როცა სკოლის კარი პირველად იღება, ბავშვები შემოდიან არა მხოლოდ ჩანთებით, არამედ უამრავი ფიქრით, ემოციითა და მოლოდინით. ზოგი მოდის ღიმილით და ცნობისმოყვარეობით, ზოგს კი გული მღელვარებით აქვს სავსე: „როგორი წელი მელის?“ სწორედ ამ დღეს, პირველივე წუთებში, ჩვენ შეგვიძლია, ბავშვს დავანახოთ, რომ:
- აქ თითოეული თქვენგანი მნიშვნელოვანია!
- შენი ხმა ისმის!
- შენს გზას ჩვენ ერთად გავივლით!
პირველი დღე არ არის უბრალოდ გაცნობის ან სახელების დამახსოვრების დღე – ის შეიძლება იქცეს დასაწყისად იმ ისტორიისა, რომელსაც ბავშვები მთელი წლის განმავლობაში გულით ატარებენ.
სანამ რამდენიმე აქტივობის იდეას გაგიზიარებთ, მინდა, ერთი წიგნის შესახებ გიამბოთ, რომელმაც ამ ზაფხულს საფიქრალი გამიჩინა. თინეიჯერების მასწავლებლებო და მშობლებო, გაგაცნობთ საინტერესო წიგნს, რომელშიც ბევრ ისეთ დეტალს აღმოაჩენთ, მოზარდებთან კარგი ურთიერთობის დამყარებაში რომ დაგეხმარებათ.
მარიანე კაურინის „ჩვენი სამხრეთი“ მეექვსეკლასელების თავგადასავლებს გვიამბობს.
მათი სასკოლო და პირადი ცხოვრების ამბები ჩააფიქრებს მკითხველ მასწავლებელს, თინეიჯერს, დედას, ბებიას. წიგნი მოგვითხრობს მეგობრობის, სიყვარულის, გულწრფელობისა და სიმართლის მნიშვნელობაზე. მაგრამ მე მინდა, ყურადღება გავამახვილო მის იმ მხარეზე, რომელიც სასკოლო ცხოვრებას აღწერს.
წიგნის დასაწყისშივე ჩნდება ღიმილიანი, მხიარული მასწავლებელი ვიგდისი ვარდისფერი ტუჩსაცხით, მრგვალი სათვალით, სოკოსავით შეკრული თმითა და კაშკაშა ყვითელი კაბით. ის მაშინაც კი არ ბრაზობს, როდესაც მოსწავლეები გამოაჯავრებენ. პირიქით, გულიანად იცინის.
მთავარი პერსონაჟი ინა, რომელიც დედასთან ერთად ცხოვრობს ღარიბულ უბანში, ულამაზო და პირქუშ კორპუსში, სევდიანი, გულჩათხრობილი და არც ისე კომუნიკაბელური გოგონაა. სწორედ ის გვიყვება თავისი და თანაკლასელების საინტერესო საზაფხულო ამბებს.
წიგნის კითხვისას მასწავლებელმა ბევრ საინტერესო რამეზე შეიძლება გაამახვილოს ყურადღება და ჩაფიქრდეს, გადახედოს საკუთარ მიდგომებს, მოსწავლეებისადმი დამოკიდებულებას და ვიგდისის როგორც კოლეგის მიმართ მეტი სიახლოვე იგრძნოს, რადგან ხშირად თავადაც ყოფილა მის ადგილას. ძნელია, თინეიჯერებს ბოლომდე გაუგო, მათი სიყვარული თუ ვერა, პატივისცემა და ნდობა მაინც მოიპოვო.
წიგნში განვითარებული ამბები მასწავლებლებს საშუალებას გვაძლევს, შორიდან შევხედოთ ჩვენ მიერ შეთავაზებულ სასწავლო პროცესს. დავინახთ, რომ უბრალო, თითქოსდა უწყინარი აქტივობა, რომელსაც მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს, ზოგი მოსწავლისთვის შესაძლოა უსიამოვნო და სტრესულიც კი აღმოჩნდეს, რაც საგრძნობლად შეცვლის სკოლისადმი მოსწავლის განწყობას. მაგალითად, ერთი შეხედვით უწყინარმა კითხვამ: „რას გეგმავ ზაფხულის არდადეგებზე?“ – ააფორიაქა ინა, რომელიც სიღარიბის გამო არც არაფერს გეგმავდა, გარდა სახლში ყოფნისა, კლასის წინაშე ამის თქმის კი მოერიდა, ამიტომ გამოსავალი იპოვა და იცრუა. სწორედ ამ ტყუილით იწყება ყველაფერი. ჩვენ თვალწინ განვითარებული ყველა მოვლენა ტყუილზე იგება და პერსონაჟს უხერხულ მდგომარეობაში აგდებს. ამის საფუძველი კი სწორედ სასკოლო ამბებია.
ამიტომ სწავლის დაწყებისას სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს ნუ მივახლით კითხვას: „როგორ გაატარე ზაფხულის არდადეგები?“ – მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ და ისეთი აქტივობები შევთავაზოთ, რომლებიც თითოეულ მათგანს, უპირველეს ყოვლისა, დაამშვიდებს.
შემოქმედებითი და შინაარსიანი აქტივობები სწავლის პირველი დღისთვის
- „სკოლის კარი და ჩემი გასაღები“
დაფაზე დახატული დიდი კარის წინ თითოეული ბავშვი აკრავს ქაღალდისგან გამოჭრილ გასაღებს, რომელსაც აწერს, რა აბედნიერებს სკოლაში – მეგობრობა, თამაში, ცოდნა… ასე იქმნება დიდი კარი, სადაც თითოეულს თავისი „გასაღები“ აქვს.
- „ხმის კედელი“
თითოეულ მოსწავლეს ვაძლევთ პატარა ფურცელს, რომელზეც მან უნდა დაწეროს ერთი წინადადება საკუთარი თავის შესახებ. ეს შეიძლება იყოს თუნდაც სურვილი, პირობა ან სიტყვა, რომელიც მას მთელი წლის განმავლობაში გზამკვლევად ექნება.
მაგალითად:
- „მე გავაზიარებ მეგობრობას“.
- „მე გავბედავ და ვცდი“.
- „მე ყოველთვის თანავუგრძნობ“.
შემდეგ ამ ფურცლებს ბავშვები აკრავენ საერთო „ხმის კედელზე“, რომელიც კლასის შესასვლელთან რჩება.
ასე იქმნება ადგილი, სადაც თითოეული ბავშვის ხმა ისმის და ჩანს. ეს არ არის უბრალო დეკორაცია – კედელი მათ ყოველდღე შეახსენებს, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია და რომ კლასი მათი ერთიანობით იქმნება.
- „სკოლის სკივრი – ჩემი სიმდიდრე“
სკივრი ყოველთვის სიმდიდრესთან, ფასეულობებსა და საგულდაგულოდ შენახულ ნივთებთან ასოცირდება. მაგრამ რა არის ბავშვის ნამდვილი სიმდიდრე სკოლაში? ეს არის ცოდნა, გამოცდილება, მეგობრობა, სითბო და ის პატარა მოგონებები, რომლებსაც ყოველდღე აგროვებენ.
თითოეულ ბავშვს აქვს „სკოლის სკივრი“. ეს შეიძლება იყოს ლამაზი საქაღალდე ან ხელნაკეთი კონვერტი. ბავშვი ამ სკივრში ყოველკვირა ამატებს ერთ „სიმდიდრეს“, მაგალითად, ფურცელზე დაწერილ მიღწევას („ამ კვირაში მე ხმამაღლა წავიკითხე“), მეგობრის მიერ მისთვის ნათქვამ თბილ სიტყვას, პატარა ნახატს ან სიტყვას, რომელმაც გააბედნიერა.
წლის ბოლოს სკივრი სავსე იქნება სიხარულითა და გამარჯვებებით და ბავშვები თავად დაინახავენ, როგორ „გამდიდრდნენ“ სკოლაში.
ეს აქტივობა ბავშვებს აჩვენებს, რომ ნამდვილი სიმდიდრე არა ნივთები, არამედ ცოდნა, ადამიანური ურთიერთობები და ყოველდღიური გამარჯვებებია.
მასწავლებელს მხოლოდ ცოდნის გადაცემა კი არა, ბავშვების გულისა და შესაძლებლობების კარის გაღება ევალება და სკოლის პირველი დღე ამ გზის მნიშვნელოვანი დასაწყისია. უკვე მოიფიქრეთ, როგორი იქნება თქვენი დასაწყისი?
თუ ჯერ ისევ შთაგონების ძიებაში ხართ, ესტუმრეთ ფეისბუქჯგუფს – „ინას განათლების სადგური“.


