პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

თავისი ეპოქის მუსიკალური გენია

ის მთელი სიცოცხლე საყვირზე უკრავდა და ჩახლეჩილი ხმით მღეროდა პოპულარულ სიმღერებს ღამის კლუბებში, ბარებსა და რესტორნებში. მსოფლიოს დამპყრობელი ლუი არმსტრონგი ჯაზის ხელოვნების ერთგვარ სიმბოლოდ მიიჩნევა. ადამიანთა ცნობიერებაში „არმსტრონგი“ და „ჯაზი“ სინონიმებია. რაღა თქმა უნდა, ლუის შესახებ საუბარი ჯაზზე საუბარს ნიშნავს.

ლუიმ მძიმე გზა სტორივილის ჯურღმულებიდან დიდების მწვერვალამდე ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარა. მისი ბავშვობისა და სიჭაბუკის ატმოსფერო შემაძრწუნებელია – სიღარიბე, რასობრივი ჩაგვრა, განგსტერები, ნარკომანია, ლოთობა და გარყვნილება. ის,  ფაქტობრივად, შავკანიანთა გეტოში – ამერიკული საზოგადოების ფსკერზე ცხოვრობდა. ადამიანები კი ადამიანებად რჩებოდნენ, გაჭირვების ჟამს ერთმანეთს მხარში ედგნენ და უკეთესი ცხოვრებისკენ მიისწრაფოდნენ.

სტორივილის უსწავლელ, ღატაკ ბინადრებს ნამდვილ კულტურასთან შეხება არ ჰქონიათ, მაგრამ ჰქონდათ მუსიკა, რომელიც მათ ყველაფრის მაგივრობას უწევდა. ჯაზი სწორედ ასეთ გარემოში ჩაისახა. ახალგაზრდა არმსტრონგის გასაოცარი ნიჭიც ამ ნიადაგზე გაღვივდა.

არმსტრონგის ცხოვრებაში ახალმა ორლეანმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. ის შეერთებული შტატების ყველაზე მუსიკალური ქალაქი იყო, შეიძლება ითქვას, მთელი დასავლეთ ნახევარსფეროსიც კი. აქ მუსიკა ყოველ ქუჩაზე ისმოდა. ყოველდღე საცეკვაო მოედნებზე ათეულობით ანსამბლი გამოდიოდა. ქალაქს საკუთარი სიმფონიური ორკესტრებიც ჰყავდა. ისეთი შემთხვევებიც იყო, როდესაც ქალაქში ერთდროულად მღეროდა სამი საოპერო დასი. არსებობდა შავკანიანთა ფილარმონიული საზოგადოება, რომლის ორკესტრი რეგულარულად მართავდა კონცერტებს.

მუსიკა, რომელიც ყოველი მხრიდან გამუდმებით ჟღერდა, ლუისთვის ურთიერთობის ისეთივე ბუნებრივი საშუალება გახდა, როგორიც მეტყველება.

ლუი დენიელ არმსტრონგს ჯაზის მუსიკოსობა ალბათ თვით ბედმა არგუნა – ის ხომ ახალ ორლეანში, ამერიკული ჯაზის სამშობლოში დაიბადა 1901 წლის 4 აგვისტოს. ბავშვობა ქალაქის ერთ-ერთ ღარიბ კვარტალში გაატარა. მამამ ოჯახი ადრე მიატოვა, ამიტომ ბიჭუნა პრაქტიკულად ქუჩაში გაიზარდა. რა სამწუხაროა, რომ ლუის დაბადების დღე ბავშვობაში არასდროს აღუნიშნავთ. მისთვის არავის უჩუქებია ველოსიპედი ან ბეისბოლის ხელთათმანი.

ბიჭი უმამოდ კი გაიზარდა, მაგრამ გულისხმიერი და მოყვარული დედა ჰყავდა. მის გარშემო ტრიალებდნენ ადამიანები, რომლებიც „პატარა ლუის“ თავისიანად მიიჩნევდნენ და გაჭირვების ჟამს ხელს უმართავდნენ. თუმცა თავადაც არავითარ სამუშაოს არ თაკილობდა: მუშაობდა ნავსადგურში მტვირთავად, დაატარებდა ნახშირს, ყიდიდა გაზეთებს… დროდადრო თანატოლებთანაც თამაშობდა. და რაც არ უნდა ეკეთებინა, გასართობი ადგილებიდან – საცეკვაო დარბაზებიდან თუ ბორდელებიდან – გამუდმებით ესმოდა მუსიკა – ჯაზი, რომელსაც ჯერ კიდევ არ უწოდებდნენ ჯაზს.

არმსტრონგს განსაკუთრებით მოსწონდა პიტ ლალას ორკესტრი, რომელშიც უდიდესი კორნეტისტი ჯო კინგ ოლივერი უკრავდა. ლუის პირველი მასწავლებლის ვინაობა ძნელი სათქმელია. კორნეტისტი ბანკ ჯონსონი ამტკიცებდა, რომ პირველი ნაბიჯები არმსტრონგმა მუსიკაში მისი ხელმძღვანელობით გადადგა, მაგრამ თავად ლუი ამბობდა, რომ მას უდიდესი კინგ ოლივერი ასწავლიდა.

ერთი მუსიკათმცოდნე წერს: „ერთ მშვენიერ დღესაც გაუბედავი ახალგაზრდა მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მისი სიმღერა საზოგადოებას მოსწონს. იმ წუთიდან ლუი სცენაზე მოსახვედრად ყოველგვარ შესაძლებლობას იყენებს. ეს გარდამტეხი მომენტი იყო მის მუსიკალურ კარიერაში. მას შემდეგ საზოგადოება ლუი არმსტრონგს აღიქვამდა არა მხოლოდ ჯაზის შესანიშნავ იმპროვიზატორად, არამედ მომღერლად, რომელიც სიმღერას საყვირს აყოლებდა“.

ჯაზის წინაშე ლუი არმსტრონგის დამსახურება ამ ჟანრის აღმოჩენასა და ჩამოყალიბებაში მდგომარეობს. იგი ძერწავდა ჯაზის ორიგინალურ ენასა და ფორმას, ამკვიდრებდა დღემდე არსებულ უმნიშვნელოვანეს კანონებს. სწორედ არმსტრონგმა განსაზღვრა ჯაზის მხატვრული ორიენტირები, მოახდინა მისი პირველადი მარტივი ფორმების რეკონსტრუქცია, აღმოაჩინა ახალი იმპულსები, მანამდე შეუმჩნეველი გამომსახველობითი საშუალებები.

არმსტრონგმა მსოფლიოს ჯაზის ხელოვნების იმდენად ფართო შესაძლებლობები დაანახა, რომ მისი შესრულება და შესწავლა დაუსრულებლად შეიძლება. მან ჯაზი ხარისხობრივად განსხვავებულ დონეზე აიყვანა და ამით გადამწყვეტი გავლენა მოახდინა სხვა მუსიკალურ მიმდინარეობებზე. უდავოა – არმსტრონგი რომ არა, თანამედროვე მუსიკალური სამყარო სულ სხვაგვარი იქნებოდა.

ჯელი როლ მორტონს შესაძლოა სამართლიანად მიეწეროს ჯაზის გამოგონება (ყოველ შემთხვევაში, თავად ასე მიიჩნევდა), მაგრამ ვინც არ უნდა ყოფილიყო მისი გამომგონებელი, ჯაზის ჭეშმარიტი მეფე ლუი არმსტრონგი გახლდათ. ის ავანსცენაზე პირველი გამოვიდა, შეცვალა ორკესტრის ჩვეული ჟღერადობა და უცვლელ სოლისტად იქცა.

1928 წლის ჩანაწერი „West End Blues“ არმსტრონგისა და პიანისტ ერლ ჰაინსის შესრულებით ყველაზე ცნობილ იმპროვიზაციად მიიჩნევა, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჯაზის განვითარებაზე.

ერთი სიტყვით, როგორც ხშირად ამბობენ, არმსტრონგი ჯაზის არა მხოლოდ მეფეა, არამედ სულიც.

 

***

ცნობილი ქართველი ჟურნალისტი მელორ სტურუა 1971 წლის ბოლო კონცერტის შემდეგ წერდა: „ლუი სუსტად იყო, ძლიერ სუსტად. ის ჯერ კიდევ ვერ გამოკეთებულიყო ავადმყოფობის შემდეგ. სცენაზე ასვლასა და ჩამოსვლაში მომსახურე პერსონალი ეხმარებოდა. დახმარება მხოლოდ სცენაზე არ სჭირდებოდა.

იმ საღამოს არმსტრონგი ბევრს მღეროდა. ფილტვებს ჰაერი არ ჰყოფნიდა, მაგრამ განუმეორებელი ხმა მაინც ძველებურად ჟღერდა. მღეროდა ძლიერი, მრავალფეროვანი, სეისმური ვიბრატოთი, რომლისგანაც გამოვიდნენ ბლუზის დედოფლები: ელა ფიცჯერალდი და ბილი ჰოლიდეი, ჰეროინისგან ნაადრევად დაღუპული ნახევრად გიჟი და ნახევრად გენიოსი, ნიუ-იორკის ჰარლემის მუსიკალური ჯუნგლების ტარზანი ჯიმი ჰენდრიქსი.

მეორე განყოფილებაში ლუი უფრო მეტად საყვირზე უკრავდა… ისეთი გააფთრებით ჩაბერავდა ხოლმე, თითქოს ბოლოს და ბოლოს საიდუმლო ამოიცნოო… როგორ შეიძლება ჟანგბადის გარეშე ისე ცხოვრება, რომ არ ჩაისუნთქო და მსმენელთა სულებში მხოლოდ შემოქმედებითი ტანჯვით ამოისუნთქო.

გამოსვლის დასასრულს არმსტრონგი ბროდვეის მიუზიკლიდან თავის უკანასკნელ ჰიტს „ჰელოუ, დოლის“ მღერის, და როდესაც ხედავ რამპების ჩირაღდნების ქვეშ მის ეულ სილუეტს, ჩამოშვებულ მხრებს, გაოფლილ სახეს, მოულოდნელად გაიაზრებ, რომ ეს ადამიანი სცენაზე არა „ჰელოუ დოლის“, არამედ „გუდ ბაი, სეჩმოს“ მღეროდა“.

უდიდესი მუსიკოსი და მთელი მსოფლიოს მუსიკის ელჩი 1971 წლის 6 ივლისს გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

„არმსტრონგის გარეშე ამერიკული მუსიკა ისეთი ვერ იქნებოდა, როგორიც არის“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი