ყველაფერს აკეთებს.“

მალალა იუსუფზაის თუ დავესესხებით, ერთ მასწავლებელსაც შეუძლია მსოფლიოს შეცვლა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ერთ ადამიანს რეალურად ძალუძს გლობალური ცვლილებების მოხდენა?

,,ვფიქრობ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თუ ვერ ვირწმუნებ, რომ მე ერთს შემიძლია რაღაც ცვლილების განხორციელება, შესაძლოა ამ ცვლილებების დაწყებამ დროში უსასრულოდ გადაინაცვლოს. პაოლო კოელიო წერდა, როცა გულით გწადია რამე, მთელი სამყარო გეხმარება ამის მიღწევაშიო. შესაძლოა, შენი შედეგი თავიდან არც ისეთი თვალსაჩინო იყოს, მაგრამ დროთა განმავლობაში აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი