ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სურათებიანი წიგნების მნიშვნელობა ადრეული ასაკის ბავშვებისთვის

სურათებიანი წიგნები ბავშვებისთვის პირველი შეხებაა ლიტერატურასთან, ბეჭდურ სამყაროსთან და ზოგადად წიგნიერებასთან. შესაბამისად, მათ დიდი მნიშვნელობა აქვთ ბავშვის ჰოლისტური განვითარებისთვის. ასაკობრივად შესაბამისი  წიგნები ხელს უწყობს ბავშვის მეტყველებისა და კომუნიკაციის, სენსორულ, სოციალურ-ემოციურ და შემეცნებით განვითარებას, წიგნიერების საწყისი უნარებისა და წიგნის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელი დაწესებულებებისთვის შევარჩიოთ ხარისხიანი და ასაკობრივად შესაბამისი წიგნები.

ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ, საქართველოში, სამწუხაროდ, სკოლამდელი ასაკის ბავშვების დიდ ნაწილს ხელი არ მიუწვდება საბავშვო წიგნებზე არც სახლში და არც საბავშვო ბაღში. 2017 წელს ჩატარებული მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის მიხედვით 3-5 წლის ბავშვების 41%-ს სახლში 3 წიგნიც არ აქვს. სამწუხაროდ უღარიბესი ბავშვებისა და სოფელში მცხოვრები ბავშვების ოჯახებში კიდევ უფრო ნაკლებად აქვთ საბავშვო წიგნები. უღარიბესი ბავშვების მხოლოდ 36% აქვს რამდენიმე საბავშვო წიგნი სახლში. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სკოლამდელ დაწესებულებებში არსებული გარემო და რესურსები, რომელსაც შეუძლია სახლში წიგნიერი გარემოს დანაკლისის დაბალანსება. თუმცა, როგორც სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევამ (2017) აჩვენა, საბავშვო ბაღებშიც უკიდურესად მცირეა საბავშვო წიგნების რაოდენობა, რადგან დაწესებულებები მინიმალურ თანხებს ხარჯავენ საბავშვო წიგნებზე. მუნიციპალიტეტების 62% საშუალოდ ერთ ბავშვზე წლის განმავლობაში 10 ლარზე ნაკლებს ხარჯავს საგანმანათლებლო რესურსებისთვის (სათამაშოები, სახატავი და სხვა სამუშაო მასალა, წიგნები), წიგნებისთვის კი ხშირ შემთხვევაში თანხა საერთოდ არ არის გამოყოფილი. მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო ბაღის აღმზრდელები, პედაგოგები და დირექტორები აცნობიერებდნენ საბავშვო სურათებიანი წიგნების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ბავშვის განვითარებაში, შეეძლოთ ხარისხიანი და ასაკობრივად შესაბამისი წიგნების შერჩევა და მოითხოვონ ან უზრუნველყონ წიგნებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მოპოვება საბავშვო ბაღების ან ადგილობრივი ბიბლიოთეკებისთვის, საიდანაც ბაღები წიგნებით სარგებლობას შეძლებენ.

 

რა არის სურათებიანი წიგნი?

 

სურათებიანი წიგნები ბავშვებისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის ჩვენი „დიდური“, „სერიოზული“ ლიტერატურა – მოგონილი ამბები, ისტორიები და ვიზუალები. ადრეულ ასაკში, ანუ დაბადებიდან 8 წლამდე „სერიოზული ლიტერატურა“ სწორედ სურათებიანი წიგნია. მარტივად რომ ვთქვათ, სურათებიანი წიგნი აერთიანებს სურათსა და ტექსტს. ადრეული ასაკის ბავშვების განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით სურათებიან წიგნებში უმნიშვნელოვანესი ადგილი ილუსტრაციას უჭირავს, ხოლო ტექსტი შედარებით მცირეა. რაც უფრო პატარებისთვისაა გამიზნული წიგნი, მით მეტი წონა აქვს ილუსტრაციას, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად ეტაპობრივად მეტ დატვირთვას იძენს ტექსტი. სურათებიანი წიგნების უმრავლესობა გამიზნულია ადრეული ასაკის ბავშვებისთვის, რომლებმაც ჯერ კითხვა არ იციან (უფროსები უკითხავენ) ან ახალი დაწყებული აქვთ კითხვა. სურათებიანი წიგნები ასაკის მიხედვით სამ ძირითად კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ: ჩვილებისთვის, 1-2 წლის ბავშვებისთვის და 3-დან 8 წლამდე ბავშვებისთვის.

წიგნები 1 წლამდე ბავშვებისთვის

წიგნები არასოდეს არის ადრე. ჩვილებს 3-4 თვიდან შეგვიძლია შევთავაზოთ ე.წ. ტაქტილური ან სენსორული წიგნები. ტაქტილური წიგნები ნაჭრისგან ან მუყაოსგან მზადდება და მასში ჩაკერებულია (ან ჩაწებებულია) სხვადასხვა ტიპის მასალის (ჭრაჭუნა, ხრაშუნა, მოუხეშავი, პრიალა, ფაფუკი, რბილი და ა.შ.) მკვეთრი ფერისა და ფორმების სურათები. ეს წიგნები მნიშვნელოვანია 1 წლამდე ბავშვების სენსორული განვითარებისთვის: ჩვილები ეხებიან, პირით მოსინჯავენ, უსმენენ უფროსებს ნახატების აღწერისას და ჩვენებისას,  იწყებენ გამოსახულებების აღქმას, უვითარდებათ თვალისა და ხელის კოორდინაცია და ეცნობიან წიგნთან მოქცევის ელემენტარულ წესებს (დაჭერა, გადაფურცვლა, დახურვა, შენახვა). თუმცა, როგორც რვა თვის ბიჭუნას დედას, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ასაკში ბავშვებს წიგნების გემო ყველაზე მეტ სიამოვნებას ანიჭებთ!

1-დან 3 წლამდე ბავშვები

1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გამიზნულ წიგნებში უკვე ჩნდება მარტივი ტექსტიც. სწორედ ამ პერიოდში იწყებენ ბავშვები მეტყველებას, იწყება წიგნიერების საწყისი უნარების ჩამოყალიბება, ბეჭდური ტექსტისა და მეტყველების დაკავშირება, ვიზუალური წიგნიერების განვითარება, წიგნთან ურთიერთობის ფორმების შესწავლა. უფროსების მიერ ბავშვებისთვის წიგნის კითხვა სასიამოვნო, ემოციებით და შთაბეჭდილებებით სავსე პროცესია, რომელიც ხელს უწყობს ბავშვსა და აღმზრდელს შორის დადებითი მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას. ადრეულ ასაკში ბავშვებს უყვართ ერთსა და იმავე წიგნის ბევრჯერ წაკითხვა, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს აღმოაჩინონ წიგნის მიერ შემოთავაზებული სამყაროს ახალ-ახალ დეტალები.

ამ ასაკის ბავშვებისთვის გამიზნულ წიგნებში უმთავრესი კვლავ ილუსტრაციაა, თუმცა გვხვდება მარტივი ტექსტი, როგორიცაა სურათზე მოცემული საგნების, ცხოველების, ფერების, მოქმედების და სხვათა სახელდებები, მოკლე და მარტივი წინადადებები. ტექსტი ხშირად გარითმული და მუსიკალურია. ამ ასაკის ბავშვების ნატიფი მოტორიკის განვითარების გათვალისწინებით წიგნები, როგორც წესი, სქელი მუყაოსგან მზადდება, რათა ბავშვებს გაუმარტივდეთ წიგნის დამოუკიდებლად დათვალიერება ფურცლების დაზიანების (დახევის) გარეშე. 3 წლამდე ბავშვების წიგნებში ილუსტრაციები ინარჩუნებს ფერებისა და ფორმების სიმკვეთრესა და კონტრასტულობას. რაც შეეხება ტექსტს, ჩნდება სხვადასხვა ჟანრი: მარტივი საბავშვო ლექსები ან რითმები, ცნებები და კატეგორიები (მაგ. წიგნი ფერებისა და შინაური ცხოველების შესახებ), სიტყვებით თამაში (მაგ., გამეორებული ფრაზები ან სიტყვები, რომლებიც ბავშვს მოლოდინს უქმნის ან ამზადებს შემდეგი გვერდისთვის), მარტივი სიუჟეტის მქონე ამბავი და სხვა. შესაბამისად, ეს წიგნები ბავშვებს წარმოსახვით, ზოგჯერ პოეტურ სამყაროში უძღვება, სადაც ისინი ახალ ცოდნასაც იძენენ.

3-დან 8 წლამდე ბავშვები

3-დან 8 წლამდე ბავშვებისთვის შექმნილ სურათებიან წიგნშიც ილუსტრაცია მეტად მნიშვნელოვანია, თუმცა შედარებით გაზრდილია ტექსტის წილიც: თუკი უმცროსებისთვის თითო გვერდზე ერთი-ორი სიტყვა ან მოკლე წინადადება გვხვდება, ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილ წიგნებში ერთ გვერდზე შესაძლოა მცირე ზომის აბზაციც იყოს. ამ ასაკობრივ ჯგუფში შესაძლოა შეგვხვდეს წიგნები, რომლებიც ტექსტისა და ლექსიკის სირთულით უფრო დაბალ (3-5 წლის) ან უფრო მაღალი (6-7 წლის) ასაკის ბავშვებისთვის არის გამიზნული. თუმცა, ბავშვების ინტერსებისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე შესაძლებელია წიგნების გამოყენება სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან: გამარტივება უმცროსებისთვის, უფროსების შემთხვევაში კი- განსხვავებული პერსპექტივიდან ტექსტისა და ილუსტრაციების დანახვაში დახმარება და სხვა.

სურათებიან წიგნში ილუსტრაცია და ტექსტი ერთ მთლიანობას ქმნიან. წიგნი ერთიანი პროდუქტია, რომელიც ბავშვებს მხატვრული ტექსტისა და ვიზუალის ჰარმონიური შეთავსებით ახალ სამყაროს აცნობს. სურათებიან წიგნში ტექსტი არ არის უბრალოდ ილუსტრაციის აღწერა, და არც ილუსტრაცია გადმოსცემს მხოლოდ იმას რაც ტექსტშია. ისინი ერთმანეთს ავსებენ. მეტიც, კარგი ხარისხის სურათებიან წიგნებში ილუსტრაციები თავადაც ყვებიან ისტორიას, ისე რომ საშუალებას აძლევს ბავშვს სურათების „წაკითხვითა“ და ინტერპრეტაციით ისიამოვნოს. ამდენად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სურათებიანი წიგნების ესთეტიკურ მხარესაც, წიგნის დიზაინს, ტექსტისა და ილუსტრაციის ვიზუალურ ურთიერთმიმართებას (როგორ არის განლაგებული ტექსტი ილუსტრაციასთან მიმართებით).

უფრო ადრეული ასაკის ბავშვების წიგნებთან შედარებით, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სურათებიანი წიგნების ილუსტრაციები უფრო დეტალიზებულია, ფერებითა და ფორმებით შედარებით ნაკლებად კონტრასტული. კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება ტექსტი: ჩნდებიან გმირები, ვითარდება სიუჟეტი, გამოყენებულია იუმორი (ტექსტში ან ილუსტრაციაში, ან ორივეგან) და სხვა.

სურათებიანი წიგნებს სკოლამდელი ასაკის ბავშვები ახალ, წარმოსახვით, მხატვრულ სამყაროში შეჰყავს. წიგნების ეს როლი თავისთავად მნიშვნელოვანი და ღირებულია ადამიანებისთვის და შესაბამისად ბავშვებისთვის (ჩვენი გონებით ხომ ძირითადად წარსულისა და მომავლის წარმოსახვით სამყაროში ვცხოვრობთ: რა მოხდა? რა იქნებოდა ეს რომ არ მომხდარიყო? რა მოხდება?). ამავდროულად სურათებიანი წიგნები მნიშვნელოვანია წიგნიერების- წერისა და კითხვის- საწყისი უნარების, მეტყველების, სოციალური-ემოციური  განვითარებისთვის, ფონემური ცნობიერების განვითარებისთვის, ბეჭდური ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის, ახალი ცოდნის შეძენისთვის, წიგნის მიმართ დადებითი ემოციური დამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის, რაც შემდგომში სწავლისთვის და სკოლაში წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი სურათებიანი წიგნები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის?

დღეს საქართველოში სურათებიანი წიგნები საბავშვო ენციკლოპედიური ტიპის წიგნებთან შედარებით ნაკლებად პოპულარულია. სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარებას კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სწორედ სურათებიანი წიგნები შეესაბამება ყველაზე მეტად (თუმცა ასაკობრივად შესაბამისი ენციკლოპედიებიც, რა თქმა უნდა, აინტერესებთ ბავშვებს). ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა და გამოიცა ქართველი ავტორების სურათებიანი წიგნები, ასევე ითარგმნა სხვადასხვა ქვეყანაში პოპულარული სურათებიანი წიგნები. თუმცა, ბუნებრივია, ყველა მათგანი თანაბრად ხარისხიანი არ არის. მართალია, ჯერ-ჯერობით წიგნების მაღაზიებში სურათებიანი წიგნების სასურველი ფართო არჩევანი არ არის, მაგრამ წიგნების ბავშვებისთვის შერჩევისას მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:

  • ის, რაც ბავშვებს აინტერესებთ: თქვენ კარგად იცნობთ ბავშვებს, რომლებიც თქვენს ჯგუფში არიან. წიგნების შერჩევისას დაფიქრდით, დააინტერესებთ თუ არა წიგნის შინაარსი? ილუსტრაციები? ან შეძლებთ თუ არა თქვენ ისე მიაწოდოთ, რომ მათში ინტერესი გააღვივოთ ამ წიგნის მიმართ? ბავშვებს აინტერესებთ ამბები ბავშვების შესახებ, ან ცხოველებისა და დიდების შესახებ, რომლებიც რაღაცით ბავშვებს გვანან. შეარჩიეთ ისეთი წიგნები, რომელშიც გადმოცემული ამბები ახლოსაა ბავშვების გამოცდილებასთან, პრობლემებთან, სურვილებთან. სკოლამდელი ასაკის ბავშვებს არ ესმით და არ აინტერესებთ წიგნები აბსტრაქტულ საკითხებსა და ცნებებზე (მაგალითად, სამშობლოსთვის თავგანწირვაზე ან კულტურული ძეგლების ღირსშესანიშნაობაზე); მათ აინტერესებთ, როგორ შეიძლება დაუმეგობრდეს პატარა გოგონა მეზობლებს, რომლებიც მას არ ეთამაშებიან, საიდან ჩნდებიან წიწილები და რატომ ეცვლებათ ყვითელი ღუნღულა ბუმბული როცა იზრდებიან, რა ხდება სიბნელეში როცა გვძინავს და რატომ არ უნდა შეგვეშინდეს? და სხვა.
  • ასაკობრივად შესაბამისი ტექსტი: სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის შექმნილ წიგნში ლექსიკა, წინადადებების სირთულე და სიგრძე უნდა იყოს ასაკობრივად შესაბამისი. ზედმეტად რთული ან ზედმეტად მარტივი ტექსტის შემთხვევაში, ბავშვებმა შესაძლოა ინტერესი წიგნის მიმართ მალევე დაკარგონ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ წიგნი, სადაც ბავშვებისთვის უცხო, ახალი სიტყვებია, აუცილებლად გვერდზე უნდა გადავდოთ. პირიქით ლექსიკისა და ზოგადად მეტყველების განვითარებისთვის კარგია, როდესაც სურათებიან წიგნში გვხვდება უცხო სიტყვები, რომლებიც კონტექსტიდან გამომდინარე გასაგებია (ილუსტრაციით, ტექსტით) ან მცირე განმარტებას საჭიროებს უფროსის მხრიდან. სურათებიან წიგნში მოცემული ამბავი არ უნდა იყოს ზედმეტად კომპლექსური და ერთ მთავარ ამბავს უნდა ყვებოდეს. ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ ტექსტისა და ამბის ასაკობრივად შესაბამისობა არ ნიშნავს ზედაპირულ სწორხაზოვნებასა და სიმარტივეს. ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე შეუძლიათ გაიგონ, რომ კეთილი გმირი, სულ კეთილი, სათნო და მოწესრიგებული როდია. მას თავისი სისუსტეები აქვს, რომლებიც რაღაც მიზნის მიღწევაში ხელს უშლის. ბოროტ გმირებს კი თავისი სიქველეები აქვთ, რომელიც არ უნდა დავუკარგოთ.
  • მრავალფეროვანი: მნიშვნელოვანია, ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე შეექმნათ წარმოდგენა ტექსტის და ბეჭდური მასალის ვიზუალური მრავალფეროვნების შესახებ, გაეცნონ სხვადსხვა ჟანრის ტექსტებს, ისიამოვნონ სხვადასხვა სტილის ილუსტრაციებით, ტიპოგრაფიითა და წიგნის დიზაინით. ამიტომ, შეარჩიეთ მრავალფეროვანი სურათებიანი წიგნები: იუმორისტული, პოეტური, სიუჟეტური, რითმული განმეორებადი ტექსტებით, ზღაპრის ტიპის, ცნებების შესახებ, სხვადასხვა ფერთა გამითა და ტონალობებით, ილუსტრაციების მრავალფეროვანი სტილითა და შესრულებული ტექნიკით, სხვადასხვა სტილის, ფორმისა და ზომის ასოებით და ა.შ.
  • სტერეოტიპებისგან თავისუფალი: ბავშვების ირგვლივ არსებული გარემო სამწუხაროდ სავსეა სხვადასხვა ტიპის გაუმართლებელი სტერეოტიპებით, ამიტომ მნიშვნელოვანია, მათ ადრეული ასაკიდანვე ჰქონდეთ ალტერნატიულ შეხედულებებთან და შესაძლებლობებთან შეხება. სამწუხაროდ, წიგნის ბაზარზე მრავლად არის საბავშვო წიგნები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის სტერეოტიპებს აღვივებს, მაგალითად, ქმნის მოლოდინებს, რომ გოგონები აუცილებლად ლამაზები, უმწეონი და პასიურები უნდა იყვნენ, ბიჭები კი- მამაცები, უხეშები და აქტიურები. ამ მხრივ განსაკუთრებით პრობლემატურია სპეციალურად გამოცემული წიგნები, რომელთა სახელდებაცა და შინაარსიც სტერეოტიპებით სავსეა (მაგ. წიგნები პრინცესებზე/პრინცებზე/ გოგონებისთვის/ბიჭებისთვის და ა.შ.). აგრეთვე, შეიძლება შეგვხვდეს სტერეოტიპული დამოკიდებულებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების, სხვადასხვა რასის, კულტურის ან სოციალურ-ეკონომიკური ფენის წარმომადგენელი ადამიანების მიმართ. სურათებიანი წიგნების შერჩევისას, ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია არ ავირჩიოთ მკვეთრად გამოხატული სტერეოტიპებზე აგებული წიგნები (მაგ., წიგნი მხოლოდ პრინცესებისთვის), მაგრამ ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ გაგვიჭირდება სტერეოტიპებისგან სრულიად თავისუფალი წიგნების პოვნა. ამიტომ, წიგნებში მოცემული ასეთი საკითხები ბავშვებთან ერთად მსჯელობის საგნად უნდა იქცეს. იფიქრეთ და იმსჯელეთ ბავშვებთან ერთად წიგნში გადმოცემულ ამა თუ იმ სტერეოტიპულ მახასიათებლებსა თუ სიტუაციებზე: რატომ ტრიალებს პატარა ლილის დედა სულ სამზარეულოში და მამა სულ სამსახურშია? ყველას დედა ასეა? და ა.შ.
  • თემატური: ბავშვებს სკოლამდელ ასაკში მრავალფეროვანი თემატიკა აინტერესებთ. პაწაწინა მწერები თუ გიგანტური ცხოველები, დინოზავრები და ვეშაპები, ცისარტყელები და ჭექა-ქუხილი, სიბნელე და სინათლე, ტყე და ქალაქი, მშობლები და უცხოები, ნაყინის გამყიდველები და მეეზოვეები, ფეხსაცმელები და ქუდები, ჭანჭიკები და რობოტები. მათთვის ყველაფერი ახალი და საინტერესოა! შეარჩიეთ წიგნები, რომლებიც თემატურად ბავშვების ინტერესებსა და საბავშვო ბაღში მიმდინარე პროგრამას შეესაბამება. აგრეთვე, სურათებიანი წიგნები საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა ისეთ თემატიკაზე განყენებულად მსჯელობისთვის, რომლებიც ბავშვების პრობლემებს, მათ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, სტრესსა (მაგ. მშობლების განქორწინება) და ზოგ შემთხვევაში ტრაგედიებს (მაგ. საყვარელი შინაური ცხოველის ან ახლობელი ადამიანის გარდაცვალება) ეხმიანება და ეხმარება ბავშვებს მათთან გამკლავებაში.
  • ლამაზი: დღეს წიგნების მაღაზიებში მრავლად არის უგემოვნოდ დასურათებული სურათებიანი წიგნები, ჭყეტელა და „შხამიანი“
    შეუხამებელი ფერებით, ერთმანეთის მსგავსი „ბრტყელი“ გმირებით, რომლებიც ხშირად კომპიუტერული პროგრამების მარტივი შაბლონებით იხატება, დარღვეული კომპოზიციითა და დაუხვეწავი დიზაინით. ეს წიგნები ხელს უშლის ბავშვების მხატვრული გემოვნების ჩამოყალიბებას. ვინაიდან ვიზუალურ მხარეს სურათებიან წიგნში წამყვანი ადგილი უჭირავს, მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ თვალისთვის სასიამოვნო ფერებითა და ილუსტრაციებით დასურათებული წიგნები.
  • ადვილად გამოსაყენებელი და გამძლე: სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან, განსაკუთრებით საბავშვო ბაღში, სასურველია დიდი ფორმატის სურათებიანი წიგნების გამოყენება. დიდი ზომის წიგნების ჯგუფურად წაკითხვა და დათვალიერება უფრო ადვილია, რადგან აღმზრდელისგან ოდნავ მოშორებით მჯდომ ბავშვსაც შეუძლია ილუსტრაციებს დააკვირდეს. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ წიგნებს, სასურველია, ჰქონდეს სქელი ყდა, რადგან წიგნი ნაკლებად ცვდება და ბავშვებიც უფრო ადვილად ათვალიერებენ მას დამოუკიდებლად. თუმცა, სქელყდიანი წიგნები უფრო ძვირიც ღირს და წიგნის შერჩევისას ხანდახან შესაძლოა პრიორიტეტი მივანიჭოთ ზემოაღნიშნული სხვა საკითხების გათვალისწინებას.

 

მოსიარულე წიგნები“

როგორც კვლევამ აჩვენა საქართველოში ბავშვების დიდ ნაწილს ოჯახში არ აქვს საბავშვო წიგნები. საბავშვო წიგნების ნაკლებობა შესაძლოა განპირობებული იყოს, როგორც მწირი ეკონომიკური შესაძლებლობებით, ასევე შესაძლებელია ოჯახის წევრებს არ ჰქონდეთ ინფორმაცია ან ვერ აცნობიერებდნენ ადრეული ასაკის ბავშვებისთვის ასაკობრივად შესაბამისი სურათებიანი წიგნების მნიშვნელობას. ყველა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში ან ძილის წინ მშობლებთან ერთად წიგნის კითხვის სასიამოვნო პროცესთან ზიარება. ამისათვის, საბავშვო ბაღს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთოს: პირველ რიგში, შეიძინეთ საბავშვო ბაღისთვის მრავალფეროვანი სურათებიანი წიგნები. დაამკვიდრეთ საბავშვო ბაღიდან ბავშვებისთვის წიგნის შინ გატანების პრაქტიკა. თითოეულ ბავშვს რამდენიმე დღით გაატანეთ წიგნი შინ, რათა ოჯახის წევრებმა შეძლონ ბავშვთან ერთად წიგნის წაკითხვა, დათვალიერება, მასზე მსჯელობა. რამდენიმე დღის შემდეგ ბავშვი აბრუნებს წიგნს და მიაქვს ახალი. წინასწარ მოამზადეთ მშობლები: ესაუბრეთ მათ ამ ახალ ინიციატივაზე, სთხოვეთ, მოუფრთხილდნენ წიგნებს, რათა სხვა ბავშვებმაც ისარგებლონ მომავალშიც ამ წიგნებით, ესაუბრეთ მათ მათი შვილებისთვის წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე, წიგნის წაკითხვის სტრატეგიებზე. დაეხმარეთ მათთვის საინტერესო წიგნების შერჩევაში.  უპასუხეთ მათ კითხვებს და თუ მზა პასუხები არ გექნებათ, ნუ მოგერიდებათ, რომ პასუხის გარკვევა სხვაგან სცადოთ და მოგვიანებით დაუბრუნდეთ მათ.

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

Paul, A.W. (2009). Writing Picture Books. Cincinnati: Writer’s Digest Books.

გაეროს ბავშვთა ფონდი. (2018) მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა 2017. https://unicef.ge/uploads/WMS_brochure_unicef_geo_web.pdf

გაეროს ბავშვთა ფონდი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (2018). საქართველოში სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევა. https://unicef.ge/uploads/Pre-school_quality_study-ge.pdf


Matulka, D.I. (2008). A Picture Book Primer. Understanding and Using Picture Books. Wesport: Greenwood Publishing Group.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი