ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

საშიში სათამაშო

სადგურზე ხალხმრავლობა არ იყო. მორიგი მატარებლის ჩამოდგომამდე დრო ჯერ ბლომად დარჩენილიყო, თუმცა პატარა გოგონას ქალაქში სტუმრობა იმდენად უნდოდა, რომ დამღლელ გზასა და ლოდინს  არაფრად დაგიდევდათ. მშობლებთან ერთად თბილისში მიდიოდა და ეს ამბავი ნამდვილ ჯადოსნობად წარმოედგინა. 50-იანი წლები იდგა, ქვეყანას უჭირდა, გოგონას მშობლებიც თავის საქმეზე თავდადებული ხელმოკლე მასწავლებლები იყვნენ. ეს მათი და ბავშვის ჩაცმულობასაც ეტყობოდა. ღირებულებებიც ცოტა სხვა ქონდათ და აქცენტს ბავშვის განათლებაზე უფრო აკეთებდნენ, ვიდრე ზედმეტი ნივთების შეძენაზე. ამიტომ, გოგო სკოლაშიც პირველი მოსწავლე იყო და გრძელ-გრძელი ლექსებიც იცოდა.

უცებ, სადგურში  სხვა ოჯახი გამოჩნდა.

-ამათ ეტყობა, არ უჭირთ,-გაიფიქრა გოგომ და თვალი იმ ბაფთიანი თოჯინისკენ გაექცა, სხვა გოგოს, რომ ყავდა გულში ჩახუტებული. დიახ, ყავდა და არა ქონდა, რადგან გოგოს აზრით, ყველა თოჯინა სულიერი იყო და პატარა ადამიანების უსიტყვოდ ესმოდათ.

ჩახუტება თავადაც უნდოდა, მაგრამ არ ჰქონდა…

-მივალ და ლექსებს ვეტყვი, მერე ვთხოვ, რომ ცოტა ხნით ჩამახუტებინოს…, გაიფიქრა პატარა თავში და გადამწყვეტი ნაბიჯებით გაეშურა.

იმ მეორე გოგოს დედის მკაცრმა ხმამ გამოაფხიზლა.

-არ მოხვიდე ახლოს! იქეთ გაიწიე!

-შენ კიდევ, აქეთ გამოდი, რა ვიცით ვინ არის?-დაყვავებით მიმართა თავის შვილს.

გოგონა შეკრთა და გაშეშდა.

-ვინ ვარ და ფრიადოსანი მოსწავლე, ბევრი ლექსი ვიცი და თავადაც ვწერ, სკოლის საზეიმო შეხვედრებზე სულ მე ვკითხულობ ლექსებს. თოჯინასთან  ჩახუტება მინდოდა, სულ ორი წუთით…მეტი არაფერი მინდოდა თქვენგან…,-უნდოდა ეთქვა, მაგრამ გადაიფიქრა, სიტყვები გულში ჩაიბრუნა და მშობლებისკენ მიტრიალდა.

მერე დრო გავიდა და გოგო წარმატებული ქალი დადგა, კარგი ოჯახი შექმნა და თავისი შვილი სწორედ მშობლებისგან ნასწავლი ღირებულებებით აღზარდა. თუმცა… ბავშვობიდან გამოყოლილი სათამაშოების მონატრები ეტყობა, ისე გამჯდარიყო ძვალსა და რბილში, რომ შემდეგ, ზრდასრულ ასაკში სახლი სულ თოჯინებით აავსო. ვის აღარ შეხვდებოდით, საქანელაზე მოქანავე ჯამბაზს და მის ხუჭუჭა ქალიშვილს, მტირალა და მცინარა გოგოებს, ფუშფუშა კაბებში გამოწყობილ ფაიფურის ბანოვნებს, ფისოებს, ამუნიებს, ჩიტუნებს, ველური ფაუნის წარმომადგენლებს  და ვინ მოთვლის ვის აღარ. ყველა თოჯინას სახელი ერქვა: რუსიკო და გია, ქეთევანი და ნოდარი, ჯამბაზი ყარამანი და მისი შვილი ლილუ…

რას ნიშნავს, რამე გენატრება, თუ ბავშვობიდან თავზე საყრელად გაქვს. გოგოს თოჯინები აკლდა და შემდეგ თავისი ცხოვრება თოჯინებით აავსო, მის შვილს კი (ანუ, მე) სათამაშოებთან   ფრიად თავშეკავებული ურთიერთობა ჰქონდა.

ჰო, თუმცა ლამაზ სათამაშოს დღემდე  ვამჩნევ და ვაფასებ. თუმცა,  უკვე სილამაზე აღარ კმარა, დღეს უპირველესად  სათამაშოს ეკოლოგიური სისუფთავეა მნიშვნელოვანი.

იცით, რომ თანამედროვე სათამაშოების საღებავებში შესაძლოა ტყვია იმალებოდეს? ჩემთვის აღმოჩენა ის იყო, რომ თურმე, ამერიკაში ერთი წლიდან ბავშვებისთვის სავალდებულოა სისხლში ტყვიის რაოდენობის განმსაზღვრელი ანალიზის გაკეთება. პატარა ბავშვებში ტყვია ჭკუასუსტობას იწვევს. პატარას არც არაფერი შეეტყობა, ფიზიკურად  განვითარდება, გაიზრდება, მაგრამ გონებრივად ჩამორჩებ, თავის ტვინში ნეირონებს შორის კავშირი დაითრგუნება, შეფერხდება მეხსიერება. ვერ ისწავლის ლექსებს, გაუჭირდება წერა-კითხვა-ანგარიში, მალე დაიღლება, იოლად გაღიზიანდება. მშობელს კი გული დაწყდება, ზოგჯერ შვილს დატუქსავს კიდეც, ყველაფერი კი შესაძლოა ტყვიის ბრალი იყოს.

ეს ყველაფერი მოზრდილ ადამიანსაც შეეხება. აქაც სახეზე ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა იქნება. გარდა ამისა, ითრგუნება ახალი სისხლის წარმოქმნის პროცესი, ვითარდება ანემია. მესამე სამიზნე კი თირკმელებია.

გარდა ამისა, ტყვია ძვლოვან ქსოვილში გროვდება და კალციუმის ფოსფატში კალციუმს ჩაანაცვლებს. რბილ ქსოვილებში დაგროვებისას დაავადება პლუმბიზმს იწვევს (ზემოთ აღვწერე მისი შედეგები). სხვა მძიმე მეტალების მსგავსად, ზოგიერთ ფერმენტს ბლოკავს და პასიურ მდგომარეობაში გადაყავს.

თუმცა, საიდან შეიძლება ტყვია ორგანიზმში მოხვდეს? სათამაშოებზე უკვე დავწერეთ, განსაკუთრებით ფერად იაფფასიან სათამაშოებს შეეხება. საშიშია ის ინსტრუქტორები, თოჯინები და ა.შ. რომელთა შემადგენლობაშიც პოლივინილქლორიდია, ერთი შეხედვით პლასტმასია, ოღონს ეს უკვე ნიშნავს, რომ იქვე იქნება  სხვადასხვა სახის ფტალატი, ალდეჰიდი და მძიმე მეტალი (ამ შემთხვევაში, ტყვია). სამ წლამდე ასაკის ბავშვები საყვარელ გასართობს აუცილებლად გემოს გაუსინჯავენ, გულში ჩაიკრავენ ( კანთანაც მჭიდრო კონტაქტი ექნებათ) და გასაგებია, რომ მათ სისხლში ტყვიის (და არა მხოლოდ ტყვიის) კონცენტრაცია მოიმატებს.

სხვა?

ჟურნალ „Environmental research“-ის 2017 წლის ერთ-ერთ ნომერში სტატია სწორედ ტყვიაზე გამოქვეყნდა. კერძოდ, სად „იმალება“ ტყვია სახლში. აღმოჩნდა, რომ 1960 წლის შემდეგ აშენებულ სახლებში ტყვიით მოწამვლის შანსი 24%-ია; 1940-1960წწ.-69%; 1940-მდე-87%. ძველ სახლებში ტყვია შეიძლება იყოს ტექნიკურ კომუნიკაციებში, მილებსა და სადენებში თავმოყრილი, ძველ შპალერებსა და საღებავებში. ასევე დასახელებულია ქვეყნები, რომელთა მიერ წარმოებულ საღებავებში ტყვია აღმოჩნდა: ლიბანი, პარაგვაი, რუსეთი, ჩინეთი. ზოგიერთ ნიმუშში კი მისი რაოდენობა 500-ჯერ აღემატებოდა ნორმას. ლურჯი და კაშკაშა ფერების საღებავებში ტყვია გაცილებით მეტი რაოდენობით ყოფილა.

ტყვიის კიდევ ერთი წყარო წყალია. თუნდაც  ეს წყალი თერმულად დაამუშავოთ, მაგ. მისგან წვნიანი დაამზადოთ, ტყვიას არაფერი დაემართება, სისხლში მოხვდება, შემდეგ კი ორგანოებში აკუმულირდება.

ამერიკაში, 70-იან წლებში, მიჩიგანის შტატის პატარა ქალაქ ფლინტში, 10 000 ადამიანი ონკანის წყლიდან მიღებული ტყვიით ერთდროულად მოიწამლა, აქედან 6 000 ბავშვი იყო.

როგორ აღმოვაჩინოთ სახლის პირობებში წყალში ტყვია? ყველაზე მარტივი ინდიკატორის მსგავსი  ე.წ. ტესტ-ქაღალდებია. ჩავდებთ წყალში და თუ გაყვითლდა, წყალში ტყვია ყოფილა. თუმცა, მათ შესაძენად,  ძებნა და პოვნა უნდათ. უფრო მარტივი იქნება,  აფთიაქებში ნაყიდი  კალიუმის იოდიდის აბები. ჭიქა აავსეთ წყლით  და ჩააგდეთ შიგნით 1-2 აბი, ტყვიის არსებობის შემთხვევაში, ისიც ტესტ-ქაღალდივით გაყვითლდება.  წყლიდან ტყვიის მოცილება ფილტრით შეიძლება, რომელიც დღეს უკვე ყველგან იყიდება.

ტყვიის კიდევ ერთი წყარო ჰაერი და საკვებია. ჰაერში მისი მოხვედრის ერთ-ერთი წყარო მეთილირებული ბენზინი გახლავთ. მცენარეები კი მას დაბინძურებული ნიადაგიდან ან იმავე ჰაერიდან შეითვისებენ

ტყვია კოსმეტიკაშიც არის, განსაკუთრებით კაშკაშა ფერის იაფფასიან ტუჩსაცხში. პირველად ტყვია კოსმეტიკაში არაბმა ალქიმიკოსმა ჯაბირ იბნ ჰაიამმა გამოიყენა, სახის მათეთრებელ საცხში დაამატა. ქალბატონები თავიდან მართლაც გათეთრდნენ, მაგრამ შემდეგ მთელი სახე იარებით დაეფარათ და მოიწამლნენ. დღეს მათეთრებელ საცხებში ტყვია ტიტანის ოქსიდით არის ჩანაცვლებული, რაც ჯანმრთელობისთვის უვნებელია. თუმცა, ზოგიერთი მწარმოებლის ტუჩსაცხში  მაინც დარჩა…

მთელ ამ ამბავში კარგი ის არის, რომ ტყვია ორგანიზმიდან იოლად გამოდის. მისი ორგანიზმიდან გამოსადევნად იყენებენ მედიკამენტებს, რომელთა შემადგენლობაშიც ჰელატები შედიან. ჰელატები შიდაკომპლექსური ან ციკლო კომპლექსური ნაერთებია. წარმოიქმნებიან პოლიდენტატურ ლიგანდებთან ლითონის იონების ურთიერთქმედებით. ჰელატები შეიცავენ ცენტრალურ იონს და მის გარშემო კოორდინირებულ ლიგანდებს. ჰელატის შიდა სფერო შედგება ციკლური დაჯგუფებებისგან, რომლებიც მოიცავენ კომპლექსწარმომქმნელს. მედიცინაში ჰელატურ ნაერთებს იყენებენ, როგორც სხვადასხვა აუცილებელი ლითონთა იონების შესაყვანად ორგანიზმში, ასევე იქიდან მძიმე ლითონების იონთა გამოსადევნად. ჰელატური ნაერთი მედიცინაში ბიოდანამატად პირველად 1960 წელს გამოიყენეს. დღეს ჰელატო-თერაპია მერკურის, დარიშხანის და ტყვიის გამოსადევნად გამოიყენება ორგანიზმიდან. ჰელატები მეტალის  იონებს ქიმიურად და ბიოქიმიურად ინერტულ ფორმაში გადაყავთ, რომელიც იოლად ტოვებს ორგანიზმს.

-რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებრივად ჩამორჩენილი?-უკვე მერამდენედ კითხულობს სათამაშოების ფაბრიკის დირექტორი. და იქვე, ისე, რომ პასუხსაც არ ელოდება, აგრძელებს:

-იმიტომ, ბატონო ჩემო, რომ არ ჰქონდა სათამაშო!

მართალია, სათამაშო გონებრივად ავითარებს, ინტელექტუალური სათამაშოები ხომ, მით უმეტეს…მაგრამ, დღეს შეიძლება სულ პირიქით შეტრიალდეს საქმე და ბავშვის გონებრივი ჩამორჩენილობა სწორედ საშიშმა სათამაშომ გამოიწვიოს.

ამიტომ, მაღაზიაში შესულებმა, ფასის შემდეგ სათამაშოს შედგენილობასაც გადავავლოთ თვალი. თუ ეკოლოგიურად სუფთაა, მაშინ შესაბამისი მწვანედ მონიშნული უნდა იყოს. თუ არადა,  მერწმუნეთ, მწარმოებელს იქ ყველაფერი უწერია, ავალდებულებენ. ოღონდ… წვრილი და შენიღბული ტექსტით.

გათვლა ასეთია:

ა) მშობელს წვრილი ტექსტის წაკითხვა დაეზარება;

ბ) მშობელს წვრილი ტექსტის წაკითხვა არ დაეზარება, მაგრამ ვერაფერსაც ვერ გაიგებს, ხელს ჩაიქნევს და იყიდის.

ჰოდა, მოდით გავაწბილოთ საშიში სათამაშოს მწარმოებელი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი