შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

წარმატებული სასწავლო პროცესის ლაბირინთები

მცირე ხნის წინ ერთ-ერთ საგანმანათლებლო საიტზე წავაწყდი საინტერესო სტატიას ამერიკული სასკოლო განათლების სისტემის სწავლა-სწავლების ასპექტების შესახებ. წარმოებული კვლევების საფუძველზე სტატიის შემაჯამებელი დასკვნის მიხედვით, ამერიკულ სასკოლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მრავალი პრინციპი საკამათოა და გადაფასებას მოითხოვს. საკითხის პრობლემურობა კი ის არის, რომ მასწავლებლების უმეტესობა ექსპერტთა შეხედულებებს ეთანხმება, მაგრამ სასკოლო ცხოვრებაში მათი სათანადოდ გათვალისწინება მაინც არ ხდება და პედაგოგები ძველებურად განაგრძობენ საქმიანობას. სტატიაში მოყვანილი ზოგიერთი მოსაზრება სპეციფიკურია და საქართველოს სასკოლო ცხოვრებასთან ცოტა რამ აქვს საერთო, მაგრამ რამდენიმე დებულება ჩვენთვისაც საგულისხმო მეჩვენა (სწავლა-სწავლების პროცესის პრობლემატიკა ხომ მთელ მსოფლიოში ძირითადად საერთოა). წარმოგიდგენთ მათ როგორც ჩვენეული, ასევე უცხოელი ექსპერტების არგუმენტაციით.
უდიდესი ნაწილი ათვისებული მასალისა მოსწავლეს მალე ავიწყდება
ამ მოსაზრების მართებულობაში მასწავლებლების უმეტესობა, თავიანთი სასკოლო გამოცდილებიდან გამომდინარე, ალბათ, ეჭვს არ შეიტანს. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ყველას გვქონია შემთხვევა, როცა მეხსიერებიდან ისეთი ფაქტიც კი ამოგვვარდნია, რომლის გახსენება ძალიანაც გვნდომებია. არადა, თუ დავფიქრდებით, სასკოლო განათლების მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ ძველი ტენდენციის გაგრძელებაა – მოსწავლეთა ხანმოკლე მეხსიერებაში ფაქტების მოთავსების მცდელობა. რაც უფრო დაკვირვებით განვიხილავთ სწავლების ამ მოდელს, მით უფრო ცხადად დავინახავთ პრობლემურ მომენტებს. პირველი – სწავლებისადმი ასეთი მიდგომა ფაქტების მექანიკურ დამახსოვრებაზეა ორიენტირებული და არა მოვლენათა არსის წვდომაზე. მეორე – მოსწავლეები ინფორმაციის პასიურ მშთანთქმელებად არიან ქცეულნი. ისინი უსმენენ მასწავლებელს, კითხულობენ სახელმძღვანელოებს, უბრალოდ იმეორებენ შესასწავლ მასალას მაშინ, როცა საჭიროა ამ ინფორმაციის ანალიზი და შეფასება. მესამე – თუ ცოდნა ავითვისეთ მხოლოდ გამოცდის ჩაბარების ან მაღალი ქულების მიღების სურვილით, მას ძნელად შევინარჩუნებთ. სამაგიეროდ გაცილებით უკეთ რჩება მეხსიერებაში ის, რასაც რაიმე პროექტზე მუშაობისას ან პერსონალურად მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრისას ვსწავლობთ. სადავო არ არის, რომ თავისთავად ინფორმაცია აუცილებელია და სასარგებლო, მაგრამ ზოგჯერ მოსწავლეებს საჭიროზე მეტ ინფორმაციას ვაწვდით. ჩვენი მასწავლებლებიც უჩივიან სასკოლო სახელმძღვანელოების ინფორმაციულ გადატვირთულობას. ექსპერტები კითხულობენ: „მაშ, რატომ ვაიძულებთ ბავშვებს უამრავი რამის წაკითხვას, თუ წინასწარ გვეცოდინება, რომ ინფორმაციის უდიდეს ნაწილს მაინც ვერ დაიმახსოვრებენ?” თუ ზემოთ განხილულ მოსაზრებას ვეთანხმებით, ალბათ საინტერესოა, ჩვენ როგორ ვუპასუხებდით ამ შეკითხვას.
ბევრის ცოდნა გამჭრიახობას არ ნიშნავს

მოსწავლეებისთვის დიდი რაოდენობით ინფორმაციის მიწოდება ექსპერტთა ამ ჯგუფს უპერსპექტივო საქმედ იმის გამოც მიაჩნია, რომ იმ მოსწავლეებსაც კი, რომლებიც იხსენებენ წაკითხულს, უმეტესად არ ესმით ამ ცოდნის რეალური მნიშვნელობა, არ ძალუძთ მიღებული ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება, შემოქმედებითად და დამაჯერებლად გამოყენება რეალურ ცხოვრებაში. კოგნიტური განვითარების თეორიის ერთ-ერთი მიმდევარი ლაურენ რესნიკი (Lauren Resnick) გამოთქვამს მოსაზრებას: „ფაქტების ცოდნა თავისთავად არ მატებს მოსწავლეს გამჭრიახობას. უფრო მეტიც – თუ ორიენტირება ფაქტების დამახსოვრებაზე მოხდა, ეს ხელს შეუშლის მოსწავლის შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას”. იგი შეშფოთებას გამოთქვამს იმ ტენდენციის გამო, რომ კურიკულუმებში სააზროვნო უნარების წილი მცირდება და, ნაცვლად ამისა, იზრდება „ინფორმაციულობა”. სკოლა მოსწავლეს ჯერ კიდევ ცარიელ ჭურჭლად მიიჩნევს, რომელიც ინფორმაციით უნდა აივსოს და „ზემდგომი ორგანოებიც” იმის მიხედვით აფასებენ სკოლებს, რამდენად ბევრს ჩაასხამენ ისინი ამ ,,ჭურჭელში”.

მოსწავლეებს ნაკლებად აინტერესებთ ის, რასაც იძულებით აკეთებინებენ და დიდ ენთუზიაზმს იჩენენ, როცა ინიციატივას ანდობენ ან აზრის გამოთქმის საშუალებას აძლევენ მათ.

მასწავლებლების აბსოლუტური უმრავლესობა ამ მოსაზრებასაც ეთანხმება. ადვილი შესამჩნევია, როგორ იზრდება მოსწავლის ბუნებრივი დაინტერესების შემთხვევაში საბოლოო შედეგი. ადამიანს, საზოგადოდ, იტაცებს საკითხები, რომლებიც ცნობისმოყვარეობას უღვიძებს მას და ინტერესის საგანთან აკავშირებს. შედეგად ადამიანს უჩნდება მიზანი და ცდილობს, რაც შეიძლება უკეთ შეასრულოს დავალება. ამრიგად, მოსწავლეები ნაკლებ სარგებლობას იღებენ იმ საქმიანობისგან, რომელიც არ მოსწონთ. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ადამიანი არ არის მექანიკური დანადგარი, რომელიც input (ლექციების მოსმენა, ტექსტების კითხვა, სავარჯიშოების გაკეთება)-output-ის (გამოცდების ჩაბარება, გაკვეთილების მოყოლა) რეჟიმში იმუშავებს.

ამრიგად, თუ მოსწავლეს აკადემიური ამოცანა სატანჯველად ექცა ან ძალზე მოსაწყენად მიიჩნია, უფრო ნაკლებად მოინდომებს მისი არსის წვდომას ან ამ დავალებიდან რაიმეს დამახსოვრებას. თუ მას ასეთი ნეგატიური განწყობა ჩამოუყალიბდა საზოგადოდ აკადემიური სავარჯიშოების მიმართ, ადვილი წარმოსადგენია მისი მდგომარეობა სკოლიდან დაბრუნებისას. ალბათ ლოგიკურიც იქნება, თუ ის ხალისით არ შეუდგება მეცადინეობას. გასაკვირი არ არის ბოლოდროინდელი კვლევების შედეგები, რომლებიც მოწმობს, რომ დიდი მოცულობის საშინაო დავალებას ძალზე მცირე სარგებლობა მოაქვს, განსაკუთრებით – სწავლების დაწყებით და საშუალო საფეხურებზე (ზოგიერთი კვლევის მიხედვით კი საშინაო დავალების შესრულება სრულიად უსარგებლო საქმიანობად არის მიჩნეული). ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოდი, ექსპერტების მიერ დასმულ კიდევ რამდენიმე შეკითხვაზე დავფიქრდეთ: ყოველთვის ვახერხებთ მოსწავლეთა დაინტერესებას? ყოველთვის ვამჩნევთ და ვახალისებთ მათ ენთუზიაზმს? რამდენად ხშირად მივმართავთ იძულებას?
მნიშვნელოვანია, ბავშვები განვითარდნენ არა მხოლოდ აკადემიური, არამედ მრავალი მიმართულებით

მოსაზრება, რომ სწავლებამ ბავშვი მთლიანად უნდა მოიცვას, არ არის ახალი – განათლების სფეროს ყველა მუშაკი, ყველა მშობელი გეტყვით, რომ ინტელექტუალურ ზრდასთან ერთად ბავშვი უნდა განვითარდეს ფიზიკურად, ემოციურად, სოციალურად, მორალურად. მიუხედავად ამისა, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ სკოლას ახალ პირობებში მოსწავლის განვითარების სხვა, განსხვავებულ მიმართულებებშიც შეუძლია მთავარი როლის შესრულება.

თუ ვაცნობიერებთ, რომ აკადემიური ცოდნა მხოლოდ ერთი მიმართულებაა განათლების მიღების გზაზე, მაშინ რატომ ვსაუბრობთ ასე ცოტას ჩვენს სკოლებში არააკადემიური სფეროების განვითარებაზე? რატომ არის მათკენ ასე ცოტა რესურსი მიმართული? ან რატომ ვანიჭებთ უპირატესობას მოსწავლეებისთვის საშინაო დავალების მიცემის დროს უფრო მეტად აკადემიური ტიპის დავალებებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს დრო მოსწავლეთა სხვა, არააკადემიური უნარების განვითარებას მოაკლდება?

„მოსწავლეები უკეთესად სწავლობენ, როცა თავს ბედნიერად გრძნობენ”, – ამბობს განათლების ექსპერტი ნელ ნოდინგზი (Nel Noddings). მაგრამ ეს არ გულისხმობს, რომ ბედნიერებას მათ მხოლოდ აკადემიური წარმატება უნდა ანიჭებდეთ.

განათლების ექსპერტები კიდევ რამდენიმე საკითხის შესახებ გამოთქვამენ კრიტიკულ აზრს. ჩვენ მოკლედ შევეხებით ორ მათგანს. პირველი ეხება აკადემიური უნარების განვითარებაზე ორიენტირებას, ნაცვლად აღმოჩენებისა, შემოქმედებითობისა და სოციალური ინტერაქციის უნარებისა, საბავშვო ბაღის დამამთავრებელ საფეხურზე და პირველ კლასში. ამ საკითხის კვლევისას განათლების ექსპერტი დემორა მეიერი (Deborah Meier), რომელსაც აქვს საბავშვო ბაღიდან მაღალ კლასებამდე მუშაობის გამოცდილება, ამბობს: „რაღაცის ნაადრევი სწავლას ყოველთვის დადებითი შედეგი არ მოაქვს. პირიქით, რაც უფრო ადრე დავიწყებთ ე.წ. „აკადემიური” უნარების დანერგვას, მით უფრო დიდი იქნება ზიანი”. როგორ არ გაგვახსენდეს აქ ჩვენი ხუთი წლის პირველკლასელები თავიანთი საკმაოდ რთული სასწავლო პროგრამებით, რომელთა ავკარგიანობაზე ჩვენი სპეციალისტებიც ბევრს კამათობენ.

დაბოლოს, სასკოლო რეფორმის კვალდაკვალ თავჩენილი პრობლემების განხილვისას ექსპერტები გამოთქვამენ ძალზე საყურადღებო მოსაზრებას: სასწავლო პროცესი მანამდე ვერ ჩაითვლება წარმატებულად, ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ იგი ხელს უწყობს აზროვნების უნარის განვითარებას და მხოლოდ ტესტებში მაღალი ქულების მიღებაზე არ არის ორიენტირებული.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი