შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ემილ ჩორანის ცხრილი

აღმოვაჩინე, რომ რაც უფრო ხშირად ვკითხულობ ემილ ჩორანს – რუმინელ მწერალსა და ფილოსოფოსს (სხვა ჯერ ფილოსოფოსს დაწერდა და მერე – მწერალს, მაგრამ ჩემთვის ისეა, როგორც დავწერე) – მით უფრო კარგად ვგრძნობ თავს: მეჩვენება, რომ სწორ გზაზე ვდგავარ, რომ ჩემი ფიქრები მარტივად პოულობენ სწორ მიმართულებას, რომ თავის დასამშვიდებლად, უსიამოვნო მოულოდნელობების გასაძლებად, ყოველდღიური ყოფის ასატანად სხვა აღარაფერი მჭირდება. ისე გამოდის, რომ ეს უკიდურესად პესიმისტი კაცი ცხოვრების ხალისსაც კი მაძლევს.

ივლის-აგვისტოს გაუსაძლის სიცხეში ყოველდღე ვუბრუნდებოდი, საანესთეზიო საშუალების მცირე ულუფებივით ვიღებდი მის მოკლე-მოკლე გამონათქვამებს და თან ვფიქრობდი, ოცდამეერთე საუკუნეში უნდა ეცხოვრა, ფეისბუკის ხანას უნდა მოსწრებოდა-მეთქი. მართალია, უზომო ნიჰილიზმით გაჯერებულ მის ჩანაწერებს მკითხველ-გამზიარებელი ბევრი არ ეყოლებოდა, მაგრამ თავის მიზანს მაინც მიაღწევდა: ზოგ-ზოგიერთების გონებაში გზას გაიკვლევდა და იქ სამუდამოდ დაიბუდებდა, მზაკვრული საქმის უჩუმრად გასაგრძელებლად, ტკბილად ჩაძინებულის თანდათან გამოსაფხიზლებლად, გაურკვევლობის ნეტარებაში მყოფისთვის თვალის ასახელად.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ჩორანის ბოლომდე ნდობა არ შეიძლება. ისეთი მოაზროვნეა, სერიოზულობასა და არასერიოზულობას შორის გადებულ ვიწრო ხიდზე სწრაფად სირბილი რომ უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. წამს აქეთაა, წამს – იქით. თვითონ არაფრით დამეთანხმებოდა, გაჩენის დღეს კიდევ ერთხელ დაიწყევლიდა და ყოველგვარ სიამოვნებას არარსებობის მომხიბვლელ პერსპექტივას დაუკავშირებდა. აი, საიდან ამოიზარდა მიშელ უელბეკის სამწერლო სტილი-მეთქი, ამასაც ვფიქრობდი. მეტად თავისებური იუმორი. შავ ფონზე გაბნეული ზაფრანისფერი წვრილი ყვავილები.

„ნეტავ იმ ბავშვებმა, რომლების ამქვეყნად მოვლინებაც არ ვისურვე, თუ იციან, რა დიდ ბედნიერებას უნდა მიმადლოდნენ“, – ეს ემილ ჩორანის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმობილი გამონათქვამია. სხვაგან წერს, მომავლის ჩემეული ხედვა ისეთი ზუსტია, შვილები რომ მყავდეს, თვალის დახამხამებაში დავახრჩობდიო. უელბეკიც წერს ბავშვების სიძულვილზე ერთ რომანში, მაგრამ სწორედ ამ რომანის დასარულს მისი მთავარი გმირი – სასტიკ სამყაროში სიყვარულის შესაძლებლობის აღმომჩენი და უკვე საბოლოოდ დარწმუნებული საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში – აზიის შორეულ ნაწილში დასახლებაზე, საყვარელ ქალზე დაქორწინებასა და შვილებზე იწყებს იწყებს ფიქრს. სხვა საკითხია, რომ მწერალი ამის საშუალებას არ აძლევს – ცხადია, მისი ამოცანა მთავარი გმირის გაბედნიერება სულაც არაა.

ისევ ჩორანს დავუბრუნდეთ. ამჯერად ბოლომდე ვიზიარებ მის მოსაზრებას (შვილების დახრჩობაზე რაც თქვა… გეთანხმებით, ზედმეტი მოუვიდა): „შვილები, რომლებიც არ წითლდებიან მშობლების უბადრუკობაზე, ბოლომდე განწირულები არიან ასეთივე უბადრუკობისთვის. ისე არაფერი ანადგურებს შემოქმედებით უნარს, როგორც იმ ადამიანებით აღფრთოვანება, რომლებმაც ამქვეყნად მოგვავლინეს“. ის, რაც „შემოქმედებითი უნარის განადგურებად“ ვთარგმნე, ფრანგულად (ჩორანი რუმინულადაც წერდა და ფრანგულადაც) იმ სიტყვით გადმოიცემა, რომელიც, პირველ რიგში, სტერილიზაციას აღნიშნავს. და რამდენ მშობელს მოუხერხებია შვილების სრული „სტერილიზაცია“ – ერთგვარი გაუვნებელყოფა საზოგადოებაში მშვიდი და უშფოთველი ცხოვრების გასაგრძელებლად?!

და ცხრილი. ცხრილი, რომელიც სათაურშია ნახსენები. ყველაზე საგულისხმო ალბათ ესაა იმ ყველაფრიდან, რასაც ჩვენი მწერალი და ფილოსოფოსი ბავშვებზე ამბობს: „ერთადერთი რამ, რაც ყმაწვილებს უნდა ვასწავლოთ, არის ის, რომ არაფერს, თითქმის არაფერს უნდა ელოდონ ცხოვრებაში. წარმოვიდგინოთ „იმედგაცრუებების ცხრილი“, რომელშიც ყველა ის გულგატეხილობა იქნება აღნიშნული, თითოეულს რომ ელოდება. ცხრილი, რომელსაც სკოლებში გამოვაკრავთ“ (ილია ბაწაშვილის თარგმანი). უბრალოდ, წარმოვიდგინოთ – ჩორანი მეტს არაფერს გვთხოვს. ცხოვრების ბნელ მხარეზე ყურადღების გამახვილება არც მშობლებს უყვართ და არც მასწავლებლებს. არადა, ტკივილი, იმედგაცრუება, დანაკარგის განცდა, ხელმოცარულობა, მოულოდნელი ღალატი, დაუძლეველი შიში, სრული სასოწარკვეთა – მოკლედ, რა აღარ გვემუქრება, რას აღარ მოუცლია ჩვენთვის. ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე თითოეულისთვის თვალის გასწორება მოგვიწევს, იმის მიუხედავად, რა მითებითა და ზღაპრებით გვზრდიდნენ, როგორ ბედნიერ, უზრუნველ ცხოვრებას გვპირდებოდნენ, თუ ზრდილობიანად მოვიქცეოდით, კარგად ვისწავლიდით, წიგნების კითხვას შევიყვარებდით და დედას და მამას გულს გავუხარებდით.

სჯობია, თავიდანვე იცოდნენ. სჯობია, ბავშვებს არ დავუმალოთ, რომ ბევრჯერ გაუტყდებათ გული, ბევრ სიძნელეს გადააწყდებიან გზაზე – მეტისმეტად რთულ გზაზე. მერე შეგვიძლია კედელზე გაკრულ წარმოსახვით ცხრილს გავხედოთ და ხელის სწრაფი მოძრაობით ჩამოვხსნათ კიდეც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი