პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სიკვდილის გადადება

ისე მოხდა, რომ ამასწინ ჩემი არცთუ მცირე ,,ზეციური’’ გამოცდილების მარაგი  მნიშვნელოვნად შეივსო – კინაღამ ჩამოვვარდი. ძლიერი ჭექა-ქუხილისა და გრიგალის აკომპანიმენტით, ასე ორმოცი წუთი,  თვითმფრინავი ცოფიან ძაღლად გადაიქცა, ზევით-ქვევით ეხეთქებოდა, კანკალებდა, გვერდზე ტრიალდებოდა და რა აღარ.

სხვა რომ არაფერი, იატაკზე დაყრილი საგნები და სტიუარდესების განწირული სახე მწუხარებით გვამცნობდა, რომ სიკვდილთან თუ ყურში ჩაჩურჩულების მანძილზე  არა, ერთ ზრდილობიან შეძახილში მაინც ვიყავით.  როცა შინ დავბრუნდი და სამშვიდობოს წამოვწექი, დავაკვირდი:

ამ დროს ფიქრი სწრაფია და გაუგებარი, რაღაც წმინდაზე და ძვირფასზე უწესრიგო რიგს ჰგავს, სადაც დიდი და პატარა ერთმანეთს ასწრებს და არავინ იცის, რა იქნება ბოლო ფიქრი – ის, რომ რაღაც უცნაურ, გაუგებარ სამყაროში გადადიხარ, შენი განვლილი ცხოვრების მთავარი ადამიანები და კინო-კადრები, თუ ის, რომ მაცივარზე იმ ქალაქიანი მაგნიტის ნიშნული ვერ გააკარი, საიდანაც მოდიხარ.

შეიძლება შენი უსაყვარლესი გოგოს სახე იყოს უკანასკნელი არჩეული კადრი წარმოდგენაში; შეიძლება დედაშენის, რომელსაც ახლა სადღაც ახლოს, მიწაზე, ოზურგეთში სძინავს; შეიძლება მამაშენის, რომელსაც კიდევ უფრო ახლოს, ზეცაში ღვიძავს.

შეიძლება გვერდზე მჯდომი შენი მეგობრის და თანამშრომლის ლევან თაქთაქიშვილის უემოციო ღიმილი ჩაგრჩეს (ექსტრემალურ დროს ასეთ სიმშვიდეზე ვგიჟდები და გამოგიტყდებით, მინდება დავუღრიალო). შეიძლება ბორტის ჟურნალიდან მომზირალი ვიღაც მოდელის გაყინული სიფათი აგეკვიატოს და ჩაგყვეს სიკვდილში –  ამ დიდ და გაუაზრებელ ძილში სამუდამო სიზმრად. არავინ იცის.

ისე, რა უცნაურია – გადარჩები და ისეთი განცდა გაქვს ხოლმე, თითქოს სამუდამოდ გადარჩი. გეგონება, სიკვდილი აგერ ხვალამდე არ გადადე. მაგრამ მაინც მაგარია, სიცოცხლე ხან გადარჩენებისთვისაც ღირს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი