ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სკოლაში დაბრუნების ღელვის დაძლევა მშობლებისა და შვილებისათვის

ამ მარტივი რჩევების გამოყენება თავიდან აგარიდებთ დრამას, დაძაბულობასა და დაპირისპირებას 
ბევრი მშობლისა და ზოგიერთი მოსწავლისათვის სკოლაში დაბრუნება შესაძლოა წლის ყველაზე საოცარი დროა. ვისაც დილით ადრე ადგომა, სასკოლო სადილის ჭამა და მონოტონური საშინაო დავალებების კეთება უყვარს, მოუთმენლად ელის სასწავლო წელს, რადგანაც ენატრებათ ახლიდან დაწყება, წინასწარ ტკბებიან ახლის შესწავლის შესაძლებლობით და მოელიან ძველ მეგობრებთან შეხვედრას თუ ახალი მეგობრების შეძენას. მაგრამ ყველას არ უყვარს სკოლა და მათთვის სასწავლო წლის დაწყება შეიძლება განსაკუთრებული სტრესის წყარო იყოს, რაც თავის მხრივ შეიძლება იწვევდეს ღელვას, ფრუსტრაციას და შიშსაც კი.
პირველი ნაბიჯი აკადემიური დაძაბულობისაგან და მოწყენილობის, აპათიის, ბრაზისა თუ გაღიზიანების გარდაუვალი ემოციებისაგან თავის დასაღწევად არის იმის გაცნობიერება, თუ რა იწვევს ღელვას პირველ რიგში. სამწუხაროდ, ადამიანები ცუდად ახერხებენ თავიანთი ჭეშმარიტი მოტივების იდენტიფიცირებას და იმის ახსნას, თუ რატომ ურჩევნიათ მოერიდონ კონკრეტულ გარემოს. თუკი თქვენი შვილებისაგან გესმით, რომ “სკოლა სისულელეა”, “ჩვენ იქ არასოდეს არაფერს ვსწავლობთ” ან “მასწავლებლებს არ მოვწონვარ”, შესაძლოა ეს შენიშვნები თვალის ახვევა იყოს იმისგან ფსიქოლოგიური იზოლირებისთვის, რასაც მოსწავლე ელოდება სკოლის დაწყების შემდეგ. მშობლებს შეუძლიათ სულ ცოტა ხუთი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა პოტენციურად ნეგატიური სასკოლო გამოცდილების (და შვილებთან 9-თვიანი “ბრძოლის”) თავიდან ასაცილებლად.
შექმენით (შეიმუშავეთ) ზაფხულის დასასრულის განრიგი

ზაფხულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სიმშვიდეა. მაღვიძარა გამორთულია, მშობლები შვებულებაზე ოცნებობენ, დედლაინებზე ფიქრი შორეული მოგონებაა. აგვისტოს ცხელი დღეები  მინიმალურად უწყობს ხელს რელაქსაციას – გონების მდგომარეობას, რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმისაგან, რაც წარმატებისათვის არის საჭირო სასკოლო წლის განმავლობაში. მაგრამ წარმატების ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტთაგანი როგორც ბავშვებისათვის ასევე ზრდასრულთათვის არის სტრუქტურა და რუტინა. კვლევები გვიჩვენებს, რომ მოსწავლეებს, ვინც წინასწარ ემზადება სასკოლო გამოწვევებისათვის, უფრო პოზიტიური ემოციები აქვთ სკოლასთან დაკავშირებით და აკადემიურადაც უკეთესი მოსწრება აქვთ. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ რაღაც განრიგი თავისუფალი დროის აქტივობების კონკრეტულ დროს განსახორციელებლად, მისცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, დღიურში აღნიშნონ საზაფხულო არდადეგების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები ან დაავალოთ მათ გასაკეთებელ საქმეთა სიის წარმოება. ეს ყველაფერი ხელს უწყობს თანამიმდევრობის და სტრუქტურის უნარების განვითარებას, რაც დაეხმარება მათ სასწავლო წლის განმავლობაში.
დასახეთ გონივრული მოლოდინები
მოსწავლეების სტრესის ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი ფაქტორი არის, მათი აღქმა, რომ ვერ გაამართლებენ მშობლების და მასწავლებლების მოლოდინებს. თუკი ბავშვებს (ზრდასრულებსაც) სჯერათ, რომ არ აქვთ საკმარისი ინტელექტუალური შესაძლებლობა წარმატების მისაღწევად, ისინი ხშირად წინ წამოსწევენ ნაკლებ ძალისხმევას და რეზისტენტულები ხდებიან აკადემიური გამოწვევებისადმი. მართალია, მშობლების მხრიდან მნიშვნელოვანია აკადემიურ საკითხებში მხარდაჭერა და საგანმანათლებლო ინტერესის წახალისება, მაგრამ არარეალური სასწავლო მიზნების დასახვამ (მაგ. ყველა საგანში უმაღლესი ნიშნის ან ტესტში მაქსიმალური ქულის მიღება) შესაძლოა უკუშედეგი გამოიწვიოს. მოსწავლეები ხშირად შეცდომით ფიქრობენ, რომ სასკოლო მასალა თითქმის დაუყოვნებლივ უნდა აითვისონ. მშობლებს, ვინც ახსენებს შვილებს, რომ ახალი მასალის შესწავლას დრო და ძალისხმევა სჭირდება, შეუძლიათ შეამსუბუქონ აკადემიური დაძაბულობა. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ არა უშავს თუკი სწავლას ჩავარდნები სდევს თან და უნდა დაუფასდეთ სიმამაცე რაიმეს არცოდნის აღიარებისას.

თავი არიდეთ სხვებთან შედარებას
ერთი მიზეზთაგანი სკოლაში დაბრუნების შიშისა არის ის, რომ მოსწავლეები თავს უარესად მიიჩნევენ, როდესაც სხვებს ადარებენ თავს. შედარების პუნქტები ადგენენ ჩვენი მიზნებისა და ქცევის საზღვრებს. ბავშვები ხშირად შეადარებენ თავს უფრო გონიერ ან უფრო პოპულარულ თანაკლასელებს და თავს უარესად მიიჩნევენ, რაც თავის მხრივ სოციალურ შფოთვას წარმოშობს. და, პირიქით, უარყოფითმა შედარებამ შესაძლოა გამოიწვიოს მოსწავლის ფიქრი, რომ ის უკეთესია, თუმცა ეს აძლევს მას აკადემიური აღმატებულობის ყალბ გრძნობას. მშობლებს შეუძლიათ წაახალისონ შვილები, თუკი მათივე წარსულთან (ქცევებთან, მიღწევებთან) შეადარებენ. როდესაც ბავშვი მიხვდება, რომ გამოსწორდა წარსულ წლებთან შედარებით, მათ გაუჩნდებათ სიამაყის და მიღწევის განცდა, რაც თავის მხრივ დაეხმარება მას მოახდინოს სკოლის ასოცირება უფრო პოზიტიურ ემოციებთან, ვიდრე იმედგაცრუებასა და წარუმატებლობასთან.
ყურადღება გაამახვილეთ პოზიტივზე
რა გასაკვირია, რომ ბევრისათვის სკოლაში დაბრუნება ნიშნავს ადრე ადგომას, კონცენტრაციას, რომელიც ძალისხმევას მოითხოვს და ნაკლებ თავისუფალ დროს მათთვის სასურველი აქტივობებისათვის. მაგრამ სკოლა ასევე იძლევა შესაძლებლობებს, რომლებიც შესაძლოა არ არსებობდეს ზაფხულის განმავლობაში. სკოლაში დაბრუნება ხშირად ნიშნავს მეგობრებთან მეტ ურთიერთობას და სოციალიზაციას, სკოლის კლუბებში, სპორტულ ღონისძიებებსა და ეკსკურსიებში მონაწილეობის მიღებისა და, რა თქმა უნდა, რაიმე ახლის სწავლის შესაძლებლობას. ნევროლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალი უნარების და შესაძლებლობების შეძენა იმის მსგავს შეგრძნებებს აძლევს ჩვენს ტვინს, რასაც განვიცდით ფულის მოგების თუ ჯილდოს მიღებისას. შესაბამისად, მშობლებს აქვთ შესაძლებლობა გადაანაცვლონ მოსწავლის განწყობა სკოლის სასიკეთო მხარეებისაკენ, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს ან არ შეიცავდეს აკადემიურ მხარეს. თუკი მოსწავლეს სწამს, რომ სასკოლო ჩართულობით რაიმე პრაქტიკული სარგებელი ექნება, მისი  სკოლაში სიარულის  მოტივაცია შესამჩნევად გაიზრდება.
უზრუნველყავით ემოციური და აკადემიური მხარდაჭერა
პოპულარული რწმენის საწინააღმდეგოდ, სკოლაში წარმატება არ არის ინდივიდუალური ძალისხმევა, როცა მოსწავლე ექსკლუზიურ პასუხისმგებლობას იღებს მისსავე შედეგებზე. მიღწევა სამმხრივი ძალისხმევაა, რომელიც განსაკუთრებით წარმატებულია როცა მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები ინაწილებენ ჩართულობას და ერთად აგებენ პასუხს მოსწავლის სწავლის შედეგებზე. პასუხისმგებლობა იწყება წახალისებით, მაგრამ ასევე მოიცავს პოზიტიური ქცევ(ებ)ის (წიგნების კითხვა, საჭიროების შემთხვევაში საშინაო დავალებაში დახმარება) მოდელირებას. მშობლებმა თავი უნდა არიდონ სწავლის შედეგების (ნიშნების) განსჯას ან მოსწავლის დამცირებას საეჭვო ძალისხმევის ან აკადემიური ინტერესის არქონის გამო. საჭიროა რეალისტური და მხარდამჭერი უკუკავშირი უნარების განვითარებასა და პოტენციალის რეალიზებაში დასახმარებლად. წარმატებას მარტო ვერავინ აღწევს.

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/us/blog/motivate/201808/how-cure-back-school-anxiety-parents-and-kids

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი