ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ზურგჩანთიდან ამოლაგებული გაკვეთილები

კარგი რამაა ზაფხული, შემოდგომაშიც მოგყვება მისი სითბო და სილაღე. თავგადასავლებით სავსე უბრუნდები ნაცნობ ქალაქს, სკოლას, მეგობრებს. საზაფხულო არდადეგები მასწავლებლებისთვისაც ფრთების გაშლის, ახალი ენერგიით დამუხტვის პერიოდია. მათ სამოგზაურო ზურგჩანთებში აუცილებლად აღმოაჩენთ ახალი ამბებით, იდეებით, მიგნებებით სავსე ჩანაწერებს, საინტერესო გაკვეთილებად რომ შეიძლება იქცეს. ისეთ გაკვეთილებად, მოსწავლეებს ზაფხულიდან შემოდგომაში რომ შემოიტყუებს. ესაა ჩვენი საშინაო დავალება, მასწავლებლების, შემოდგომის სემესტრის პირველ კვირაში ჩასაბარებელი.

 

ჩემი აზრით, ახალი სასწავლო წლის დასაწყისს ძალიან ბევრი რამ მოეთხოვება. მან მოსწავლეს ყველაზე რთულად გასაღვიძებელი რამ – სწავლის ინტერესი უნდა გაუღვიძოს. აქედან გამომდინარე, პირველი კვირის შთაბეჭდილება ერთიორად მნიშვნელოვანია. ალბათ დამეთანხმებით, საკმაოდ რთულია თავისუფალი გრაფიკიდან დატვირთულ დღის რეჟიმზე გადასვლა, ამ ცვლილებას ზრდასრულებიც ძნელად ვეგუებით. ამიტომაც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ ჩემს ,,ასკინკილა გაკვეთილებზე“, შეუმჩნევლად რომ შემოაპარებს ბავშვს საკლასო ოთახში და სასკოლო რუტინას ახალ თავგადასავლად უქცევს.

 

ნათქვამია, ,,ყველაფერი შესავალით უნდა დაიწყოს კაცმაო“. ამიტომ მოსწავლეებს ზაფხულის შთაბეჭდილებების გაზიარების საშუალებას ვაძლევ. შეიძლება იცოდეთ, ერთი ძალიან სახალისო აქტივობაა – მე ,,სარეცხს“ ვეძახი. მოსწავლეები საზაფხულო ტანსაცმლის შაბლონებს აფერადებენ, თან ზედ აწერენ ერთ ყველაზე ძვირფას შთაბეჭდილებას, რომელიც ამ საზაფხულო სამოსთან აკავშირებთ. შემდეგ თავიანთ ნაშრომს მეგობრებს უზიარებენ (აქ შეიძლება მთელ კლასს რიგრიგობით გაუზიარონ, ან გვერდით მჯდომს გაუცვალონ შთაბეჭდილება), თავიანთ სარეცხს სპეციალურ თოკებზე გადაფენენ და ნამდვილი ხის სარჭებით ამაგრებენ. ეს პროცესი ბავშვებს ბევრი კარგი ამბიდან ყველაზე მნიშვნელოვანის გამოყოფასაც უადვილებს და საგაკვეთილო დროც იზოგება.

ყველამ ვიცით, რომ ბავშვებისთვის შეგრძნებებით სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. დაწყებით საფეხურზე ბევრი თემა იძლევა შეხებით, დაკვირვებით, ექსპერიმენტებით სწავლის შესაძლებლობას. მაგალითად, წელს პირველ კლასში ,,შეეხე და გამოიცანი“ ვითამაშეთ. გაკვეთილის თემა იყო ,,სასკოლო ნივთები“. ჯერ ზურგჩანთებიდან ამოლაგებული საგნების დანიშნულებაზე ვისაუბრეთ, მერე სახლებშიც შევიხედეთ და საოჯახო ნივთები გავიხსენეთ. შემდეგ კი მთავარი თავგადასავალი დაიწყო. თვალახვეული მოსწავლეები რიგრიგობით მოდიოდნენ უცნაურ ყუთთან, რომელშიც ხელს სპეციალური ხვრელიდან ყოფდნენ, ერთ ნივთს იღებდნენ და შეხებით გამოცნობას ცდილობდნენ. თამაშის დასრულების შემდეგ, ჩვენ მიერ ამოცნობილი ნივთები სასკოლო ზურგჩანთაში ჩავალაგეთ და ინდივიდუალურ დავალებებს მივუბრუნდით. მოსწავლეებს სპეციალური ფურცლიდან სასკოლო და საოჯახო ნივთები უნდა ამოეჭრათ და სამუშაო ფურცელზე სკოლის ან სახლის სიმბოლოთი მონიშნულ ყუთში ჩაეწებებინათ. ახალბედა მოსწავლეები ამ დავალებამაც ძალიან გაახალისა.

 

ზემოაღნიშნულ თემას ეხმიანება მეორე კლასის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ტექსტი (,,ნუციკო“, ტ. ჭანტურია), სადაც ლექსის გმირი სკოლაში უწიგნოდ მიდის. მოსწავლეებს ურიგდებათ სამუშაო ფურცლები, რომლებზეც გამოსახულია ზურგჩანთები და ზედ სასკოლო ნივთების სახელები უნდა მიაწერონ. შემდეგ სიიდან ირჩევენ ერთ-ერთ ნივთს და მის საჭიროებას კონკრეტული მაგალითებით ხსნიან (მაგალითად, ფუნჯი თუ სახლში დარჩათ, ხელოვნების გაკვეთილზე საღებავით ვერ დახატავენ და ა.შ.). მეორე სამუშაო ფურცელი ლექსის შინაარსს მოვარგე. მასზე  რამდენიმე არასრული (სოკოს ,,ქუდი“ აქვს მისახატი და ა.შ.) მცენარე, ცხოველი და ფრინველია გამოსახული. მოსწავლეებმა ყურადღებით უნდა წაიკითხონ ლექსი და ყველა საჭირო დეტალი აღადგინონ.

პირველკლასელებს სასწავლო წლის პირველ დღეებში განსაკუთრებით უჭირთ ერთ აქტივობაზე ხანგრძლივად კონცენტრირება, ამიტომ გაკვეთილი მოკლე (5-10 წთ.) და მრავალფეროვანი სამუშაოებით უნდა დაკომპლექტდეს. განსაკუთრებით მიძნელდება პატარებთან ტექსტის პირველად წაკითხვა და მათ ,,დასაჭერად“ ხმებისა და ვიზუალის მთელ კასკადს ვიყენებ. კითხვის მანერაც თეატრალიზებულია, უფრო ვყვები, ვიდრე ვკითხულობ. მაგალითად, ერთი ტექსტია ცხოველების სკოლაზე (,,აპრილიდან აპრილამდე“, ვ. როდონაია, მასწავლებლის წიგნი), რომელსაც პირველ კვირაში ვუკითხავ პირველკლასელებს. გაკვეთილზე სტუმრად ცხოველების სკოლის მასწავლებელიც ,,მომყავს“. თოჯინა-დათუნიასთან ერთად ზღაპარში ნახსენები ტყის სკოლის პირველკლასელების ფოტო-ვიდეო მასალაც მზად მაქვს. ტყის სამყაროს გაცოცხლებით ბავშვებს მოსმენილი ამბის წარმოსახვას და ყურადღების კონცენტრირებას ვუადვილებ. სამუშაო ფურცელსაც სასწავლო მასალას ვუკავშირებ და მოსწავლეებს ვთხოვ, პირველკლასელ ტყის ბინადრებს თავიანთი დედიკოები აპოვნინონ.

ზაფხულთან გამომშვიდობების საშუალებას მესამეკლასელებსაც ვაძლევ. პირველი შეხვედრის ემოციებისგან დაცლის შემდეგ, პეპის სკოლაში წასვლის ამბავს ვკითხულობთ, მის წერილს ვშიფრავთ და სკოლის დანიშნულებაზე საუბრის საჭიროებაც თავისთავად დგება. შემდეგ მოსწავლეებს მონატრებული ადამიანების, ადგილების, თუნდაც ზაფხულისთვის წერილის მიწერას ვთხოვ. დავალება რომ ადვილად შეასრულონ, წერილის ერთ ნიმუშს გაკვეთილზევე  ვქმნით. მოსწავლეებს შეუძლიათ დაამზადონ კონვერეტები, რომლებსაც ხელნაკეთ მარკებს დააკრავენ და სასურველ მისამართებსაც მიაწერენ.

როგორც წესი, უფროსებსაც მოახლოებული შემოდგომის და ზაფხულნარევი ამბების სურნელით გაჟღენთილი მოთხრობებით ვხვდები, მერე კი ერთად ვცდილობთ წაკითხული მოთხრობის მსგავსი ჩანახატის შექმნას. ამ წერილსაც ერთი ნაადრევი შემოდგომის სიგრილეშეპარული მოგონებით – რევაზ ინანიშვილის მოთხრობით დავასრულებ.

 

მორევი

      ორი დღეღა და სექტემბერიც დადგება. რომ თენდება, უკვე ცივა, ცივი ნამია გაგებული ბალახებზე. მერცხლები გუნდ-გუნდად იკრიბებიან, დიდი ჟიკჟიკი აქვთ, დიდი ჟრიამული. უთუოდ იმაზე მსჯელობენ, როდის გაფრინდნენ სამხრეთისკენ, ვინ წაუძღვეს წინ, ვინ გამოჰყვეს გუნდს მებოლოვედ. ყურძენი შეთვალულია, შინდი თითქმის მწიფს. მართალია, შუადღისით ცხელა, მაგრამ დაიწევს თუ არა მზე, აგრილდება, საღამოობითაც ცივა, თბილი უნდა ჩაიცვა. სერებზე ძეძვები და ჯაგრცხილები შეყვითლდნენ. დღისითაც, მზეში, რაღაცნაირი სიყვითლე დგას, ასეთი სიყვითლე ფერიცვალობის შემდეგ დგება. ძალიან ლამაზია უკვე საშემოდგომოდ ლურჯად გამკვრივებული ცა, ზედ თეთრი ღრუბლები, ძირს კიდევ ეს სიყვითლე. მოლივლივებენ ამ სილამაზეში ლამაზი კვირიონები და მოკრუტუნებენ მიწისკენ თვალებდაცეცებულნი – იქნებ სადმე ფუტკრები დავინახოთ და პირი ჩავიკოკლოზინოთო.

ასეთ დღეებში ტყეში ყოფნას არაფერი სჯობს, გამორჩევით – დილა-საღამოს. მე მზის დახრისას მომიწია სახლიდან გასვლა. გადავიკიდე ჩემი მონადირული ჩანთა, ავიღე ხელჯოხი და წავედი. წავედი ივრის ნაპირ-ნაპირ. იორი დაწმენდილი იყო, თავთხელების ჩქერალები თეთრად და მწვანედ ციმციმებდნენ.

მივუახლოვდი კლდეს. იმ კლდის ძირას დიდი საბანაო მორევია. მორევი სავსეა ხოლმე ბიჭბუჭობით და დიდებითაც. მაგრამ ეს, როცა ცხელოდა, ახლა კი საკმაოდ გრილოდა, მზე კაკლების კენწეროებს მოჰფარებოდა, და მაინც – სამი შავად გახუხული ბიჭი ბანაობდა, ათი-თორმეტი წლისანი, სამივე ისე იყო გამხმარი, ნეკნებს სათითაოდ დაუთვლიდი. ნაპირზე ცეცხლი ენთოთ, დიდი ნარიყი შეშები შეეწყოთ ერთმანეთზე, ის შეშები ნელ-ნელა იწვოდა, მაგრამ როგორც ნარიყმა იცის, მაინც კარგად იწვოდა. გამოცვივდნენ ბიჭები წყლიდან აკანკალებულები, თმები ზღარბებივით ედგათ, კბილებს აკაწკაწებდნენ. მიუცუცქდნენ ცეცხლს, თანაც იმ მხარეს, საითაც ბოლი მიდიოდა, თვალებდახუჭულები, ხელებს ალში ურევენ. ისე პრიალებენ სველები, თითქოს ლაქი ჰქონდეთ წასმული, კბილებს მაინც კბილებზე აკაწკაწებენ.

     დავუდექი წინ, დავეყუდე ჯოხზე, ვუყურებ. ამომხედეს, ჩქარ-ჩქარა დაახამხამეს თვალები, ბოლს აქეთ-იქით დაუწყეს გაყრა ხელებით. ტუჩები დალურჯებიათ, კბილებითა და თვალებით შემომნათიან.

 

 

–         აქედან მაინც დაუსხედით, კაცებო, მაგ ბოლში რას იხრჩობთ თავს, – ვუთხარი მე.

ერთმანეთს გადახდეს, ისეთი გამომეტყველება მიიღეს, – ეს ვინ არის, რა ჭკუის კოლოფიაო.

–         მაინთ რომ სითბო არ მოდის?

მე კეფა მოვიფხანე გაწბილებულმა.

–         კი, მაგრამ რაღა გაბანავებთ, როცა თან ეგრე გცივათ?

ისევ გაუქნიეს ხელები გაძლიერებულ ბოლს, ისევ შემომანათეს თვალები, თან ახლაც ცოტა ეჭვით, ეს რეებს გვეკითხება, ეს ამოდენა კაციო.

–         კარგია, – სიამოვნების სიცილით თქვა ყველაზე ტანმორჩილმა, ყველაზე გამხდარმა.

–         ადრე გებანავათ, სანამ მზე მაღლა იყო და თბილოდა.

–         მაშინაც ვბანაობდით.

–         არ გეყოთ?

–         არა. პირველში სწავლა იწყება და მერე…

აქაც გადახედეს ერთმანეთს, რაღაც დაადასტურეს უთქმელად. თან კანკალს განაგრძობდნენ.

–         მერე აღარ შეიძლება ბანაობა?

–         შეიძლება, მაგრამ ეგეთი გემო აღარა აქვს.

–         რატომა?

–         გაკვეთილები რომ მოსამზადებელი გაქვს.

მე ერთხელაც მოვიფხანე გაწბილებულმა კეფა. იმათ – გაუქნიეს, გაუქნიეს ხელები ბოლს, უცებ წამოხტნენ, გაიქცნენ და სამივე სხვადასხვანაირად გადაეშვა მორევში: ერთი თავდაყირა, მეორე ხელებაწეული, თითებგაფარჩხული, მესამე სადგისივით წაძვრა პირდაპირ დიდ ტალღებში. სატრიალოში ერთმანეთს შეხვდნენ, დაიწყეს ძიძგილაობა, ერთმანეთის დაოსება, ყველა ცდილობდა, მეორესთვის ჩაეყოფინებინა თავი წყალში. დაფეთებული ჩიტებივით ამოდიოდა მათი ხითხითი წყლიდან. მე ღიმილით დავიწყე კლდეზე ასვლა. იმ კლდეზე უნდა ავსულიყავი და იქით დაბლა დავშვებულიყავი. მაღლა რომ ავედი, გავჩერდი და გადმოვხედე მორევს. ბიჭები ისევ ცეცხლს მისხდომოდნენ, ისევ ბოლის მხარეს, ისევ ხელებს უთათუნებდნენ ბოლსა და ალს. აქედან მთლად პატარები ჩანდნენ, დაუბუმბლავი ბარტყებივით ერთმანეთს მიკრულნი დიდ რიყეზე, დიდ წყალთან. კვამლი ახლა უფრო სქლად ამოდიოდა მაღლა… ცეცხლის ირგვლივ შემწვარი სიმინდების დაცარიელებული ქეჩეჩები ეყარა, იქვე ეგდო ორი მსხალი, ათიოდეც მსხვილი ღორქლიავა. დიდ ქვაზე იდო შავი პურის გამხმარი ნატეხი, იმ პურის ნატეხზე კი – ნივრის ორი კბილი…

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი